გენერალური კონფერენცია
COVID-19 და ტაძრები
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


COVID-19 და ტაძრები

ამასობაში, დაიცავით თქვენი სატაძრო აღთქმები და დალოცვები, პირველ რიგში გულში. დარჩით დადებული აღთქმების ერთგულნი.

ჩემო საყვაერელო დებო და ძმებო, ჩვენ ჭეშმარიტად სულიერი ნადიმი გვქონდა. რაოდენ მადლიერი ვარ მთლიანი კონფერენციის ლოცვებისთვის, გზავნილებისთვისა და მუსიკისთვის. მადლობას გიხდით ყოველ თქვენგანს, სადაც არ უნდა იყოთ, რომ შემოგვიერთდით დღეს.

გასული წლის დასაწყისში COVID-19 -თან დაკავშირებული პანდემიისა და ჩვენი სურვილის გამო, ვყოფილიყავით კარგი მოქალაქენი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, დროებით დაგვეხურა ყველა ტაძარი. მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ შთაგონებით ვიგრძენით, რომ დიდი სიფრთხილით შეიძლებოდა ტაძრების ეტაპობრივი გახსნა. ამჟამად ტაძრები იხსნება და მუშაობს ოთხ ფაზაში, ადგილობრივი ხელისუფლების რეგულაციებისა და უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვით.

პირველ ფაზაში მყოფი ტაძრები - წყვილებისთვის, რომლებმაც ადრე გაიარეს შემოსვა; მათ შეუძლიათ, ჩაიბეჭდონ როგორც ცოლ-ქმარი.

მეორე ფაზაში მყოფ ტაძრებში - სრულდება ყველა წეს-ჩვეულება ცოცხალთათვის, მათ შორის შემოსვა, ცოლისა და ქმრის ჩაბეჭდვა, ასევე შვილების ჩაბეჭდვა მშობლებთან. ჩვენ ახლახანს შევიტანეთ შესწორება მე –2 ფაზის დებულებაში და ახლა ჩვენს ახალგაზრდებს, ახალ წევრებს და სხვებს შეზღუდული რეკომენდაციით შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა ჩანაცვლებით ნათლობაში წინაპრებისთვის.

მე -3 ფაზაში მყოფი ტაძრებისთვის - პირებს დაგეგმილი შეხვედრებით შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ წეს-ჩვეულებებში არა მხოლოდ ცოცხალთათვის, არამედ გარდაცვლილი წინაპრებისთვისაც.

მე-4 ფაზა არის ტაძრის სრული მოქმედების აღდგენა.

მადლობას გიხდით მოთმინებისთვისა და ერთგული მსახურებისთვის ამ გამოწვევებითა და ცვლილებებით სავსე პერიოდში. მე ვლოცულობ იმაზე, რომ თქვენი ღვთისმსახურებისა და ტაძარში მსახურების სურვილი აკაშკაშდეს იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ადრე.

თქვენ ალბათ გაინტერესებთ, როდის შეძლებთ ტაძარში დაბრუნებას. პასუხი: თქვენი ტაძარი გაიხსნება მაშინ, როცა ადგილობრივი მთავრობის რეგულაციები დაუშვებს ამას. როცა COVID-19 -ს ინფიცირების შემთხევები უსაფრთხო ციფრებს მიაღწევს, თქვენი ტაძარი კვლავ გაიხსნება. ჩვენ გაგულიანებთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რაც თქვენს ძალაშია, რომ COVID-19 -ის შემთხვევები თქვენს რეგიონში შემცირდეს და თქვენი ტაძარში შესვლის შესაძლებლობა გაიზარდოს.

ამასობაში, დაიცავით თქვენი სატაძრო აღთქმები და დალოცვები, პირველ რიგში გულში. დარჩით დადებული აღთქმების ერთგულნი.

ჩვენ ახლა მომავალს ვაშენებთ. ორმოცდაერთი ტაძარი ამჟამად შენდება ან რემონტის ფაზაშია. ბოლო წლის განმავლობაში, მიუხედავად პანდემიისა, საძირკველი გაიჭრა 21 ახალი ტაძრისთვის!

ჩვენი სურვილია, უფლის სახლი ავაშენოთ რაც შეიძლება ახლოს წევრებთან, რათა მათ ჰქონდეთ ტაძარში სიარულის ეს წმინდა პრივილეგია მათთვის სასურველი სიხშირით.

ახლა, როცა ვაცხადებ გეგმებს 20 ახალი ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ იმ პიონერებზე წარსულიდან და აწმყოდან, რომელთა თავდადებული ცხოვრების წყალობით დღეს იწერება ისტორია. ახალი ტაძრები აშენდება შემდეგ ადგილებში: ოსლო, ნორვეგია; ბრიუსელი, ბელგია; ვენა, ავსტრია; კუმასი, განა; ბეირა, მოზამბიკი; კეიპტაუნი, სამხრეთი აფრიკა; სინგაპური, სინგაპურის რესპუბლიკა; ბელო ჰორიზონტე, ბრაზილია; კალი, კოლუმბია; კუერეტარო, მექსიკა; ტორეონი, მექსიკა; ჰელენა, მონტანა; კასპერი, ვაიომინგი; გრანდ ჯანქშენი, კოლორადო; ფარმინგტონი, ნიუ მექსიკო; ბერლი, აიდაჰო; ეუგენე, ორეგონი; ელკო, ნევადა; იორბა ლინდა, კალიფორნია; სმიტფილდი, იუტა.

ტაძრები იესო ქრისტეს სისრულეში აღდგენილი სახარების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. სატაძრო წეს-ჩვეულებები ავსებს ჩვენს ცხოვრებას ისეთი ძალით, რომლის სხვაგვარად მოპოვება შეუძლებელია. ჩვენ მადლობას ვუხდით ღმერთს სატაძრო დალოცვებისთვის.

ამ კონფერენციის დასასრულს კვლავ გამოვხატავთ ჩვენს სიყვარულს თქვენ მიმართ. ჩვენ ვლოცულობთ იმაზე, რომ ღმერთმა გადმოღვაროს თავისი კურთხევები თითოეულ თქვენგანზე. ჩვენ ერთად ვართ ჩართულნი მის წმინდა მსახურებაში. მოდით, თამამად წინ წავწიოთ უფლის დიდებული საქმე! მე ამაზე ვლოცულობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა