წმინდა წერილი
3 ნეფი 9


თავი 9

სიბნელეში ქრისტეს ხმა აუწყებს მრავალი ხალხისა და ქალაქის განადგურების შესახებ, მათი სიბოროტის გამო. იგი ასევე აცხადებს თავისი ღვთიურობის შესახებ, აცხადებს, რომ მოსეს რჯული აღსრულდა და უხმობს ხალხს, მივიდნენ მასთან და გადარჩნენ. დაახლოებით 34 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და იყო ასე, რომ ხმა მოესმა დედამიწის ყველა მცხოვრებს, მთელი მიწის პირზე, მღაღადებელი:

2 ვარამი, ვარამი, ვარამი ამ ხალხს, ვარამი მთელი დედამიწის მცხოვრებთ, თუ არ მოინანიებენ; ვინაიდან ეშმაკი იცინის და მისი ანგელოზები ხარობენ, ჩემი ხალხის ლამაზი ვაჟებისა და ქალიშვილების დახოცვის გამო; და ისინი დაეცნენ მათი ურჯულოებისა და სისაძაგლის გამო!

3 აჰა, ეს დიდი ქალაქი, ზარაჰემლა, ცეცხლით დავწვი და ასევე მისი მცხოვრებნიც.

4 და აჰა, მე დავუშვი, რომ ეს დიდი ქალაქი, მორონი, ჩაძირულიყო ზღვის სიღრმეებში და რომ მისი მცხოვრებნი ჩამხრჩვალიყვნენ.

5 და აჰა, ეს დიდი ქალაქი, მორონიჰა, დავფარე მიწით და ასევე მისი მცხოვრებნიც, რათა დამეფარა მათი ურჯულოება და სისაძაგლე ჩემი მზერისგან, რათა წინასწარმეტყველთა და წმინდანთა სისხლი მათ წინააღმდეგ ჩემთან მეტად აღარ მოსულიყო.

6 და აჰა, დავუშვი, რომ ქალაქი გილგალი მიწაში ჩაფლულიყო და მისი მცხოვრებნი ჩამარხულიყვნენ მიწის სიღრმეში;

7 დიახ, ქალაქი ონიჰა და მისი მცხოვრებნი და ქალაქი მოკუმი და ასევე მისი მცხოვრებნიც, ქალაქი იერუსალიმი და ასევე მისი მცხოვრებნიც; და დავუშვი, რომ წყლები დატბორილიყო მათ ადგილას, რათა დამეფარა მათი სიბოროტენი და სისაძაგლენი ჩემი მზერისგან და წინასწარმეტყველთა და წმინდანთა სისხლი მათ წინააღმდეგ ჩემთან მეტად აღარ მოსულიყო.

8 და აჰა, ქალაქი გადიანდი, ქალაქი გადიომნა, ქალაქი იაკობი და ქალაქი გიმგიმნო – დავუშვი, რომ ჩაძირულიყვნენ ყოველივე ესენი და მათ ადგილზე გორაკები და ველები გადაშლილიყო და მათი მცხოვრებნი მიწისქვეშ დავმარხე, რათა დამეფარა მათი სიბოროტე და სისაძაგლე ჩემი მზერისგან და წინასწარმეტყველთა და წმინდანთა სისხლი მათ საწინააღმდეგოდ ჩემთან მეტად აღარ მოსულიყო.

9 და აჰა, ეს დიდი ქალაქი, იაკობუგათი, რომელიც დასახლებული იყო მეფე იაკობის ხალხით, დავუშვი, რომ ცეცხლში დამწვარიყო მათი ცოდვებისა და სიბოროტის გამო, რომელიც აღემატებოდა დედამიწის ყველა სიბოროტეს მათი საიდუმლო მკვლელობებისა და შეთქმულებების გამო; რადგან მათ გაანადგურეს ჩემი ხალხის მშვიდობა და ამ მიწის ხელისუფლება, ამიტომ ვბრძანე, ცეცხლში დამწვარიყვნენ, რათა გამენადგურებინა ჩემი მზერისგან, რათა წინასწარმეტყველთა და წმინდანთა სისხლი მათ წინააღმდეგ ჩემთან აღარ მოსულიყო.

10 აჰა, ქალაქი ლამანი, ქალაქი იოში, ქალაქი გადი და ქალაქი კიშკუმენი – დავუშვი, რომ ცეცხლში დამწვარიყო და მათი მცხოვრებნიც, თავიანთი სიბოროტის – წინასწარმეტყველთა გაძევებისა და მათი ჩაქოლვის გამო, რომლებიც გამოვაგზავნე, რათა მათთვის ეუწყებინათ მათი სიბოროტისა და სისაძაგლის შესახებ.

11 და ვინაიდან მათ ისინი ყველანი გააძევეს, რომ არცერთი სამართლიანი აღარ დარჩა მათ შორის, მე მოვავლინე ცეცხლი და ისინი გავანადგურე, რათა მათი სიბოროტე და სისაძაგლე ჩემი მზერისგან იყოს დაფარული, რათა წინასწარმეტყველთა და წმინდანთა სისხლმა, რომლებიც მე მათთან გამოვაგზავნე, მიწიდან არ შემომტირონ მათ წინააღმდეგ.

12 და მრავალი ნგრევა დავუშვი ამ მიწაზე და ამ ხალხზე, მათი სიბოროტისა და სისაძაგლის გამო.

13 თქვენ ყველა, ვინც დაგინდეთ, რადგან უფრო სამართლიანნი იყავით, ვიდრე ისინი, ნუთუ არ მობრუნდებით და არ მოინანიებთ თქვენს ცოდვებს და არ მოიქცევით, რათა შევძლო თქვენი განკურნება?

14 დიახ, ჭეშმარიტად გეუბნებით, თუ მოხვალთ ჩემთან – გექნებათ მარადიული სიცოცხლე. აჰა, ჩემი მოწყალე ხელი გამოწვდილია თქვენკენ და რომელიც მოვა – მივიღებ; და კურთხეულნი არიან ისინი, რომლებიც ჩემთან მოდიან.

15 აჰა, მე ვარ იესო ქრისტე, ძე ღვთისა. მე შევქმენი ზეცა და დედამიწა და ყველაფერი, რაც არის მათზედ. მე ვიყავი მამასთან დასაბამიდანვე. მე ვარ მამაში და მამა არის ჩემში; და თავისი სახელი მამამ განადიდა ჩემში.

16 მოვედი ჩემიანებთან და ჩემიანებმა არ მიმიღეს. და აღსრულდა წმინდა წერილი ჩემი მოსვლის შესახებ.

17 და რომლებმაც მიმიღეს – ნება ვუბოძე, იქცნენ ღვთის შვილებად; და ასევე ვუბოძებ ნებას ყოველს, რომელიც ჩემს სახელს იწამებს, რადგან, აჰა, ჩემგან მოდის გამოსყიდვა და ჩემში აღსრულდა მოსეს რჯული.

18 მე ვარ ამა ქვეყნის სინათლე და სიცოცხლე. მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული.

19 და თქვენ, ჩემთვის შესაწირად, აღარ დაღვრით სისხლს; დიახ, თქვენი მსხვერპლშესაწირი და სრულად დასაწველი შეწყდება, რადგან არ მივიღებ თქვენს მსხვერპლშესაწირსა და სრულად დასაწველს.

20 და მომიტანთ მსხვერპლშესაწირად მოდრეკილ გულსა და მომნანიებელ სულს. და ვინც მოვა ჩემთან მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით, მას მოვნათლავ ცეცხლითა და სულიწმინდით, როგორც ლამანიელები, მათი მოქცევის ჟამს ჩემში რწმენისთვის, მონათლულ იქნენ ცეცხლითა და სულიწმინდით და მათ ეს არ იცოდნენ.

21 აჰა, მე მოვედი ამქვეყნად, რათა მოვუტანო ქვეყანას გამოსყიდვა და გადავარჩინო ქვეყანა ცოდვისგან.

22 ამიტომ, ვინც მოინანიებს და ჩემთან მოვა, როგორც პატარა ბავშვი – მივიღებ, რადგან ასეთებისაა ღვთის სასუფეველი. აჰა, ასეთებისთვის შევწირე სიცოცხლე და კვლავ უკან დავიბრუნე; ამიტომ, მოინანიეთ და ჩემთან მოდით, დედამიწის კიდენო და გადარჩით.