წმინდა წერილი
3 ნეფი 13


თავი 13

იესო ნეფიელებს ასწავლის უფლის ლოცვას. მათ ზეცაში უნდა დაიუნჯონ საუნჯე. თორმეტ მოწაფეს უბრძანეს, თავიანთ მსახურებაში არ იზრუნონ მიწიერზე. შეადარეთ მათე 6. დაახლოებით 34 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: მსურს, ღარიბთათვის გასცეთ მოწყალება; მაგრამ ყურადღებით იყავით, ნუ გასცემთ მოწყალებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი მამისგან, რომელიც ზეცაშია.

2 ამიტომ, როდესაც მოწყალებას გასცემთ, ნუ გაახმაურებთ თქვენ წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

3 თქვენ კი, როდესაც მოწყალებას გასცემთ, თქვენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს თქვენი მარჯვენა;

4 რათა მოწყალება თქვენი დაფარულში იყოს; და მამათქვენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავთ ცხადად.

5 და როდესაც ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომლებსაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

6 თქვენ კი, როდესაც ლოცულობთ, შედით თქვენს ოთახში, ჩაიკეტეთ კარი და ილოცეთ თქვენი მამისადმი, დაფარულში მყოფი; და თქვენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავთ ცხადად.

7 ხოლო ლოცვის დროს ნუ გამოიყენებთ ამაო გამეორებებს კერპთაყვანისმცემელებივით, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან.

8 ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ.

9 თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი.

10 იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.

11 და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა.

12 და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

13 რადგან შენია სუფევა და ძალა და დიდება უკუნისამდე. ამინ.

14 ვინაიდან, თუ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი მამაზეციერი.

15 ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ თქვენი მამა.

16 ასევე, როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით თვალთმაქცთა მსგავსად მწუხარენი, ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

17 ხოლო თქვენ, როდესაც მარხულობთ, იცხეთ თავზე და დაიბანეთ პირი;

18 რათა ადამიანებს კი არ ეჩვენოთ მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას; და მამა თქვენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავთ ცხადად.

19 ნუ დაიუნჯებთ საუნჯეს მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს მას და სადაც ქურდები აღწევენ და იპარავენ;

20 არამედ დაიუნჯეთ საუნჯე ცაში, სადაც ვერც ჩრჩილი და ვერც ჟანგი სპობს და სადაც ქურდები ვერ აღწევენ და ვერ იპარავენ.

21 ვინაიდან, სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქვე იქნება.

22 სხეულის სანთელი არის თვალი. თუ თქვენი თვალი სუფთაა, მთელი თქვენი სხეულიც სინათლით იქნება სავსე.

23 ხოლო თუ თქვენი თვალი ბოროტია, მთელი თქვენი სხეულიც ბნელი იქნება. თუ კი ნათელი, რომელიც თქვენშია, სიბნელეა, რამდენად დიდი იქნება სიბნელე?

24 არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს; ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.

25 და ახლა, როდესაც იესომ წარმოთქვა ეს სიტყვები, მან შეხედა თორმეტს, რომელიც ამოირჩია და უთხრა: გახსოვდეთ ჩემ მიერ ნათქვამი სიტყვები. რადგან, აჰა, თქვენ ხართ, რომლებიც ამოგირჩიეთ, რათა ამ ხალხს ემსახუროთ. ამიტომ, გეუბნებით: არ იზრუნოთ საკუთარ ცხოვრებაზე, თუ რა ჭამოთ ან სვათ, არც თქვენს სხეულზე, თუ რითი შეიმოსოთ. განა ცხოვრება საზრდოზე მეტი არ არის, ან სხეული – სამოსელზე?

26 აჰა, შეხედეთ ცის ფრინველებს, ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ; და თქვენი მამაზეციერი ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?

27 რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?

28 და სამოსელზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან; არც შრომობენ, არც ართავენ;

29 მაგრამ გეუბნებით მე თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.

30 თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად შეგმოსავთ, თუ დიდი რწმენა გექნებათ.

31 ამიტომ, ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ, რა ვჭამოთ? ან რა ვსვათ? ან რით შევიმოსოთ?

32 ვინაიდან, თქვენმა მამაზეციერმა იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს.

33 არამედ თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე და ეს ყოველივე შეგემატებათ.

34 ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი.