გენერალური კონფერენცია
ღმერთს უყვარს თავისი შვილები.
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ღმერთს უყვარს თავისი შვილები.

მინდა გაგიზიაროთ სამი კონკრეტული ხერხი, რომლითაც მამაზეციარი ავლენს თავის სიყვარულს ჩვენ ანუ თავისი შვილების, მიმართ.

დებო და ძმებო, მე თქვენთან ერთად ვხარობ იესო ქრისტეს სახარებით. მე თან გამოვიყოლე ფილიპინების სიცოცხლისმოყვარული წევრების სიყვარული და მათი სახელით ვამბობ: მაბუჰაი!

ამ აღდგომის დილას მე ვმოწმობ ცოცხალ ქრისტეზე, რომ იგი მკვდრეთით აღდგა და რომ მისი ჩვენი და მამაზეციერისადმი სიყვარული სუფთა და მარადიულია. დღეს მსურს, მთელი ყურადღება დავუთმო ჩვენი მამაზეციერისა და იესო ქრისტეს სიყვარულს ყველას მიმართ, რაც ვლინდება მისი ძის, იესო ქრისტეს გამოსყიდვაში: „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე“ (იოანე 3:16).

როცა ანგელოზმა ჰკითხა წინასწარმეტყველ ნეფის მისი ღმერთის შესახებ ცოდნაზე, ნეფიმ უბრალოდ უპასუხა: „ვიცი, რომ მას უყვარს თავისი შვილები“ (იხ. 1 ნეფი 11:16-17).

ერთ-ერთი მუხლი „მორმონის წიგნიდან: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ“ ძლიერად აღწერს მხსნელის სრულყოფილ სიყვარულს: „და ქვეყანა თავისი ურჯულოების გამო განსჯის მას, როგორც არარაობას; … მას გაშოლტავენ, … და მას სცემენ, … შეაფურთხებენ მას და ის ამას აიტანს თავისი ადამიანთა შვილების მიმართ გასაოცარი გულკეთილობისა და სულგრძელობის გამო“ (1 ნეფი 19:9). მხსნელის საყოველთაო სიყვარული არის მამოძრავებელი ძალა მის ყოველივე საქმეში. ჩვენ ვიცით, რომ იგივე სიყვარული აქვს მამაზეციერს ჩვენ მიმართ, რადგან მხსნელი მორჩილად გვასწავლიდა, რომ იგი და მამა „ერთია“ (იხ. იოანე 10:30; 17:20-23).

ჩვენ როგორ ვუბრუნებთ მათ საყოველთაო სიყვარულს და გამოვხატავთ ამისთვის მადლიერებას? მხსნელმა გვასწავლა ამ უბრალო, ყოვლის მომცველი მოწვევით: „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით“იოანე 14:15).

პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი გვასწავლიდა: „ღმერთის საყოველთაო და სრულყოფილი სიყვარული ვლინდება მისი სახარების გეგმის ყველა დალოცვაში, იმ ფაქტის ჩათვლით, რომ მისი რჩეული დალოცვები შემონახულია მათთვის, ვინც იცავენ მის კანონს“.1

მინდა გაგიზიაროთ სამი კონკრეტული ხერხი, რომლითაც მამაზეციარი ავლენს თავის სიყვარულს ჩვენ ანუ თავისი შვილების, მიმართ.

პირველ რიგში, ურთიერთობა ღმერთთან და ოჯახთან ამჟღავნებს მის სიყვარულს

ჩვენი ყველაზე ძვირფასი ურთიერთობები უკავშირდება მამას, ძეს და ჩვენს ოჯახებს, რადგან ჩვენი კავშირები მათთან მარადიულია. ბედნიერების დიადი გეგმა გახლავთ ღვთის ჩვენსადმი სიყვარულის გამომჟღავნება. ღვთის გეგმაზე მიპყრობილი მზერით ჩვენ საკუთარი ნებით ვირჩევთ, ამოვყაროთ მიწა და ქვები, რომლებიც ჩვენშია, რაც საძირკველს უმაგრებს ეგოისტურ სურვილებს და შევცვალოთ ისინი ისეთი საძირკველით, რომელზედაც აშენდება მარადიული ურთიერთობები. გარკვეულ წილად ამას შეგვიძლია ვუწოდოთ „სულიერი გათხრები“. საკუთარი სულიერი გათხრების წარმოებისას ჩვენ უნდა პირველ რიგში ვეძიოთ ღმერთი და შევღაღადოთ მას. (იხ. იერემია 29:12-13).

მისი ძიება და ღაღადი დაიწყებს ამ პროცესს და უზრუნველყოფს ადგილს ჩვენი მარადიული ურთიერთობების ასაშენებლად და გასაძლიერებლად. ეს აფართოვებს ჩვენს სულიერ ხედვას და გვეხმარება, მოვახდინოთ ფოკუსირება იმაზე, რისი კონტროლიც შეგვიძლია, ნაცვლად ჩვენი კონტროლის მიღმა არსებული შიშისა. ჩვენი მხსნელის იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მსახურების შესწავლა დაგვეხმარება, შევხედოთ სხვა პრობლემებს მარადისობის გადასახედიდან.

ყურადღების გამფანტველი სხვადასხვა ფაქტორები ზოგჯერ ხელს გვიშლის, განვიცადოთ ღვთის სიყვარული ოჯახურ ურთიერთობებსა და ღონისძიებებში. დედამ, რომელმაც იგრძნო, რომ ახალი მოწყობილობები ჯაბნიდა ოჯახურ ურთიერთობებს, ასე გადაჭრა პრობლემა: მაგიდასთან სადილის დროს და ოჯახური შეკრებების დროს იგი უბრალოდ წამოიძახებდა: „ტელეფონები გემბანზე; პირადი შეხვედრების დროა“. იგი ამბობს, რომ ეს მათი ოჯახის ახალი ნორმაა და რომ ეს აძლიერებს მათ ოჯახურ ურთიერთობებს, როცა ისინი რეალურ ცხოვრებაში ხვდებიან ერთმანეთს. ახლა ისინი მთელი ოჯახით ტკბებიან მოდი და გამომყევი -ს განხილვით.

მეორე: იგი ავლენს სიყვარულს თავისი შვილებისადმი წინასწარმეტყველების მოხმობით

ჩვენი დღევანდელი სამყარო ჩაძირულია „სიტყვების ომში და აზრთა აურზაურში“.ჯოზეფ სმითი - ისტორია 1:10). პავლე მოციქული გვახსენებს: „რამდენი განსხვავებული სიტყვაა სოფელში“ (1 კორინთელთა 14:10). ამ აურზაურში, ამ ხმათა სიმრავლეში, რომელი ისმის მკაფიოდ და მნიშვნელოვნად? ღვთის წინასწარმეტყველების, წინასწარმჭვრეტლებისა და განმცხადებლების ხმა.

ძალიან კარგად მახსოვს, 2018 წელს, ოპერაციის შემდეგ, სამსახურში დაბრუნებისას, ეკლესიის სათაო ოფისის ავტოსადგომზე ვიმყოფებოდი. უცებ გავიგონე პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის ხმა: „ტანიელა, ტანიელა“. მე მისკენ გავიქეცი და მან მკითხა, როგორ ვიყავი.

მე ვუპასუხე: „ძალიან კარგად მიდის ჩემი გამოჯანმრთელება, პრეზიდენტო ნელსონ“.

მან მომცა რჩევა და გადამეხვია. მე ჭეშმარიტად ვიგრძენი წინასწარმეტყველის პირადი მზრუნველობა „ერთის“ მიმართ.

პრეზიდენტმა ნელსონმა მრავალი ქვეყანა მოიარა დედამიწაზე. ჩემი აზრით, იგი ათასობით ადამიანს კი არ უწევს მზრუნველობას, იგი ათასობით „ერთს“ უწევს მზრუნველობას. და ამგვარად იგი უზიარებს ღმერთის სიყვარულს მის ყოველ შვილს.

ბოლო დროს პრეზიდენტ ნელსონის სიტყვები ძალისა და შთაგონების წყარო იყო ფილიპინელებთათვის. ფილიპინები, ისევე როგორც სხვა მრავალი ქვეყანა დედამიწის ზურგზე, 2020 წელს COVID-19 ის პანდემიის ქვეშ მოექცა. ამის გარდა იყო ვულკანის ამოფრქვევა, მიწისძვრები, ძლიერი ტაიფუნები და დამანგრეველი წყალდიდობები.

მაგრამ წინასწარმეტყველის სიტყვები მოგვევლინა, როგორც სინათლის სვეტი შიშის, მარტოობისა და სასოწარკვეთილების ბნელ ღრუბლებს შორის. ისინი მოიცავდა მოწოდებას მარხვისა და ლოცვისკენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რჩევას, ვიაროთ წინ პანდემიის მიუხედავად. მან მოგვიწვია, ვაქციოთ საკუთარი სახლი რწმენის პირად წმინდა ადგილად. მან მოუწოდა უკანასკნელ დღეთა წმინდანებს ყველგან, პატივით მოექცნენ ღვთის ყოველ შვილს და მიანდონ ღმერთს პირველობა.2

ასევე გამოსაფხიზლებელი გახდა პრეზიდენტ ნელსონის ბოლო ვიდეო დამოწმება მადლიერების ძალის შესახებ, მისმა დასკვნითმა ლოცვამ კი მთელს ფილიპინებში იპოვა გამოძახილი.3 ლეიტის პროვინციაში ამ ვიდეოს აჩვენებდნენ სხვადასხვა კონფესიების ერთად თავშეყრის ღონისძიებაზე და იგი ასევე მოიხსენიეს, როგორც მღვდლის ქადაგების ნაწილი. ფილიპინები, მთელს მსოფლიოსთან ერთად, დალოცვილია, რადგან გრძნობს ღვთის სიყვარულს მისი რჩეული წინასწარმეტყველის სიტყვების მეშვეობით.

მესამე: დასჯა შეიძლება იყოს ღმერთის სიყვარულის გამოვლენის ხერხი თავისი შვილებისადმი

ზოგჯერ ღმერთი ამჟღავნებს თავის სიყვარულს იმით, რომ გვსჯის. ეს არის ერთ-ერთი ხერხი, შეგვახსენოს, რომ ვუყვარვართ და იცის, ვინ ვართ. მის მიერ დაპირებული მშვიდობის დალოცვა ყველასთვის ხელმისაწვდომია, ვინც მამაცად მიჰყვება აღთქმის ბილიკს და მზადაა, მიიღოს შესწორებები.

როცა ვხვდებით, რომ გვსჯიან და ვიღებთ ამას, ეს პროცესი სულიერ ოპერაციას ემსგავსება. ოპერაცია კი ვის სიამოვნებს? მაგრამ ვინც მას საჭიროებს და მზადაა, მიიღოს, იგი შეიძლება სიცოცხლის გადარჩენის საშუალებად იქცეს. უფალი სჯის, ვინც უყვარს. ასე გვეუბნება წმინდა წერილი (იხ. ებრაელთა 12:5–11; ჰელამანი 12:3; მოძღვრება და აღთქმები 1:27; 95:1). ეს დასჯა ანუ სულიერი ოპერაცია, მოგვიტანს აუცილებელ ცვლილებებს ცხოვრებაში. ჩვენ მივხვდებით, დებო და ძმებო, რომ ეს წმენდს და ასუფთავებს ჩვენს შინაგან ჭურჭელს.

ჯოზეფ სმითი, აღდგენის წინასწარმეტყველი, დაისაჯა. მას შემდეგ, რაც ჯოზეფმა დაკარგა მორმონის წიგნის ხელნაწერის 116 გვერდი, უფალმა შენიშვნა მისცა და იმავდროულად სიყვარული გამოხატა სიტყვებით: „ღმერთზე უფრო მეტად არ უნდა შეგშინებოდა ადამიანის. … უნდა ყოფილიყავი ერთგული. … აჰა, შენ ხარ ჯოზეფი და არჩეულ იყავ. … მაგრამ გახსოვდეს: ღმერთი მოწყალეა; ამიტომ, მოინანიე“ (მოძღვრება და აღთქმები 3:7–10).

2016 წ, როცა არკანზასში, ლითლ როკში მისიაში ვმსახურობდი, ვთხოვე ძმა კავას, ჩემი უფროსი დისთვის, ფიჯის კუნძულზე, ამანათი ჩაეტანა. მისი პასუხი სულაც არ იყო ის, რასაც ველოდი. „პრეზიდენტო ვაკოლო“ , - ამოიოხრა მან. თქვენი და გარდაიცვალა, იგი 10 დღის წინ დაკრძალეს. საკუთარი თავი შემეცოდა და ცოტათი გავნაწყენდი კიდევაც ჩემი ოჯახის წევრებზე, რომლებმაც არც კი შემატყობინეს ეს ამბავი.

მეორე დღეს, როცა ჩემი მეუღლე მისიონერებს ასწავლიდა, მე სულში ეს აზრი შემომეპარა: „ტანიელა, ეს მოვლენები შენს სასიკეთოდაა, შენი განვითარებისთვის. შენ ასწავლიდი და უზიარებდი სხვებს შენს დამოწმებას იესო ქრისტეს გამოსყიდვის შესახებ; ახლა იცხოვრე ამის შესაფერისად. მე შემახსენეს, რომ „ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი, და ყოვლადძლიერის სასჯელს ნუ უკუაგდებ“ (იობი 5:17). ეს ჩემთვის სულიერი ოპერაცია იყო, და შედეგმაც არ დააყოვნა.

ზუსტად როცა ამ მოვლენაზე ვფიქრობდი მთხოვეს, დისკუსიის შემაჯამებელი აზრი გამომეთქვა. სხვა რამესთან ერთად მე მათ ის გაკვეთილიც გავუზიარე, რომელიც იმწუთას მასწავლეს: პირველი - მე ამწუთას სულიწმინდამ დამსაჯა და მე ეს მომეწონა, რადგან ჩემ გარდა არავის არ გაუგონია ეს. მეორე - მხსნელის მსხვერპლისა და გამოსასყიდის გამო მე აღარ ვუწოდებ სირთულეებს „გასაჭირს“ ან „პრობლემას“, მე მათ „გაკვეთილებს“ დავარქმევ. და მესამე - მისი სრულყოფილი და უცოდველი ცხოვრების გამო მე აღარ ვუწოდებ ჩემს ნაკლოვანებსა და უნარების ნაკლებობას „სისუსტეებს“ და დავარქმევ მათ „განვითარების საშუალებებს“. ეს გამოცდილება დამეხმარა გამეგო, რომ ღმერთი გვსჯის, რადგან ვუყვარვართ.

და ბოლოს: ჩვენი მარადიული მამა და მისი ძე, იესო ქრისტე, ამჟღავნებენ სიყვარულს იმით, რომ გვაძლევენ საშუალებას, გვქონდეს მათთან და ჩვენი ოჯახის წევრებთან მარადიული ურთიერთობები. ისინი გვსჯიან, რათა დაგვეხმარონ ზრდაში. ეს ხერხდება თანამედროვე წინასწარმეტყველების მოხმობის საშუალებით, რომლებიც გვასწავლიან და გვიწევენ მზრუნველობას. მადლობა შევწიროთ ღმერთს მისი ღვთიური ძის,4 ჩვენი აღმდგარი უფლის, თავად ცოცხალი ქრისტეს, უბადლო ძღვენისთვის. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა