წმინდა წერილი
3 ნეფი 23


თავი 23

იესო ადასტურებს ესაიას სიტყვებს. იგი ხალხს უბრძანებს, იკვლიონ წინასწარმეტყველები. ლამანიელი სამუელის სიტყვები აღდგომის შესახებ დაემატა მათ ჩანაწერებს. დაახლოებით 34 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და ახლა, აჰა, მე გეუბნებით, იკვლიონ ყოველივე ეს. დიახ, გაძლევთ მცნებას, რომ ბეჯითად იკვლიონ ისინი; რადგან დიადია ესაიას სიტყვები.

2 ვინაიდან ჭეშმარიტად ლაპარაკობდა ყველაფერს ჩემი ხალხის შესახებ, რომელიც ეკუთვნის ისრაელის სახლს; ამიტომ, აუცილებელია, რომ მან წარმართებსაც მიმართოს.

3 და ყოველივე, რაც ილაპარაკა, ახდა და ახდება იმ სიტყვების შესაბამისად, რაც მან ილაპარაკა.

4 ამიტომ, ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს; ჩაიწერეთ ყოველივე ის, რაც გითხარით; და მამის დროისა და ნების შესაბამისად ისინი წარმართებთან მივა.

5 და გადარჩება, ვინც ყურს დაუგდებს ჩემს სიტყვებს, მოინანიებს და მოინათლება. იკვლიეთ წინასწარმეტყველები, რადგან მრავალნი მოწმობენ ამის შესახებ.

6 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც იესომ ილაპარაკა ეს სიტყვები, მან კვლავ მიმართა მათ მას შემდეგ, რაც განუმარტა ყოველი წმინდა წერილი, რომელიც მიიღეს და უთხრა მათ: აჰა, მსურს, ჩაიწეროთ სხვა წმინდა წერილები, რომლებიც ჯერ არ ჩაგიწერიათ.

7 და იყო ასე, რომ მან უთხრა ნეფის: მომიტანე ის ჩანაწერები, რომლებსაც ინახავდით.

8 და როდესაც ნეფიმ მოიტანა ჩანაწერები და წინ დაუდო, მან თვალი შეავლო მათ და თქვა:

9 ჭეშმარიტად გეუბნებით, მე ვუბრძანე ჩემს მსახურს, ლამანიელ სამუელს, დაემოწმებინა ამ ხალხისთვის, რომ იმ დღეს, როდესაც მამა განადიდებს თავის სახელს ჩემში, იქნება მრავალი წმინდანი, რომელიც მკვდრეთით აღსდგება და მრავალთ გამოეცხადება და ემსახურება მათ. და მან ჰკითხა: განა ასე არ იყო?

10 და მისმა მოწაფეებმა უპასუხეს მას და უთხრეს: დიახ, უფალო, სამუელმა იწინასწარმეტყველა შენი სიტყვების შესაბამისად და ისინი ყველა ახდა.

11 და იესომ მათ უთხრა: როგორ არ ჩაიწერეთ ეს, რომ მრავალი წმინდანი აღდგა და გამოეცხადა მრავალს და მათ ემსახურა?

12 და იყო ასე, რომ ნეფის გაახსენდა, რომ ეს არ იყო ჩაწერილი.

13 და იყო ასე, რომ იესომ ბრძანა, რომ ეს ჩაეწერათ; ამიტომ, მისი ბრძანების შესაბამისად, ყოველივე ეს ჩაწერილ იქნა.

14 და ახლა, იყო ასე: როდესაც იესომ ერთბაშად განმარტა ყველა წმინდა წერილი, რომელიც მათ ჩაიწერეს, მან უბრძანა, ესწავლებინათ ის, რაც მან განუმარტა.