წმინდა წერილი
3 ნეფი 17


თავი 17

იესო მიმართავს ხალხს, იმსჯელონ მის სიტყვებზე და ილოცონ, რათა ჩასწვდნენ მათ. იგი განკურნავს მათ ავადმყოფებს. იგი ლოცულობს ხალხისთვის ისეთი სიტყვებით, რომლებიც ვერ დაიწერება. მათ პატარებს ანგელოზები ემსახურებიან და ცეცხლი გარს არტყამთ. დაახლოებით 34 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 აჰა, ახლა იყო ასე, რომ როდესაც იესომ ეს სიტყვები წარმოთქვა, მან გარშემო შეკრებილთ თვალი შეავლო და მათ მიმართა: აჰა, ჩემი დრო მოახლოვდა.

2 ვხედავ, რომ ხართ სუსტნი, ვერ ჩასწვდით ჩემს ყოველ სიტყვას, რომელიც ამჟამად მამის ბრძანებით უნდა გითხრათ.

3 ამიტომ, წადით თქვენს სახლებში და იმსჯელეთ ყოველივე იმაზე, რაც გითხარით და სთხოვეთ მამას ჩემი სახელით, ჩასწვდეთ მათ და მოამზადეთ გონება ხვალისთვის და მე კვლავ მოვალ თქვენთან.

4 მაგრამ, ახლა მამასთან მივდივარ და ასევე ისრაელის დაკარგულ ტომებს უნდა გამოვეცხადო, რადგან ისინი არ არიან მამისთვის დაკარგულნი, რამეთუ მან იცის, სად წაიყვანა ისინი.

5 და იყო ასე, რომ როდესაც იესომ ეს ილაპარაკა, მან კვლავ თვალი შეავლო გარშემო შეკრებილთ და იხილა, რომ იყვნენ აცრემლებულნი და დაჟინებით შესცქეროდნენ მას, თითქოს სთხოვდნენ, რომ კიდევ ცოტა ხნით დარჩენილიყო მათთან.

6 და მან უთხრა: აჰა, შიგნეულობა ამევსო სიბრალულით თქვენ მიმართ.

7 არიან თქვენ შორის ავადმყოფნი? აქ მოიყვანეთ. არიან თქვენ შორის ხეიბარნი, ბრმანი ან კოჭლნი, დასახიჩრებულნი, კეთროვანნი ან ჩამომხმარნი, დაყრუებულნი ან რაიმეთი დაავადებულნი? აქ მოიყვანეთ, მე განვკურნავ, რადგან მოწყალებას ვგრძნობ თქვენ მიმართ, შიგნეულობა ჩემი წყალობით არის აღვსილი.

8 რადგან ვხედავ, რომ გსურთ განახოთ ის, რაც გავუკეთე თქვენს ძმებს იერუსალიმში, ვინაიდან ვხედავ, თქვენი რწმენა საკმარისია, რათა განგკურნოთ.

9 და იყო ასე, რომ როდესაც მან ეს წარმოთქვა, შეკრებილებმა ერთად მიიყვანეს თავიანთი ავადმყოფნი, გაჭირვებულნი და ხეიბარნი, თავიანთი ბრმანი და მუნჯნი და ყველანი, ვინც რაიმეთი დაავადებული იყო და მან განკურნა ყოველი მათგანი, როდესაც მასთან მიიყვანეს.

10 და მათ, რომლებიც განიკურნენ და რომლებიც იყვნენ ჯანმრთელნი, მის ფერხთით მუხლი მოიყარეს და ეთაყვანნენ მას; და ყოველმა, ვინც შეძლო ხალხის ბრბოდან გამოსვლა, ფეხებზე ემთხვია, ისე რომ ცრემლებით ფეხები დაბანეს მას.

11 და იყო ასე, რომ მან ბრძანა, მოეყვანათ პატარა ბავშვები.

12 ასე რომ, მათ მოიყვანეს პატარა ბავშვები და მის გარშემო მიწაზე დასვეს და იესო შუაში იდგა და შეკრებილებმა გზა დაუთმეს, სანამ მასთან ყველა არ მოიყვანეს.

13 და იყო ასე, რომ, როდესაც ყველა მოიყვანეს და იესო იდგა მათ შორის, მან უბრძანა შეკრებილთ, რომ მიწაზე მუხლი მოეყარათ.

14 და იყო ასე, რომ როდესაც მიწაზე მოიყარეს მუხლი, იესომ ამოიოხრა გულში და თქვა: მამაო, ისრაელის სახლის ხალხის სიბოროტის გამო ვღელავ.

15 და როდესაც წარმოთქვა ეს სიტყვები, თვითონაც მოიყარა მუხლი მიწაზე და აჰა, ილოცა მამისადმი და ის, რაც ილოცა, ვერ დაიწერება და შეკრებილები, რომლებიც მას უსმენდნენ, იყვნენ ამის მოწმენი.

16 და ამგვარად, ისინი მოწმობენ: არც თვალს უნახავს ოდესმე, არც ყურს სმენია მანამდე, ისეთი დიადი და საოცარი რამ, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ, რასაც იესო მამას ეუბნებოდა;

17 და ვერცერთ ენაზე ვერ ითქმის და ვერცერთი ადამიანი ვერ დაწერს, არც ადამიანთა გულს შეუძლია წარმოიდგინოს ის დიადი და საოცარი რამ, რაც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ იესოს საუბრისას; და ვერავინ წარმოიდგენს იმ სიხარულს, რომლითაც აღივსო ჩვენი სულები იმ დროს, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ, რასაც იგი ჩვენთვის ლოცულობდა მამისადმი.

18 და იყო ასე, რომ როდესაც იესომ დაასრულა მამისადმი ლოცვა, იგი წამოდგა, მაგრამ იმდენად დიდი იყო შეკრებილთა სიხარული, რომ ძალა გამოეცალათ.

19 და იყო ასე, რომ იესომ მათ მიმართა და უთხრა, წამომდგარიყვნენ.

20 ისინი წამოდგნენ მიწიდან და მან მიმართა: კურთხეულნი ხართ თქვენი რწმენისთვის და ახლა სრულია ჩემი სიხარული.

21 და ამ სიტყვების თქმისას, მან იტირა და შეკრებილები იყვნენ ამის მოწმენი და სათითაოდ აიყვანა მან მათი პატარა ბავშვები და აკურთხა ისინი და ლოცულობდა მათთვის მამისადმი.

22 და როდესაც მან ეს დაასრულა, კვლავ იტირა;

23 და მან მიმართა შეკრებილთ და უთხრა მათ: შეხედეთ თქვენს პატარებს.

24 და როდესაც მათ შეხედეს, რათა ეხილათ, მათ ზეცისკენ აღაპყრეს თვალები და იხილეს: ზეცა გაიხსნა და ანგელოზები ეშვებოდნენ ზეციდან, ვითარცა ცეცხლის შუაგულში; და დაეშვნენ ისინი და გარს შემოერტყნენ პატარებს და ისინი ცეცხლით იყვნენ გარშემორტყმულნი; და ანგელოზები მათ ემსახურებოდნენ.

25 და შეკრებილებმა იხილეს და მოისმინეს და მოწმენი იყვნენ; და იციან, რომ დამოწმება მათი არის ჭეშმარიტი, ვინაიდან ყოველმა მათგანმა იხილა და მოისმინა, ყოველმა ადამიანმა თავისთვის; და ისინი იყვნენ დაახლოებით, ორი ათას ხუთასი სული და იქ იყვნენ კაცები, ქალები და ბავშვები.