გენერალური კონფერენცია
ჩვენი პირადი მხსნელი
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ჩვენი პირადი მხსნელი

გამოსყიდვის მსხვერპლის გამო მხსნელს აქვს ძალა, განგვწმინდოს, განგვკურნოს და გაგვაძლიეროს.

მადლიერი ვარ იმისთვის, რომ თქვენთან ვიმყოფები ამ მშვენიერ აღდგომის დილას. როცა აღდგომაზე ვფიქრობ, მიყვარს გონებაში იმ სიტყვების გამეორება, რომლებიც ანგელოზებმა უთხრეს მათ, ვინც ბაღში, სამარხთან იმყოფებოდნენ: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა“.1 მე ვმოწმობ, რომ იესო ნაზარეველი აღდგა და იგი ცოცხალია.

თქვენ რას ფიქრობთ ქრისტეზე?

ოცდათოთხმეტი წლის წინ მე და ჩემმა მისიის ძმადნაფიცმა გავიცანით ერთი ინტელექტუალი ბატონი, რომელიც ფილიპინებზე, დავაო სითიში, ადგილობრივი გაზეთის შტატგარეშე ჟურნალისტი იყო. ჩვენ სიამოვნებით ვასწავლიდით მას, რადგან იგი დიდი პატივისცემით იყო განწყობილი ჩვენი მრწამსის მიმართ და უამრავი შეკითხვა ჰქონდა. ყველაზე დამამახსოვრებელი კითხვა, რომელიც მან დაგვისვა, შემდეგი იყო: „თქვენ რას ფიქრობთ ქრისტეზე“?2 ჩვენ, რა თქმა უნდა, გავუზიარეთ ჩვენი გრძნობები და დამოწმება იესო ქრისტეზე. მან მოგვიანებით დაბეჭდა სტატია იმავე სათაურით, სადაც შესანიშნავი სიტყვები და ფრაზები ეწერა ქრისტეს შესახებ. მახსოვს, ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა დიდად არ ამამაღლა. სტატია ინფორმატიული იყო, მაგრამ მასში სიცარიელე და სულიერი ძალის ნაკლებობა იგრძნობოდა.

მისი უწყვეტად შეცნობა

„თქვენ რას ფიქრობთ ქრისტეზე“? მესმის, რომ ის, რამდენად პირადად ვიცნობ მხსნელს, მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩემს უნარს, ვუსმინო მას და მოვახდინო შესაბამისი რეაქცია. რამდენიმე წლის წინ უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა თავის გამოსვლაში დასვა შემდეგი კითხვები: „ჩვენ უბრალოდ ვიცით მხსნელის შესახებ თუ უწყვეტად ვაგრძელებთ მის შეცნობას? როგორ შევიცნობთ უფალს”?3

როცა ვსწავლობდი და ვფიქრობდი სრულად გავიაზრე, რომ გაცილებით მეტი ვიცოდი მხსნელის შესახებ, ვიდრე სინამდვილეში ვიცნობდი მას. ამის შემდეგ გადავწყვიტე, მეტი ძალისხმევა გამომეჩინა მისი შეცნობისთვის. მე ძალზედ მადლიერი ვარ წმინდა წერილისთვის და იესო ქრისტეს ერთგული მოწაფე ქალებისა და მამაკაცების დამოწმებებისთვის. ჩემი ბოლო რამდენიმე წლის პირადი მოგზაურობისას სწავლისა და აღმოჩენის მრავალი გზა გამოვიარე. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ სულიწმინდამ გადმოგცეთ დღეს ჩემი გამოსვლის აზრი, რომელიც დიდად აღემატება ჩემ მიერ დაწერილ სიტყვებს.

პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ მხსნელის შეცნობა არის ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნლელოვანი მიზანი. ამას ყველაზე წინ უნდა ვაყენებდეთ.

„ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინა — იესო ქრისტე“.4

„ეუბნება მას იესო: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“.5

„მე ვარ ნათელი სოფლისა, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სოცოცხლის ნათელი ექნება მას“.6

მეორე: როცა უწყვეტად შევიცნობთ მხსნელს, ამონარიდები წმინდა წერილიდან და წინასწარმეტყველების სიტყვები ხდება იმდენად პირადი ჩვენთვის, რომ ჩვენ მათ საუბრისას ვიყენებთ. ეს იმდენად სხვისი სიტყვების, გრძნობებისა და გამოცდილების კოპირებას არ ეხება, რამდენადაც ჩვენთვის, ჩვენი უნიკალური ხერხით, ამ სიტყვების გამოყენების მეშვეობით7 მათ შეცნობასთან და სულიწმინდისგან დამოწმების მიღებასთან არის კავშირში. როგორც წინასწარმეტყველმა ალმამ განაცხადა:

„ნუთუ გგონიათ, რომ მე თვითონ არ ვიცი ამის შესახებ? აჰა, მე თქვენთვის ვმოწმობ, რომ ვიცი: რაც ვთქვი, არის ჭეშმარიტება. და როგორ გგონიათ, საიდან ვიცი მე მათი ჭეშმარიტების შესახებ?

„აჰა, მე თქვენ გეუბნებით: ეს გავიგე ღმერთის სულიწმინდის ძალით. აჰა, მე ვიმარხულე და ვილოცე მრავალი დღე, რათა თავად გამეგო ეს. და ახლა, მე თვითონ ვიცი, რომ ეს არის ჭეშმარიტება, რადგან უფალმა ღმერთმა გამომიცხადა ეს თავისი სულიწმინდით; და ეს არის გამოცხადების სული, რომელიც არის ჩემში“.8

მესამე: უფრო ღრმა წვდომა იმისა, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვა პირადად გვეხება და ინდივიდუალურად დაგვეხმარება ქრისტეს შეცნობაში. ხშირად ჩვენთვის უფრო ადვილია ვიფიქროთ და ვისაუბროთ ქრისტეს გამოსყიდვაზე ზოგადი ფრაზებით იმის ნაცვლად, რომ ამოვიცნოთ მისი პირადი მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში. იესო ქრისტეს გამოსყიდვა უსასრულო და მარადიულია, ყოვლისმომცველი თავის სიღრმესა და სიდიდეში, მაგრამ იმავდროულად სრულიად პირადი და ინდივიდუალური თავის გამოვლენაში. გამოსყიდვის მსხვერპლის გამო მხსნელს აქვს ძალა, განგვწმინდოს, განგვკურნოს და გაგვაძლიეროს.

მხსნელის ერთადერთი სურვილი და მიზანი დასაბამიდანვე იყო მამაზეციერის ნების შესრულება. მამის ნება კი იყო, რომ იგი დახმარებოდა, „[აღესრულებინა] ადამიანის უკვდავება და მარადიული სიცოცხლე“,9 გამხდარიყო რა „მამის წინაშე შუამდგომელი“.10 და თუმცა ძე იყო, მან ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება. და იგი სრულქმნილი, საუკუნო ხსნის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილებისთვის“.11

„და ის ივლის, აიტანს რა ყველანაირ ტკივილსა და ტანჯვას და ცდუნებას. …

„და ის თავის თავზე აიღებს სიკვდილს, რათა გაწყვიტოს სიკვდილის ბორკილები … და ის აიღებს თავის თავზე მათ უძლურებას, რათა მისი წიაღი წყალობით აღივსოს … რათა მან შეიცნოს ხორციელის შესაბამისად, თუ როგორ დაეხმაროს საკუთარ ხალხს მისივე უძლურების შესაბამისად.

„… ძე ღვთისა იტანჯება ხორციელისამებრ, რათა საკუთარ თავზე აიღოს თავისი ხალხის ცოდვები, რათა წაშალოს მათი შეცოდებანი თავისი გამომხსნელი ძალის შესაბამისად“.12

მე მინდა გაგიზიაროთ უბრალო მაგალითი იმისა, რა ბრძოლას გავდივართ ზოგჯერ იმისთვის, რომ მივიღოთ უფლის გამოსყიდვის პირადი თვისება.

წლების წინ, ჩემი ზემდგომის რჩევით მე მორმონის წიგნი თავიდან ბოლომდე წავიკითხე და მოვნიშნე მუხლები, რომლებიც უფლის გამოსყიდვას ეხებოდა. მან ასევე შემთავაზა, მომემზადებინა ერთგვერდიანი მიმოხილვა იმის თობაზე, რა ვისწავლე. „ერთი გვერდი“? - გავიფიქრე ჩემთვის. რა თქმა უნდა, ეს ადვილია“. ჩემდა გასაკვირად, ეს დავალება ძალიან რთული აღმოჩნდა და თავი ვერ გავართვი.

შემდეგ მივხვდი, რატომ: მიზანს აცდენა და არასწორი დაშვებები. პირველ რიგში ვფიქრობდი, რომ მიმოხილვა ყველასთვის შთამაგონებელი უნდა ყოფილიყო. ეს მიმოხილვა კი მხოლოდ ჩემთვის უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი. მე საკუთარი გრძნობები და ემოციები უნდა ამეღწერა მხსნელთან დაკავშირებით და ის, რა გააკეთა მან ჩემთვის, რათა ყოველთვის კითხვის დროს ამ ჩანაწერებს შესანიშნავი, თუმცა მწარე, პირადი სულიერი გამოცდილება გამოეღვიძა ჩემში.

მეორე: მეგონა, მიმოხილვა უნდა ყოფილიყო რაღაც გრანდიოზული, დეტალური, შთამბეჭდავი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებით. სულაც არ არის საჭირო შთამბეჭდავი სიტყვები. ეს უნდა ყოფილიყო რწმენის უბრალო ნათელი განცხადება. „რადგან ჩემი სული ხარობს ნათელში; რადგან ასე აკეთებს უფალი ღმერთი თავის საქმეს ადამიანთა შვილებს შორის. ვინაიდან უფალი ღმერთი გვაძლევს ნათელს გონიერებისთვის“.13

მესამე: მე მეგონა, იგი სრულყოფილი უნდა ყოფილიყო, მიმოხილვათა მიმოხილვა, ისეთი ამომწურავი, რომ მას ვერავინ ვერაფერი ვერ დაამატოს, არადა ეს უნდა ყოფილიყო ნამუშევარი, რომელშიც აქა-იქ სიტყვის ან ფრაზის დამატებას შევძლებდი, როცა ჩემი წვდომა იესო ქრისტეს გამოსყიდვაზე უფრო გაღრმავდებოდა.

მოწმობა და რწმენაზე მოქცევა

ახალგაზრდობაში ბევრი რამ ვისწავლე ჩემს ეპისკოპოსთან საუბრისას. იმ ნაზი წლების დროს შევიყვარე ჩემი საყვარელი ჰიმნის სიტყვები:

რა ამაღლებული ვარ ქრისტეს სიყვარულით,

შემკრთალი ვუცქერ და ვტკბები მის სიდიადით.

ჩემი ცოდვებისათვის იქნა წამებული,

ჩემთვის იტანჯა იყო ჯვარზე გაკრული.

ო, მშვენიერია, რომ ის ჩემზე ზრუნავს

ჩემთვის აღესრულა!

ო, მშვენიერია, მშვენიერია!14

წინასწარმეტყველი მორონი გვიწვევს: „ახლა მსურს, მოგიწოდოთ, ეძიოთ ის იესო, რომელზეც წერდნენ წინასწარმეტყველები და მოციქულები“.15

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი დაგვპირდა, რომ „თუ ვისწავლით ყველაფერს, რაც კი შეგვიძლია, იესო ქრისტეს შესახებ, … გაიზრდება ჩვენი უნარი, შევეწინააღმდეგოთ ცოდვას. და გაძლიერდება ჩვენი მცნებების დაცვის სურვილი“.16

ამ აღდგომის კვირას, დაე, როგორც მხსნელი გამოვიდა ქვის სამარხიდან, ჩვენც გამოვიღვიძოთ სულიერი თვლემისგან და დავდგეთ ეჭვის ღრუბლებზე ზემოთ, ავმაღლდეთ შიშზე, მომწამლავ ამპარტავნობასა და თვითკმაყოფილებაზე. იესო ქრისტე და მამაზეციერი ცოცხალია. მე ვმოწმობ მათ სრულყოფილ სიყვარულზე ჩვენ მიმართ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა