გენერალური კონფერენცია
იესო ქრისტეს სახარების სასწაულები
2021 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


იესო ქრისტეს სახარების სასწაულები

მე ვიცი, რომ მის სახარებას შეუძლია ჩვენთვის იმედის, მშვიდობის, სიხარულის მოტანა და არა მხოლოდ ამჟამად. იგი უთვალავ თაობას დალოცავს მომავალში.

მაბუჰაი! მე მოგიტანეთ სიყვარული და თბილი ღიმილი შესანიშნავი ფილიპინელი წმინდანებისგან. წელს 60 წელი სრულდება, რაც პირველი მისიონერები ჩამოვიდნენ ფილიპინების კუნძულზე. დღეს, 123 პალოში, გვაქვს 23 მისია და 800 000-ზე მეტი ეკლესიის წევრი. ამჟამად გვაქვს შვიდი ტაძარი: მოქმედი, მშენებარე ან დაგეგმილი. ეს ჭეშმარიტად სასწაულია. ჩვენ ვართ მოწმენი იმისა, რაც ნაწინასწარმეტყველებია 2 ნეფი 10:21-ში: „დიდია უფლის დაპირებანი მათთვის, ვინც იმყოფება ზღვის კუნძულებზე“.

გამოსახულება
პრეზიდენტი ჰინკლი ფილიპინებზე

ეს სასწაული ასევე გახლავთ 1961 წ. უხუცეს გორდონ ბ. ჰინკლის მიერ მანილაში, ლოცვაში მოცემული წინასწარმეტყველების აღსრულება. იმ ლოცვაში უხუცესმა ჰინკლიმ განაცხადა: „ჩვენ ვითხოვთ შენს დალოცვებს ამ მიწის ხალხისთვის, რათა ისინი იყვნენ მეგობრულნი, სტუმართმოყვარენი და კეთილგანწყობილნი აქ ჩამომსვლელთა მიმართ და რომ მრავალმა, დიახ, უფალო, მრავალმა ათასმა შეძლოს ამ გზავნილის მიღება და ამით იყოს დალოცვილი. გთხოვთ, დალოცო ისინი გამგები გონებითა და მიმღები გულით, ასევე რწმენით, მიიღონ სახარების პრინციპები და გაბედულად იცხოვრონ ამ პრინციპებით“ (გორდონ ბ. ჰინკლი, მიძღვნითი ლოცვა ამერიკულ სამხედრო მემორიალურ სასაფლაოზე ფილიპინებზე, 28 აპრილი, 1961 წ.).

გამოსახულება
რევილოების ოჯახი

მრავალ, მრავალ ათას ერთგულ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა გარდა, სახარებამ დადებითი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას და მის ხალხს. მე ამის ცოცხალი მოწმე ვარ. ექვსი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ეკლესიის წევრები გახდნენ მინდანაოს სამხრეთ კუნძულებზე. იმ დროს მთელ ქვეყანაში იყო მხოლოდ ერთი მისია და არც ერთი პალო. მე მარადიულად მადლიერი ვარ ჩემი მშობლების გამბედაობისა და ვალდებულებისთვის, იარონ მხსნელის კვალზე. მე პატივს ვცემ მათ და ეკლესიის ყველა პიონერს ფილიპინებში. მათ მომავალ თაობებს გაუკაფეს დალოცვების მიღების გზა.

მეფე ბენჯამინი მორმონის წიგნიდან გვასწავლიდა: „ამის გარდა, მე მსურს, რომ იფიქროთ მათ კურთხეულ და ბედნიერ მდგომარეობაზე, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს. რადგან, აჰა, ისინი კურთხეულნი არიან ყველაფერში – ხორციელშიც და სულიერშიც“ (მოსია 2:41).

სახარების პრინციპებისა და წეს-ჩვეულებებით ცხოვრებითა და მორჩილებით ჩვენ ვიღებთ დალოცვებს, ვიცვლებით და უფრო ვემსგავსებით იესო ქრისტეს. ასე შეცვალა და დალოცა სახარებამ ფილიპინელი წმინდანები, ჩემი ოჯახის ჩათვლით. სახარება ჭეშმარიტად არის ბედნიერი, უხვი ცხოვრების გზა.

სახარების პირველი პრინციპია რწმენა უფალ იესო ქრისტეში. მრავალ ფილიპინელს ბუნებრივად სწამს ღმერთი. ჩვენთვის ადვილია, ვენდოთ ქრისტეს და ვიცოდეთ, რომ შევძლებთ ჩვენს ლოცვებზე პასუხების მიღებას.

გამოსახულება
ობედოზების ოჯახი

ამის კარგი მაგალითია ობედოზების ოჯახი. ძმა ობედოზა ჩემს ახალგაზრდა წლებში მრევლის პრეზიდენტი იყო. და და ძმა ობედოზების ყველაზე დიდი სურვილი იყო ოჯახთან ერთად მანილას ტაძარში ჩაბეჭდვა. ისინი ცხოვრობდნენ ქალაქ ჯენერალ სანტოში, მანილადან 1600 კმ დაშორებით. ცხრა სულიანი ოჯახისთვის ტაძარში მოგზაურობა შეუძლებელი რამ იყო. მაგრამ ვაჭარი კაცის მსგავსად, რომელიც წავიდა და გაყიდა ყველაფერი, რაც ჰქონდა, რათა ერთი ძვირფასი მარგალიტი ეყიდა, (იხ. მათე 13:45-46), ამ წყვილმა გადაწყვიტა, სახლი გაეყიდა, რათა მგზავრობის ხარჯი დაეფარათ. და ობედოზა ნერვიულობდა, რადგან მათ დასაბრუნებელი ადგილი არ ექნებოდათ. მაგრამ ძმა ობედოზამ დაარწმუნა იგი, რომ უფალი მათ არ მიატოვებდა.

ისინი 1968 წ. ჩაიბეჭდნენ ტაძარში როგორც ოჯახი ამ ჟამისთვისა და მარადისობისთვის. ტაძარში მათ შეუდარებელი სიხარული იპოვეს, თავიანთი ძვირფასი მარგალიტი. და ძმა ობედოზას სიტყვებიც გამართლდა - უფალმა არ მიატოვა ისინი. მანილადან დაბრუნებისას, კეთილმა ნაცნობებმა მათ გასაჩერებელი ადგილები დაუთმეს და საბოლოო ჯამში ამ ოჯახმა საკუთარი სახლიც შეიძინა. უფალი ზრუნავს მათზე, ვინც მასში რწმენას ავლენს.

სახარების მეორე პრინციპია მონანიება. მონანიება ნიშნავს, ზურგი აქციო ცოდვას და ღმერთსკენ შემობრუნდე მიტევებისთვის. ეს არის გულისა და გონების შეცვლა. როგორც პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლის, ეს ნიშნავს, „ყოველ დღე რაღაცის უკეთესად კეთებ[ა]სა და საკუთარი თავის გაუმჯობესებას“ (“We Can Do Better and Be Better,” Liahona, May 2019, 67).

მონანიება საპონს ჰგავს. ახალგაზრდობაში ვმუშოაბდი ქიმიკოს-ინჟინრად საპნის ქარხანაში ფილიპინებზე. მე შევისწავლე საპნის დამზადებისა და მოქმედების ტექნოლოგია. ტუტე ფუძისა და ცხიმების ზეზავებით, ანტიბაქტერიული ინგრიდიენტების დამატებით მიიღება ძლიერი ნივთიერება, რომელიც ებრძვის ბაქტერიებსა და ვირუსებს. მონანიებაც, საპნის მსგავსად, გამწმენდი საშუალებაა. იგი გვაძლევს იმის საშუალებას, მოვიცილოთ სიბინძურე და ნარჩენები, რათა ვიყოთ ღვთის გარემოცვაში ყოფნის ღირსნი, რადგან ვერაფერი უსუფთაო ვერ შევა ღვთის სასუფეველში (იხ.ალმა 11:37).

მონანიების მეშვეობით ჩვენ მიგვიწვდება ხელი იესო ქრისტეს განმწმენდ წმინდა ძალაზე. ეს არის მოქცევის ძირითადი ნაწილი. ეს არის ის, რაც დაემართა ანტი-ლეჰი-ნეფიელებს მორმონის წიგნიდან. ეს იყვნენ ლამანიელები, რომლებიც იმდენად სრულად მოექცნენ, რომ „არასდროს აღარ ასცდნია გზას“ (იხ. ალმა 23:6). მათ დამარხეს საომარი იარაღი და არასოდეს აღარ ამოუღათ იგი მიწიდან. მათ ღმერთთან დადებული ამ აღთქმის გატეხვას სიკვდილი ერჩივნათ. და მათ ეს დაამტკიცეს. ჩვენ ვიცით, რომ ამ მსხვერპლმა სასწაული მოახდინა; ათასობით მათთან მებრძოლმა ადამიანმა იარაღი დაყარა და რწმენაზე მოექცა. წლების შემდეგ მათი ვაჟები, რომლებსაც ასევე ვიცნობთ, როგორც ახალგაზრდა მეობრებს, დაცულნი იყვნენ ბრძოლაში, მიუხედავად მტერთან რიცხობრივად დიდი სხვაობისა.

გამოსახულება
უხუცეს რევილოს მამა

ჩემმა ოჯახმა, ასევე მრავალმა ფილიპინელმა წმინდანმა, მსგავსი მოქცევის პროცესი გამოიარა. როცა მივიღეთ იესო ქრისტეს სახარება და ეკლესიის წევრები გავხდით, ჩვენ ჩვენს კულტურასა და ცხოვრებაში სწორება ავიღეთ სახარებაზე. ჩვენ მცდარ ტრადიციებზე უარი ვთქვით. მე ამას ვხედავდი მამაჩემში, როცა მან სახარების შესახებ შეიტყო და მოინანია. იგი მაგარი მწეველი იყო, მაგრამ სიგარეტი გადააგდო და მისთვის ხელი აღარ უხლია. მისი ამ გადაწყვეტილების გამო - შეიცვალოს, ოთხმა თაობამ მიიღო დალოცვა.

გამოსახულება
რევილოების ოჯახის რამდენიმე თაობა

მონანიებას, წმინდა წეს-ჩვეულებების მეშვეობით, მივყავართ აღთქმების დადებისა და დაცვისკენ. ხსნისა და ამაღლების პირველი წეს-ჩვეულება არის წყალში სრული ჩაძირვა ცოდვების მისატევებლად. ნათლობის წყალობით ჩვენ ვიღებთ სულიწმინდის ძღვენს და უფალთან ვდებთ აღთქმას. ჩვენ შეგვიძლია, განვაახლოთ ნათლობის აღთქმა ყოველ კვირას ზიარების მიღებისას. ესაც სასწაულია!

დებო და ძმებო, მე გიწვევთ, შემოიტანოთ ეს სასწაული საკუთარ ცხოვრებაში. მოდით ქრისტესთან და არჩიეთ მასში რწმენის გამოვლენა; მოინანიეთ, დადეთ აღთქმები, რომლებიც მოიპოვება ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებებში. ეს მოგცემთ საშუალებას, უღელში შეებათ ქრისტესთან ერთად და მიიღოთ ღვთაების ძალა და დალოცვები (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:20).

მე ვმოწმობ იესო ქრისტეს რეალობაზე, რომ იგი ცოცხალია და მას ვუყვარვართ. მე ვიცი, რომ მის სახარებას შეუძლია ჩვენთვის იმედის, მშვიდობის, სიხარულის მოტანა და არა მხოლოდ ამჟამად. იგი უთვალავ თაობას დალოცავს მომავალში. ეს არის ფილიპინელი წმინდანების ლამაზი, თბილი ღიმილის მიზიზი. ეს არის ქრისტეს მოძღვრებისა და სახარების სასწაული. მე ვმოწმობ ამაზე იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა