გენერალური კონფერენცია
ჩვენი ზეშთაგონებული კონსტიტუციის დაცვა
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ჩვენი ზეშთაგონებული კონსტიტუციის დაცვა

ღვთიური შთაგონების ჩვენი რწმენა ანიჭებს უკანასკნელ დღეთა წმინდანებს უნიკალურ პასუხისმგებლობას - მხარი დაუჭირონ და დაიცვან შეერთებული შტატების კონსტიტუცია და კონსტიტუციონალიზმის პრინციპები.

ამ მღელვარე დროში ვიგრძენი, რომ უნდა მესაუბრა შეერთებული შტატების შთაგონებული კონსტიტუციის შესახებ. ამ კონსტიტუციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი წევრებისთვის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ეს ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კონსტიტუციების ზოგადი მემკვიდრეობაა.

I.

კონსტიტუცია არის ჩვენი მთავრობის საფუძველი. ის უზრუნველყოფს მთავრობის უფლებამოსილების განხორციელების სტრუქტურასა და შეზღუდვებს. შეერთებული შტატების კონსტიტუცია არის უძველესი კონსტიტუცია, რომელიც დღესაც მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იგი მხოლოდ მცირე რაოდენობის კოლონიამ მიიღო, იგი მალე მთელი მსოფლიოსთვის მოდელად იქცა. დღეს ყველა ქვეყანას, სამის გარდა, აქვს მიღებული წერილობითი კონსტიტუცია.1

ჩემს გამოსვლაში არ ვისაუბრებ რომელიმე პოლიტიკური პარტიისა ან ჯგუფის სახელით. მე ვისაუბრებ შეერთებული შტატების კონსტიტუციის სახელით, რომლის შესწავლას 60 წელიწადზე მეტი დრო მოვანდომე. მე ვსაუბრობ ჩემი პირველი იურიდიული სამსახურის გამოცდილებაზე დაყრდნობით, როცა შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში მდივნად ვმუშაობდი. მე ვსაუბრობ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის 15 წლიანი გამოცდილებიდა და იუტას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 3,5 წლიანი გამოცდილებიდან. და რაც ყველაზე მთავარია, მე მალაპარაკებს იესო ქრისტეს მოციქულის 37 წლიანი გამოცდილება, რადგან ვალდებული ვიყავი, შემესწავლა შეერთებული შტატების ზეშთაგონებული კონსტიტუციის მნიშვნელობა უფლის აღდგენილი ეკლესიის საქმისთვის.

შეერთებული შტატების კონსტიტუცია უნიკალურია, რადგან ღმერთმა განაცხადა, რომ მან „დააწესა“ იგი „ყოველი ხორციელის უფლებებისთვის და დასაცავად“(მოძღვრება და აღთქმები 101:77; იხ; იხ. ასევე მუხლი 80). სწორედ ამიტომ, ეს კონსტიტუცია განსაკუთრებით აინტერესებს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას მთელს მსოფლიოში. მაგრამ მისი პრინციპების გამოყენება/არ გამოყენება და ის, როგორ უნდა გამოიყენონ ისინი, უკვე ინდივიდუალური ქვეყნის გადასაწყვეტია.

რა მიზნით დააწესა ღმერთმა შეერთებული შტატების კონსტიტუცია? ჩვენ შეგვიძლია, ვიხილოთ ეს მორალური არჩევანის მოძღვრებაში. აღდგენილი ეკლესიის პირველ ათწლეულში მისი წევრები დასავლეთის საზღვრებთან პირადი და საზოგადოების დევნის მსხვერპლნი იყვნენ. ეს ნაწილობრივ ხდებოდა იმის გამო, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ მონობას, რომელიც, სამწუხაროდ, იმ დროს შეერთებული შტატებში არსებობდა. ამ პირობებში ღმერთმა გამოუცხადა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს თავისი სწავლების მარადიული ჭეშმარიტებანი.

ღმერთმა თავის შვილებს უბოძა მორალური აჩევანი ანუ გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების უფლებამოსილება. ამ არჩევანის გამოყენების ყველაზე სასურველი ვითარება არის პიროვნების მაქსიმალური თავისუფლება - იმოქმედოს პირადი არჩევანის საფუძველზე. შემდეგ, როგორც გამოცხადება გვიხსნის, „ყოველი ადამიანი განკითხვის დღეს პასუხისმგებელი [უნდა] იყოს საკუთარი ცოდვებისთვის“მოძღვრება და აღთქმები 101:78). „ამიტომ“ - განაცხადა უფალმა, „ეს არ არის სამართლიანი, რომ ერთი ადამიანი იყოს მეორეს მონობაში“. (მოძღვრება და აღთქმები 101:79). ეს, ცხადია, ნიშნავს იმას, რომ მონობა არ არის სწორი. და იმავე პრინციპის მიხედვით, არ არის სწორი მოქალაქეებისთვის, არ ჰქონდეთ მმართველების ან კანონების შემმუშავებლების არჩევის უფლება.

II.

ჩვენი რწმენა იმისა, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუცია ზეშთაგონებითაა მიღებული არ ნიშნავს, რომ ამ ღვთიური განცხადების ყოველი სიტყვა და ფრაზა, როგორიცაა დებულებები თითოეული შტატის წარმომადგენელთა რაოდენობაზე ან თითოეული მათგანის მინიმალური ასაკის შესახებ, ნაკარნახევი იყო.2 ეს კონსტიტუცია არ იყო „სრულად შემუშავებული დოკუმენტი” - თქვა პრეზიდენტმა ჯ. რუბენ კლარკმა. „პირიქით“ - ახსნა მან, „ჩვენ გვწამს, რომ იგი უნდა განვითარდეს, რათა მოერგოს განვითარებადი სამყაროს ცვალებად საჭიროებებს“.3 მაგალითად, შთაგონებული დამატების შედეგად გაუქმდა მონობა, ქალებს კი მიეცათ ხმის მიცემის უფლება. ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს შთაგონებას უზენაესი სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც განმარტავს მას.

მე მწამს, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუცია მოიცავს სულ მცირე ხუთ ზეშთაგონებულ პრინციპს.4

პირველი გახლავთ ის პრინციპი, რომ მთავრობის უფლებამოსილების წყარო ხალხია. იმ დროს, როდესაც ითვლებოდა, რომ სუვერენული ძალაუფლება მეფეთა ღვთიური უფლებიდან ან სამხედრო ძალაუფლებიდან მოდიოდა, რევოლუციური იდეა იყო, სუვერენული ძალაუფლების ხალხისთვის მიკუთვნება. ფილოსოფოსები ამას მხარს უჭერდნენ, მაგრამ შეერთებული შტატების კონსტიტუციამ პირველმა გამოიყენა ეს. სუვერენული ძალა ხალხში არ ნიშნავს, რომ ბრბოს ან ხალხის სხვა ჯგუფებს შეუძლიათ, ჩაერიონ ხელისუფლების გადაწყვეტილებაში, შეაშინონ იგი ან აიძულონ გარკვეული მოქმედების ჩადენა. კონსტიტუციამ დაადგინა კონსტიტუციური დემოკრატიული რესპუბლიკა, სადაც ხალხი ახორციელებს თავის უფლებამოსილებას არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით.

მეორე შთაგონებული პრინციპია ძალაუფლების დელეგირება ერსა და მის შვილობილ შტატებს შორის. ჩვენს ფედერალურ სისტემაში ეს უპრეცედენტო პრინციპი ზოგჯერ იცვლებოდა შთაგონებული დამატებებით, როგორიცაა მონობის გაუქმება და ქალებისთვის ხმის მიცემის უფლება. ნიშანდობლივია, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუცია ზღუდავს ეროვნულ მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი უფლებამოსილების განხორციელებას და უფლებას უტოვებს მთავრობის ყველა სხვა უფლებამოსილებას ”ინდივიდუალურად შტატებს ან ხალხს“.5

კიდევ ერთი შთაგონებული პრინციპია ძალაუფლების დანაწილება. ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ჩვენს 1787 წლის კონსტიტუციურ კონვენციამდე, ინგლისის პარლამენტმა წამოაყენა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გამიჯვნა, როდესაც ისინი გარკვეულ უფლებამოსილებებს ართმევდნენ მეფეს. ამერიკული კონვენციის შთაგონება იყო დამოუკიდებელი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო უფლებამოსილების დელეგირება, რათა ამ სამ მიმართულებას შეეძლო ერთმანეთის შემოწმება.

მეოთხე შთაგონებული პრინციპი მიეკუთვნება უფლებათა ბილში ნახსენებ ჯგუფს - ინდივიდუალური უფლებებისა და მთავრობის უფლებამოსილების კონკრეტული შეზღუდვებბის გარანტია, რომელიც მიღებულ იქნა შესწორების სახით, კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ. უფლებათა ბილი არ იყო რაღაც ახალი. აქ შთაგონებას ვხედავთ ინგლისში პრინციპების პრაქტიკულ განხორციელებაში, რომელიც დაიწყო მაგნა კარტასთან ერთად. კონსტიტუციის ავტორებისთვის ეს არ იყო უცხო, რადგან ზოგიერთ კოლონიის ქარტიას ჰქონდა ასეთი გარანტიები.

უფლებათა ბილის გარეშე ამერიკა ვერ გახდებოდა მასპინძელი ქვეყანა სახარების აღდგენისთვის, რომელიც დაიწყო სულ სამი დეკადის შემდეგ. თავდაპირველ დებულებაში არსებობდა ღვთიური შთაგონება იმის შესახებ, რომ არ უნდა ჩატარებულიყო რელიგიური გამოცდა საჯარო თანამდებობებისთვის,6 მაგრამ პირველ შესწორებაში რელიგიური თავისუფლებისა და დამკვიდრების გარანტიების დამატება აუცილებელი იყო. ჩვენ ასევე ვხედავთ ღვთიურ შთაგონებას პირველ შესწორებაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ, რაც განსახიერებულია სხვა დამატებებში, მაგალითად სისხლის სამართლის საკითხებში.

გამოსახულება
ჩვენ, ხალხი

მეხუთე და ბოლო, მე ვხედავ ღვთიურ შთაგონებას მთელი კონსტიტუციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დანიშნულებაში. ჩვენ უნდა გვმართავდეს კანონი და არა ინდივიდუალური პირები, და ჩვენ ვართ ერთგულნი კონსტიტუციის, მისი პრინციპებისა და პროცესების და არა რომელიმე თანამდებობის პირის. ამგვარად, ყოველი ადამიანი კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს. ეს პრინციპები ეწინააღმდეგება ავტოკრატიულ ამბიციებს, რამაც ზოგიერთ ქვეყანაში გააფუჭა დემოკრატია. ისინი ასევე გულისხმობს, რომ ხელისუფლების სამი მიმართულებიდან არცერთი არ უნდა დომინირებდეს სხვაზე და არ უნდა უშლიდეს ხელს დანარჩენებს სათანადო კონსტიტუციური ფუნქციების შესრულებაში ერთმანეთის შემოწმების პროცესში.

III.

მიუხედავად შეერთებული შტატების კონსტიტუციის ზეშთაგონებული პრინციპებისა, ცოდვილი მოკვდავები ყოველთვის არ ახორციელებდნენ მის თავდაპირველ ჩანაფიქრს. ფედერალურმა მთავრობამ წაართვა შტატებს კანონმდებლობის მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად ოჯახური ურთიერთობების მარეგულირებელი ზოგიერთი კანონი. სიტყვის თავისუფლების პირველი შესწორება ზოგჯერ შემოიფარგლება მხოლოდ არაპოპულარული გამოსვლების ჩახშობით. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ყოველთვის ხორციელდებოდა ზეწოლის ქვეშ, როდესაც ხელისუფლების ერთი მიმართულება ახორციელებს ან აფერხებს მეორეზე გადაცემულ უფლებამოსილებებს.

არსებობს სხვა საფრთხეები, რომლებიც ძირს უთხრის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შთაგონებულ პრინციპებს. კონსტიტუციის მნიშვნელობა კნინდება მცდელობებით, შეცვალონ მისი დაარსების მიზეზი მიმდინარე საზოგადოებრივი ტენდენციებით და არა თავისუფლებითა და თვითმმართველობით. კონსტიტუციის უფლებამოსილება ტრივიალური ხდება, როცა კანდიდატები ან თანამდებობის პირები უგულებელყოფენ მის პრინციპებს. კონსტიტუციის ღირსებასა და ძალას ამცირებენ ისინი, ვინც მას ავტორიზაციის წყაროსა და სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილების შეზღუდვის ნაცვლად ლოიალობის ტესტის ან პოლიტიკური ლოზუნგის მსგავსად მოიხსენიებს.

IV.

ღვთიური შთაგონების ჩვენი რწმენა ანიჭებს უკანასკნელ დღეთა წმინდანებს უნიკალურ პასუხისმგებლობას - მხარი დაუჭირონ და დაიცვან შეერთებული შტატების კონსტიტუცია და კონსტიტუციონალიზმის პრინციპები, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ. ჩვენ უნდა გვწამდეს უფალი და ამ ერის მომავალი.

კიდევ რა მოეთხოვება ერთგულ უკანასკნელ დღეთა წმინდანს? ჩვენ ასევე უნდა ვილოცოთ უფლისადმი, რათა მან დალოცოს და წინ უძღვოდეს ყველა ერსა და მათ ხელმძღვანელებს. ეს არის რწმენის სიმბოლოების ნაწილი. პრეზიდენტების ან მმართველების7 დაქვემდებარებაში ყოფნა არანაირად არ აბრკოლებს ჩვენს ინდივიდუალურ კანონებს ან პოლიტიკას. თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა განვახორციელოთ გავლენა ცივილიზებულად და მშვიდობიანად, ჩვენი კონსტიტუციებისა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. სადავო საკითხებზე უნდა ვეძიოთ ზომიერება და ერთიანობა.

არსებობს ასევე სხვა ვალდებულებები, რომელნიც შთაგონებული კონსტიტუციის მხარდაჭერის ნაწილია. ჩვენ უნდა შევვისწავლოთ და მხარი დავუჭიროთ კონსტიტუციის შთაგონებულ პრინციპეებს . ჩვენ უნდა ვეძიოთ ბრძენი, კარგი ადამიანები და გვერდში დავუდგეთ მათ, ისინი კი მხარს დაუჭერენ ამ პრინციპებს თავიანთ საზოგადოებრივ საქმიანობაში.8. ჩვენ უნდა ვიყოთ მცოდნე მოქალაქეები, რომლებიც აქტიურობენ, რათა სამოქალაქო საქმეებში იგრძნობოდეს ჩვენი გავლენა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური გავლენა ხორციელდება კანდიდატის კენჭისყრით (რასაც ჩვენ ვემხრობით), ხმის მიცემით, ფინანსური მხარდაჭერით, პოლიტიკურ პარტიებში წევრობითა და მსახურებით, ასევე ოფიციალურ პირებთან, პარტიებთან და კანდიდატებთან მუდმივი კომუნიკაციით. დემოკრატიას ეს ყველაფერი სჭირდება კარგად ფუნქციონირებისთვის, მაგრამ შეგნებულ მოქალაქეს არ სჭირდება ყოველივე ამის უზრუნველყოფა.

არსებობს მრავალი პოლიტიკური საკითხი და ვერცერთი პარტია, პლატფორმა ან ინდივიდუალური კანდიდატი ვერ დააკმაყოფილებს ყველა პიროვნულ პრიორიტეტს. თითოეულმა მოქალაქემ, ნებისმიერ კონკრეტულ დროს, უნდა გადაწყვიტოს, რომელი საკითხებია ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის. შემდეგ, წევრებმა უნდა ეძიონ შთაგონება, თუ როგორ მოახდინონ გავლენა თავიანთ ინდივიდუალური პრიორიტეტების შესაბამისად. ეს პროცესი არ იქნება ადვილი. ამან, შესაძლოა, საჭირო გახადოს იმ პარტიის ან კანდიდატის შეცვლა, რომელსაც მხარს უჭერდით, თუნდაც ერთი არჩევნებიდან მეორემდე.

ასეთი დამოუკიდებელი მოქმედებები ზოგჯერ მოითხოვს ამომრჩევლისგან, მხარი დაუჭიროს კანდიდატებს ან პოლიტიკურ პარტიებს ან პლატფორმებს, რომელთა სხვა პოზიციების დამტკიცება მათ არ შეუძლიათ.9 ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვასწავლით ჩვენს წევრებს, თავი შეიკავონ ერთმანეთის განსჯისგან პოლიტიკურ საკითხებში. ჩვენ არასდროს არ უნდა ვამტკიცებდეთ, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ერთგული წმიდანი ვერ იქნება კონკრეტული პარტიის წევრი ან არ მისცემს ხმას კონკრეტულ კანდიდატს. ჩვენ ვასწავლით სწორ პრინციპებს და ჩვენს წევრებს ვაძლევთ იმის საშუალებას, აირჩიონ, თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბონ პრიორიტეტები და გამოიყენონ ეს პრინციპები დროდადრო წარმოდგენილ საკითხებში. ჩვენ ასევე დაჟინებით მოვითხოვთ და ვთხოვთ ჩვენს ადგილობრივ ხელმძღვანელებს, ასევე დაჟინებით მოითხოვონ, რომ პოლიტიკური არჩევანი და წევრობა არ გახდეს სწავლების ან ადვოკატირების საგანი ჩვენი ეკლესიის რომელიმე შეხვედრაზე.

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია, რა თქმა უნდა, გამოიყენებს უფლებას, მხარი დაუჭიროს ან დაუპირისპირდეს კონკრეტულ საკანონმდებლო წინადადებებს, რომლებიც ჩვენი აზრით, ეწინააღმდეგება რელიგიის თავისუფლებას ან ეკლესიის ორგანიზაციის არსებით ინტერესებს.

მე ვმოწმობ შეერთებული შტატების ზეშთაგონებულ კონსტიტუციაზე და ვლოცულობ, რომ ჩვენ, ვინც ვაღიარებთ ღვთიურ არსებას, რომელმაც იგი შთააგონა, ყოველთვის დავიცავთ და მხარს დავუჭერთ მის დიად პრინციპებს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. See Mark Tushnet, “Constitution,” in Michel Rosenfeld and András Sajó, eds., The Oxford Handbook of Comparative Constitutional Law (2012), 222. (დაუწერელი კოდირებული კონსტიტუციის მქონე სამი ქვეყანაა გაერთიანებული სამეფო, ახალი ზელანდია და ისრაელი). ყოველივე ამას აქვს ძლიერი კონსტიტუციონალიზმის ტრადიცია, თუმცა მმართველობითი დებულებები არ არის შეკრებილი ერთ დოკუმენტში.

  2. შეერთებული შტატების კონსტიტუცია, მუხლი 1 , ნაწილი 2.

  3. J. Reuben Clark Jr., “Constitutional Government: Our Birthright Threatened,” Vital Speeches of the Day, Jan. 1, 1939, 177, quoted in Martin B. Hickman, “J. Reuben Clark, Jr.: The Constitution and the Great Fundamentals,” in Ray C. Hillam, ed., By the Hands of Wise Men: Essays on the U.S. Constitution (1979), 53. ბრიგამ იანგი ასწავლიდა ფერმემერებს, „ჩაეყარათ საფუძველი მომავალი თაობებისთვის“ (Discourses of Brigham Young, sel. John A. Widtsoe [1954], 359).

  4. These five are similar but not identical to those suggested in J. Reuben Clark Jr., Stand Fast by Our Constitution (1973), 7; Ezra Taft Benson, “Our Divine Constitution,” Ensign, Nov. 1987, 4–7; and Ezra Taft Benson, “The Constitution—A Glorious Standard,” Ensign, Sept. 1987, 6–11. იხილეთ Noel B. Reynolds, “The Doctrine of an Inspired Constitution,” in By the Hands of Wise Men, 1–28.

  5. შეერთებული შტატების კონსტიტუცია, შესწორება10.

  6. შეერთებული შტატების კონსტიტუცია, მუხლი 6.

  7. იხ. რწმენის სიმბოლოები 1:12.

  8. იხ. მოძღვრება და აღთქმები 98:10.

  9. იხ. David B. Magleby, “The Necessity of Political Parties and the Importance of Compromise,” BYU Studies, vol. 54, no. 4 (2015), 7–23.

ამობეჭდვა