წმინდა წერილი
3 ნეფი 4


თავი 4

ნეფიელთა ჯარები ამარცხებენ გადიანტონის მძარცველებს. კლავენ გიდიანხის და მის მემკვიდრეს, ზემნარიჰას, ჩამოახრჩობენ. ნეფიელები ადიდებენ უფალს თავიანთი გამარჯვებებისთვის. დაახლოებით 19–22 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და იყო ასე, რომ მეთვრამეტე წლის დასასრულს მძარცველთა ჯარები ბრძოლისთვის მოემზადნენ, დაიწყეს ჩამოსვლა და შემოსევა გორაკებიდან, მთებიდან და უდაბნოდან, თავიანთი გამაგრებებიდან და სამალავებიდან; და დაიწყეს მიწების დაპყრობა, ორივე მიწის, რომელიც იყო სამხრეთით და რომელიც იყო ჩრდილოეთით და დაიწყეს ყველა იმ მიწის დაპყრობა, რომელიც ნეფიელების მიერ იყო მიტოვებული და ქალაქებისა, რომლებიც იყო დაცარიელებული.

2 მაგრამ, აჰა, არ იყო ნეფიელების მიტოვებულ მიწებზე არც გარეული მხეცი და არც რაიმე ნადავლი; და იქ მძარცველებისთვის არ იყო რაიმე ნადავლი, გარდა იმისა, რაც უდაბნოში იყო.

3 და საკვების საჭიროების გამო მძარცველებს არსად არ შეეძლოთ არსებობა, გარდა უდაბნოსი; რადგან ნეფიელებმა მიატოვეს თავიანთი მიწა, აოხრებული, და შეკრიბეს თავიანთი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი და მთელი ქონება და ერთ ჯგუფად იყვნენ შეკრებილნი.

4 ამიტომ, მძარცველებს არ ჰქონდათ საშუალება, ეძარცვათ და საკვები მოეპოვებინათ, თუ ნეფიელებთან ღია ბრძოლაში არ გამოვიდოდნენ; და ნეფიელები იყვნენ რა ერთ ჯგუფად შეკრებილნი და იყვნენ ასეთი დიდი რაოდენობით და ჰქონდათ მომარაგებული თავიანთთვის სურსათი, ცხენები და საქონელი და ყველანაირი წვრილფეხა საქონელი, რათა თავი ერჩინათ შვიდი წლის განმავლობაში, როდესაც იმედოვნებდნენ მძარცველების მიწის პირიდან განადგურებას. და ასე ჩაიარა მეთვრამეტე წელმა.

5 და იყო ასე, რომ მეცხრამეტე წელს გიდიანხიმ საჭიროდ ჩათვალა, გაელაშქრა ნეფიელთა წინააღმდეგ, რადგან ვერანაირად ვერ ახერხებდნენ თავიანთი თავის რჩენას ყაჩაღობის, ძარცვისა და მკვლელობის გარეშე.

6 და ვერ ბედავდნენ მიწის პირზე გაფანტვას ისე, რომ ხორბალი მოეყვანათ, რადგან ნეფიელები მათ თავს დაესხმებოდნენ და დახოცავდნენ; ამიტომ, გიდიანხიმ თავის ჯარებს უბრძანა, რომ ამ წელს წასულიყვნენ ნეფიელთა წინააღმდეგ საბრძოლველად.

7 და იყო ასე, რომ ისინი გამოვიდნენ ბრძოლისთვის; და ეს იყო მეექვსე თვეს; და აჰა, დიდი და საშინელი იყო ის დღე, როდესაც საბრძოლველად გამოვიდნენ; და შემოხვეული ჰქონდათ წელზე მძარცველთა წესისამებრ, ცხვრის ტყავი და სისხლით იყვნენ შეღებილნი, ჰქონდათ გადაპარსული თავები და ზედ ეხურათ ჩაჩქანები; და დიდი და საშინელი იყო გიდიანხის ჯარები შესახედად მათი აბჯარის გამო, რადგან სისხლით იყვნენ შეღებილნი.

8 და იყო ასე, რომ ნეფიელთა ჯარებმა, როდესაც იხილეს გიდიანხის ჯარების შესახედაობა, ყველანი მიწაზე დაეცნენ და უფალს, თავიანთ ღმერთს, შეჰღაღადეს, დაენდო ისინი და მტრის ხელიდან გამოეხსნა.

9 და იყო ასე, რომ როდესაც გიდიანხის ჯარებმა ეს იხილეს, სიხარულისგან ხმამაღლა ყვირილი დაიწყეს, რადგან ეგონათ, რომ ნეფიელები შიშისგან დაეცნენ, მათი ჯარებისგან თავზარდაცემულნი.

10 მაგრამ, ამაში შეცდნენ, რადგან ნეფიელებს მათი არ ეშინოდათ; არამედ ეშინოდათ ღმერთის და მას დაცვას ევედრებოდნენ; ამიტომ, როდესაც მათ გიდიანხის ჯარები თავს დაესხნენ, ისინი მზად იყვნენ მათ დასახვედრად; დიახ, დახვდნენ მათ უფლის ძალით.

11 და ამ მეექვსე თვეს დაიწყო ბრძოლა; და ეს ბრძოლა იყო დიდი და საშინელი, დიახ, იმდენად დიდი და საშინელი იყო ხოცვა-ჟლეტა, რომ მანამდე არასდროს არ ყოფილა ასეთი დიდი ხოცვა-ჟლეტა ლეხის ხალხში მას შემდეგ, რაც იგი იერუსალიმიდან წამოვიდა.

12 და გიდიანხის მუქარებისა და დადებული მრავალი ფიცის მიუხედავად, აჰა, ნეფიელებმა ისინი დაამარცხეს ისე, რომ უკუაგდეს.

13 და იყო ასე, რომ გიდგიდონმა უბრძანა თავის ჯარებს, უკან დადევნებოდნენ მათ უდაბნოს საზღვრებამდე და გზად არ დაენდოთ არცერთი, რომელიც ხელში ჩაუვარდებოდათ; ამგვარად, ისინი მისდევდნენ მათ და ხოცავდნენ უდაბნოს საზღვრებამდე, იქამდე, სანამ არ შეასრულეს გიდგიდონის ბრძანება.

14 და იყო ასე, რომ გიდიანხის, რომელიც იდგა და თამამად იბრძოდა, უკან დაედევნენ, როდესაც იგი გაიქცა; და იყო რა მძიმე ბრძოლისგან დაქანცული, დაეწივნენ და მოკლეს. და ასეთი იყო გიდიანხის, მძარცველის, დასასრული.

15 და იყო ასე, რომ ნეფიელთა ჯარები კვლავ დაბრუნდნენ თავიანთი თავდაცვის ადგილზე. და იყო ასე: ამ მეცხრამეტე წელმა ჩაიარა და მძარცველები კვლავ აღარ მოდიოდნენ საბრძოლველად; ისინი არც მეოცე წელს არ მოვიდნენ.

16 და ოცდამეერთე წელსაც არ მოვიდნენ ისინი საბრძოლველად, მაგრამ ყოველი მხრიდან მოადგნენ, რათა ნეფის ხალხისთვის ალყა შემოერტყათ; რადგან ფიქრობდნენ, რომ ნეფის ხალხს თუ თავის მიწებიდან მოკვეთდნენ და ყველა მხრიდან გარს შემოერტყმებოდნენ, მოკვეთდნენ რა ყველა გარე უპირატესობისგან, მაშინ ისინი იძულებულები გახდებოდნენ, რომ დამორჩილებოდნენ მათ სურვილებს.

17 ახლა, მათ დაინიშნეს სხვა წინამძღოლი, რომლის სახელი იყო ზემნარიჰა; მაშასადამე, ეს იყო ზემნარიჰა, რომელმაც ბრძანა, რომ ეს ალყა შემოერტყათ.

18 მაგრამ, აჰა, ეს ნეფიელთათვის ხელსაყრელი იყო, რადგან მძარცველებს არ შეეძლოთ დიდ ხანს შეენარჩუნებინათ ალყა ნეფიელებზე რაიმე შედეგის მისაღწევად, მათ მიერ მომარაგებული სურსათ-სანოვაგის დიდი მარაგის გამო.

19 და მძარცველთა შორის სურსათის სიმწირის გამო; რადგან, აჰა, მათ არაფერი ჰქონდათ ხორცის გარდა, რათა თავი ერჩინათ, იმ ხორცის, რომელსაც უდაბნოში მოიპოვებდნენ.

20 და იყო ასე, რომ უდაბნოში გარეული ნადავლი იმდენად შემცირდა, რომ მძარცველები ლამის შიმშილით დახოცილიყვნენ.

21 და ნეფიელები მუდმივად გამოდიოდნენ ჯარებზე თავდასხმებით, დღისითა და ღამით და კვეთდნენ მათ ათასობით და ათი ათასობით.

22 და ამგვარად, ზემნარიჰას ხალხმა მოისურვა, თავიანთ ჩანაფიქრზე უარი ეთქვათ დიდი განადგურების გამო, რომელიც მათ თავს ატყდებოდათ ღამითა და დღისით.

23 და იყო ასე, რომ ზემნარიჰამ უბრძანა თავის ხალხს, გარიდებოდნენ ალყას და წასულიყვნენ ჩრდილოეთ მიწის ყველაზე შორეულ ნაწილში.

24 და ახლა, გიდგიდონმა, იცოდა რა მათი ჩანაფიქრი და საკვების უკმარისობით მათი სისუსტისა და მათ შორის მომხდარი დიდი ხოცვა-ჟლეტის შესახებ, თავისი ჯარები ღამით გააგზავნა და უკან დასახევი გზა გადაუჭრა; და თავისი ჯარები მათ უკან დასახევ გზაზე დააყენა.

25 და ეს მათ გააკეთეს ღამით და თავიანთი სვლით მძარცველებს გაასწრეს, ისე რომ მომდევნო დღეს, როდესაც მძარცველებმა დაიწყეს თავიანთი სვლა, მათ დახვდათ ნეფიელთა ჯარები ორივე მხრიდან – როგორც წინიდან, ასევე უკნიდან.

26 და მძარცველები, რომლებიც სამხრეთით იმყოფებოდნენ, ასევე მოკვეთილნი იყვნენ თავშესაფრის ადგილებიდან. და ყოველივე ეს გაკეთდა გიდგიდონის ბრძანებით.

27 და იქ იყო მრავალი ათასი, რომლებიც ნეფიელებს ტყვედ ჩაბარდნენ და დანარჩენები დახოცილ იქნენ.

28 და მათი მეთაური, ზემნარიჰა, შეიპყრეს და ხეზე ჩამოკიდეს, დიახ, თვით ხის წვერზე, სანამ არ მოკვდა. და როდესაც ჩამოახრჩვეს და მოკვდა, მათ წააქციეს ხე მიწაზე და ხმამაღლა შესძახეს, სიტყვებით:

29 დაე უფალმა დაიცვას თავისი ხალხი სამართლიანობითა და გულის სიწმინდით, რათა მათ მიწაზე დაეცეს ყველა, ვინც შეეცდება თავიანთი ძალითა და საიდუმლო შეთქმულებებით მათ დახოცვას ისე, როგორც ეს კაცი დაეცა მიწაზე.

30 და მათ გაიხარეს და ერთხმად შეჰღაღადეს, სიტყვებით: დაე, დაიფაროს აბრაამის ღმერთმა და ისააკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა ეს ხალხი სამართლიანობით, იქამდე, სანამ ისინი ახსენებენ თავიანთი ღმერთის სახელს მფარველობისთვის.

31 და იყო ასე, რომ წამოდგნენ და ერთხმად დაიწყეს საგალობელი თავიანთი ღმერთის სადიდებლად, იმ დიდი საქმისთვის, რომელიც მათთვის გააკეთა, დაიცვა რა ისინი მტრის ხელში ჩავარდნისგან.

32 დიახ, ღაღადებდნენ: ოსანა უზენაეს ღმერთს. და ღაღადებდნენ: კურთხეული იყოს ყოვლადძლიერი უფალი ღმერთის სახელი, უზენაესი ღმერთისა.

33 და გული სავსე ჰქონდათ სიხარულით, ღვრიდნენ რა ბევრ ცრემლს, ღვთის სიკეთისათვის, თავიანთი მტრის ხელიდან გამოხსნისთვის; და მათ იცოდნენ, რომ თავიანთი მონანიებისა და თავმდაბლობისთვის იყვნენ გამოხსნილნი მარადიული განადგურებიდან.