თავი 6
ნეფიელები აყვავდებიან. თავს იჩენს ამპარტავნობა, სიმდიდრე და საზოგადოების ფენებად დაყოფა. ეკლესია გახლეჩილია უთანხმოებების გამო. სატანა შეგნებულად უბიძგებს ხალხს აჯანყებისკენ. მრავალი წინასწარმეტყველი ღაღადებს მონანიებას და მათ ხოცავენ. მათი მკვლელები აწყობენ შეთქმულებას ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. დაახლოებით 26–30 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.
1 და ახლა, იყო ასე, რომ მთელი ნეფიელთა ხალხი დაუბრუნდა საკუთარ მიწებს ოცდამეექვსე წელს, ყოველი ადამიანი საკუთარი ოჯახით, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლით, საკუთარი ცხენებით, პირუტყვითა და ყველაფრით, რაც კი მათ გააჩნდათ.
2 და იყო ასე, რომ მათ არ შეჭამეს მთელი თავიანთი სურსათის მარაგი; მაშასადამე, თან ჰქონდათ ყველაფერი, რაც არ შეჭამეს: ყოველგვარი ხორბალი, საკუთარი ოქრო, ვერცხლი და მთელი თავიანთი ძვირფასეულობა და დაუბრუნდნენ ისინი საკუთარ მიწებსა და მამულებს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს, მიწებს ჩრდილოეთითა და მიწებს სამხრეთით.
3 და იმ მძარცველებს, რომლებმაც აღთქმა დადეს, რომ მიწაზე მშვიდობას დაიცავდნენ, რომლებმაც მოისურვეს ლამანიელებად დარჩენა – მიწები უბოძეს, მათი რაოდენობის შესაბამისად, რათა თავიანთი შრომით ერჩინათ საკუთარი თავი; ამგვარად, მათ მშვიდობა დაამყარეს მთელ მიწაზე.
4 და მათ კვლავ იწყეს აყვავება და გამდიდრება; და ჩაიარა ოცდამეექვსე და ოცდამეშვიდე წლებმა და მიწაზე იყო მკაცრი წესრიგი; მათ დააწესეს თავიანთი კანონები თანასწორობისა და სამართლის შესაბამისად.
5 და ახლა მთელ მიწაზე არ იყო არაფერი, რაც ხელს შეუშლიდა ადამიანებს მუდმივად აყვავებაში, თუ თვითონ არ ჩაცვივდებოდნენ შეცოდებაში.
6 და ახლა, ეს იყო გიდგიდონი და მოსამართლე ლაქონეუსი და მათ მიერ დანიშნული წინამძღოლები, რომლებმაც დაამყარეს მიწაზე ეს დიდი მშვიდობა.
7 და იყო ასე, რომ იქ ააშენეს მრავალი ახალი ქალაქი და მრავალი ძველი აღადგინეს.
8 და იქ მრავალი შარაგზა გაიყვანეს და გაიყვანეს მრავალი სხვა გზა, რომელიც გადიოდა ქალაქიდან ქალაქში, მიწიდან მიწაზე, ერთი ადგილიდან მეორემდე.
9 და ასე ჩაიარა ოცდამერვე წელმა და ადამიანებს განუწყვეტლივ ჰქონდათ მშვიდობა.
10 მაგრამ, იყო ასე, რომ ოცდამეცხრე წელს ხალხში წამოიჭრა ზოგიერთი უთანხმოება და ზოგიერთნი აღზევდნენ ამპარტავნობითა და ტრაბახით, თავიანთი დიდძალი სიმდიდრის გამო, დიახ, ძლიერი დევნაც კი დაიწყეს;
11 რადგან მიწაზე იყო მრავალი ვაჭარი, ასევე მრავალი კანონთმცოდნე და მოხელე.
12 და ხალხმა იწყო ფენებად დაყოფა, თავიანთი სიმდიდრისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესაბამისად; დიახ, ზოგიერთნი იყვნენ უმეცარნი თავიანთი სიღარიბის გამო და სხვები, თავიანთი სიმდიდრის გამო იღებდნენ დიდ განათლებას.
13 ზოგიერთნი აღზევდნენ ამპარტავნობით და სხვები იყვნენ ძალზედ თავმდაბალნი; ზოგიერთნი ლანძღვაზე ლანძღვით პასუხობდნენ, ამავე დროს სხვები ითმენდნენ ლანძღვასა და დევნას და ყველანაირ გაჭირვებას და მლანძღველს არ უბრუნდებოდნენ სალანძღავად, არამედ იყვნენ თავმდაბალნი და ღმერთის წინაშე მომნანიებელნი.
14 და ასე დამყარდა დიდი უთანასწორობა მთელ მიწაზე, ისე რომ ეკლესიამ იწყო დაშლა; დიახ, ისე, რომ ოცდამეათე წელს ეკლესია მთელ მიწაზე დაიშალა, გარდა მცირეოდენი ლამანიელისა, რომლებიც მოქცეულნი იყვნენ ჭეშმარიტ რწმენაზე და ისინი არ თმობდნენ მას, რადგან იყვნენ მტკიცენი, მყარნი და ურყევნი, სურდათ რა მთელი სიბეჯითით უფლის მცნებების დაცვა.
15 ახლა, ეს იყო ამ ხალხის ურჯულოების მიზეზი – სატანას ჰქონდა დიდი ძალა, წაექეზებინა ხალხი ყოველგვარი ურჯულოების ჩადენისკენ და იგი ავსებდა მათ ამპარტავნობით, აცდუნებდა რა ძალაუფლებისკენ, უფლებამოსილებისკენ, სიმდიდრისა და ამქვეყნიური ამაოებებისკენ სწრაფვით.
16 და ასე, სატანამ შეაცდინა ადამიანთა გულები, რათა ჩაედინათ ყოველგვარი ურჯულოება; ამიტომ, მათ მხოლოდ რამდენიმე წელი ჰქონდათ მშვიდობა.
17 და ამგვარად, ოცდამეათე წლის დასაწყისში, ხალხი უკვე დიდი ხნის განმავლობაში აყოლილი იყო ეშმაკის ცდუნებებს, მიჰყვებოდა რა ყველგან, სადაც იგი მოისურვებდა მათ ჩათრევას და მისი ნებისამებრ, ჩაიდენდნენ ყოველგვარ ურჯულოებას – და ამგვარად, ამ ოცდამეათე წლის დასაწყისში, ისინი იმყოფებოდნენ საშინელი სიბოროტის მდგომარეობაში.
18 ახლა, ისინი არ სცოდავდნენ უმეცრებით, რადგან იცოდნენ ღვთის ნება მათ შესახებ, ვინაიდან ეს მათ ასწავლეს; მაშასადმე, ისინი ღმერთის წინაშე შეგნებულად აჯანყდნენ.
19 და ახლა, ეს იყო ლაქონეუსის დღეებისას, ლაქონეუსის შვილისა, რადგან ლაქონეუსმა დაიკავა მამამისის სავარძელი და იმ წელს იყო ხალხის მმართველი.
20 და იქ გამოჩდნენ ზეციდან შთაგონებული ადამიანები, იდგნენ რა ხალხში მთელ მიწაზე, თამამად ქადაგებდნენ და მოწმობდნენ ხალხის ცოდვებსა და ურჯულოებაზე და მოწმობდნენ მათთან გამოსყიდვის შესახებ, რომელსაც უფალი თავისი ხალხისათვის მოახდენდა ანუ სხვა სიტყვებით, ქრისტეს აღდგომაზე; და ისინი თამამად მოწმობდნენ მის სიკვდილსა და ტანჯვაზე.
21 ახლა, იქ ხალხში მრავალი იყო ძალზედ განრისხებული მათზე, რომლებიც ამის შესახებ მოწმობდნენ; და ეს განრისხებულნი იყვნენ უმეტესად მთავარი მოსამართლენი და ისინი, რომლებიც ადრე იყვნენ მღვდელმთავარნი და კანონთმცოდნენი; დიახ, ყველანი, რომლებიც იყვნენ კანონთმცოდნენი, განრისხებულნი იყვნენ მათზე, რომლებიც მოწმობდნენ ყოველივე ამაზე.
22 ახლა, იქ არ იყო კანონთმცოდნე მოსამართლე ან მღვდელმთავარი, რომელსაც ჰქონდა უფლებამოსილება, ვინმესთვის სიკვდილი მიესაჯა, თუ მათ განაჩენს მიწის მმართველი არ მოაწერდა ხელს.
23 ახლა მრავალნი, რომლებიც მოწმობდნენ ყოველივე იმის შესახებ, რაც ქრისტესთან იყო დაკავშირებული, რომლებიც თამამად მოწმობდნენ, რომლებიც შეიპყრეს და მოსამართლეებმა ჩუმად დახოცეს; ასე რომ, მათი მკვლელობის ამბავმა მიწის მმართველამდე მათი სიკვდილის შემდეგ მიაღწია.
24 ახლა, აჰა, ეს ეწინააღმდეგებოდა მიწის კანონებს, რომ ვინმე სიკვდილით დაესაჯათ, თუ არ ჰქონდათ ამის უფლებამოსილება მიწის მმართველისგან –
25 ამიტომ, ზარაჰემლას მიწაზე მოვიდა საჩივარი მიწის მმართველთან იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც კანონის საწინააღმდეგოდ, უფლის წინასწარმეტყველებს სიკვდილი მიუსაჯეს.
26 ახლა, იყო ასე, რომ ისინი შეიპყრეს და მოსამართლესთან მიიყვანეს, რათა ჩადენილი დანაშაულისთვის გაესამართლებინათ, ხალხის მიერ დაწესებული კანონის შესაბამისად.
27 ახლა, იყო ასე, რომ იმ მოსამართლეებს ჰყავდათ მრავალი მეგობარი და ნათესავი; და დანარჩენი, დიახ, ყველა კანონთმცოდნე და მღვდელმთავარი, ერთად შეიკრიბა და შეუერთდა იმ მოსამართლეების ნათესავებს, რომლებიც კანონის შესაბამისად უნდა გაესამართლებინათ.
28 და მათ ერთმანეთში დადეს აღთქმა, დიახ ის აღთქმა, რომელიც ძველად იქნა მოცემული, აღთქმა, რომელიც ეშმაკის ხელშეწყობით იქნა მოცემული, რათა ყოველნაირი სამართლიანობის წინააღმდეგ გაერთიანებულიყვნენ.
29 ამიტომ, ისინი გაერთიანდნენ უფლის ხალხის წინააღმდეგ და აღთქმა დადეს, რომ მათ გაანადგურებდნენ და მკვლელობაში მსჯავრდებულებს გამოიხსნიდნენ მართლმსაჯულების ხელიდან, რომელიც უნდა აღსრულებულიყო კანონის შესაბამისად.
30 და მათ უგულებელყვეს საკუთარი ქვეყნის კანონი და უფლებები; და ერთმანეთს აღუთქვეს, მმართველი გაენადგურებინათ და მიწაზე მეფე დაენიშნათ, რათა მიწა აღარ ყოფილიყო თავისუფალი, არამედ მეფეებს დამორჩილებოდა.