გენერალური კონფერენცია
თქვენი მოწმობის გაძლიერება და გაზიარება
2022 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


თქვენი მოწმობის გაძლიერება და გაზიარება

მე გიწვევთ, ეძიოთ იმის საშუალებები, რომ სიტყვითა და საქმით გააზიაროთ თქვენი დამოწმებები.

შესავალი

განმსაზღვრელი მომენტები ხშირად და მოულოდნელად გვევლინება ცხოვრებაში, მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ. ნება მომეცით, გაგიზიაროთ ერთი მაღალკლასელის ამბავი. ეს მოსწავლე, სახელად კევინი, სტუდენტ ლიდერთა ღონისძიებისთვის შეირჩა, ქვეყნის გარეთ გასამგზავრებლად. მისივე სიტყვებით მოვყვები ამ ამბავს.

„მოვიდა ჩემი რიგი, ოფიციალური გარეგნობის რეგისტრატორმა მკითხვა სახელი. მან სიას გადახედა და მითხრა: „აჰა, თქვენ ხართ ის ახალგაზრდა იუტადან“.

„რას ბრძანებთ, მხოლოდ მე ვარ“? ვკითხე ქალბატონს.

„დიახ, მხოლოდ თქვენ“. მან სამკერდე ნიშანი გამიწოდა, რომელზედაც ჩემი სახელის ქვემოთ „იუტა“ იყო ამობეჭდილი. როგორც კი ნიშანი მივიმაგრე ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ გარკვეულ ბრენდს წარმოვადგენდი.

„ლიფტში შევედი, იქ ხუთი სხვა მაღალკლასელი იყო. მათაც ჩემსავით სამკერდე ნიშნები ეკეთათ. „იუტადან ხარ? მორმონი ხარ? - მკითხა ერთმა სტუდენტმა.

„მე ისე უხერხულად ვიგრძენი თავი ყველა ამ სტუდენტ ლიდერთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. „კი, - ყოყმანით ვაღიარე მე.

„თქვენ ისინი ხართ, რომ ჯოზეფ სმითი სწამთ, რომელმაც თქვა, რომ ანგელოზები იხილა. არ მითხრა, რომ შენც გჯერა“?

„არ ვიცოდი, რა მეთქვა. ყველ სტუდენტი ლიფტში მე მომჩერებია. სულ ახალი ჩამოსული ვიყავი და ყველას ეგონა, რომ განსხვავებული ვიყავი. თავიდან თითქოს თავის დაცვა დავიწყე, მაგრამ შემდეგ ვთქვი: „მე ვიცი, რომ ჯოზეფ სმითი ღვთის წინასწარმეტყველი იყო“.

„საიდან მოვიდა ეს სიტყვები? მიკვირდა. არ ვიცოდი, რომ ეს ჩემში იყო. მაგრამ ნათქვამი სიტყვები ჭეშმარიტი იყო და მე ამას ვგრძნობდი.

„ხო, მე მითხრეს, რომ თქვენ ყველანი რელიგიური ფანატები ხართ“ - მითხრა მან.

„ლიფტის კარი გაიღო და ძალიან უხერხული პაუზა გაჩნდა. ბარგს რომ ვიღებდით, იმ ბიჭმა დერეფანში სიცილით ჩაიარა.

„შემდეგ ზურგს უკან ხმა გავიგონე: „მოიცადე, მორმონებს რაღაც სხვა ბიბლია აქვთ, ხომ ასეა“?

„უი, არა. არა და კიდევ არა. მე მოვბრუნდი, რათა ის სტუდენტი, კრისტოფერი, დამენახა, რომელიც ჩემთან ერთად ლიფტში იყო“.

„მას მორმონის წიგნს უწოდებენ“ - ვუპასუხე მე, რათა თემა დამეხურა. ჩემი ჩანთები ავიღე და დერეფანს გავუდექი.

„ეს წიგნი ჯოზეფ სმითმა გადათარგმნა? - მკითხა მან.

„დიახ, ასეა“ - ვუპასუხე მე. მე სიარული გავაგრძელე, რათა უხერხულობისგან ამერიდა თავი.

„ხომ არ იცი, სად ვიშოვო ერთი ცალი?

„მე უცებ გამახსენდა ამონარიდი წმინდა წერილიდან, რომელიც სემინარიაში ვისწავლე. „მე არ მრცხვენია იესო ქრისტეს სახარების.“1 როცა ეს გონებაში ამომიტივტივდა, შემრცხვა, რომ ისე უხერხულად ვიგრძენი თავი.

„მთელი კვირის განმავლობაში ეს ამონარიდი არ მასვენებდა. მე ყველა შეკითხვას ვუპასუხე, რაც ეკლესიას ეხებოდა და ბევრი მეგობარიც გავიჩინე.

„აღმოვაჩინე, რომ ჩემი რელიგიით ვამაყობდი.

„მე კრისტოფერს მორმონის წიგნი ვაჩუქე. მან მოგვიანებით მომწერა, რომ მისიონერები მოიპატიჟა სახლში.

„მე ვისწავლე, რომ მოწმობის გაზიარება სირცხვილი არ იყო.2

კევინის გამბედაობამ მოწმობის გაზიარებასთან მიმართებაში შთამაგონა. ეს არის ის გამბედაობა, რომელსაც ყოველ დღე იჩენენ ერთგული წევრები მთელ მსოფლიოში. ახლა, როცა ჩემს აზრებს გიზიარებთ, მინდა დაფიქრდეთ ამ ოთხ კითხვაზე:

  1. ვიცი და მესმის, რა არის დამოწმება?

  2. ვიცი, როგორ გავაზიარო ჩემი დამოწმება?

  3. რა დაბრკოლებები მაქვს დამოწმების გაზიარებისას?

  4. როგორ შევინარჩუნო დამოწმება?

ვიცი და მესმის, რა არის დამოწმება?

თქვენი დამოწმება არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ხშირად უკავშირდება ღრმა სულიერ გრძნობებს. ეს გრძნობები, როგორც წესი, ჩუმად გადმოგვეცემა და აღწერილია როგორც „ჩუმი, ნაზი ხმა“.3 ეს არის თქვენი რწმენა ან ცოდნა, რომელიც გეძლევათ, როგორც სულიერი დამოწმება სულიწმინდის გავლენის მეშვეობით. ამ დამოწმების მოპოვება შეცვლის თქვენი საუბრისა და მოქმებდების სტილს. თქვენი დამოწმების ძერითადი შემადგენლები, რომლებსაც სულიწმინდა ადასტურებს, მოიცავს შემდეგს:

  • ღმერთი თქვენი ზეციური მამაა, თქვენ მისი შვილი ხართ. თქვენ მას უყვარხართ.

  • იესო ქრისტე ცოცხალია. იგი არის ცოცხალი ღმერთის ძე, თქვენი მხსნელი და გამომსყიდველი.

  • ჯოზეფ სმითი არის ღვთის წინასწარმეტყველი, რომელიც მოიხმეს იესო ქრისტეს ეკლესიის აღსადგენად.

  • უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის ღვთის აღდგენილი ეკლესია დედამიწაზე.

  • იესო ქრისტეს აღდგენილ ეკლესიას დღეს სათავეში ცოცხალი წინასწარმეტყველი უდგას.

ვიცი, როგორ გავაზიარო ჩემი დამოწმება?

თქვენ უზიარებთ სხვებს დამოწმებას, როცა უზიარებთ მათ სულიერ გრძნობებს. თქვენ, როგორც ეკლესიის წევრს, გეძლევათ სიტყვიერი დამოწმების გაზიარების შესაძლებლობა ეკლესიის ოფიციალურ შეხვედრებზე ან ნაკლებად ფორმალურ, პირისპირ საუბრისას ოჯახთან, მეგობრებთან და სხვა ადამიანებთან.

თქვენი დამოწმების გაზიარების კიდევ ერთი ხერხია მართალი საქციელი. თქვენი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ ის კი არ არის, რას ლაპარაკობთ, არამედ რანი ხართ თქვენ.

ყოველ ჯერზე, როცა ახმოვანებთ დამოწმებას ან საქციელით გამოხატავთ თქვენს ვალდებულებას - იაროთ იესო ქრისტეს კვალზე, თქვენ იწვევთ სხვებს, „მოვიდნენ ქრისტესთან“.4

ეკლესიის წევრები დგანან, როგორც ღვთის მოწმენი ყოველ დროში, ყველაფერში და ყოველ ადგილას.5 ციფრულ სამყაროში ამისთვის ულევი საშუალებაა - ჩვენივე შთამაგონებელი ან სხვების მიერ მომზადებული სულისასამღლებელი აზრების გაზიარება. ჩვენ ვმოწმობთ, როცა გვიყვარს, ვაზიარებთ და ვიწვევთ სხვებს ონლაინ რეჟიმშიც კი. თქვენი ტვიტები, პირდაპირი შეტყობინებები და პოსტები გახდება უფრო წმინდა, მაღალი დანიშნულების, როცა სოციალურ მედიას გამოიყენებთ იმის საჩვენებლად, თუ როგორ აყალიბებს იესო ქრისტეს სახარება თქვენს ცხოვრებას.

რა დაბრკოლებები მაქვს დამოწმების გაზიარებისას?

დამოწმების გაზიარებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი დაბრკოლება შეიძლება იყოს ის, რომ დარწმუნებული არ ხართ, რა უნდა თქვათ. მეთიუ კოულიმ, ადრეულმა მოციქულმა, გაგვიზიარა ეს გამოცდილება, როცა იგი 17 წლის ასაკში ხუთი წლით გაემგზავრა მისიაში ახალ ზელანდიაში.

„არასოდეს დავივიწყებ მამაჩემის ლოცვებს ჩემი გამგზავრების დღეს. ეს იყო დღე, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. და მისი ბოლო სიტყვები რკინგზისსადგურზე: „ჩემო ბიჭო, შენ მისიაში გაემგზავრები … და ზოგჯერ, როცა გამოგიძახებენ იფიქრებ, რომ შესანიშნავად ხარ მომზადებული, მაგრამ ადგები და აღმოაჩენ, რომ გონება დაგიბნელდა“. მე ეს გამოცდილება არაერთხელ მქონია.

„რა უნდა ვქნა, გონება თუ დამიბნელდა“? - ვკითხე მას.

მან მიპასუხა: „იდექი და მთელი სულით, მხურვალედ დაამოწმე, რომ ჯოზეფ სმითი იყო ცოცხალი ღმერთის წინასწარმეტყველი და გონებაში აზრები მოგიზვავდება, ენაზე კი - სიტყვები … და ყველას გულს შეეხება, ვინც გისმენს. ასე რომ, გონებამ, რომელიც … მისიის დროს … ძირითადად დაბნელებული მქონდა, მომცა საშუალება, დამემოწმებინა მოძღვრის ჯვარცმის შემდეგ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი მოვლენის შესახებ . სცადეთ ეს ხერხი, გოგონებო და ბიჭებო. თუ სხვა არაფერი არ გაქვთ სათქმელი დაამოწმეთ, რომ ჯოზეფ სმითი ღვთის წინასწარმეტყველი იყო და ეკლესიის მთელი ისტორია აავსებს თქვენს გონებას“.6

პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმაც გაგვიზიარა: „გარკვეული დამოწმების მიღება უკეთ ხდება ფეხზე დგომისას, როცა მას უზიარებთ სხვებს, ვიდრე მუხლებზე დგომით, როცა ლოცულობთ მის მისაღებად.7 სულიწმინდა ერთნაირად მოწმობს მოსაუბრისთვის და მსმენელისთვის.

კიდევ ერთი დაბრკოლება, როგორც კევინის შემთხვევაში იყო, არის შიში. როგორც პავლე მოციქულმა მისწერა ტიმოთეს:

„ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულის.

„მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის დამოწმებისა“.8

შიში მოდის არა უფლისგან, არამედ უფრო ხშირად მოწინააღმდეგისგან. როცა გაქვს რწმენა, როგორც ეს კევინის შემთხვევაში იყო, შენ ადვილად დასძლევ ამ გრძნობებს და თავისუფლად გაუზიარებ სხვებს, რაც გულში გაქვს.

როგორ შევინარჩუნო დამოწმება?

მჯერა, რომ დამოწმება თავიდანვე ჩვენშია, მაგრამ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ და უფრო სრულად განვავითაროთ იგი ალმამ გვასწავლა, რომ უნდა „გამოვკვებოთ [ჩვენი დამოწმება] დიდი ზრუნვით“.9 და როცა ასე მოვიქცევით, „იგი ფესვს გაიდგავს, გაიზრდება და ნაყოფს მოისხამს“.10 თუ არა და „იგი გახმება“.11

პირველი პრეზიდენტობის ყოველმა წევრმა მოგვცა მითითებები, თუ როგორ შევინარჩუნოთ დამოწმება.

პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა სიყვარულით გვასწავლა, რომ „ღვთის სიტყვით ნადიმი, გულითადი ლოცვა და უფლის მცნებების მორჩილება უნდა უწყვეტად და თანაბრად იქნეს გამოყენებული თქვენი დამოწმების ზრდისა და აყვავებისთვის“.12

პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა შეგვახსენა, რომ დამოწმების შესანარჩუნებლად „ჩვენ უნდა ყოველ კვირას მივიღოთ ზიარება (იხ. მ&ა 59:9) რათა ვიყოთ ღირსნი ძვირფასი დაპირებისა, რომ „მისი სული მარადჟამს იქმება ჩვენთან“ (მ&ა 20:77).“13

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა კი კეთილად დაგვოძღვრა ცოტა ხნის წინ:

„კვებეთ თქვენი დამოწმება ჭეშმარიტებით.…

„… იკვებეთ ძველი დროისა და თანამედროვე წინასწარმეტყველების სიტყვებით. სთხოვეთ უფალს, გასწავლოთ, როგორ შეძლოთ მისი უკეთ გაგონება. მეტი დრო დაუთმეთ ტაძარსა და ოჯახური ისტორიის საქმეს.

„… გახადეთ თქვენი დამოწმება პირველ პრიორიტეტად ცხოვრებაში“.14

დასასრული

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, მე გპირდებით, რომ როცა უკეთ გაიაზრებთ, რა არის დამოწმობა და გაუზიარებთ მას სხვებს, თქვენ გადალახავთ ეჭვისა და შიშის ბარიერს, რაც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ კვებოთ და შეინარჩუნოთ ეს ყველაზე ძვირფასი ქონება - თქვენი დამოწმება.

ჩვენ დალოცვილნი ვართ ძველი დროისა და თანამედროვე წინასწარეტყველების უამრავი მაგალითით, რომლებიც თამამად უზიარებდნენ სხვებს თავიანთ დამოწმებებს.

ქრისტეს სიკვდილის შემდეგ პეტრე მოციქული ადგა და დაამოწმა:

„ცხადი იყოს ყველა თქვენგანის[თვის] … რომ იგი თქვენს წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით. …

„… არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“.15

ამულეკმა, რომელმაც დაუჯერა ალმას ქადაგებას რწმენის შესახებ, ძლიერად განაცხადა: „მე თავად დაგიმოწმებთ, რომ ყოველივე ეს არის ჭეშმარიტი. აჰა, გეუბნებით, რომ ვიცი, ქრისტე მოვა ადამიანთა შვილებს შორის, … და რომ ის გამოისყიდის ამა ქვეყნის ცოდვებს, რადგან უფალმა ღმერთმა თქვა ეს“.16

ჯოზეფ სმითი და სიდნეი რიგდონი, ჰქონდათ რა დიდებული ხილვა აღმდგარი მხსნელის შესახებ, მოწმობდნენ:

„და ახლა, მრავალი დამოწმების შემდეგ, რომლებიც მასზე მიღებულ იქნა, ეს არის ყველაზე ბოლო დამოწმება, რომელსაც მასზე ვიძლევით: იგი ცოცხალია!

„ვინაიდან, ვიხილეთ იგი, თვით ღმერთის მარჯვენა მხარეს; და მოვისმინეთ ხმა დამმოწმებელი, რომ იგი არის მამის მხოლოდშობილი“.17

დებო და ძმებო, მე გიწვევთ, სიტყვაში და საქმეში ეძიოთ თქვენი დამოწმებების გაზიარება. ასეთი საშუალება სულ ცოტა ხნის წინ მომეცა, სამხრეთ ამერიკის დედაქალაქის მერთან შეხვედრისას, მის კაბინეტში, ოფიციალური პირების თანდასწრებით. შეხვედრის დასასრულს, რომელიც დამთავრდა ძალიან გულწრფელი გრძნობებით, მე მცირე ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უნდა გამეზიარებინა ჩემი დამოწმება. დავემორჩილე რა კარნახს, მე დავამოწმე, რომ იესო ქრისტე არის ცოცხალი ღმერთის ძე და სამყაროს მხსნელი. იმ მომენტში ყველაფერი შეიცვალა. ოთახში უდაოდ სულიწმინდა სუფევდა. ყველას გული აუჩუყდა. „ნუგესისმცემელი მოწმობს მამასა და ძეზე“.18 ძალიან მადლიერი ვარ, რომ გამბედაობა მეყო დამოწმების გასაზიარებლად.

როცა ასეთი მომენტი გექნებათ, ჩაეჭიდეთ მას და გულში ჩაიკარით. და თქვენ შიგნით იგრძნობთ ნუგეშისმცემლის სითბოს, როცა ასე მოიქცევით.

მე ვმოწმობ, რომ ღმერთი არის ჩვენი ზეციური მამა, რომ იესო ქრისტე ცოცხალია და უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის ღმერთის ეკლესია დედამიწაზე დღეს და მას სათავეში უდგას ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა