წმინდა წერილი
3 ნეფი 26


თავი 26

იესო განმარტავს ყველაფერს, დასაბამიდან დასასრულამდე. ჩვილები და ბავშვები ლაპარაკობენ საოცარ სიტყვებს, რომლებიც ვერ ჩაიწერება. მათ, ვინც ქრისტეს ეკლესიაშია, საერთო აქვთ ყველაფერი. დაახლოებით 34 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და ახლა, იყო ასე: როდესაც იესომ მოყვა ეს ყველაფერი ამ სწავლებების შესახებ, მან შეკრებილთ ნათქვამი განუმარტა; და მან განუმარტა მათ ყველაფერი: დიდიც და მცირეც.

2 და მან უთხრა: ეს წმინდა წერილები, რომლებიც არ გქონდათ, მამამ ბრძანა, თქვენთვის გადმომეცა; რადგან ეს არის მისი სიბრძნე, რომ მომავალ თაობებს გადაეცეს.

3 და მან ყველაფერი განმარტა, დასაბამიდან იმ დრომდე, როდესაც იგი მოვა თავისი დიდებით – დიახ, ყოველივე ის, რაც უნდა მოხდეს დედამიწის პირზე, იქამდეც კი, როდესაც სტიქია დადნება მხურვალე სიცხისგან და დედამიწა გრაგნილივით დაიხვევა და ცა და დედამიწა გაქარწყლდება.

4 და იმ დიდსა და უკანასკნელ დღეს, როდესაც ყოველი ხალხი, ტომი, ერი და ენა წარსდგება ღმერთის წინაშე, რათა განიკითხონ საკუთარი საქმეებისთვის, თუნდაც იყოს კეთილი ან ბოროტი –

5 თუ იყვნენ კეთილნი – აღდგომისა და მარადიული სიცოცხლისაკენ; და თუ ისინი იყვნენ ბოროტნი – წყევლის აღდგომისკენ; რომლებიც არიან ერთმანეთის გვერდიგვერდ, ერთი – ერთ მხარეს, მეორე კი – მეორე მხარეს, წყალობის, სამართლისა და სიწმინდის შესაბამისად, რომელიც არის ქრისტეში, რომელიც იყო ამა ქვეყნის დასაბამიდან.

6 და ახლა, ვერ დაიწერება ამ წიგნში იმის მეასედიც კი, რასაც იესო ჭეშმარიტად ასწავლიდა ხალხს;

7 მაგრამ, აჰა, ნეფის ფირფიტები მოიცავს იმის დიდ ნაწილს, რასაც იგი ხალხს ასწავლიდა.

8 და მე ჩავიწერე იმის მცირე ნაწილი, რასაც იგი ხალხს ასწავლიდა; ჩავიწერე ყოველივე ეს იმ მიზნით, რომ ეს სწავლებები კვლავ გადაეცეს ამ ხალხს წარმართების მიერ, იმ სიტყვების შესაბამისად, რომლებიც იესომ ილაპარაკა.

9 და როდესაც მიიღებენ იმას, რაც საჭიროა უპირველეს ყოვლისა, რათა გამოსცადონ საკუთარი რწმენა და თუ მოხდება ასე, რომ ყოველივე ამას იწამებენ, მაშინ მათთვის უფრო დიდი რამ გახდება ცნობილი.

10 და თუ მოხდება ისე, რომ ამას არ იწამებენ, მაშინ, მათ განსასჯელად, უფრო დიდი რამ იქნება მათგან დაფარული.

11 აჰა, მზად ვიყავი დამეწერა ყოველივე ის, რაც ამოტვიფრული იყო ნეფის ფირფიტებზე, მაგრამ უფალმა ეს ამიკრძალა სიტყვებით: მე ჩემი ხალხის რწმენას გამოვცდი.

12 ამიტომ მე, მორმონი, ვწერ იმას, რაც უფალმა მიბრძანა. და ახლა, მე, მორმონი, ვასრულებ ჩემს სიტყვებს და ვიწყებ ყოველივე იმის წერას, რაც მიბრძანეს.

13 ამიტომ, მსურს, იცოდეთ: უფალი ჭეშმარიტად ასწავლიდა ხალხს სამი დღის განმავლობაში; და ამის შემდეგ ხშირად ეცხადებოდა მათ და უტეხავდა პურს, აკურთხებდა და ურიგებდა მათ.

14 და იყო ასე, რომ იგი ასწავლიდა და ემსახურებოდა შეკრებილთა შვილებს, რომელთა შესახებ ითქვა და გაუხსნა მათ ენა და ისინი უყვებოდნენ თავიანთ მამებს დიადსა და საოცარზე, იმაზე დიადზეც კი, რაც მან გაანდო ხალხს; და გაუხსნა მათ ენა, რათა ელაპარაკათ.

15 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც იგი ამაღლდა ზეცაში, როდესაც მეორეჯერ გამოეცხადა მათ და მამასთან წავიდა, მას შემდეგ, რაც განკურნა ყოველი მათი ავადმყოფი, კოჭლი და თვალი აუხილა მათ ბრმებს, გაუხსნა ყური მათ დაყრუებულთ, ყველანაირად განკურნა ისინი და მკვდრეთით აღადგინა ადამიანი და დაანახა მათ საკუთარი ძალა და ამაღლდა მამასთან –

16 აჰა, იყო ასე: მომდევნო დღეს მრავალნი შეიკრიბნენ ერთად და იხილეს და მოუსმინეს ამ ბავშვებს; დიახ, ჩვილებმაც კი გახსნეს პირი და ილაპარაკეს საოცარი სიტყვები; და რასაც ისინი ლაპარაკობდნენ, აკრძალული იყო, ვინმეს ჩაეწერა.

17 და იყო ასე, რომ მოწაფეები, რომლებიც იესომ აირჩია, იმ ჟამიდან მოყოლებული ნათლავდნენ და ასწავლიდნენ ყველას, ვინც მათთან მოდიოდა; და რომლებიც ინათლებოდნენ იესოს სახელით, სულიწმინდით იყვნენ აღვსილნი.

18 და მრავალმა მათგანმა იხილა და მოისმინა გამოუთქმელი, რისი ჩაწერაც არ შეიძლება.

19 და ისინი ერთმანეთს ასწავლიდნენ და ემსახურებოდნენ და საერთო ჰქონდათ ყველაფერი ერთმანეთში, ყოველი ადამიანი სამართლიანად ექცეოდა თავის მოყვასს.

20 და იყო ასე, რომ ყველაფერს აკეთებდნენ ისე, როგორც იესომ უბრძანა.

21 და მათ, ვინც იესოს სახელით ინათლებოდა, ქრისტეს ეკლესიას უწოდებდნენ.