თავი 10
სიჩუმე ჩამოდგება მიწაზე მრავალი საათის განმავლობაში. ქრისტეს ხმა თავის ხალხს ერთად შეკრებას ჰპირდება ისე, როგორც კრუხი თავის წიწილებს. ხალხის უფრო სამართლიანი ნაწილი უვნებელია. დაახლოებით 34–35 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.
1 და ახლა, აჰა, იყო ასე: მიწის მთელმა ხალხმა მოისმინა ეს სიტყვები და ამის მოწმე გახდა. და ამ სიტყვების შემდეგ სიჩუმე ჩამოდგა მიწაზე მრავალი საათის განმავლობაში;
2 რადგან იმდენად დიდი იყო ხალხის გაოცება, რომ მათ შეწყვიტეს გოდება და მოთქმა ნათესავების დაკარგვის გამო, რომლებიც დახოცილ იქნენ; ამიტომ, სიჩუმე ჩამოდგა მთელ მიწაზე მრავალი საათის განმავლობაში.
3 და იყო ასე, რომ ხალხს კვლავ მიმართა ხმამ და მთელმა ხალხმა მოისმინა და იყო მოწმე სიტყვებისა:
4 თქვენ, ხალხო ამ დიდი ქალაქებისა, რომლებიც დაეცა, რომელნიც ხართ იაკობის შთამომავლები, დიახ, რომლებიც მიეკუთვნებით ისრაელის სახლს, რამდენჯერ გკრიბავდით ისე, როგორც კრუხი იკრებს წიწილებს საკუთარი ფრთების ქვეშ და გკვებავდით.
5 და კვლავ, რამდენჯერ უნდა შემეკრიბეთ ისე, როგორც კრუხი იკრებს თავის წიწილებს საკუთარი ფრთების ქვეშ, დიახ, ისრაელის სახლის ხალხო, რომლებიც დაეცით; დიახ, ისრაელის სახლის ხალხო, იერუსალიმში მცხოვრებნო, ასევე როგორც თქვენ, დაცემულნო; დიახ, რამდენჯერ უნდა შემეკრიბეთ ისე, როგორც კრუხი იკრებს წიწილებს, მაგრამ თქვენ ეს არ ისურვეთ.
6 თქვენ, ისრაელის სახლო, რომლებიც დაგინდეთ, რამდენჯერ უნდა შეგკრიბოთ ისე, როგორც კრუხი იკრებს წიწილებს საკუთარი ფრთების ქვეშ, თუ მოინანიებთ და გულის მთელი მოწადინებით დამიბრუნდებით.
7 მაგრამ თუ არა, ისრაელის სახლო, თქვენი საცხოვრებელი ადგილები გავერანდება იმ დრომდე, სანამ არ აღსრულდება თქვენს მამებთან დადებული აღთქმა.
8 და ახლა, იყო ასე: ხალხის ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, აჰა, მათ კვლავ დაიწყეს კვნესა და მოთქმა თავიანთი ნათესავებისა და მეგობრების დაკარგვის გამო.
9 და იყო ასე, რომ ამ სამმა დღემ ჩაიარა. და ეს იყო დილით – მიწის პირიდან გაიფანტა ბნელეთი და მიწამ შეწყვიტა კანკალი და კლდეებმა შეწყვიტეს მსხვრევა, შეწყდა საშინელი კვნესა და ჩაიარა მღელვარების ყველა ხმამ.
10 და კვლავ შეერთდა მიწა, რომ გამყარებულიყო; და შეწყდა გლოვა და ტირილი და კვნესა ხალხისა, რომელთა სიცოცხლე დანდობილ იქნა; და მათი გლოვა შეიცვალა სიხარულით და გოდება – დიდებითა და მადლიერებით უფლის, იესო ქრისტეს, მათი გამომსყიდველის, მიმართ.
11 და ასე აღსრულდა იმ დროისთვის წმინდა წერილი, რომელზეც წმინდა წინასწარმეტყველები ლაპარაკობდნენ.
12 და რომლებიც გადარჩნენ, იყვნენ ხალხის შედარებით სამართლიანი ნაწილი და ესენი იყვნენ, რომლებმაც მიიღეს წინასწარმეტყველები და არ ჩაქოლეს; და არ დაუღვრიათ წმინდანების სისხლი მათ, რომლებიც გადარჩნენ –
13 ისინი დაინდეს და არ ჩაიძირნენ და არ დაიმარხნენ მიწაში; და არ დაიხვრჩნენ ზღვის სიღრმეებში და არ დაიწვნენ ცეცხლში, არც სასიკვდილოდ იქნენ გასრესილნი და არც გრიგალის მიერ გატაცებულნი; ვერც კვამლისა და ბნელეთის ბურუსმა ვერ დასძლია ისინი.
14 და ახლა, ვინც კითხულობს, დაე, ჩასწვდეს; მას, ვისაც აქვს წმინდა წერილი, დაე, შეისწავლოს იგი, იხილოს და განსაჯოს, თუ ეს სიკვდილი და განადგურება ცეცხლით, კვამლითა და ქარიშხლით, გრიგალითა და მიწის გახლეჩით, რათა შთაენთქა ისინი და ყოველივე ეს იყო იმისთვის, რომ აღსრულებულიყო მრავალი წმინდა წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველებანი.
15 აჰა, მე გეუბნებით: დიახ, მრავალი მოწმობდა ყოველივე ამის შესახებ ქრისტეს მოსვლისას და ისინი დახოცეს, რადგან ამის შესახებ მოწმობდნენ.
16 დიახ, წინასწარმეტყველი ზენოსი მოწმობდა ყოველივე ამაზე და ასევე ზენოქიც ლაპარაკობდა ამ მოვლენების შესახებ, ვინაიდან ისინი მოწმობდნენ კერძოდ ჩვენზე, მათი შთამომავლების ნარჩენზე.
17 აჰა, ჩვენი მამა, იაკობი, ასევე მოწმობდა იოსების შთამომავლობის ნარჩენის შესახებ. და აჰა, ნუთუ არ ვართ იოსების შთამომავლების ნარჩენი? და ყოველივე ეს, რაც მოწმობს ჩვენზე, ნუთუ არ არის ამოტვიფრული სპილენძის ფირფიტებზე, რომლებიც ჩვენმა მამამ, ლეხიმ, წამოიღო იერუსალიმიდან?
18 და იყო ასე, რომ ოცდამეთოთხმეტე წლის ბოლოს, აჰა, მე დაგანახებთ თქვენ ნეფის ხალხს, რომელიც დანდობილ იქნა და ასევე მათ, რომლებსაც ეწოდებოდათ ლამანიელები, რომლებიც დანდობილ იქნენ, იყვნენ რა ყველაზე მეტად გამორჩეულნი და მათზედ მრავალი კურთხევა იქნა მოვლენილი ისე, რომ ზეცაში ქრისტეს ამაღლებიდან სულ მალე, იგი მათ ჭეშმარიტად გამოეცხადა –
19 დაანახა მათ თავისი სხეული და ემსახურა მათ; და ჩანაწერები მისი მსახურების შესახებ მოცემული იქნება შემდგომში. ამიტომ, ამჟამად მე ვასრულებ ჩემს სიტყვებს.