გენერალური კონფერენცია
სინათლე ილტვის სინათლისკენ
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


სინათლე ილტვის სინათლისკენ

როცა ქრისტეში რწმენას ვაძლიერებთ, ჩვენ ნათელსაც უფრო ძლიერად ვიღებთ, სანამ იგი არ გაფანტავს ყოველივე ბნელს.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მე ვხარობ თქვენთან ერთად ამ დალოცვილ აღდგომის კვირას, ვუმზერ რა იმ დიდებულ ნათელს, რომელიც ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს აღდგომით, მოეფინა დედამიწას.

იესომ, თავისი მიწიერი მსახურებისას, განაცხადა: „მე ვარ ნათელი სოფლისა, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სოცოცხლის ნათელი ექნება მას“.1 ქრისტეს სული „არის ყოველივეში, [და] ყოველივეს აძლევს სიცოცხლეს“.2 იგი იმარჯვებს სიბნელეზე, რომელიც სხვა შემთხვევაში გვშთანთქავდა.

წლების წინ, თავგადასავლების ძიებისას, მე ორ შვილთან ერთად გავყევი ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფს მკვნესარე გამოქვაბულის სანახავად. მას ასე ეძახიან, რადგან იყო დრო, როცა მისი შესასვლელიდან კვნესის ხმა ამოდიოდა. ამ გამოქვაბულს საკვამურის ფორმა აქვს; იგი გადადის 180 ფუტის (55 მ) სიღრმის ვერტიკალურ მღვიმეში და ეს ყველაზე დიდი ამ ტიპის გამოქვაბულია კალიფორნიაში.

გამოსახულება
მკვნესარე გამოქვაბული

ჩასასვლელად ორი ხერხი არსებობს: უსაფრთხო ხვეული საფეხურები ან თოკით ჩასვლა; მე და ჩემმა ვაჟებმა მეორე ხერხი ვარჩიეთ. ჩემი უფროსი ბიჭი პირველი წავიდა, მე და უმცროსი შვილი განგებ ბოლოში ჩავდექით, რათა ერთად დავშვებულიყავით.

მას შემდეგ, რაც გიდმა ინსტრუქტაჟი გაგვიწია, გამძლე თოკი და უსაფრთხოების აღჭურვილობა შეგვაბა, ჩვენ უკუსვლით რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით, სანამ პატარა გამონაშვერს არ მივადექით, თავდაჯერებულობა მოვიკრიბეთ, რადგან ეს იყო ბოლო წერტილი, სადაც შესაძლო იყო შემოტრიალება და საიდანაც მზის შუქი ჩანდა.

შემდეგი უკან გადადგმული ნაბიჯით ჩვენ გამოქვაბულში აღმოვჩნდით, რომელიც ისეთი ფართო და ღრმა იყო, რომ შეეძლო, თავისუფლების ქანდაკება შთაენთქა. ასე ჩამოკიდულები ვტრიალებდით, სანამ თვალი სიბნელეს შეეგუებოდა. ჩვენ ჩასვლა გავაგრძელეთ. გზად ელექტრო განათებამ საოცარი მოციმციმე სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების კედელი დაგვანახა.

ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სინათლე უცებ ჩაქრა. უფსკრულში ჩამოკიდულები და გაჩერებულები, ისეთ სიბნელეში აღმოვჩნდით, რომ თვალწინ თოკებზე საკუთარ ხელებსაც კი ვერ ვხედავდით. უცებ ხმა გავიგონე: „მამა, მამა, აქ ხარ“?

„ხო, შვილო, აქ ვარ“ - ვუპასუხე მე.

სინათლის მოულოდნელი ჩაქრობის მიზანი იყო იმის დემონსტრირება, რომ განათების გარეშე გამოქვაბულში წყვდიადი იყო. მიზანი მიღწეული იყო: ჩვენ „ვიგრძენით“ სიბნელე. როცა სინათლე კვლავ აინთო, სიბნელე იმწუთასვე გაიფანტა, რადგან სიბნელე ყოველთვის უკან იხევს, მცირე ნათელშიც კი. მე და ჩემს ბიჭებს კი მეხსიერებაში დაგვრჩა ის სიბნელე, რომელიც იქამდე არასოდეს არ გვინახავს, მადლიერება სინათლისთვის, რომელსაც ვერ დავივიწყებთ და რწმენა იმისა, რომ სიბნელეში მარტონი არასოდეს არ ვართ.

ჩვენი იმ მღვიმეში ჩასვლა გარკვეულწილად ჰგავს ჩვენს მოგზაურობას მიწიერ ცხოვრებაში. ჩვენ დავიწყების საბურველის გავლით ჩამოვედით ზეცის დიდებული სინათლიდან სამყაროს სიბნელეში. ჩვენმა მამაზეციერმა არ მიგვატოვა სიბნელეში, იგი, თავისი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით, სინათლე დაგვპირდა მოგზაურობისას.

ჩვენ ვიცით, რომ მზის შუქი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველი ცოცხალი არსებისთვის დედამიწაზე. ზუსტად ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის მხსნელის ნათელი. თავისი სრულყოფილი სიყვარულით ღმერთი უბოძებს ქრისტეს ნათელს ყოველ ადამიანს, „რომელიც ამაქვეყნად მოდის“,3 „რათა განასხვაოს მან კეთილი ბოროტისგან“4 და გამუდმებით უბიძგებს „სიკეთის კეთებისკენ“.5 ეს ნათელი, რომელიც ხშირად გვევლინება ე.წ. ნამუსის სახით, გვიხმობს, უკეთესად მოვიქცეთ და უკეთესნი ვიყოთ ანუ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

როცა ქრისტეში რწმენას ვაძლიერებთ, ჩვენ ნათელსაც უფრო ძლიერად ვიღებთ, სანამ იგი არ გაფანტავს ყოველივე ბნელს, რამაც შესაძლოა, ჩვენს ირგვლივ მოიყაროს თავი. „სინათლეა ის, რაც ღმერთისგან არის; და რომელიც იღებს სინათლეს და რჩება ღმერთში, იღებს უფრო მეტ სინათლეს და ეს სინათლე სულ უფრო კაშკაშად ანათებს, სანამ არ გახდება სრულყოფილი დღესავით“.6

ქრისტეს ნათელი გვამზადებს სულიწმინდის მზრუნველობის გავლენის მისაღებად, რაც არის „სახარების ჭეშმარიტების … ღმერთის დამარწმუნებელი ძალა“.7 ღვთაების მესამე წევრი - სულიწმინდა, „სულიერი არსებაა“.8 სინათლის ყველაზე დიდი წყარო, რომელსაც მამაზეციერი გიბოძებთ მიწიერ ცხოვრებაში, მოდის სულიწმინდისგან, რომლის გავლენა „გონებას გაგინათებს, [და] სულს სიხარულით აგივსებს“.9

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში აღდგენილი მღვდლობის უფლებამოსილებით თქვენ ინათლებით წყალში სრული ჩაძირვით, ცოდვების მისატევებლად. შემდეგ თავზე ხელებს დაგასხამენ და გადმოგეცემათ სულიწმინდის შესანიშნავი, „ენით აუღწერელი ძღვენი“.10

ამის შემდეგ, როცა თქვენი სურვილები და ქმედებები თავს მოიყრის აღთქმის გზაზე, სულიწმინდა, როგორც სინათლე თქვენში, გამოგიცხადებთ და დაგიმოწმებთ ჭეშმარიტებას11 , გაგაფრთხილებთ, განუგეშებთ,12 განგწმენდთ,13 და თქვენს სულს სიმშვიდეს მოჰგვრის14 .

რადგან „სინათლე ილტვის სინათლისკენ“,15 სულიწმინდის მუდმივი მეგზურობა ისეთ არჩევანთან მიგიყვანთ, რომელიც სინათლეში დაგტოვებთ; და პირიქით, სულიწმინდის გავლენის გარეშე გაკეთებული არჩევანი ჩრდილისკენ და სიბნელისკენ წაგიყვანთ. როგორც უხუცესი რობერტ დ. ჰეილსი გვასწავლიდა: „იქ, სადაც სინათლეა, სიბნელე მარცხდება და უნდა წავიდეს. … როცა სულიწმინდის სულიერი სინათლე იჩენს თავს, სატანის სიბნელე მიდის“.16

მინდა გკითხოთ: იქნებ დადგა დრო, რომ საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა: არის ჩემს ცხოვრებაში ეს „სინათლე“? თუ არა, ბოლოს როდის იყო?

ზუსტად ისე, როგორც მზის სინათლე ყოველდღე ათბობს დედამიწას სიცოცხლის განაახლებლად და გასაძლიერებლად, თქვენც შეგიძლიათ, უფრო გააძლიეროთ თქვენში ნათელი, როცა აკეთებთ არჩევანს, მიბაძოთ მას - იესო ქრისტეს.

ყოველთვის, როცა ლოცვაში ღმერთს ეძებთ, თქვენ მზის სინათლის სხივი გემატებათ; ისწავლეთ წმინდა წერილი, რათა „მას უსმინოთ“;17 იმოქმედეთ ჩვენი ცოცხალი წინასწარმეტყველების მითითებებისა და გამოცხადებების მიხედვით; დაიცავით მცნებები, რათა „[იაროთ] უფლის ყოველი წეს-ჩვეულების თანახმად“.18

ყოველ ჯერზე, რომ მოინანიებთ, თქვენ საკუთარ სულში სულიერ მზის სინათლეს მოიწვევთ, ცხოვრებაში კი - სიმშვიდეს. როცა ყოველ კვირას ზიარებას იღებთ, რათა საკუთარ თავზე აიღოთ მხსნელის სახელი, რომ ყოველთვის გეხსომებათ იგი და დაიცავთ მის მცნებებს, მისი სინათლე თქვენში იკაშკაშებს.

თქვენს სულში ყოველთვის მზე ანათებს, როცა სახარებას და საკუთარ დამოწმებას უზიარებთ სხვებს. ყოველთვის, როცა ერთმანეთს ემსახურებით მხსნელის მსგავსად, თქვენ იგრძნობთ მის სითბოს საკუთარ გულში. მამაზეციერის სინათლე ყოველთვის მის წმინდა ტაძრებშია და მათზედ, ვინც უფლის სახლშია წარდგენილი. მისი ნათელი თქვენში იზრდება თქვენი სიკეთის, მოთმინების, მიტევების, მოწყალების შესაბამისად და იჩენს თავს თქვენი სახის ბედნიერ გამომეტყველებაში. მეორე მხრიდან, ჩვენ ჩრდილში დავდივართ, როცა ადვილად ვბრაზდებით ან ძნელად მივუტევებთ. „თუ სახით მზისკენ ხართ შემოტრიალებული, ჩრდილს სხვა არეფერი არ დარჩენია გარდა იმისა, რომ თქვენ უკან დაეცეს“.19

როცა იცხოვრებთ ისე, რომ სულიწმინდის მეგზურობის ღირსნი იყოთ, თქვენ ჭეშმარიტად „გაზრდით გამოცხადების მიღების სულიერ შესაძლებლობას“.20

ცხოვრება გვაყენებს სირთულეებისა და მარცხის წინაშე, ჩვენ ყველას გვიწევს შავი დღეებისა და ქარიშხლების ატანა. მაგრამ თუ ყოველივე ამის დროს ჩვენ „მივანდობთ ღმერთს პირველობას“,21 სულიწმინდის სინათლე გაგვიმხელს, რომ ყოველ სირთულეს თავისი აზრი და მიზანი აქვს და ისინი საბოლოო ჯამში გარდაგვქმნიან და ჩვენ გავხდებით უფრო ჩამოყალიბებული პიროვნება, უფრო მტკიცე რწმენითა და ქრისტეში კაშკაშა იმედით, გვეცოდინება რა რომ ღმერთი სულ ჩვენთან იყო ამ დროის განმავლობაში. როგორც პრეზიდენტმა რასელ მ.ნელსონმა დაგვმოძღვრა: „სიბნელე, რომელიც იმატებს და თან სდევს არეულობას, იესო ქრისტეს სინათლეს კიდევ უფრო კაშკაშას ხდის“.22

ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდი მოულოდნელ და არასასურველ ადგილებშიც კი მიგვიყვანს. თუ თქვენ იქ ცოდვა მიგიყვანთ, გამოწიეთ სიბნელის ფარდა და მორჩილად მიუახლოვდით მამაზეციერს გატეხილი გულითა და მომნანიებელი სულით და მოინანიეთ. იგი გაიგონებს თქვენს მხურვალე ლოცვას. დღსვე, გაბედულად „[მიუახლოვდით] და [იგი] [მოგიახლოვდებათ]“.23 თქვენ არასოდეს არ რჩებით იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალის მიღმა.

მე კარგი მშობლები და ერთგული წინაპრები მყავდა, რომლებმაც მიიღეს იესო ქრისტეს სინათლე და მისი სახარება და ამან დალოცა მათი ცხოვრება და თაობები, რომლებსაც სულიერი გამძლეობა გამოჰყვათ. მამაჩემი ხშირად საუბრობდა თავის მამაზე, მილო ტ. დაიქსზე და მიყვებოდა, როგორ ანათებდა მისთვის დღე და ღამე ღმერთის რწმენა. პაპა მეტყევე იყო და ხშირად მთებში მარტო დადიოდა. იგი ყოველგვარი ეჭვის გარეშე თავის სიცოცხლეს ღმერთის ზრუნვასა და მითითებებს ანდობდა.

ერთხელ გვიან შემოდგომით პაპა მარტო იყო მაღალ მთებში. ზამთარმა უკვე კარგად იჩინა თავი, როცა მან საყვარელი ცხენი, ბებერი პრინცი, შეკაზმა და სახერხისკენ გაემგზავრა, რათა მორები გაეზომა, სანამ მათ დახერხავდნენ.

ბინდდებოდა, როცა საქმე დაამთავრა და ისევ ცხენზე შეჯდა. იმ დროისთვის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და მთაში მკაცრი ზამთრის ქარბუქი დაიწყო. სიბნელეში ბილიკი არ ჩანდა და პაპამ პრინცი იმ მიმართულებით გააჭენა, რომელიც, მისი აზრით, მათ უკან, მეტყევის სახლთან მიიყვანდა.

გამოსახულება
მილო დაიქსის მოგზაურობა ქარიშხალში

სიბნელეში გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ პრინცმა სვლა შეანელა და შემდეგ გაჩერდა. პაპა რამდენჯერმე ეცადა, პრინცი ადგილიდან დაეძრა, მაგრამ ცხენი არ მიდიოდა. ისინი ქარბუქის შუაგულში აღმოჩნდნენ, ირგვლივ არაფერი არ ჩანდა და პაპა მიხვდა, რომ ღმერთის დახმარება სჭირდებოდა. როგორც ყოველთვის, მან მორჩილად „რწმენით და ეჭვის გარეშე [სთხოვა]“.24 ნაზმა, ჩუმმა ხმამ უპასუხა: „მილო, მიუშვი პრინცი თავის ნებაზე“. პაპა დაემორჩილა და როცა სადავეს ხელი აუშვა, პრინცი შემოტრიალდა და სხვა მიმართულებით წავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ პრინცი ისევ გაჩერდა და თავი ჩაღუნა. პაპამ ქარბუქში ძლივს გაარჩია, რომ ისინი უსაფრთხოდ მივიდნენ მეტყევის სახლის ჭიშკართან.

დილის მზესთან ერთად პაპა მიჰყვა ცხენის ნაკვალევს თოვლში. მან ღრმად ჩაისუნთქა, როდესაც დაინახა, სად აუშვა ხელი პრინცის სადავეს: ეს იყო მაღალი მთის კლდის პირას, სადაც ერთი ნაბიჯის გადადგმით ცხენიც და მხედარიც პირდაპირ უფსკრულში ჩაცვივდებოდნენ.

ამ მაგალითზე და მრავალ სხვა მაგალითზე დაყრდნობით პაპა ხშირად ამბობდა: „ყველაზე საუკეთესო მეგობარი, რომელიც ოდესმე გეყოლება, შენი მამაზეციერია“. როცა მამა პაპასთან დაკავშირებულ ამბავს ყვებოდა მახსოვს, იგი წმინდა წერილიდან ციტირებდა:

„დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი.

„ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“.25

გამოსახულება
მხსნელი ლამპით

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის მარადიული სინათლე, რომელიც „ანათებს სიბნელეში“.26 არ არსებობს სიბნელე, რომელიც გადაფარავს, ჩაახშობს, დაძლევს ან დაამარცხებს იმ სინათლეს. ჩვენი მამაზეციერი უანგაროდ გთავაზობთ ამ სინათლეს. თქვენ აროსედეს არ ხართ მარტონი. მას ესმის ჩვენი ლოცვები და პასუხობს მათ. მან „სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათელისკენ გამოგიხმოთ“.27 როცა კითხულობთ: „მამა, მამა, აქ ხარ“? იგი ყოველთვის გიპასუხებთ:„აქ ვარ, შვილო ჩემო, აქ ვარ“ -

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტემ, როგორც ჩვენმა მხსნელმა და გამომსყიდველმა, აღასრულა მამაზეციერის გეგმა;28 იგი ჩვენი სინათლე, სიცოცხლე და გზაა. მისი სინათლე არასოდეს გამკრთალდება,29 მისი სიდიადე არ შეწყდება, მისი სიყვარული თქვენ მიმართ მარადიულია, გუშინ, დღეს და მარადის. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა