გენერალური კონფერენცია
ისინი ვერ დაგვძლევენ, ჩვენ არ წავიქცევით
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ისინი ვერ დაგვძლევენ, ჩვენ არ წავიქცევით

თუ იესო ქრისტეზე ავაშენებთ საძირკველს, ჩვენ არ წავიქცევით!

ჩვენმა ძვირფასმა წინასწარმეტყველმა, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, ჩვენს ბოლო გენერალურ კონფერენციაზე თქვა: „ამ სახიფათო დროში, რომელზედაც პავლე მოციქული წინასწარმეტყველებდა, სატანა აღარც კი ცდილობს , შენიღბოს შეტევები ღვთის გეგმაზე. ჭარბობს ღია ბოროტება. ასე რომ, სულიერად გადარჩენის ერთადერთი გზაა, მივიღოთ გადაწყვეტილება, მივანდოთ ღმერთს პირველობა ჩვენს ცხოვრებაში, ვისწავლოთ მისი ხმის გაგონება და მოვახმაროთ ჩვენი ენერგია ისრაელის შეკრებას“.1

როცა განვიხილავთ წინასწარმეტყველის მოწვევას, ვისწავლოთ ღვთის ხმის გაგონება, იღებს ჩვენი გული გადაწყვეტილებას, ასე მოვიქცეთ, თუ გვიქვავდება? მოდით, გავიხსენოთ იაკობი 6:6-ში მოცემული რჩევა: „დიახ, დღეს თუ გინდათ მოისმინოთ მისი ხმა, ნუ გაიქვავებთ გულს; განა რატომ უნდა მოკვდეთ“? მოდით, მივიღოთ გადაწყვეტილება, მივანდოთ ღმერთს პირველობა ჩვენს ცხოვრებაში.

როგორ მივანდოთ ჩვენს ცხოვრებაში პირველობა ღმერთს და არა მოწინააღმდეგეს? მოძღვრება და აღთქმები 6:34 -ში ვკითხულობთ: „ამიტომ, ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ; აკეთეთ სიკეთე; თუნდაც დედამიწა და ჯოჯოხეთი გაერთიანდეს თქვენ წინააღმდეგ, ვინაიდან თუ აგებულნი ხართ ჩემს კლდეზე, ისინი ვერ დაგძლევენ“. ეს მნიშვნელოვანი დაპირებაა. დედამიწა და ჯოჯოხეთიც რომ გაერთიანდნენ ჩვენ წინააღმდეგ, ისინი ვერ დაგვძლევენ, თუ ჩვენ მივანდობთ ღმერთს პირველობას, ავაგებთ რა ჩვენს ცხოვრებას უფლის კლდეზე.

იესო ქრისტე, თავის მოწაფეებთან საუბარში, ასწავლიდა ბრძნეკაცსა და უგუნურ ადამიანზე, რაც ჩაწერილია ახალი აღთქმის მათე თავი 7 -ში მრავალ თქვენგანს გსმენიათ დაწყებითი საზოგადოების სიმღერა: ბრძენკაცი და უგუნური ადამიანი“.2 თუ თქვენ სიმღერის ოთხ კუპლეტს შეადარებთ, შეამჩნევთ, რომ 1 და მე-2 კუპლეტი ძალიან ჰგავს მე-3 და მე-4 კუპლეტს. ორივენი - ბრძენკაცი და უგუნური ადამიანი აშენებდნენ სახლს. მათ სურდათ, ოჯახს ჰქონოდა უსაფრთხო, კომფორტული სახლი. მათ სურდათ, მარად ბედნიერად ეცხოვრათ ერთად, როგორც ოჯახს, ისევე, როგორც მე და თქვენ. გარემოებაც ერთი და იგივე იყო - „მოვიდა წვიმა და წყალდიდობა “. ამ სიმღერის შესრულებისას ჩვენ ამას ექვსჯერ ვმღერით. ერთადერთი სხვაობაა ის, რომ ბრძენკაცმა ააშენა სახლი კლდეზე და სახლი მყარად იდგა, უგუნურმა ადამიანმა კი სახლი ქვიშაზე ააშენა და მისი სახლი წყალმა წალეკა. ასე რომ, ჩვენს საძირკველს დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას გადამწყეტი მნიშვნელობა აქვს მარადისობისა და საბოლოო დანიშნულების თვალსაზრისით.

მე ვიმედოვნებ და ვლოცულობ, ყველამ ვიპოვოთ ჭეშმარიტი საძირკველი და დავრჩეთ მასზე ჩვენი სამომავლო ცხოვრების დაფუძნებისას. ჰელამანი 5:12გვახსენებს: „და ახლა, ჩემო შვილებო, გახსოვდეთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენი გამომსყიდველის კლდეზე, რომელიც არის ქრისტე, ძე ღვთისა, უნდა ააგოთ საძირკველი; რომ როდესაც ეშმაკი მოავლენს თავის ძლიერ ქარებს, დიახ, გრიგალში თავის ისრებს, დიახ, როდესაც მთელი მისი სეტყვა და ძლიერი ქარიშხალი თავს დაგატყდებათ, მას არ ექნება ძალა თქვენზედ, ჩაგითრიოთ უბედურებისა და მარადიული ვარამის უფსკრულში, იმ კლდის მადლით, რომელზეც აგებულნი ხართ, რომელიც არის მყარი საძირკველი, რომელზეც, თუ ადამიანი ააგებს, არ წაიქცევა.

ეს რმერთის დაპირებაა! თუ ჩვენ იესო ქრისტეზე ავაშენებთ საძირკველს, ჩვენ არ წავიქცევით! როცა ერთგულად ბოლომდე გავუძლებთ, ღმერთი დაგვეხმარება, ავაწყოთ ცხოვრება მის კლდეზე და ჯოჯოხეთი ბჭენი ვერ დაგვძლევს (მოძღვრება და აღთქმები 10:69). ჩვენ შეიძლება ვერ შევცვლით ყველაფერს, რაც წინ გველის, მაგრამ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი, როგორ მოვემზადოთ იმისთვის, რაც მოგველის.

ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს: „სახარება კარგია, ასე რომ, კვირაში ერთხელ მაინც უნდა გამოვიყენოთ იგი ცხოვრებაში“. ეკლესიაში ერთხელ სიარული არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კლდეზე დავფუძნდეთ. ჩვენი ცხოვრება სრულად უნდა იყოს აღვსილი იესო ქრისტეს სახარებით. სახარება არ არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ჩვენი ცხოვრება, ფაქტობრივად, იესო ქრისტეს სახარების ნაწილია. იფიქრე ამაზე. განა ეს ასე არ არის? ჩვენი მიწიერი ცხოვრება უბრალოდ ხსნისა და ამაღლების მთლიანი გეგმის ნაწილია.

ღმერთი ჩვენი ზეციური მამაა. მას ყველანი ვუყვარვართ. მან ჩვენზე გაცილებით უფრო კარგად იცის ჩვენი პოტენციალი. მან არა მხოლოდ ჩვენი ცხოვრების ცალკეული ნაწილები იცის. ღმერთმა იცის ჩვენი ცხოვრების ცალკეული ნაწილების დეტალების დეტალები.

გთხოვთ, დაუჯეროთ ჩვენი ცოცხალი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ ნელსონის რჩევას. როგორც ნათქვამია მოძღვრება და აღთქმები 21:5-6:

„რამეთუ მისი სიტყვები უნდა მიიღოთ, ვითარცა ჩემი პირიდან ნათქვამი, მთელი მოთმინებითა და რწმენით.

„რამეთუ ყოველივე ამის შესრულებისას, ვერ დაგძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი, დიახ, და უფალი გაფანთავს ბნელეთის ძალებს თქვენ წინაშე და აიძულებს ზეცას, აზანზარდეს თქვენს სასიკეთოდ და თავისი სახელის ბრწყინვალებისთვის“.

ამიტომაც, ისინი ვერ დაგვძლევენ, ჩვენ არ წავიქცევით!

მე ვმოწმობ, რომ ქრისტე მეორედ მოვა ისე, როგორც იგი პირველად მოგვევლინა, თუმცა ამჯერად დიდი დიდებითა და ბრწყინვალებით. მე ვიმედოვნებ და ვლოცულობ იმაზედ, რომ მზად ვიქნები მის მისაღებად, საბურველის ერთსა თუ მეორე მხარეს. ამ შესანიშნავი სააღდგომო სეზონის ზეიმისას მე ვიმედოვნებ, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვისა და მისი აღდგომის ძალის მეშვეობით (იხ. მორონი 7:41) მე შევძლებ, შევხვდე ჩემს შემქმნელს და ვუთხრა: „გმადლობთ“. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. Russell M. Nelson “Let God Prevail,” Liahona, Nov. 2020, 95.

  2. “The Wise Man and the Foolish Man,” Children’s Songbook, 281.

ამობეჭდვა