წმინდა წერილი
3 ნეფი 25


თავი 25

მეორედ მოსვლის ჟამს ამპარტავანნი და ბოროტნი ნამჯასავით ცეცხლში დაიწვებიან. დიდი და საშინელი დღის წინ ელია დაბრუნდება. შეადარეთ მალაქია 4. დაახლოებით 34 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 რადგან, აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული; და ყველა ამპარტავანი, დიახ, და ბოროტმოქმედი იქნება ნამჯა; და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, – ამბობს ცაბაოთ უფალი, ისე, რომ არ შეარჩენს არც ფესვს და არც რტოს.

2 მაგრამ თქვენთვის, ჩემი სახელის მოშიშნო, აღზევდება ძე სამართლიანობისა, კურნება იქნება მის ფრთებზე; თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის ხბორებივით.

3 და გათელავთ ბოროტთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ფეხქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ, ამბობს ცაბაოთ უფალი.

4 გაიხსენეთ მოსეს, ჩემი მსახურის, რჯული, რომელიც ვუბრძანე მას ხორებზე, მთელი ისრაელისთვის, მცნებანთა და სამართალთან ერთად.

5 აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამდე;

6 და ის დააბრუნებს მამების გულს შვილებთან და შვილების გულს მამებთან, რათა არ მოვიდე და ქვეყანა არ შევმუსრო წყევლით.