გენერალური კონფერენცია
ჩვენ შეგვიძლია რთული საქმეების გაკეთება მისი მეშვეობით
2022 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ჩვენ შეგვიძლია რთული საქმეების გაკეთება მისი მეშვეობით

ჩვენ ვიზრდებით მოწაფეობაში, როცა მძიმე პერიოდში უფლის რწმენას ვავლენთ.

მხსნელმა, თავისი მიწიერი მსახურების დროს, შენიშნა უსინათლო მამაკაცი. იესოს მოწაფეებმა იკითხეს: „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“

მხსნელის მტკიცე, სიყვარულით სავსე, გულწრფელი პასუხი გვარწმუნებს, რომ მან იცის ჩვენი სირთულეების შესახებ: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში“.1

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გამოწვევა შეიძლება იყოს გამოწვეული განზრახ დაუმორჩილებლობის გამო, ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ცხოვრებისეული გამოწვევა სხვა მიზეზების გამო ჩნდება. რაც არ უნდა იყოს ჩვენი გამოწვევების მიზეზი, ისინი შეიძლება იყოს ზრდის საუკეთესო საშუალება.

ჩვენს ოჯახსაც არ აუარა გვერდი ცხოვრებისეულმა უბედურებამ. როცა ვიზრდებოდი, დიდი ოჯახებით ვიყავი აღფრთოვანებული. ასეთი ოჯახები მიზიდავდა, განსაკუთრებით როცა მოზარდის ასაკში დედის მხრიდან ბიძამ, სარფომ, და მისმა მეუღლემ ტაკორადში, განაში, ეკლესია მაპოვნინეს.

როცა მე და ჰანა დავქორწინდით, ჩვენ ძალიან გვსურდა პატრიარქის კურთხევის ახდენა, რომლის თანახმადაც მრავალი შვილი უნდა გვყოლოდა. მაგრამ ჩვენი მესამე ვაჟის დაბადებამდე ექიმებმა გვითხრეს, რომ ჰანას შვილები აღარ ეყოლებოდა. საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობას როგორც ბავშვი, ისე მისი დედა ცოტა რომ არ შეეწირნენ, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, დედა კი გამოჯანმრთელდა. ბავშვი სრულად ჩაერთო ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში - დადიოდა ეკლესიაში, მონაწილეობას იღებდა ოჯახურ ლოცვაში, წმინდა წერილის სწავლაში, ოჯახურ საღამოებში და ჯანსაღ გართობებში.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალშვილიან ოჯახთან დაკავშირებით მოლოდინები უნდა შეგვეცვალა, ჩვენთვის სასიხარულო იყო სამ საყვარელ შვილთან ერთად სწავლების „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“ პრაქტიკაში განხორციელება. ამ სწავლების მიხედვით ცხოვრებამ ჩემს მზარდ რწმენას დიდი მნიშვნელობა შესძინა

მოწოდება აცხადებს: „მამაკაცსა და ქალს შორის ქორწინება მისი მარადიული გეგმის ძირითადი ნაწილია. ბავშვები უნდა გაჩნდნენ კანონიერი ქორწინების შედეგად, ისინი უნდა აღიზარდონ მამისა და დედის მიერ, რომლებიც გულახდილად აღიარებენ და დაემორჩილებიან ქორწინების ფიცს“.2 ჩვენ ამ პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებით კურთხევები მივიღეთ.

თუმცა, ერთხელ კვირას (იმ დროს პალოს პრეზიდენტად ვმსახურობდი), ჩვენ ყველაზე საშინელი განცდის წინაშე აღმოვჩნდით, რაც კი მშობლებს შეიძლება დაემართოთ. ჩვენი ოჯახი შინ დაბრუნდა საეკლესიო ღონისძიებიდან და სამხარზე შეიკრიბა. შემდეგ ჩვენი სამი ბიჭი გარეთ გავიდა სათამაშოდ.

ჩემს მეუღლეს სულ რაღაც განცდა ჰქონდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. მან მთხოვა, გარეთ გამეხედა, სანამ ჭურჭელს ვრეცხავდით. მე ვფიქრობდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო, რადგან მათი მხიარული ხმები მესმოდა.

როცა ბოლოს ორივენი გარეთ გავედით, რათა ბავშვებისთვის დაგვეხედა, ჩვენ 18 თვის კენეთი წყლით სავსე ვედროში აღმოავაჩინეთ. ძმებს იგი არ უნახავთ, ბავშვი უმოძრაოდ იყო. ჩვენ პატარა საავადმყოფოში გავაქციეთ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სასოწარკვეთლები ვიყავით, რომ ჩვენი ძვირფასი შვილის გაზრდას ამ მიწიერ ცხოვრებაში ვერ მოვახერხებდით. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით: კენეთი ჩვენი მარადიული ოჯახის ნაწილი იქნებოდა, მე სულ ვეკითხებოდი საკუთარ თავს, რატომ დაუშვა ღმერთმა ეს ტრაგედია, როცა ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი მოწოდების განდიდებისთვის. მე ხომ ეს-ესაა შინ დავბრუნდი წმინდანებისთვის მსახურების დავალების შესრულებიდან. რატომ არ ჩამითვალა ღმერთმა მახურება და არ აარიდა ჩვენს ოჯახს და ჩემს შვილს ეს ტრაგედია? რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამაზე, მით უფრო ვმწარდებოდი.

ჩემი მეუღლე არასოდეს არ მადანაშაულებდა იმის გამო, რომ არ ვუპასუხე მის მაშინდელ შეგრძნებას, მაგრამ მე ვისწავლე ცხოვრების შემცვლელი გაკვეთილი და დავადგინე ორი წესი, რომელიც არასოდეს არ უნდა დაირღვეს.

წესი 1: მოუსმინეთ და ყური დაუგდეთ მეუღლის შეგრძნებებს.

წესი 2: თუ რატომღაც ეჭვი გეპარებათ, წაიკითხეთ წესი 1.

მიუხედავად იმისა, რომ ის გამოცდილება დამანგრეველი იყო და ჩვენ ახლაც ვგლოვობთ, ჩვენი დიდი ტვირთი საბოლოოდ შემსუბუქდა.3 მე და ჩემმა მეუღლემ ამ დანაკარგმა კონკრეტული გაკვეთილი გვასწავლა. ჩვენ ვიგრძენით, რომ სატაძრო აღთქმებმა გაგვაერთიანა და შეგვკრა; ჩვენ ვიცით, რომ მომავალ სამყაროში შეგვიძლია, განვაცხადოთ კენეთი, როგორც ჩვენი შვილი, რადგან ის დაიბადა აღთქმაში. ჩვენ ასევე მივიღეთ სხვებისთვის მსახურების და მათი ტკივილის თანაგრძნობის გამოცდილება. მე ვმოწმობ, რომ ჩვენი სიმწარე მას შემდეგ გაიფანტა, რაც უფლის რწმენა გამოვავლინეთ. ჩვენი გამოცდილება კვლავაც მძიმეა, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ პავლე მოციქულისგან: „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში“, [რომელიც მაძლიერებს] თუ მასზე გავამახვილებთ ყურადღებას.4

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „როცა ჩვენი ცხოვრება ფოკუსირებულია ღმერთის ხსნის გეგმაზე, იესო ქრისტეზე და მის სახარებაზე, ჩვენ შეგვიძლია, ვიგრძნოთ სიხარული, მიუხედავად იმისა, ხდება რამე ჩვენს ცხოვრებაში თუ არა“. და შემდგომ დაამატა: „სიხარული მოდის მისგან და მის გამო“.5

შეგვიძლია ვიყოთ კარგ განწყობაზე და აღვივსოთ სიმშვიდით მძიმე პერიოდში. სიყვარული, რომელსაც ვგრძნობთ მხსნელისა და მისი გამოსყიდვის გამო, ხდება ჩვენი ძალის წყარო განსაცდელის ჟამს. „ყოველივე უსამართლო [და მძმე] ცხოვრებაში შეიძლება გამოსწორდეს იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით“.6 მან გვიბრძანა: „სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს“.7 მას შეუძლია, დაგვეხმაროს ნებისმიერი ტკივილის, ავადმყოფობისა და გასაჭირის ატანაში, რომლების წინაშეც მიწიერ ცხოვრებაში აღმოვჩნდებით.

ჩვენ გვხვდება მრავალი ამბავი წმინდა წერილში დიადი და კეთილშობილი წინამძღვრების შესახებ, როგორიცაა იერემია, იობი, ჯოზეფ სმითი და ნეფი, რომლებსაც არ ასცდათ მიწიერი ცხოვრების ბრძოლა და გამოწვევები. ისინი იყვნენ ის მოკვდავები, რომლებმაც მძიმე ვითარებაშიც კი ისწავლეს უფლის დამორჩილება.8

ლიბერთის ციხეში გატარებული საშინელი დღეების ჟამს ჯოზეფ სმითმა წამოიძახა: „ო ღმერთო, სად ხარ“? და სად არის კარავი, რომელიც ფარავს შენს საიდუმლო ადგილს“?9 უფალმა ასწავლა ჯოზეფს, ბოლომდე გაეძლო10 და დაპირდა, რომ თუ ასე მოიქცეოდა, ყოველივე ეს მის გამოცდილებად იქცეოდა და მის საკეთილდღეოდ იქნებოდა.11

საკუთარი გამოცდილებიდან მივხვდი, რომ საუკეთესო გაკვეთილები ყველაზე რთულ პერიოდში გავიარე, იმ დროს, როდესაც კომფორტის ზონიდან გამოვედი. სიძნელეებმა, რომლებიც ახალგაზრდობაში გამოვიარე, როცა როგორც ახლად მოქცეული და სრული დროის მისიონერი ეკლესიის შესახებ სემინარიიდან ვიტყობდი და გამოწვევები, რომელთა წინაშეც განათლების მიღების დროს აღმოვჩნდი, ასევე ჩემი მოწოდებების განდიდებისას და ოჯახის აღზრდისას - ყოველივე ამან მომამზადა. მომავლისთვის. რაც უფრო მეტად მხნედ ვპასუხობ რთულ ვითარებას, უფალში რწმენით, მით უფრო ვიზრდები მოწაფეობაში.

ჩვენს ცხოვრებაში სირთულეები გასაკვირი არ უნდა იყოს, როცა სწორ და ვიწრო ბილიკზე ვდგებით.12 იესო ქრისტემ „ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება“.13 როცა მის კვალზე დავდივართ, განსაკუთრებით გამოწვევების დროს, ჩვენ შეგვიძლია, უფრო დავემსგავსოთ უფალს.

ერთ-ერთი აღთქმა, რომელსაც უფალთან ვდებთ ტაძარში, არის მსხვერპლის კანონი. მსხვერპლი ყოველთვის იყო იესო ქრისტეს სახარების ნაწილი. ეს არის იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის შეხსენება ყოველი ადამიანისტვის, რომელსაც უცხოვრია ან იცხოვრებს დედამიწაზე.

გამოსახულება
უხუცეს მორისონის მისიონერები

მე ვიცი, რომ უფალი ყოველთვის ახდენს ჩვენი მართალი სურვილების ანაზღაურებას. გახსოვთ, პატრიარქის კურთხევაში მივიღე დაპირება მრავალი შვილის შესახებ? ეს კურთხევა სრულდება. მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე ასეულ მისიონერთან ერთად ვმსახურობდით 25 სხვადასხვა ქვეყნიდან განაში, კეიპ კოსტის მისიაში. ისინი საკუთარი შვილებივით გვიყვარს.

მე ვმოწმობ, რომ ჩვენ ვიზრდებით მოწაფეობაში, როცა მძიმე პერიოდში უფლის რწმენას ვავლენთ. როცა ასე ვიქცევით, იგი მოწყალედ გაგვაძლიერებს და დაგვეხმარება ტვირთის ტარებაში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა