წმინდა წერილი
3 ნეფი 15


თავი 15

იესო აცხადებს, რომ მოსეს რჯული აღსრულდა მასში. ნეფიელები არიან ის სხვა ცხვრები, რომელთა შესახებაც მან იერუსალიმში ილაპარაკა. ურჯულოების გამო, უფლის ხალხმა იერუსალიმში არ იცის ისრაელის გაფანტული ცხვრების შესახებ. დაახლოებით 34 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც იესომ დაასრულა ეს სიტყვები, მან შეკრებილთ თვალი მიმოავლო და მიმართა: აჰა, თქვენ მოისმინეთ ყოველივე, რასაც ვასწავლიდი, მამასთან ამაღლებამდე; ამიტომ, რომელსაც ახსოვს ეს ჩემი სიტყვები და მათ ასრულებს, მე მას უკანასკნელ დღეს აღვადგენ.

2 და იყო ასე, რომ როდესაც იესომ წარმოთქვა ეს სიტყვები, მან შეამჩნია, რომ ზოგიერთნი იქ გაოცებულნი იყვნენ და სურდათ გაეგოთ, თუ რას იტყოდა იგი მოსეს რჯულის შესახებ; ვინაიდან მათ ვერ გაიგეს ნათქვამი, რომ ძველმა ჩაიარა და ყველაფერი განახლდა.

3 და მან უთხრა მათ: ნუ გაოცდებით იმაზე, რაც გითხარით, რომ ძველმა ჩაიარა და ყველაფერი განახლდა.

4 აჰა, მე გეუბნებით: აღსრულდა რჯული, რომელიც მოსეს მიეცა.

5 აჰა, მე ვარ ის, რომელმაც ეს რჯული გიბოძეთ, მე ვარ ის, რომელმაც ჩემს ისრაელის ხალხთან დავდე აღთქმა; ამიტომ, რჯული ჩემში აღსრულდა, რადგან მე მოვედი ამ რჯულის აღსასრულებლად; ამიტომ იგი დასრულდა.

6 აჰა, მე არ უარვყოფ წინასწარმეტყველებს, ვინაიდან ის, რაც არ აღსრულდა ჩემში, ჭეშმარიტად გეუბნებით: ყველაფერი აღსრულებულ იქნება.

7 და რადგან მე გითხარით, რომ ძველმა ჩაიარა, მე არ უარვყოფ იმას, რაც ითქვა მომავლის შესახებ.

8 რადგან, აჰა, აღთქმა, რომელიც დავდე ჩემს ხალხთან, არ აღსრულებულა; თუმცა რჯული, რომელიც მოსეს მიეცა, დასრულდა ჩემში.

9 აჰა, მე ვარ რჯული და სინათლე. მენდეთ, ბოლომდე გაუძელით და იცოცხლებთ; ვინაიდან მას, რომელიც ბოლომდე გაუძლებს, მარადიულ სიცოცხლეს ვუბოძებ.

10 აჰა, მე მცნებები მოგეცით; ამიტომ, დაიცავით ჩემი მცნებები. და ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი, ვინაიდან ისინი ჭეშმარიტად მოწმობდნენ ჩემზე.

11 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც იესომ ეს სიტყვები წარმოთქვა, მან მიმართა თორმეტს, რომლებიც ამოირჩია:

12 თქვენ ხართ ჩემი მოწაფენი და სინათლე ამ ხალხისთვის, რომელიც არის იოსების სახლის ნარჩენი.

13 და აჰა, ეს არის თქვენი მემკვიდრეობის მიწა; და ის მამამ გიბოძათ.

14 და არასდროს უბრძანებია მამას ჩემთვის, რომ ეს მეთქვა თქვენი ძმებისთვის იერუსალიმში.

15 არც არასდროს უბრძანებია მამას ჩემთვის, რომ მათთვის მომეყოლა ისრაელის სხვა ტომების შესახებ, რომლებიც მამამ იმ მიწიდან გამოიყვანა.

16 მამამ მიბრძანა, მხოლოდ ეს მეთქვა მათთვის:

17 სხვა ცხვრებიცა მყავს, რომლებიც არ არიან ამ ფარეხის; მათი მოყვანაც მმართებს, და მოისმენენ ჩემს ხმას; და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი.

18 და ახლა, ქედფიცხლობისა და ურწმუნოების გამო, ისინი ვერ ჩასწვდნენ ჩემს სიტყვებს; ამიტომ, მამამ მიბრძანა, მათთვის ამის შესახებ ამაზე მეტი არ მეთქვა.

19 მაგრამ, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ მამამ მიბრძანა და გეუბნებით, რომ თქვენ ხართ მათგან გამორჩეულნი, მათი ურჯულოების გამო; ამიტომ, თავიანთი ურჯულოების გამო, მათ არ იციან თქვენს შესახებ.

20 და ჭეშმარიტად, მე კვლავ გეუბნებით, რომ სხვა ტომიც გამოარჩია მამამ მათგან; და თავიანთი ურჯულოების გამო არ იციან მათ შესახებ.

21 და ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ხართ ისინი, რომლებზეც ვთქვი: სხვა ცხვრებიცა მყავს, რომლებიც არ არიან ამ ფარეხის; მათი მოყვანაც მმართებს, და მოისმენენ ჩემს ხმას; და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი.

22 და მათ ვერ გაიგეს ჩემი, რადგან ეს წარმართები ეგონათ; ვინაიდან ვერ გაიგეს, რომ წარმართები მოქცეულნი უნდა ყოფილიყვნენ მათი ქადაგებით.

23 და მათ ვერ გაიგეს ჩემი ნათქვამი, რომ ჩემს ხმას მოისმენდნენ; და ვერ გაიგეს ჩემი, რომ წარმართნი ვერასდროს ვერ მოისმენდნენ ჩემს ხმას, რომ თავად არ გამოვეცხადები, არამედ მხოლოდ სულიწმინდით.

24 მაგრამ, აჰა, თქვენ მოისმინეთ კიდევაც ჩემი ხმა და ასევე მიხილეთ; და ხართ ჩემი ცხვრები და ითვლებით მათ შორის, რომლებიც მამამ მიბოძა.