გენერალური კონფერენცია
გაიხსენე შენი ტანჯვაში მყოფი წმინდანები, ღმერთო
2021 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


გახსოვდეს ტანჯვაში მყოფი წმინდანები, ღმერთო

აღთქმების დაცვა გაუხსნის კარს იესო ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლის ძალას და სიხარულსაც კი მოუტანს მათ, ვინც იტანჯება.

მამაზეციერის ბედნიერების გეგმა მოიცავს მიწიერ გამოცდილებას, სადაც ყოველი მისი შვილი გაივლის გამოცდას და განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება.1 ხუთი წლის წინ მე სიმსივნე დამიდგინეს. ოპერაციებისგან ფიზიკური ტკივილი წარსულში არ დარჩენილა, იგი ახლაც მაწუხებს; ამას დაემატა ქიმიოთერაპიის შედეგები და მედიკამენტებით მკურნალობის გვერდითი მოვლენები. მტანჯველი უძილო ღამეების განმავლობაში ემოციებთან ბრძოლა მიწევდა. სამედიცინო სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მე მიწიერ ცხოვრებას გამოვემშვიდობები იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე წარმომედგინა და აქ გარკვეული დროით, დავტოვებ ოჯახს, რომელიც ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის.

განურჩევლად იმისა, სად ცხოვრობთ, სხვადასხვა სირთულეებისგან გამოწვეული ფიზიკური ან ემოციური ტანჯვა და მიწიერი სისუსტე იყო, არის და ოდესმე იქნება თქვენი ცხოვრების ნაწილი.

ფიზიკური ტანჯვა შეიძლება გახდეს ბუნებრივი სიბერის, მოულოდნელი ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის, შიმშილის, უსახლკარობის, ძალადობის ან ომის შედეგი.

ემოციური ტანჯვა შეიძლება გაჩნდეს დეპრესიისგან, მეუღლის, მშობლის, ნდობით აღჭურვილი ხელმძღვანელის ღალატისგან; სამუშაო ადგილზე ან ფინანსებში პრობლემებისგან; სხვების უსამართლო განსჯისგან. მეგობრების, შვილების ან ოჯახის წევრების არჩევნისგან; ძალადობის სხდასხვა ფორმისგან, დაქორწინებასთან ან შვილებთან დაკავშირებული აუხდენელი ოცნებებისგან, საყვარელი ადამიანების ავადმყოფობისა თუ გარდაცვალებისგან და მრავალი სხვა მიზეზის გამო.

როგორ შეიძლება, ავიტანოთ ის განუმეორებელი და ზოგჯერ დამქანცველი ტანჯვა, რომელიც ყოველ ჩვენგანთან მოდის?

კიდევ კარგი, რომ იესო ქრისტეს სახარებაში მოიპოვება იმედი, იმედი კი შეიძლება თქვენი ცხოვრების ნაწილი იყოს. დღეს მინდა გაგიზიაროთ იმედის ოთხი პრინციპი წმინდა წერილიდან, წინასწარმეტყველური სწავლებებიდან, მრავალი მზრუნველობის ვიზიტიდან და საკუთარ ჯანმრთლობასთან დაკავშირებული გამოწვევებიდან. ეს პრინციპები არა მხოლოდ ფართოდ გამოყენებადია, ასევე ძალიან პირადული.

პირველ რიგში, ტანჯვა არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი არ არის კმაყოფილი თქვენი ცხოვრებით. ორი ათასი წლის წინ იესოს მოწაფეებმა იხილეს უსინათლო მამაკაცი ტაძართან და იკითხეს: „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“

როგორც ჩანს, მის მოწაფეებს არასწორედ სწამდათ, ისევე როგორც დღეს მრავალ ადამიანს, რომ ყოველი პრობლემა და ტანჯვა ცხოვრებაში ცოდვის შედეგია. მაგრამ მხსნელმა უპასუხა: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში“.2

ღვთის საქმეა - განახორციელოს ჩვენი უკვდავება და მარადიული ცხოვრება.3 მაგრამ როგორ შეუძლია განსაცდელსა და ტანჯვას - განსაკუთრებით ტანჯვას, რომელიც გამოიწვია სხვა ადამიანის თავისუფალი არჩევნის ცოდვილმა გამოყენებამ4საბოლოო ჯამში წინ წაწიოს ღვთის საქმე?

უფალმა უთხრა თავის აღთქმულ ხალხს: „მე გამოგადნე, წამების ბრძმედში გამოგცადე “.5 რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული თქვენი ტანჯვა, თქვენს მოსიყვარულე მამაზეციერს შეუძლია, მართოს იგი თქვენი სულის განსაწმენდად.6 განწმენდილ სულებს შეუძლიათ, ჭეშმარიტი თანაგრძნობით ატარონ სხვების ტვირთი.7 განწმენდილი სულები, რომლებიც „გამოვიდნენ დიდი გასაჭირიდან“, მზად არიან, მარად სიხარულით იცხოვრონ ღვთის გარემოცვაში და „მოსწმედს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს“.8

მეორე: მამაზეციერმა კარგად იცის თქვენი თანჯვის შესახებ გასაჭირში ჩვენ შეიძლება შეცდომით ვიფიქროთ, რომ ღმერთი შორს არის და არ აწუხებს ჩვენი ტკივილი. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმაც კი გამოხატა ეს გრძნობა ცხოვრების მძიმე მომენტში. ლიბერთის ციხეში ყოფნისას, როცა ათასობით წმინდანი განდევნეს სახლებიდან, ჯოზეფი ცდილობდა, ლოცვაში ეპოვა ახსნა: „ო, ღმერთო, სად ხარ? და სად არის კარავი, რომელიც ფარავს შენს საიდუმლო ადგილს“? და დაასრულა ვედრებით: გაიხსენე შენი ტანჯვაში მყოფი წმინდანები, ღმერთო“.9

უფლის პასუხმა დაარწმუნა ჯოზეფი და ყველა, ვინც იტანჯება:

„შვილო ჩემო, მშვიდობა იყოს შენ სულში, რადგან შენი უბედურება და ტანჯვა იქნება ხანმოკლე;

„და თუ ღირსეულად გაუძლებ მას, ღმერთი აგამაღლებს.“10

მრავალმა ტანჯვაში მყოფმა წმინდანმა გამიზიარა, როგორ იგრძნო ღვთის სიყვარული განცდაში ყოფნის დროს. მე ცხადად მახსოვს საკუთარი გამოცდილება კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთ მომენტში, როცა ექიმებს ჯერ არ შეეძლოთ მწვავე ტკივილის მიზეზის დადგენა. მე მეუღლესთან ერთად ვიჯექი და ვაპირებდი სამხარის დალოცვას. ნაცვლად ამისა მე უბრალოდ წამოვიტირე: „მამაზეციერო, გთხოვ, დამეხმარე. ძალიან ცუდად ვარ“. მომდევნო 20 თუ 30 წამის განმავლობაში მე მისმა სიყვარულმა მომიცვა. გამემხილა ჩემი ავადმყოფობის მიზეზი, მაგრამ არა საბოლოო შედეგი ან ტკივილისგან განთავისუფლება. მე უბრალოდ მისი წმინდა სიყვარული ვიგრძენი და ეს იყო და არის საკმარისი.

მე ვმოწმობ, რომ ჩვენმა ზეციურმა მამამ, რომელმაც ერთი ბეღურის ჩამოვარდნასაც კი ამჩნევს, იცის ჩვენი ტანჯვის შესახებ.11

მესამე: იესო ქრისტე გვთავაზობს თავის უფლებამოსილების მომტან ძალას, რათა დაგეხმაროთ, გაუძლოთ ტანჯვას. უფლებამოსილების ძალის მიღება შესაძლებელი ხდება უფლის გამოსყიდვის მეშვეობით.12 ვშიშობ, ეკლესიის მრავალი წევრი ფიქრობს, რომ თუ ცოტათი მეტად დაიძაბება, დამოუკიდებლად შეძლებს ტანჯვის დაძლევას. ასე ცხოვრება ძნელია. თქვენი მიწიერი ძალის მომენტი ვერ გაუტოლდება მხსნელის ძალის უსაზღვრო მარაგს თქვენი სულის გაძლიერებისთვის.13

მორმონის წიგნი გვასწავლის, რომ იესო ქრისტე „აიღებდა თავის თავზე“ ჩვენს ტკივილს, ავადმყოფობასა და უძლურობას, რათა შეძლებოდა ჩვენი დახმარება.14 როგორ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ის ძალა, რომელსაც იესო გთავაზობთ დასახმარებლად და გასაძლიერებლად ტანჯვის დროს? აი გასაღები: აიღეთ ვალდებულება მხსნელთან, მასთან დადებული აღთქმების დაცვით. ჩვენ ვდებთ ამ აღთქმებს მღვდლობის წეს-ჩვეულების მიღებისას.15

ალმას ხალხმა დადო ნათლობის აღთქმა. მოგვიანებით მათ ტყვეობის ტანჯვის ატანა მოუწიათ და ეკრძალებოდათ საზოგადოებაში ღვთისმსახურება ან თუნდაც ხმამაღლა ლოცვა. ისინი მაინც საუკეთესოდ იცავდნენ აღთქმებს - ჩუმად შეჰღაღადებდნენ გულში. ამის შედეგად ღვთიური ძალა მოვიდა. „უფალმა ისინი ძლიერები გახადა, რომ მათ ადვილად ეტარებინათ თავიანთი ტვირთი“.16

ჩვენს დროში მხსნელი გვიწვევს: „მე დამეყრდენით ყოფელ ფიქრში, ნუ ეჭვობთ, ნუ გეშინიათ “.17 როცა ზიარების აღთქმას ვიცავთ, რომ ყოველთვის გვემახსოვრება უფალი, იგი გვპირდება, რომ მისი სული ყოველთვის იქნება ჩვენთან. სულიწმინდა გვაძლევს ძალას, გავუძლოთ განსაცდელს და გავაკეთოთ ის, რის გაკეთებასაც დამოუკიდებლად ვერ შევძლებდით. სულიწმინდას შეუძლია, განგვკურნოს, თუმცა როგორც პრეზიდენტმა ჯეიმს ე. ფაუსტმა გვასწავლა: „ამ განკურნების გარკვეული ნაწილი შეიძლება სხვა სამყაროში მოხდეს“.18

ჩვენ ასევე დალოცვილნი ვართ სატაძრო წეს-ჩვეულებებითა და აღთქმებით, რომლებშიც „გამოვლინდება ღვთისმოსაობის ძალა“.19 მე ვეწვიე ქალბატონს, რომელმაც საშინელი უბედური შემთხვევის გამო მოზარდი ქალიშვილი დაკარგა, შემდგომ კი მეუღლე გარდაეცვალა სიმსივნით. მე ვკითხე, როგორ უძლებდა ასეთ დანაკარგსა და ტანჯვას. მან მიპასუხა, რომ ძალა მოვიდა მარადიული ოჯახის სულიერი დარწმუნებულობისგან, რომელიც მიიღო ერთ-ერთი სატაძრო მსახურების დროს. დაპირების თანახმად, უფლის სახლის წეს-ჩვეულებებმა იგი ღვთის ძალით შეაიარაღეს.20

მეოთხე: არჩიეთ, ყოველ დღე იპოვოთ სიხარული. ისინი, ვინც იტანჯებიან, ხშირად გრძნობენ, რომ ღამე არ მთავრდება და არასოდეს გათენდება. არაუშავს, თუ იტირებთ.21 მაგრამ თუ ტანჯვის ბნელ ღამეში აღმოჩნდით, რწმენის არჩევით თქვენ შეძლებთ, გაიღვიძოთ და კაშკაშა დილის სიხარული იგრძნოთ.22

მაგალითად: მე ვეწვიე ახალგაზრდა დედას, რომელიც სიმსივნეს ებრძვოდა, სკამზე იჯდა და საოცრად იღიმოდა, ტკივილისა და გაცვენილი თმების მიუხედავად. მე შევხვდი საშუალო ასაკის წყვილს, რომელიც სიხარულით მსახურობდა ახალგაზრდა ლიდერების მოწოდებაზე, მაგრამ მათ საკუთარი შვილების ყოლა არ შეეძლოთ. მე ვიყავი ოჯახში, სადაც ახალგაზრდა ბებია და დედა სულ რამდენიმე დღეში გარდაიცვლებოდა, მაგრამ ცრემლებს შორის იყო სიცილი და ბედნიერი მოგონებები.

ეს ტანჯვაში მყოფი წმინდანები არიან მაგალითი იმისა, რასაც პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა:

„სიხარული, რომელსაც განვიცდით, დიდად არ არის დაკავშირებული ჩვენი ცხოვრების ვითარებასთან და მთლიანად უკავშირდება ჩვენი ცხოვრების ფოკუსს.

როცა ჩვენი ცხოვრება ფოკუსირებულია ღმერთის ხსნის გეგმაზე … იესო ქრისტეზე და მის სახარებაზე, ჩვენ შეგვიძლია, ვიგრძნოთ სიხარული, მიუხედავად იმისა, რა ხდება და რა არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში“.23

მე ვმოწმობ,24 რომ ჩვენს ზეციურ მამას ახსოვს თავისი ტანჯვაში მყოფი წმინდანები, მას უყვარხართ და კარგად გიცნობთ. ჩვენმა მხსნელმა იცის, რას გრძნობთ. „ნამდვილად, მან იტვირთა ჩვენი მწუხარება და ზიდა ჩვენი დარდი“.25 მე ვიცი, რადგან ყოველდღე მაქვს ამასთან შეხება,26რომ აღთქმების დაცვა უხსნის კარს იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის ძალას და სიხარულსაც კი მოუტანს მათ, ვინც იტანჯება.

ყველასთვის, ვინც იტანჯება, მე ვლოცულობ: „ დაე, ღმერთმა გიბოძოთ, რომ თქვენი ტვირთი შემსუბუქდეს მის ძეში სიხარულით“.27 იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა