გენერალური კონფერენცია
ჩვენი მწუხარება სიხარულად იქცევა
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ჩვენი მწუხარება სიხარულად იქცევა

ვიწვევ ყველას, ვინც მწუხარებას გრძნობს, ვინც ეჭვებს ებრძვის, ვისაც აინტერესებს, რა ხდება სიკვდილის შემდეგ, მოათავსოთ რწმენა ქრისტეში.

რამდენიმე წლის წინ, როცა სოლთ-ლეიქ სითიში შეხვედრაზე ვესწრებოდი, ჩვენმა ძვირფასმა წინასწარმეტყველმა, რასელ მ.ნელსონმა მომიკითხა. მისთვის დამახასიათებელი თბილი, პირადული მანერით მან მკითხა: „მარკ, დედაშენი როგორ არის“?

მე ვუპასუხე, რომ კვირის დასაწყისში მასთან სახლში, ახალ ზელანდიაში ვიყავი და რომ იგი ბერდებოდა, თუმცა მაინც რწმენით სავსე და ყველასთვის, ვინც მას იცნობდა - შთაგონების წყარო იყო.

შემდეგ მან თქვა: „გთხოვ, სიყვარულით მომიკითხე … და უთხარი, რომ მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას“.

მე ძალზედ გამიკვირდა და ვკითხე: „ახალ ზელანდიაში გაქვთ დაგეგმილი მოგზაურობა ახლო მომავალში“?

გააზრებული გულწრფელობით მან მიპასუხა: „არა, მომავალ ცხოვრებაში ვნახავ მას“.

მის პასუხს არასერიოზულობის არაფერი ემჩნეოდა. ეს იყო ფაქტის სრულიად ბუნებრივი დადასტურება. ამ პირად, დაუცველ მომენტში მე გავიგონე და ვიგრძენი ცოცხალი წინასწარმეტყველისგან ნათელი დამოწმება იმაზედ, რომ ცხოვრება სიკვდილის მერეც გრძელდება.

ამ შაბათ-კვირას, კონფერენციაზე, თქვენ მოუსმენთ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, რომლებიც მოწმობენ იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ. „ჩვენი რელიგიის ძირითადი პრინციპები გახლავთ წინასწარმეტყველებისა და მოციქულების დამოწმებები იესო ქრისტეს შესახებ, რომ იგი მოკვდა, დამარხულ იქნა და მესამე დღეს აღდგა, … დანარჩენი, რაც ჩვენს რელიგიას ეკუთვნის, მხოლოდ ამ ჭეშმარიტების დანართია“.1 მე გპირდებით, რომ თუ მოუსმენთ ჭეშმარიტი ზრახვით, სულიწმინდა დაგიდასტურებთ გონებასა და გულში ამ დამოწმებების ჭეშმარიტებას.2

იესოს ძველი დროის მოციქულები სამუდამოდ შეიცვალნენ მას შემდეგ, რაც იგი გამოეცხადა მათ სიკვდილის შემდეგ. ათმა მათგანმა საკუთარი თვალით იხილა, რომ იგი აღდგა. თომამ, რომელიც იქ არ იმყოფებოდა, გამოაცხადა: „თუ … არ ვიხილავ - არ ვიწამებ“.3 მოგვიანებით იესომ დამოძღვრა თომა: „ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ.“4 შემდეგ უფალმა ასწავლა რწმენის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი: „ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს“.5

აღმდგარმა უფალმა დაავალა თავის მოციქულებს, დაემოწმებინათ მასზედ. ჩვენმა დღევანდელმა მოციქულებმაც უკან მოიტოვეს მიწიერი თანამდებობები და სიცოცხლის ბოლომდე თამამად აცხადებდნენ, რომ ღმერთმა მოახდინა იესოს აღდგომა. მათმა ძლიერმა დამოწმებებმა ათასობით ადამიანს გაუკვალა გზა ნათლობის მოწვევის მისაღებად.6

აღდგომის დილის დიდებული გზავნილი მთელი ქრისტიანობის ცენტრალური ნაწილია. იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ამის გამო ჩვენც კვლავ ვიცოცხლებთ სიკვდილის შემდეგ. ეს ცოდნა ჩვენს ცხოვრებას მიზანსა და აზრს ანიჭებს. თუ წინ ვივლით რწმენით, სამუდამოდ შევიცვლებით, როგორც ძველი დროის მოციქულები. ჩვენც, მათ მსგავსად, იესო ქრისტეში რწმენით, შევძლებთ ნებისმიერი გასაჭირის ატანას. ეს რწმენა გვაძლევს იმ დროის იმედს, როცა ჩვენი „მწუხარება სიხარულად იქცევა“.7

პირადად ჩემი რწმენა მწუხარების პერიოდის შემდეგ დაიწყო.

ჩემს დედ-მამას ცხვრის ფერმა ჰქონდა ახალ ზელანდიაში.8 ისინი ცხოვრებით ტკბებოდნენ. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყვნენ, ღმერთმა მათ სამი პატარა გოგონა უბოძა. ყველაზე პატარას ანა ერქვა. ერთხელ, როდესაც ისინი ტბაზე ისვენებდნენ, 17 თვის ანა უცებ მხედველობის არედან გაქრა. რამდენიმე წუთის ძებნის შემდეგ იგი წყალში დამხრჩვალი იპოვეს.

ამ კოშმარმა ენით აუღწერელი მწუხარება მოგვიტანა. წლების შემდეგ მამამ დაწერა, რომ მათი ცხოვრებიდან სიცილის გარკვეული წილი სამუდამოდ წავიდა. ამან ასევე გამოიწვია ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხის ძებნის წყურვილი. „რა მოუვა ჩვენს ძვირფას ანას? ოდესმე ვნახავთ მას? როგორ შეძლოს ჩვენმა ოჯახმა, კვლავ ბედნიერი იყოს“?

ამ ტრაგედიიდან რამდენიმე წლის შემდეგ ფერმაში უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ორი ახალგაზრდა მისიონერი გვეწვია. მათ დაიწყეს მორმონის წიგნში და ბიბლიაში ჩაწერილი ჭეშმარიტების ჩვენთვის გაზიარება. ეს ჭეშმარიტებანი მოიცავდა დარწმუნებულობას იმაში, რომ ანა ახლა სულების სამყაროშია. იესო ქრისტეს აღდგომის გამო ანაც აღდგება. მათ გვასწავლეს, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ისევ აღდგა დედამიწაზე ცოცხალ წინასწარმეტყველსა და თორმეტ მოციქულთან ერთად. მათ ასევე გვასწავლეს უნიკალური, მნიშვნელოვანი მოძრვრება, რომ ოჯახებს შეუძლია, მარად ერთად იყონ, იმავე სამღვდელოების ძალის წყალობით, რომელიც იესო ქრისტემ უბოძა თავის მთავარ მოციქულს, პეტრეს.9

დედამ მაშინვე ამოიცნო ჭეშმარიტება და სულიწმინდისგან დასტურიც მიიღო. მამა მთელი მომავალი წლის განმავლობაში სულიერი ბიძგებისა და ეჭვების ჭიდილში იყო. მას ასევე არ უნდოდა ცხოვრების სტილის შეცვლა. ერთხელ დილით, უძილო ღამის შემდეგ, როცა იგი წინ და უკან დადიოდა, უცებ დედისკენ შემობრუნდა და უთხრა: „ან დღეს მოვინათლები და ან არასდროს“.

დედამ მისიონერებს უამბო მომხდარის შესახებ და მათ მაშინვე რწმენის ნაპერწკალი ამოიცნეს მამაში, რომელიც ახლა უნდა გაეღვივებინათ, თუ არა და ჩაქრებოდა.

იმავე დღეს, დილით, ჩვენი ოჯახი უახლოეს პლიაჟზე გაემგზავრა. ჩვენ, ბავშვებს, წარმოდგენა არ გვქონდა, რა ხდებოდა. ჩვენ ქვიშის დიუნებში პიკნიკი მოვაწყეთ, ამ დროს კი უხუცესმა ბოიდ გრინმა და გარი შეფილდმა ჩემი მშობლები ოკეანეში შეიყვანეს და მონათლეს. მამამ კი, რწმენის შემდეგი ნაბიჯი გადადგა და პირადად შეპირდა უფალს, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, იგი მთელი ცხოვრება თავისი დაპირებების ერთგული იქნებოდა.

ერთი წლის შემდეგ კი ახალ ზელანდიაში, ჰამილტონში, ტაძრის მიძღვნა მოხდა. მალევე ამის შემდეგ ჩვენმა ოჯახმა, იმ პიროვნებასთან ერთად, რომელიც ანას წარადგენდა, უფლის ამ წმინდა სახლში საკურთხევლის ირგვლივ მუხლი მოიყარა. იქ, მღვდლობის უფლებამოსილებით, ჩვენ უბრალო, მშვენიერი წეს-ჩვეულების ჩატარებით გავერთიანდით, როგორც ოჯახი. ამან დიდი სიმშვიდე და სიხარული მოგვიტანა.

მრავალი წლის შემდეგ მამამ მითხრა, რომ არა ანას ტრაგიკული სიკვდილი, იგი არასდროს არ დაიმდაბლებდა თავს ისე, რომ აღდგენილი სახარება მიეღო. უფლის სულმა ჩაუნერგა იმედი, რომ რასაც მისიონერები ასწავლიდნენ, ჭეშმარიტება იყო. ჩემი მშობლების რწმენა იზრდებოდა იქამდე, სანამ ორივენი დამოწმების ალმა არ მოიცვა , რომელიც ჩუმად და მორჩილად წინ მიუძღვოდა მათი ცხოვრების ყოველ გადაწყვეტილებას.

მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი მშობლების მაგალითისთვის მომავალი თაობებისთვის. შეუძლებელია, დაითვალო რამდენი ცხოვრება შეიცვალა მათ გამო, როცა ისინი ყოველ მწუხარებას რწმენის გამოვლენით პასუხობდნენ.

ვიწვევ ყველას, ვინც მწუხარებას გრძნობს, ვინც ეჭვებს ებრძვის, ვისაც აინტერესებს, რა ხდება სიკვდილის შემდეგ, მოათავსოთ რწმენა ქრისტეში. მე გპირდებით, რომ თუ ისურვებთ, იწამოთ, შემდეგ რწმენით იმოქმედებთ და მიჰყვებით სულიწმინდის კარნახს, თქვენ იპოვით სიხარულს ამ ცხოვრებაშიც და იმაშიც, რომელიც გელით.

როგორ მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ჩემს დას, ანას შევხვდები. მოუთმენლად ველი სიხარულით სავსე შეხვედრას მამასთან, რომელიც 30 წლის წინ გარდაიცვალა. მე ვმოწმობ, რომ რწმენით ცხოვრებას მოაქვს სიხარული, როცა დანახვის გარეშე გწამსთუმცა სულიწმინდის ძალით იცი, რომ იესო ქრისტე ცოცხალია. მთელი გულითა და სულით მე ვირჩევ იესო ქრისტესი და მისი აღდგენილი სახარების კვალზე სიარულს. ამას ჩემი ცხოვრების ყოველი ასპექტისთვის დალოცვა მოაქვს. მე ვიცი, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა