გენერალური კონფერენცია
გახსოვდეთ შინ დასაბრუნებელი გზა
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


გახსოვდეთ შინ დასაბრუნებელი გზა

ჩვენ გვაქვს მისაბაძად იესო ქრისტეს სრულყოფილი მაგალითი და მარადიულ სახლისკენ მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ უფლის სწავლების, ცხოვრებისა და გამომსყიდველი მსხვერპლის გამო, რა თქმა უნდა მისი სიკვდილისა და აღდგომის ჩათვლით.

1946 წ. ახალგაზრდა მკვლევარი არტურ ჰასლერი იმყოფებოდა მთაში, იმ სახლთან ახლოს, სადაც ბავშვობა გაატარა. იგი მთის მდინარეს მიჰყვებოდა, როცა მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა იმის თაობაზე, თუ როგორ პოულობს თევზი თავისი დაბადების ნაკადისკენ დასაბრუნებელ გზას.

იქ, მთაში ლაშქრობისას, ჰასლერი თავისი ბავშვობის საყვარელ ჩანჩქერს ჯერ ვერ ხედავდა, მაგრამ უცებ გონებაში დავიწყებული მოგონებები ამოუტივტივდა. მან თქვა: „როცა გრილმა ნიავმა ხავსისა და წყალიკრეფიის სუნი მოიტანა და კლდეს შემოუარა, ამ ჩანჩქერის დეტალები და მისი მთაზე მდებარეობა უცებ დამიდგა თვალწინ“.1

ამ სუნმა მისი ბავშვობის მოგონებები გააღვივა და სახლი გაახსენა.

თუ სუნს შეეძლო ასეთი მოგონებების გამოწვევა, ალბათ ორაგულისთვისაც შესაძლებელი იყო, წლების განმავლობაში ღია ოკეანეში ყოფნის შემდეგ, სუნით მიეგნო დაბადების ზუსტი ნაკადისთვის ქვირითობისთვის.

ამ გამოცდილების საფუძველზე ჰასლერმა, სხვა მკვლევარებთან ერთად, აჩვენა, რომ ორაგულს ახსოვს ისეთი სურნელები, რომლებიც მას ზღვიდან შინ დასაბრუნებლად ათასობით კილომეტრზე გადაადგილებაში ეხმარება.

ამ მოხსენებამ დამაფიქრა იმაზე, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ ცხოვრებაში, არის ჩვენი ზეციერი მამისკენ დასაბრუნებელი გზის ამოცნობა და გახსენება და შემდეგ მასზე ერთგულად და სიხარულით მოგზაურობა.

მე გავიხსენე ოთხი რამ, რაც გაგვიღვივებს ზეციურ სახლთან დაკავშირებულ გრძნობებს, თუკი ამას მუდმივად და სათანადოდ გამოვიყენებთ ჩვენს ცხოვრებაში.

პირველი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის შვილები ვართ

ჩვენ ღვთიური მემკვიდრეობა გვაქვს. იმის ცოდნა, რომ ღვთის შვილები ვართ და რომ მას სურს, დავბრუნდეთ მის გარემოცვაში, არის ჩვენს ზეციურ სახლში დასაბრუნებელი მოგზაურობის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი.

შეახსენეთ საკუთარ თავს ამ მემკვიდრეობის შესახებ. რეგულარულად გამონახეთ დრო იმისთვის, რომ გააძლიეროთ თქვენი სულიერი იმუნური სისტემა იმით, რომ გაიხსენოთ უფლისგან მიღებული ყველა კურთხევა. ნუ მიმართავთ მხოლოდ ამასოფელს თქვენი პირადი ფასისა და საკუთარი გზის საპოვნელად, ენდეთ იმ მიმართულებას, რაც უფალმა გიბოძათ.

ცოტა ხნის წინ საყვარელი ადამიანი მოვინახულე, რომელიც საავადმყოფოდან ახალი გამოსული იყო. მან ძალიან ემოციურად მითხრა, რომ პალატაში ყოფნის დროს მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა: ვინმეს ემღერა „მე შვილი ვარ ღვთისა“. მისი თქმით, უბრალოდ ეს აზრი მას იმ სიმშვიდეს ჰგვრიდა, რომელიც იმ განსაცდელის ჟამს ასე ძალიან სჭირდებოდა.

როცა იცი, ვინ ხარ, შენი გრძნობები და ქმედებები იცვლება.

როცა გესმის, ვინ ხარ სინამდვილეში, შენ უკეთ ემზადები იმისთვის, რომ ამოიცნო და გაიხსენო შენს ზეციურ სახლში დასაბრუნებელი გზა და ძალიან მოინდომო იქ დაბრუნება.

მეორე: ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ საძირკველი, რომელიც დაგვიცავს

ძალა მოდის ჩვენთან მაშინ, როცა ვრჩებით მართალნი, მამაზეციერისა და იესო ქრისტეს ერთგული და ჭეშმარიტი მიმდევრები, მაშინაც კი, როცა სხვები წარმოუდგენლად არღვევენ მცნებებს და ხსნის პრინციპებს2.

მორმონის წიგნში ჰელამანი ასწავლის თავის შვილებს, ახსოვდეთ, რომ უნდა ააშენონ საძირკველი იესო ქრისტეზე, რათა გაუძლონ მოწინააღმდეგის ცდუნებას. სატანას ძლიერი ქარი და გრიგალი გვიტევს, მაგრამ ვერ დაგვამხობს, თუკი ჩვენ ყველაზე უსაფრთხო ადგილს მივმართავთ ნდობისთვის - ჩვენს მხსნელს.3

პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ როცა ვაკეთებთ არჩევანს - მოვუსმინოთ მის ხმას და მივყვეთ მას, ჩვენ მის დახმარებას მივიღებთ. ჩვენ მივიღებთ ჩვენი ვითარების უფრო ფართო ხედვას და ცხოვრების აზრის უფრო ღრმა წვდომას. ჩვენ ვიგრძნობთ სულიერ კარნახს, რომელიც ზეციური სახლში დასაბრუნებლად გაგვიძღვება წინ.

მესამე: გვახსოვდეს, რომ უნდა ვილოცოთ

ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როცა ერთი თითის შეხებით ან ხმოვანი ბრძანებით შეგვიძლია, დავიწყოთ ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მოძიება კომპიუტერების ქსელის რთულ, უშველებელ მონაცემთა ბაზაში.

მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს უბრალო მოწვევა, დავიწყოთ პასუხების ძიება ზეციდან. „ყოველთვის ილოცე და სულს გადმოვღვრი შენზე“. შემდეგ უფალი გვპირდება: „და დიდი იქნება შენი კურთხევა – დიახ, იმაზე დიდი, შენ რომ მიგეღო დედამიწის საგანძური“.4

ღმერთმა იცის ყოველი ჩვენგანის შესახებ და მზადაა, უსმინოს ჩვენს ლოცვებს. ლოცვისას ჩვენ ვპოულობთ მის სიყვარულს და რაც უფრო მეტს ვლოცულობთ მამაზეციერისადმი ქრისტეს სახელით, მით უფრო მეტად ხდება მხსნელი ჩვენი ცხოვრების ნაწილი და მით უფრო კარგად ამოვიცნობთ ბილიკს, რომელიც მან მოგვინიშნა ზეციურ სახლში დასაბრუნებლად.

მეოთხე: გვახსოვდეს, რომ უნდა ვემსახუროთ სხვებს

როცა ვცდილობთ, მივბაძოთ იესო ქრისტეს სხვებისთვის მსახურებითა და სიკეთის კეთებით, ჩვენ ამით სამყაროს უკეთესობისკენ ვცვლით.

ჩვენი ქმედებებით შეგვიძლია, დავლოცოთ როგორც ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების, ისევე ჩვენი საკუთარი ცხოვრება. სიყვარულით მსახურება მნიშვნელობას ანიჭებს როგორც გამცემის, ასევე მიმღების ცხოვრებას.

ნუ დააკნინებთ იმ პოტენციალს, რომელიც გაგაჩნიათ იმისთვის, რომ სხვები შეცვალოთ უკეთესობისკენ, როგორც თქვენი მსახურების ქმედებებით ისევე საკუთარი მაგალითით.

სხვებისთვის მოსიყვარულე მსახურებას მივყავართ ზეციურ სახლში დასაბრუნებელი გზით ანუ ვემსგავსებით მხსნელს.

1975 წ, სამოქალაქო ომის გამო არნალდო და ეუხენია ტელეს გრილო იძულებულნი გახდნენ, შვილებთან ერთად დაეტოვებინათ სახლი და რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მძიმე შრომით მოპოვებული ქონება. და და ძმა ტელეს გრილოს თავიანთ მშობლიურ ქვეყანაში, პორტუგალიაში, ნულიდან მოუწიათ ცხოვრების დაწყება. წლების შემდეგ, როცა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები გახდნენ, მათ თქვეს: „ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ, რაც კი გაგვაჩნდა, მაგრამ არ ვნანობთ, რადგან ამან გვაიძულა, დავფიქრებულიყავით მარადიული კურთხევების მნიშვნელობაზე“.5

მათ მიწიერი სახლი დაკარგეს, მაგრამ ზეციური სახლისკენ დასაბრუნებელი გზა იპოვეს.

რაც არ უნდა დათმოთ იმისთვის, რომ ზეციური სახლისკენ დასაბრუნებელი გზა იპოვოთ, ერთ დღეს მიხვდებით, რომ ეს სულაც არ იყო მსხვერპლი.

ჩვენ გვაქვს მისაბაძად იესო ქრისტეს სრულყოფილი მაგალითი და მარადიულ სახლისკენ მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ უფლის სწავლების, ცხოვრებისა და გამომსყიდველი მსხვერპლის გამო, რა თქმა უნდა მისი სიკვდილისა და აღდგომის ჩათვლით.

მე გიწვევთ, აჩუქოთ საკუთარ თავს სიხარული და გაიხსენოთ, რომ ჩვენ ღვთის შვილები ვართ და რომ მას იმდენად ვუყვარვართ, რომ საკუთარი ძე შესწირა,6 რათა გზა ეჩვენებინა ჩვენთვის. მე გიწვევთ, გახსოვდეთ, იყოთ ერთგულნი, შემობრუნდეთ ღმერთისკენ და მასზე ააშენოთ საძირკველი. გახსოვდეთ, რომ თქვენი მოგზაურობის დროს უნდა ილოცოთ და ემსახუროთ სხვებს.

ძვირფასო დებო და ძმებო, ამ აღდგომის კვირას მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის სამყაროს მხსნელი და გამომსყიდველი. იგი არის ის, ვისაც შეუძლია, მხიარული ცხოვრების მაგიდასთან მიგვიყვანოს და წინ გაგვიძღვეს ჩვენი მოგზაურობის გზაზე. დაე, გვახსოვდეს იგი და მივყვეთ მას შინ დასაბრუნებლად. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა