გენერალური კონფერენცია
საფლავმა ვერ გაიმარჯვა
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


საფლავმა ვერ გაიმარჯვა

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვისა და დიდებული აღდგომის მეშვეობით გატეხილი გული მორჩება, ტანჯვას სიმშვიდე ჩაანაცვლებს და სასოწარკვეთილება იმედად გადაიქცევა.

ამ დიდებულ აღდგომის კვირას ჩვენი ბავშვები სიხარულით მღერიან: „ოქროს გაზაფხულს იესო ქრისტემ გაიღვიძა და სამარხიდან გამოვიდა, სადაც იწვა; მან სიკვდილის ბორკილები დაამსხვრია“.1

ჩვენ მადლიერნი ვართ ცოდნისთვის იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ. თუმცა მაინც, ზოგჯერ ცხოვრებაში გვექნება მომენტები, როცა საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო გულგატეხილობას ვიგრძნობთ. ამ მსოფლიო პანდემიის დროს მრავალმა ჩვენგანმა საყავარელი ადამიანები დაკარგა - ოჯახის წევრები ან მეგობრები.2 ჩვენ ვლოცულობთ მათთვის, ვინც ასეთ დანაკარგს გლოვობს.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა:

„ჩვენ ვგლოვობთ საყვარელი ადამიანების დაკარგვას, რა ასაკისაც არ უნდა იყვნენ ისინი. გლოვა წმინდა სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა.

„უფრო მეტიც, ჩვენ სრულად ვერ დავაფასებთ სიხარულით სავსე შეხვედრას, თუ ახლა ცრემლს არ დავღვრით დაშორებისას. იმისთვის, რომ სიკვდილს სევდა მოვაშორო, არსებობს ერთადერთი გზა - ცხოვრებიდან სიყვარულის ამოღება“.3

გამოსახულება
ქალები დასტირიან იესოს

ჩვენ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რას გრძნობდნენ იესოს მეგობრები, რომლებიც მას დაჰყვებოდნენ და მზრუნველობას უწევდნენ,4 როცა მისი სიკვდილის მოწმენი გახდნენ.5 ჩვენ ვიცით, რომ ისინი „გლოვობდნენ და ტიროდნენ.“6 ჯვარზე გაკვრის დღეს, როცა მათ არ იცოდნენ, რა მოხდებოდა კვირას, როგორი დათრგუნულები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან არ იცოდნენ, როგორ უნდა ეცხოვრათ უფლის გარეშე. მიუხედავად ამისა, ისინი მას მზრუნველობას უწევდნენ მაშინაც კი, როცა იგი მოკვდა.

იოსებ არიმათიელი ევედრებოდა პილატეს, გადაეცა მისთვის იესოს სხეული. მან სხეული ჩამოხსნა, შეახვია თხელ ტილოში, თავის სამარხში დაასვენა და დიდი ლოდი მიაგორა სამარხის შესასვლელთან.7

ნიკოდემუსმა სმირნა და ალოეს ნაზავი მოუტანა. იგი დაეხმარა იოსებს ჯვრიდან სხეულის ჩამოხსნაში და სურნელებასთან ერთად ტილოში გახვევაში.8

მარიამ მაგდალელი და სხვა ქალები გაჰყვნენ იოსებსა და ნიკოდემუსს, დაინახეს, სად დაასვენეს იესოს სხეული და სურნელოვნები და ნელსაცხებლები მოამზადეს.9 რადგან შაბათი იყო (ამ დღესთნ დაკავშირებით მკაცრი კანონი არსებობდა), მათ სხეულის მოსამზადებლად ლოდინი დასჭირდათ. ამიტომ კვირას დილით ადრე ისინი სამარხთან მივიდნენ. მას შემდეგ, რაც იხილეს, რომ მხსნელის სხეული იქ არ იყო, ისინი ამ ამბის შესატყობინებლად იესოს მოსწავლეებთან ანუ მოციქულებთან წავიდნენ. მოციქულები მათთნ ერთად სამარხთნ მივიდნენ და იგი ცარიელი დახვდათ. ყველა წავიდა, გარდა მარიამ მაგდალელისა, უკვირდათ მათ, რა მოუვიდა მხსნელის სხეულს.11

მარიამ მაგდალელი მარტო დარჩა სამარხთან. სულ რამდენიმე დღის წინ მან თავისი მეგობრისა და მოძღვრის ტრაგიკული სიკვდილი იხილა. ახლა მისი სამარხი ცარიელი იყო და მან არ იცოდა, სად იყო უფალი. ეს ძალაინ მძიმე განცდა იყო და მარიამი აქვითნდა. ამ მომენტში აღმდგარი მხსნელი მივიდა მასთან და ჰკითხა, რატომ ტიროდა და ვის ეძებდა. ფიქრობდა რა, რომ ეს მებაღე იყო, ჰკითხა, მან ხომ არ წაიღო უფლის სხეული და სად წაიღო იგი.12

გამოსახულება
მარიამ მაგდალელი

ჩემი აზრით, უფალმა მისცა მარიამ მაგდალელს იმის საშუალება, რომ ეგლოვა და გამოეხატა თავისი ტკივილი.13 უფალმა მას სახელით მიმართა, მარიამი მისკენ მიბრუნდა და იცნო იგი. მან აღმდგარი ქრისტე იხილა და მისი დიდებული აღდგომის მოწმე გახდა.14

მეც, თქვენს მსგავსად, შემიძლია, ვიგრძნო მარიამ მაგდალელისა და მისი მეგობრების ტანჯვა, როცა ისინი უფლის სიკვდილის გამო გლოვობდნენ. როცა ცხრა წლის ვიყავი, საშინელი მიწისძვრის გამო უფროსი ძმა დავკარგე. რადგან ეს ასე მოულოდნელად მოხდა, მე რაღაც დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მომხდარის რეალობა გამეაზრებინა. მე მწუხარებისგან გულგატეხილი ვიყავი, ჩემს თავს ვეკითხებოდი:“რა მოუვიდა ჩემს ძმას? სად არის იგი? სად წავიდა? ოდესმე ვნახავ მას?

მაშინ ჯერ არ ვიცოდი ღვთის ხსნის გეგმის შესახებ და მსურდა, მცოდნოდა, საიდან მოვედით, რა აზრი ჰქონდა ჩვენს ცხოვრებას და რა გვემართება სიკვდილის შემდეგ. განა ყველას არ გვაქვს ეს კითხვები, როცა საყვარელ ადამიანებს ვკარგავთ ან რთულ პერიოდს გავდივართ ცხოვრებაში?

რამდენიმე წლის შემდეგ მე ჩემს ძმაზე სხვანაირად დავიწყე ფიქრი. წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ იგი კარზე აკაკუნებს. მე კარს ვაღებ, ვხედავ მას, იგი კი მეუბნება: „მკვდარი არ ვარ“. ცოცხალი ვარ. ვერ მოვდიოდი შენთან, მაგრამ ახლა შენთან დავრჩები და არასდროს აღარ დაგშორდები“. ეს წარმოსახვა, თითქმის ოცნება, დამეხმარა იმ ტკივილის გამკლავებაში, რომელმაც მომიცვა, როცა ძმა დავკარგე. ის აზრი, რომ იგი ჩემთან იქნებოდა სულ მიბრუნდებოდა. ზოგჯერ კარსაც კი მივჩერდებოდი ხოლმე იმის იმედით, რომ იგი დააკაკუნებდა და მე მას კვლავ ვიხილავდი.

დაახლოებით 40 წლის შემდეგ, აღდგომის დროს, მე იესო ქრისტეს აღდგომაზე ვფიქრობდი და ძმაზეც დავიწყე ფიქრი. იმ მომენტში რაღაცამ გაიელვა ჩემს გონებაში. გამახსენდა, როგორ წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ იგი ჩემს სანახავად მოდიოდა.

იმ დღეს მივხვდი, რომ სულიწმინდამ მანუგეშა იმ რთულ დროში. მე მივიღე დამოწმება, რომ ჩემი ძმის სული მკვდარი არ იყო; იგი ცოცხალია! ის აგრძელებს წინსვლას თავის მარადიულ ყოფაში. მე ვიცი, რომ „აღდგება [ჩემი] ძმა“15 იმ დიდებულ მომენტში, როცა იესო ქრისტეს აღდგომის წყალობით ჩვენ ყველანი აღვდგებით. ამის გარდა, მან შესაძლებელი გახადა ყოველი ჩვენგანისთვის, კვლავ შევერთდეთ, როგორც ოჯახი და ვიცხოვროთ მარადიულ სიხარულში ღმერთის გარემოცვაში, თუ გავაკეთებთ არჩევანს, დავდოთ მასთან და დავიცვათ წმინდა აღთქმა.

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა:

„სიკვდილი ჩვენი მარადიული ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. არავინ არ იცის, როდის მოვა იგი, მაგრამ ის ღმერთის ბედნიერების დიადი გეგმის აუცილებელი ნაწილია. უფლის გამოსყიდვის წყალობით საბოლოო აღდგომა რეალურია და მარადიული ცხოვრება მთელი კაცობრიობისთვის არის შესაძლებელი. …

„… საყვარელ ადამიანებზე გლოვა უკან დარჩა … სიკვდილის ნესტარი შერბილდა სიმტკიცით ქრისტეში, იმედის სრულყოფილი ნათელით და ღმერთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულითა და მათ მიმართ მსახურების სურვილით. ეს რწმენა, იმედი და სიყვარული გვაღირსებს, მივიდეთ ღმერთის წმინდა გარემოცვაში და ჩვენს მარადიულ მეწყვილეებთან და ოჯახებთან ერთად ვიცხოვროთ მასთან მარადის“.16

გამოსახულება
სამარხი ბაღში

მე ვმოწმობ, რომ ქრისტე რომ არ აღმსდგარიყო მკვდრეთით ან არ დაემსხვრია სიკვდილის ბორკილები, რათა საფლავს არ გაემარჯვებინა და სიკვდილს არ ჰქონოდა ნესტარი, მაშინ აღდგომაც ვერ მოხდებოდა.

„მაგრამ აღდგომა არის, ამიტომ საფლავმა ვერ გაიმარჯვა და ქრისტეში შთაინთქა სიკვდილის ნესტარი.

„იგი არის ამაქვეყნის სინათლე და სიცოცხლე; დიახ, სინათლე, რომელიც უსასრულოა, რომელიც ვერასდროს ვერ ჩაქრება; დიახ, ასევე სიცოცხლე, რომელიც უსასრულოა, ასე რომ, ვეღარ იქნება სიკვდილი“.17

გამოსახულება
აღმსდგარი მხსნელი

თავად იესო ქრისტემ განაცხადა: “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“.18

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვისა და დიდებული აღდგომის მეშვეობით გატეხილი გული მორჩება, ტანჯვას სიმშვიდე ჩაანაცვლებს და სასოწარკვეთილება იმედად გადაიქცევა. მას შეუძლია, თავისი მოწყალების, ნუგეშის, ძალის მომცემ და განკურნების მკლავებში მოაქციოს ყოველი ჩვენგანი. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა