წმინდა წერილი
3 ნეფი 22


თავი 22

უკანასკნელ დღეს დაარსდება სიონი და მისი პალოები და ისრაელი შეიკრიბება შეწყალებითა და ალერსით. ისინი იზეიმებენ. შეადარეთ ესაია 54. დაახლოებით 34 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და მაშინ ახდება ის, რაც წერია: გაიხარე, ბერწო; ვისაც არასდროს არ გიშობია, შემოსძახე სიმღერა და ხმამაღლა შეჰღაღადე, უტანჯველო მშობიარობით; რადგან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, – ამბობს უფალი.

2 გააფართოვე ადგილი შენი კარვისა და დაჭიმე ფარდები შენი საცხოვრებლისა; ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი საბელები და შენი პალოები გაამაგრე;

3 რადგან მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი, შენი შთამომავლები წარმართებს დაიპყრობენ და უკაცრიელ ქალაქებს დაასახლებენ.

4 ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები, არც შეცბები, რადგან აღარ შეგრცხვება, რადგან სიყმაწვილის სირცხვილს დაივიწყებ და არ გაიხსენებ სიყმაწვილის დროინდელ საყვედურსა და შენი ქვრივობის სირცხვილს აღარ გაიხსენებ.

5 რადგან შენი შემქმნელი – შენი ქმარია, ცაბაოთ უფალია მისი სახელი; და შენი გამომსყიდველი – ისრაელის წმინდა – მთელი ქვეყნის ღმერთად იწოდება.

6 რადგან უფალმა მოგიხმო, როგორც მიტოვებული ქალი და სულგამწარებული, როგორც სიყმაწვილის ცოლი, როდესაც შეძულებული იყავი, – ამბობს შენი ღმერთი.

7 წამიერად მყავდი მიტოვებული და დიდი მოწყალებით შეგკრებ შენ.

8 მცირე რისხვისას დაგიმალე სახე წამიერად, მაგრამ მარადიული წყალობით შეგიწყალებ, – ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი.

9 რადგან ეს ჩემთვის ნოეს წყლებივით არის, როგორც დავიფიცე, რომ ნოეს წყლები აღარ გადაუვლიან მეტად დედამიწას, ასევე დავიფიცე, რომ არ განვრისხდები შენზე.

10 რადგან მთები დაიძვრება და ბორცვები შეირყევა, ჩემი წყალობა კი არ დაიხევს უკან შენგან, არც ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა, – ამბობს შენი მოწყალე უფალი.

11 გაჭირვებულო, ქარნაცემო და უნუგეშო! აჰა, მე დავაწყობ შენს ქვებად ანთრაკსს და შენი საფუძვლები საფირონი იქნება.

12 და გავაკეთებ ბადახშით შენს ქონგურებს და შენს ჭიშკრებს ლალის ქვებით და შენს ყველა ზღუდეს – ძვირფასი ქვებით.

13 შენი ყველა შვილი უფლისგან განსწავლული იქნება; და დიდი იქნება შენს შვილთა მშვიდობა.

14 სიმართლით დაფუძნდები; შორს იქნები ჩაგვრისგან, რადგან არ შეგეშინდება და ძრწოლისაგანაც შორს იქნები, რადგან იგი არ მოგიახლოვდება შენ.

15 აჰა, შეიკრიბებიან ერთად შენ წინააღმდეგ, არა ჩემგან; ვინც შეიკრიბება შენ წინააღმდეგ, შენ წინ დაეცემა.

16 აჰა, მე გავაჩინე მჭედელი, რომელიც აღვივებს ცეცხლში ნახშირს; და გამოჰყავს იარაღი თავისი საქმისთვის; და მე გავაჩინე დამანგრეველი დასაღუპავად.

17 შენ წინააღმდეგ დამზადებული არცერთი იარაღი არ იქნება წარმატებული; და ყოველ ენას, რომელიც შენ წინააღმდეგ წარსდგება სამსჯავროზე, შენ დაადანაშაულებ. ეს არის ხვედრი უფლის მსახურთა და მათი გამართლება ჩემგან არის, – ამბობს უფალი.