გენერალური კონფერენცია
რატომ აღთქმის გზა
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


რატომ აღთქმის გზა

აღთქმის გზა უნიკალურად განსხვავდება და მას მარადიული მნიშვნელობა აქვს.

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, მთელი თავისი მსახურების მანძილზე, სწავლობდა და ასწავლიდა ღმერთისა და მის შვილებს შორის დადებული აღთქმების შესახებ. იგი თავად არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, ვინც დადის აღთქმის გზით. თავის პირველი გზავნილში ეკლესიის პრეზიდენტის როლში პრეზიდენტმა ნელსონმა განაცხადა:

თქვენი დაპირება - მიჰყვეთ უფალს მასთან აღთქმის დადების გზით და შემდეგ ამ აღთქმების დაცვა, გაგიხსნით კარს ყოველი სულიერი დალოცვისა და უპირატესობისთვის, რაც კი ხელმისაწვდომია ქალისთვის, ბავშვისთვისა თუ მამაკაცისთვის.

„… სატაძრო წეს-ჩვეულებები და აღთქმები, რომლებსაც თქვენ იქ დებთ, არის თქვენი ცხოვრების, ქორწინებისა და ოჯახის გაძლიერების ძალა და მოწინააღმდეგის შემოტევების გამკლავების უნარი. თქვენი მსახურება ტაძარში წინაპრებისთვის დაგლოცავთ პირადი გამოცხადების გაძლიერებითა და სიმშვიდით, ასევე განამტკიცებს თქვენს პირობას, დარჩეთ აღთქმის გზაზე“.1

რა არის აღთქმის გზა? ეს არის ის ერთი გზა, რომელსაც მივყავართ ღვთის ცელესტიალურ სასუფეველში. ჩვენ ამ გზას ნათლობის კარში შესვლისას ვადგებით და შემდეგ „წინ უნდა მიისწრაფოდეთ, სიმტკიცით ქრისტეში, იმედის სრულყოფილი ნათელით და ღმერთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულით [ორი დიდი მცნება] … ბოლომდე“.2 აღთქმის გზაზე სიარულისას (რომელიც, სხვათაშორის, მიწიერი ცხოვრების შემდეგაც გრძელდება), ჩვენ ვიღებთ ყველა წეს-ჩვეულებასა და აღთქმას, რომელიც ხსნასა და ამაღლებას უკავშირდება.

ჩვენი ყოვლისმომცველი ვალდებულებაა, აღვასრულოთ ღვთის ნება „ და ვიქნებით მორჩილნი მისი მცნებებისადმი ყველაფერში, რასაც ის გვიბრძანებს“.3 იესო ქრისტეს სახარების პრინციპებისა და მცნებების ყოველდღიური დაცვა გახლავთ ცხოვრების გეზზე ყველაზე დიდი ბედნიერებისა და კმაყოფილების მომტანი რამ. პირველ რიგში, ადამიანი თავიდან აიცილებს უამრავ პრობლემასა და სინანულს. მოდით, სპორტს შევადაროთ. ჩოგბურთში არსებობს ე.წ. უნებლიე შეცდომები. ზოგჯერ ბურთი ბადეს ხვდება ან ბურთის მიწოდების დროს ორმაგი შეცდომა ფიქსირდება. უნებლიე შეცდომები გამოწვეულია მოთამაშის შეცდომით და არა მოწინააღმდეგის ოსტატობით.

მეტისმეტად ხშირად ჩვენი პრობლემები ან სირთულეები თავისთავად ჩნდება, ჩვენი ცუდი არჩევანის ანუ „უნებლიე შეცდომების“ შედეგად. როცა ბეჯითად მივყვებით აღთქმის გზას, ჩვენ საკმაოდ ბუნებრივად თავიდან ვიცილებთ უამრავ „უნებლიე შეცდომას“. ჩვენ გვერდს ავუვლით სხვადასხვა მავნე ჩვევას. არ ჩავცვივდებით არაკეთილსინდიერესი საქციელის ორმოში. გადავახტებით უზნეობის და ღალატის უფსკრულს. ჩვენი გზები არ გადაიკვეთება იმ ადამიანებთან და მოვლენებთან, გინდაც პოპულარულთან, რომელნიც ჩვენს ფიზიკურ და სულიერ კეთილდღეობისთვის საშიშია. ჩვენ თავს ავარიდებთ არჩევანს, რომელიც ზიანს მიაყენებს ან სირთულეს შეუქმნის სხვა ადამიანებს და ამის ნაცვლად შევიძენთ თვითდისციპლინისა და მსახურების ჩვევებს.4

ეს სიტყვები, სავარაუდოდ, უხუცეს ჯ. გოლდენ კიმბალს ეკუთვნის: „მე, შეიძლება, [ყოველთვის] არ დავდივარ ვიწრო და რთული გზით, მაგრამ [ვცდილობ] რაც შეიძლება ხშირად მოვხვდე მასზე“.5 ხუმრობის გარეშე, დარწმუნებული ვარ, ძმა კიმბალი დამეთანხმებოდა, რომ აღთქმის გზაზე დარჩენა და არა მასზე დროდადრო მოხვედრა არის ერთი მხრიდან, ჩვენი ყველაზე დიდი იმედი იმ უბედურების თავიდან ასაცილებლად, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია და მეორე მხრიდან, ცხოვრების გარდაუვალი სიდუხჭირის წარმატებით დაძლევის.

შესაძლოა, ვინმემ თქვას: „მე ნათლობის გარეშეც შემიძლია კარგი არჩევანის გაკეთება; არ მჭირდება აღთქმები იმისთვის, რომ ვიყო პატივცემული, წარმატებული ადამიანი“. მართლაც, უამრავი ადამიანი, რომელიც არ დგას აღთქმის გზაზე, აკეთებს ისეთ არჩევანს და ისეთი წვლილი შეაქვს ცხოვრებაში, რაც აღთქმის გზაზე მოსიარულე ადამიანს ახასიათებს. შეიძლება ითქვას, რომ ისინი იმკიან „აღთქმის მაგვარ“ გზაზე სიარულის კურთხევებს. მაშ, რითი განსხვავდება აღთქმის გზა?

ფაქტობრივად, ეს განსხვავება უნიკალურია და მას მარადიული მნიშვნელობა აქვს. იგი მოიცავს ჩვენი მორჩილების ბუნებას, ჩვენ მიმართ ღვთის ვალდებულების ხასიათს, ღვთიურ დახმარებას, რომელსაც ვიღებთ, დალოცვებს, რომლებიც დამოკიდებულია ჩვენი, როგორც აღთქმის ხალხის, შეკრებაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მარადიულ მემკვიდრეობას.

თავდადებული მორჩილება

პირველია ჩვენი ღმერთისადმი მორჩილების ბუნება. ჩვენ უბრალოდ კარგი ზრახვებით კი არა, საზეიმოდ ვდებთ პირობას, რომ ვიცხოვრებთ ღვთის ბაგეთაგან ამოსულ ყოველი სიტყვის მიხედვით. ნათლობით „ის დაანახებს ადამიანთა შვილებს, რომ ხორციელის თანახმად მამის წინაშე თავს იმდაბლებს და მოწმობს მამისათვის, რომ მორჩილი იქნება მისი მცნებების დაცვაში“.6

აღთქმის დახმარებით ჩვენ უბრალოდ კი არ ვარიდებთ თავს შეცდომებს ან წინდახედულები ვართ ჩვენს არჩევანში. ჩვენ ღმერთის წინაშე ვგრძნობთ ვალდებულებას ჩვენი არჩევანისა და ცხოვრებისთვის. ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ ქრისტეს სახელს. ჩვენ ქრისტეზე ვახდენთ ფოკუსირებას, გვაქვს რა მტკიცე დამოწმება ქრისტეზე და ვანვითარებთ ქრისტეს თვისებებს.

აღთქმებთან ერთად სახარების პრინციპებისადმი მორჩილება ფესვს იდგამს ჩვენს სულში. ვიცნობ ერთ შეუღლებულ წყვილს, სადაც ცოლი არ იყო ეკლესიის აქტიური წევრი, ქმარი კი საერთოდ არ იყო წევრი. მე მათ გამოგონილ სახელებს, მერის და ჯონს დავარქევ. როცა მათ ცხოვრებაში შვილები გაჩდნენ, მერიმ მწვავედ იგრძნო იმის აუცილებლობა, რომ უნდა აღეზარდა ისინი, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი: „უფლის მოძღვრებასა და დარიგებაში“.7 ჯონი მას მხარს უჭერდა. მერიმ გარკვეულწილად მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ სახლში დარჩენილიყო და რეგულარულად ესწავლებინა შვილებისთვის სახარება. იგი სრულად იყენებდა ეკლესიის მიერ შეთავაზებულ ღვთისმსახურებებსა და ღონისძიებებს. მერი და ჯონი სამაგალითო მშობლები გახდნენ, მათი შვილები კი (ენერგიული ბიჭები) რწმენაში და სახარების პრინციპებისა და სტანდარტების ერთგულებაში იზრდებოდნენ.

ჯონის მშობლებს, ბიჭების პაპა-ბებიას, ძალიან უხაროდათ შვილიშვილების ჯანსაღი ცხოვრება და მიღწევები, მაგრამ იყვნენ რა ცოტათი უარყოფითად განწყობილნი ეკლესიის მიმართ, სურდათ, მიეწერათ ეს წარმატება მხოლოდ მერისა და ჯონის შვილების აღზრდის უნარისთვის. ჯონი, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ეკლესიის წევრი, არ ეთანხმებოდა მშობლების შეფასებას. იგი დაჟინებით ამბობდა, რომ ის, რასაც შვილები ეკლესიაში ხედავდნენ და ისიც, რაც სახლში ხდებოდა, სახარების სწავლების ნაყოფი იყო და ისინი ამის მოწმენი იყვნენ.

ჯონიმ თავადაც განიცადა სულიწმინდის გავლენა, მეუღლის სიყვარულისა და მაგალითის და შვილების მოთხოვნილებების გამო. თავის დროზე, მეურვეობის წევრებისა და მეგობრების სასიხარულოდ, იგი მოინათლა.

მიუხედავად იმისა, რომ მერის, ჯონისა და მათი შვილების ცხოვრება უზრუნველი არ იყო, ისინი მთელი გულით გვარწმუნებენ, რომ მათი პირადი და ოჯახური დალოცვების წყარო სახარების აღთქმაა. მათ საკუთარ და შვილების ცხოვრებაში იხილეს უფლის მიერ იერემიასთვის ნათქვამი სიტყვების აღსრულება: „მივცემ მათ ჩემს რჯულს და მათ გულებზე დავწერ ამას, და მე ვეყოლები მათ ღმერთად და ისინი მეყოლებიან მე ერად“.8

ღმერთთან დაკავშირებულნი

აღთქმის გზისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი უნიკალური ასპექტია ჩვენი ღვთაებასთან ურთიერთობა. აღთქმები, რომლებსაც ღმერთი სთავაზობს თავის შვილებს, გაცილებით მეტია, ვიდრე მითითებები. ღმერთთან ერთად ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერს მოვერიოთ.9

ერთხელ წავიკითხე ცუდად ინფორმირებული ჟურნალისტის მიერ დაწერილი სტატია, სადაც იგი მკვდრებისთვის ნათლობას აღწერს, როგორც მიკროფირების ჩაძირვას წყალში. და რომ ვისი სახელებიც გამჟღავნდება მიკროფირზე, მონათლულად ითვლებიან. ეს მიდგომა ეფექტური იქნებოდა, მაგრამ იგი უგულებელყოფს ყოველი სულის უსაზღვრო ღირებულებას და ღმერთთან დადებული პირადი აღთქმის მნიშვნელობას.

„[იესომ] თქვა … : შედით ვიწრო კარიბჭით; ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და მცირედნი ჰპოვებენ მას“.10 სიმბოლურად რომ ვთქვათ, ეს კარიბჭე იმდენად ვიწროა, რომ მასში მხოლოდ რიგრიგობითაა შესაძლებელი შესვლა. ყოველი ადამიანი ინდივიდუალურ ვალდებულებას იღებს ღმერთის წინაშე და ღმერთი ყოველ პიროვნებასთან დებს პირად აღთქმას, რომელსაც შეგვიძლია, დავეყრდნოთ ამ ცხოვრებაში და მარადის. წეს-ჩვეულებებში და აღთქებში „გამოვლინდება ღვთისმოსაობის ძალა“.11

ღვთიური დახმარება

ამას მივყავართ აღთქმის გზაზე მესამე განსაკუთრებული დალოცვის განხილვისკენ. ღმერთი უზრუნველყოფს თითქმის გონებისთვის მიუწვდომელ ძღვენს, რომელიც ეხმარება აღთქმის დამდებს აღთქმების დაცვაში; ეს სულიწმინდის ძღვენია. ეს ძღვენი არის სულიწმინდის მარადიული თანამგზავრობის, დაცვისა და მითითებების მიღების უფლება.12 ასევე ცნობილი როგორც ნუგეშისმცემელი, სულიწმინდა „ავსებს იმედითა და სრულყოფილი სიყვარულით“.13 მან „ყოველივე იცის და მოწმობს მამასა და ძეზე“,14 ვისი მოწმენიც ვართ.15

აღთქმის გზაზე ჩვენ ასევე ვპოულობთ მიტევებისა და ცოდვისგან განწმენდის აუცილებელ დალოცვებს. ეს დახმარება შეიძლება მივიღოთ მხოლოდ ღვთიური მადლით, რომელსაც სულიწმინდა გვიბოძებს. „ახლა, ეს არის მცნება“, - ამბობს უფალი, „მოინანიეთ, თქვენ, დედამიწის ყველა კიდენო, მოდით და ჩემი სახელით მოინათლეთ, რათა სულიწმინდის მიღებით განიწმინდოთ, რომ უკანასკნელ დღეს ჩემ წინაშე უმწიკვლოდ წარსდგეთ.16

შეიკრიბეთ აღთქმის ხალხთან ერთად

მეოთხე: ისინი, ვინც აღთქმის გზას მიჰყვებიან, ჰპოვებენ განსაკუთრებულ დალოცვებს სხვადასხვა ღვთაებრივად განპირობებულ შეკრებებში. ყველგან წმინდა წერილში ნაწინასწარმეტყველებია დიდი ხნის წინ გაფანტული ისრაელის ტომების შესახებ.17 ამ წინასწარმეტყველებებისა და დაპირებების აღსრულება ახლა ხდება აღთქის ხალხის ეკლესიად შეკრებასთან ერთად, რაც არის ღვთის სასუფეველი დედამიწაზე. პრეზიდენტმა ნესლონმა აგვიხსნა: „როცა ვსაუბრობთ შეკრებაზე, ჩვენ უბრალოდ ვაცხადებთ ამ ფუნდამენტალურ ჭეშმარიტებას: ჩვენი მამაზეციერის ყოველი შვილი იმსახურებს იმას, რომ მოისმინოს იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების გზავნილი“.18

უფალი უბრძანებს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს: „წამოდექით და გაბრწყინდით, რათა ერებისთვის თქვენი სინათლე იყოს ალამი; … და ერთად შეკრება სიონის მიწაზე და პალოებში იყოს თავდასაცავად და თავშესაფრად ქარიშხლისა და რისხვისგან, როდესაც ის გაუზავებლად გადმოიღვრება მთელ დედამიწაზე.“19

არსებობს ასევე აღთქმის ხალხის ყოველკვირეული შეკრებები ლოცვის სახლში, უფლის დღეს, რათა „უფრო მეტად [შევძლოთ] ამაქვეყნისგან უმწიკვლოდ თავის შენარჩუნება“.20 ეს არის შეკრებები პურისა და წყლის მიღებით იესო ქრისტეს გამოსყიდვის მოსაგონებლად და დრო „[ლოცვისა] და ერთმანეთთან საუბრისა [ჩვენი] სულების კეთილდღეობის შესახებ.21 მოზარდის ასაკში, მაღალ კლასებში, ეკლესიის ერთადერთი წევრი ვიყავი. მომწონდა სკოლაში ბევრ კარგ მეგობართან ურთიერთობა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდი იმედი მქონდა საკვირაო შეკრებისა ჩემი სულიერების გასაძლიერებლად და გასამხნევებლად, ფიზიკურადაც კი. როგორ მწვავედ ვგრძნობდით აღთქმის ამ რეგულარული შეკრებების ნაკლებობას ამ პანდემიის დროს და როგორ მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა ისევ შევძლებთ ერთად შეკრებას.

აღთქმის ხალხი იკრიბება ტაძარში, უფლის სახლში, უნიკალური წეს-ჩვეულებების, დალოცვებისა და გამოცხადების მისაღებად, „რა მიზნით იკრიბებოდა … ღვთის ხალხი ყველა დროში? … მთავარი მიზანი იყო უფლისთვის ისეთი სახლის აშენება, სადაც იგი შეძლებდა, გამოეცხადებინა თავისი ხალხისთვის თავისი სახლის წეს-ჩვეულებები და საკუთარი სასუფევლის დიდება და ეჩვენებინა ადამიანებისთვის ხსნის საშუალება; რამეთუ არსებობს გარკვეული წეს-ჩვეულებანი და პრინციპები, რომლებიც, როცა მათ ასწავლი და იყენებ, უნდა ჩატარდეს ამ მიზნისთვის აშენებულ ადგილებში და სახლებში“.22

მიიღეთ მემკვიდრეობით აღთქმის დაპირებანი

და ბოლოს, მხოლოდ აღთქმის გზაზე დარჩენით ჩვენ მემკვიდრეობით მივიღებთ აბრაამის, ისაკისა და იაკობის ხსნისა და ამაღლების საბოლოო დალოცვებს, რომლების მოცემა მხოლოდ ღმერთს შეუძლია.23

წმინდა წერილში მოცემული შენიშვნები აღთქმის ხალხთან დაკავშირებით ხშირად ნიშნავს აბრამის შთამომავლობას, რომელიც ცნობილია, როგორც „ისრაელის სახლი“ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მაგრამ აღთქმის ხალხი ასევე მოიცავს ყველას, ვინც იესო ქრისტეს სახარებას იღებს.24 პავლე მოციქულმა აგვიხსნა:

„ვინაიდან, რაკი ყველა მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეში შეიმოსენით. …

„და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაამის თესლი ხართ და აღთქმით მემკვიდრენი“.25

ისინი, ვინც აღთქმების ერთგულნი არიან „გამოვლენ მართალთა აღდგომისას“.26 ესენი „გახდნენ სრულყოფილნი იესოს, ახალი აღთქმის ქომაგის, მეშვეობით … ესენი არიან, რომელთა სხეული არის ცელესტიალური, რომელთა ბრწყინვალება არის მზის ბრწყინვალება, თავად ბრწყინვალება ღმერთის უზენაესისა“.27 „ამიტომ, ყოველივე არის მათი – სიცოცხლე თუ სიკვდილი, რაც არის ახლა ან რაც იქნება მომავალში, ყოველივე არის მათი და ისინი არიან ქრისტესი და ქრისტე არის ღმერთისა“.28

მოდით, ყოველმა ჩვენგანმა და ერთად, როგორც ერმა, ყური დავუგდოთ წინასწარმეტყველის მოწოდებას - დავრჩეთ აღთქმის გზაზე. ნეფიმ იხილა ჩვენი დრო და ჩვენი თაობა და ჩაიწერა: „მე, ნეფიმ, დავინახე ღვთის კრავის ძალა, რომ ის მოეფინა კრავის ეკლესიის წმინდანებს და უფლის აღთქმულ ხალხს, რომლებიც გაფანტულნი იყვნენ მთელი დედამიწის ზედაპირზე; და ისინი შეირაღებულნი იყვნენ სამართლიანობით და ღმერთის ძალით, დიადი დიდებულებით“.29

ნეფისთან ერთად „ჩემი სული ხარობს უფლის აღთქმებში“.30 ამ აღდგომის კვირას მე ვმოწმობ იესო ქრისტეზე, რომლის აღდგომა არის ჩვენი იმედი და აღთქმის გზის ბოლოში ჩვენთვის ყოველივე დაპირებულის უტყუარი გარანტია. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა