წმინდა წერილი
3 ნეფი 29


თავი 29

მორმონის წიგნის გამოსვლა იმის ნიშანია, რომ უფალმა დაიწყო ისრაელის შეკრება და საკუთარი აღთქმის აღსრულება. წყეულნი იქნებიან ისინი, რომლებიც უარყოფენ მისი უკანასკნელი დღეების გამოცხადებებსა და ძღვენს. დაახლოებით 34–35 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და ახლა, აჰა, გეუბნებით, რომ როდესაც უფალი საკუთარი სიბრძნით ჩათვლის საჭიროდ, რომ ამ სიტყვებმა წარმართებთან მიაღწიოს, მისი სიტყვის შესაბამისად, მაშინ გაიგებთ, რომ დაიწყო აღსრულება აღთქმისა, რომელიც მან დადო ისრაელის შვილებთან, მათი საკუთარი მემკვიდრეობის მიწებზე დაბრუნების შესახებ.

2 და გაიგებთ, რომ უფლის სიტყვები, რომლებსაც ამბობდნენ წმინდა წინასწარმეტყველები, ყველა აღსრულდება; და არ თქვათ, რომ უფალი აგვიანებს ისრაელის შვილებთან მოსვლას.

3 და გულში არ გაივლოთ, რომ სიტყვები, რომლებიც ითქვა, არის ამაო, ვინაიდან, აჰა, უფალი გაიხსენებს თავის აღთქმას, რომელიც დადო თავის ხალხთან ისრაელის სახლიდან.

4 და როდესაც იხილავთ თქვენ შორის ამ სიტყვების მოსვლას, მაშინ უკვე აბუჩად ვეღარ აიგდებთ უფლის საქმეებს, ვინაიდან მახვილი მისი სამართლისა არის მის მარჯვენა ხელში; და აჰა, იმ დღეს, თუ აბუჩად აიგდებთ მის საქმეებს, იგი მოახდენს ისე, რომ ეს მახვილი მალე განგგმირავთ.

5 ვარამი მას, ვინც აბუჩად იგდებს უფლის საქმეებს, დიახ, ვარამი მას, ვინც უარყოფს ქრისტეს და მის საქმეებს!

6 დიახ, ვარამი მას, რომელიც უარყოფს უფლის გამოცხადებებს და იტყვის, რომ უფალი აღარ მოქმედებს გამოცხადებებით, წინასწარმეტყველებებით ან ძღვენით, ენებით, განკურნებით ან სულიწმინდის ძალით!

7 დიახ, ვარამი მას, რომელიც იმ დღეს იტყვის, რათა მიიღოს სარგებელი, რომ იესო ქრისტეს მიერ სასწაული ვეღარ მოხდება, ვინაიდან, ის, რომელიც ამას აკეთებს, დაღუპვის შვილივით გახდება, რომლისთვისაც არ იყო წყალობა, ქრისტეს სიტყვის შესაბამისად!

8 დიახ, აღარ დასცინოთ, აბუჩად აიგდოთ ან გაამასხარაოთ იუდეველები ან ისრაელის სახლის რომელიმე ნარჩენი; ვინაიდან აჰა, უფალს ახსოვს მათთვის დადებული აღთქმა და გაუკეთებს იმას, რაც დაიფიცა.

9 ამიტომ, ნუ გგონიათ, რომ უფლის მარჯვენა ხელს აქცევთ მარცხენად, რათა არ აღასრულოს განაჩენი იმ აღთქმის აღსასრულებლად, რომელიც მან ისრაელის სახლთან დადო.