გენერალური კონფერენცია
იესო ქრისტე: ჩვენი სულის მომვლელი
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


იესო ქრისტე: ჩვენი სულის მომვლელი

როდესაც გულწრფელად ვინანიებთ ცოდვებს, ჩვენ ამით ქრისტეს გამომსყიდველ მსხერპლს სრულიად ეფექტურს ვხდით ჩვენს ცხოვრებაში.

ჩვემო ძვირფასო დებო და ძმებო, ამ გაბრწყინებულ აღდგომის დილას ჩემი გული ხარობს ყველაზე სასწაული, საოცარი და განუზომელი მოვლენის გახსენებით, რომელიც კაცობრიობის ისტორიისთვის არის ცნობილი - ჩვენი უფლის გამომსყიდველი მსხვერპლი. წინასწარმეტყველ ესაიას გამოჩენილი სიტყვები კიდევ უფრო განადიდებს მხსნელის შეწვენისა და მსხვერპლის სიდიადესა და თავგანწირვას ღვთის ყოველი შვილისთვის.

„მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა; ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ ნაცემი და წამებული.

„მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი -- ჩვენი ურჯულოების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ“.1

საკუთარი ნებით თავის თავზე კაცობრიობის ცოდვების აღებით, უმოწყალოდ გაკრული ჯვარზე და მესამე დღეს სიკვდილზე გამარჯვებით,2 იესომ პასექს იმაზე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე ისრაელმა ძველ დროში.3 წინასწარმეტყველების აღსასრულების მიხედვით მან შეწირა საკუთარი სხეული და ძვირფასი სისხლი, როგორც უდიდესი ბოლო მსხვერპლი,4 რითიც დააკანონა ტრადიციული სიმბოლოების გამოყენება უფლის პასექის ზეიმისას.5 ამგვარად ქრისტემ გამოსცადა ფიზიკური და სულიერი ტანჯვა, რომელიც ადამიანის გონიერებისთვის გაუგებარია. თავად მხსნელმა თქვა:

„ვინაიდან, აჰა, მე, ღმერთი, ყველასთვის ვიტანჯე ყოველივე ამით, …

„ტანჯვით, რომელმაც მე, თავად ღმერთი, ყველაზე დიადი, მაიძულა ტკივილისგან მეკანკალა, სისხლი წამომსვლოდა ყოველი ფორიდან და დავტანჯულიყავი სხეულითა და სულით – და მსურდა, არ შემესვა მწარე ფიალიდან და თავი ამერიდებინა -

„ამისდა მიუხედავად, დიდება მამას, მივიღე ფიალა და დავასრულე ჩემი მზადება ადამიანთა შვილებისთვის“.6

ქრისტემ დიდსულოვნად აღასრულა მამის ნება7 თავისი უსასრულო და მოწყალებული მსხვერპლით. მან დაამარცხა ფიზიკური და სულიერი სიკვდილის ნესტარი,8 რომელიც დაცემის შედეგად გახდა სამყაროს ნაწილი9 და შემოგვთავაზა მარადიული ხსნის დიდებული შესაძლებლობა.10

იესო იყო ერთადერთი, ვინც შეძლო ამ მარადიული სრულყოფილი მსხვერპლის გაღება ყოველი ჩვენგანისთვის.11 იგი არჩეულ იქნა და მისი როლი წინასწარ განისაზღვრა დიდ საბჭოზე ზეცაში, სამყაროს შექმნამდე.12 ამაზე მეტიც, რადგან იშვა მიწიერი დედის მიერ, მან დაიმკვიდრა ფიზიკური სიკვდილი, თუმცა ღმერთისგან, როგორც მამის პირმშომ, მან მიიღო სიცოცხლის გაღების და მისი დაბრუნების ძალა.13 ამის გარდა, ქრისტე სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობდა,უმანკო, სრულიად წმინდა და ამიტომ, თავისუფალი იყო ზეციური განკითხვისგან.14 წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი გვასწავლიდა:

„სამყარო ვერ მიიღებს ხსნას ქრისტეს შუამდგომლობის გარეშე.

„ღმერთმა … მოამზადა მსხვერპლი საკუთარი შვილის ძღვენის სახით, რომელიც უნდა შესაფერის დროს გაეგზავნა, რათა … მას გაეღო კარი, რომლითაც შევიდოდით უფლის გარემოცვაში“.15

მიუხედავად იმისა, რომ მხსნელმა თავისი მსხვერპლის მეშვეობით, უპირობოდ მოგვაშორა ფიზიკური სიკვდილის შედეგი,16 მან არ შეგვიმცირა პირადი ვალდებულება, მოვინანიოთ ჩადენილი შეცოდებები.17 მან შემოგვთავაზა განსაკუთრებული მოწვევა - შევურიგდეთ მარადიულ მამას. იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის მსხვერპლის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, განვიცადოთ გულისა და გონების ძლიერი ცვლილება, შევიცვალოთ განწყობა როგორც ღმერთის, ისევე ზოგადად ცხოვრების მიმართ.18 როცა გულწრფელად მოვინანიებთ ცოდვებს, მოვაბრუნებთ გულსა და ნებას ღმერთისა და მის მცნებებისკენ, ჩვენ მივიღებთ მის მიტევებას და უფრო მეტად ვიგრძნობთ სულიწმინდის გავლენას ჩვენს ცხოვრებაში. ამის გარდა, ჩვენ თავს ავარიდებთ მხსნელის მიერ გამოვლილ ღრმა ტანჯვას.19

მონანიების ძღვენი გახლავთ ღმერთის სიკეთის გამოხატვა თავისი შვილების მიმართ და მისი შეუდარებელი ძალის გამომჟღავნება ჩვენს დასახმარებლად - დავძლიოთ ჩადენილი ცოდვები. ეს ასევე გახლავთ ჩვენი მოსიყვარულე მამაზეციერის მოთმინებისა და სულგრძელობის მტკიცებულება ჩვენი მიწიერი სისუსტეებისა და უძლურობის მიმართ. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, ჩვენმა საყვარელმა წინასწარმეტყველმა, უწოდა ამ ძღვენს „ბედნიერებისა და გონების სიმშვიდის გასაღები“.20

ჩემო საყვარელო მეგობრებო, მე ვმოწმობ, რომ როდესაც გულწრფელად ვინანიებთ ცოდვებს,21 ჩვენ ამით ქრისტეს გამომსყიდველ მსხერპლს სრულიად ეფექტურს ვხდით ჩვენს ცხოვრებაში.22 ჩვენ ვთავისუფლდებით ცოდვის ბორკილებიდან, ვპოულობთ სიხარულს ჩვენს მიწიერ მოგზაურობაში და ვხდებით მარადიული ხსნის ღირსნი, რაც მომზადებული იყო სამყაროს დასაბამიდან ყოველი ადამიანისთვის, ვინც იწამებს იესო ქრისტეს და მივა მასთან.23

ხსნის ამ სასწაული ძღვენის გარდა, მხსნელი ასევე გვთავაზობს შვებასა და სიმშიდეს, როცა ვდგებით მიწიერი ცხოვრების უბედურების, ცდუნებისა და სისუსტეების წინაშე, იმ ვითარების ჩათვლით, რაც შეიქმნა ბოლო დროს ამ პანდემიასთან დაკავშირებით. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ქრისტემ ყოველთვის იცის იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც მიწიერი ცხოვრების განმავლობაში გვექმნება. მას ესმის ყოველი სიმწარე, აგონია და ფიზიკური ტკივილი ისევე, როგორც ემოციური და სულიერი გამოწვევები, რომლების წინაშეც ვდგებით. უფლის წიაღი სავსეა მოწყალებით და იგი ყოველთვის მზადაა, დაგვეხმაროს. ეს შესაძლებელია, რადგან მან პირადად გამოსცადა და ხორციელად აიღო საკუთარ თავზე ჩვენი სისუსტეებისა და უძლურობის ტკივილი.24

გულის სიმდაბლითა და თვინიერებით იგი ყოველივეზე დაბლა დადგა და მიიღო ადამიანებისგან ზიზღი, უარყოფა, დამცირება, ფიზიკურად კი - ჭრილობები ჩვენი შეცოდებებისთვისა და ბოროტებისთვის. მან ყოველივე ეს აიტანა ყოველი სულისთვის, აიღო რა საკუთარ თავზე მთელი სამყაროს ცოდვები25 და გახდა ჩვენი საბოლოო სულიერი მომვლელი.

როცა მას ვუახლოვდებით, სულიერად ვნებდებით მას, როგორც მომვლელს, ჩვენ შევძლებთ, ავიღოთ საკუთარ თავზე მისი უღელი, რომელიც ადვილია და მისი ტვირთი, რომელიც მსუბუქია და ამგვარად, ვპოვებთ დაპირებულ ნუგეშსა და დასვენებას. ამაზე მეტიც, ჩვენ მივიღებთ ძალას, რომელიც ყველას გვჭირდება სირთულეების, სისუსტეებისა და ცხოვრებისეული მწუხარების დასაძლევად, რისი ატანაც გაუსაძლისი იქნებოდა მისი დახმარებისა და განკურნების ძალის გარეშე.26 წმინდა წერილი გვასწავლის: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება“.27 „და შემდეგ, დაე, ღმერთმა [გვ]იბოძოს, რომ [ჩვენი] ტვირთი შემსუბუქდეს, [მის] ძეში სიხარულით“.28

გამოსახულება
რეგინა და მარიო ემერიკი

გასული წლის ბოლოს მე შევიტყვე ძვირფასი წყვილის გარდაცვალების შესახებ: მარიო და რეგინა ემერიკები, რომლებიც უფლის ასეთი ერთგულნი იყვნენ და ოთხი დღის დაშორებით გარდაიცვალნენ COVID-19-თ გამოწვეული გართულებების გამო.

მათმა ერთ-ერთმა შვილმა, რომელიც ამჟამად ბრაზილიაში მსახურობს ეპისკოპოსად, მითხრა ასეთი რამ: „ისე ძნელი იყო ჩემი მშობლების დანახვა, ამ მდგომარეობაში რომ მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან, მაგრამ მე მკაფიოდ ვგრძნობდი უფლის ხელს ჩემს ცხოვრებაში იმ ტრაგედიის შუაგულში, რადგან მივიღე ისეთი ძალა და სიმშვიდე, რომელიც აღემატებოდა ჩემს წვდომას. იესო ქრისტეში და მის გამოსყიდვაში რწმენის მეშვეობით მე მივიღე ზეციური დახმარება ჩემი ოჯახის წევრების გასაძლიერებლად და სანუგეშოდ, ასევე მათი, ვიმც გვეხმარებოდა ამ გამოცდის ჟამს. მიუხედავად იმისა, რომ სასწაული, რომელსაც ყველა ელოდა, არ მოხდა, მე პირადად ვარ სხვა მრავალი სასწაულის მოწმე, რომელიც ჩემს საკუთარ ცხოვრებაში და ჩემი ოჯახის წევრების ცხოვრებაში მომხდარა. ვიგრძენი აუხსნელი სიმშვიდე, რომელმაც გულის სიღრმეში შეაღწია, მომცა იმედი და დამარწმუნა მხსნელის სიყვარულში ჩემ მიმართ და ღვთის ბედნიერების გეგმაში ყოველი მისი შვილისადმი. მე ვისწავლე, რომ ყველაზე მწუხარებით სავსე დღეების ჟამსაც კი მხსნელის მოსიყვარულე მკლავები ყოველთვის გაშლილია, როცა ვეძიებთ მას მთელი გულით, ძალით, გონებითა და სიძლიერით“.

გამოსახულება
ემერიკების ოჯახი

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ამ აღდგომის კვირას მე საზეიმოდ ვმოწმობ, რომ იესო მკვდრეთით აღდგა და რომ იგი ცოცხალია. მე ვმოწმობ, რომ მისი და მისი უსასრულო გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით მხსნელმა უზრუნველყო ჩვენთვის როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სიკვდილის დასაძლევი გზა. გარდა ამ მრავალი დალოცვისა იგი ასევე გვთავაზობს ნუგეშსა და რწმენას რთულ პერიოდში. მე გარწმუნებთ, რომ თუ მივენდეთ იესო ქრისტეს და მის გამოსყიდვას, ბოლომდე გავუძლებთ რწმენაში, ჩვენ დავტკბებით ჩვენი საყვარელი მამაზეციერის დაპირებებით, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალაშია, რომ დაგვეხმაროს, ერთ მშვენიერ დღეს დავბრუნდეთ მის გარემოცვაში. ეს არის მისი საქმე და მისი დიდება!29 მე ვმოწმობ, რომ იესო არის ქრისტე, სამყაროს გამომსყიდველი, დაპირებული მესია, აღდგომა და სიცოცხლე.30 მე გიზიარებთ ამ ჭეშმარიტებებს მამის მხოლოდშობილი ძის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა