წმინდა წერილი
3 ნეფი 14


თავი 14

იესო ბრძანებს: არ განიკითხოთ; ღმერთს სთხოვეთ; ერიდეთ ცრუ წინასწარმეტყველებს. იგი ჰპირდება ხსნას მათ, რომლებიც ასრულებენ მამის ნებას. შეადარეთ მათე 7. დაახლოებით 34 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც იესომ ილაპარაკა ეს სიტყვები, იგი კვლავ მოუბრუნდა შეკრებილთ, გახსნა ბაგე და კვლავ მიმართა სიტყვებით: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ნუ განიკითხავთ, რათა არ განგიკითხოთ.

2 ვინაიდან, რომელი განკითხვითაც განიკითხავთ, იმავეთი განიკითხებით თქვენ; და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ.

3 რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, ხოლო საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?

4 ან როგორ ეტყვი შენს ძმას: მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველიო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა?

5 თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე ნათლად დაინახავ, როგორ ამოიღო წველი შენი ძმის თვალიდან.

6 ნუ მისცემთ წმინდას ძაღლებსა და ნურც თქვენ მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.

7 ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ.

8 ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს; და ვინც ეძებს – ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს – გაეღება.

9 ან არის კი თქვენ შორის ისეთი კაცი, საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს?

10 ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს?

11 თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეცაში მყოფი მამა არ მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს?

12 ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.

13 შედით ვიწრო კარიბჭით; ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს და მრავალნი დადიან მასზე.

14 ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და მცირედნი ჰპოვებენ მას.

15 ერიდეთ ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.

16 მათი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკლიდან კრეფენ ყურძენს, ან კუროს თავიდან – ლეღვს?

17 ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა; ხოლო გახრწნილი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.

18 არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც ცუდ ხეს – კარგი ნაყოფის გამოღება.

19 ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.

20 ასე, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.

21 ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეცაში მყოფი მამის ნებას.

22 ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?

23 მაშინ მე განვუცხადებ მათ: მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ; გამშორდით, ურჯულოების ჩამდენნო.

24 ამიტომ, ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა –

25 და მოვიდა წვიმა და მოჰყვა წყალდიდობა, ამოვარდა ქარები და ეკვეთა იმ სახლს; ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.

26 ხოლო ყველა, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი –

27 და მოვიდა წვიმა და მოჰყვა წყალდიდობა, ამოვარდა ქარები და ეკვეთა იმ სახლს და ის დაეცა; და ძალზედ დიდი იყო მისი დაცემა.