თავი 11
ნეფი სთხოვს უფალს, შეცვალოს ომი შიმშილით. იღუპება მრავალი ადამიანი. ისინი ინანიებენ და ნეფი უფალს წვიმის მოსვლას სთხოვს. ნეფი და ლეხი მიიღებენ მრავალ გამოცხადებას. მიწაზე მძლავრდებიან გადიანტონის მძარცველები. დაახლოებით 20–6 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და ახლა, იყო ასე: მოსამართლეთა მმართველობის სამოცდამეთორმეტე წელს განხეთქილებები იმდენად გამწვავდა, რომ მთელ მიწაზე, ნეფის მთელ ხალხში, ომები იყო.
2 და ეს იყო მძარცველების საიდუმლო დაჯგუფება, რომელიც ეწეოდა ამ განადგურებისა და სიბოროტის საქმიანობას. და ეს ომი გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში; და სამოცდამეცამეტე წელსაც გრძელდებოდა.
3 და იყო ასე, რომ იმ წელს ნეფიმ უფალს შეჰღაღადა სიტყვებით:
4 უფალო, ნუ დაუშვებ, რომ ეს ხალხი მახვილით განადგურდეს; თუმცა, უფალო, ჯობია, მიწაზე იყოს შიმშილობა, რათა გაღვივდეს მათში თავიანთი უფლის, ღმერთის, ხსოვნა და ეგებ მოინანიონ და შენკენ მობრუნდნენ.
5 და ასეც მოხდა, ნეფის სიტყვების შესაბამისად. და მიწას მოედო დიდი შიმშილობა, ნეფის მთელ ხალხს. და ამგვარად, სამოცდამეთოთხმეტე წელსაც შიმშილობა გრძელდებოდა და მახვილით განადგურება შეწყდა, მაგრამ გამწვავდა შიმშილობით.
6 და განადგურების ეს საქმე გრძელდებოდა სამოცდამეთხუთმეტე წელს. რადგან მიწას სასჯელი დაატყდა და იყო გვალვა და ხორბლის მკის ჟამს არ მოდიოდა მოსავალი; დიახ, მთელი მიწა იყო დასჯილი, როგორც ლამანიელებს შორის, ასევე ნეფიელებთან, ისე იყვნენ დასჯილნი, რომ ათასობით იღუპებოდნენ მიწის ბოროტ მხარეებში.
7 და იყო ასე: ხალხმა იხილა, რომ ლამის შიმშილისგან იღუპებოდნენ და იწყეს უფლის, თავიანთი ღმერთის, გახსენება; და დაიწყეს ნეფის სიტყვების გახსენება.
8 და ხალხმა ვედრება დაუწყო თავის მთავარ მოსამართლეებსა და წინამძღვრებს, რომ ნეფისთვის ეთქვათ: აჰა, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთის კაცი ხარ და ამიტომ შეჰღაღადე უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ აგვაცილოს ეს შიმშილი, რათა არ ახდეს ყოველი ის სიტყვა, რომელიც შენ ილაპარაკე ჩვენი განადგურების შესახებ.
9 და იყო ასე: მოსამართლეებმა ნეფის მიმართეს, იმ სასურველი სიტყვებისამებრ; და იყო ასე, რომ როდესაც ნეფიმ იხილა, რომ ხალხმა მოინანია და თავი დაიმდაბლა ძაძებში, კვლავ შეჰღაღადა უფალს სიტყვებით:
10 უფალო, აჰა, ეს ხალხი ინანიებს; და მათ თავიანთი წიაღიდან გააძევეს გადიანტონის რაზმი ისე, რომ ისინი ამოწყდნენ და მიწაში წაიღეს თავიანთი საიდუმლო გეგმები.
11 ახლა, უფალო, მათი თავმდაბლობის გამო, შენი რისხვა აარიდე მათ, დაე, დაშოშმინდეს შენი რისხვა იმ ბოროტ ადამიანთა მოსპობით, რომლებიც უკვე გაანადგურე.
12 უფალო, აარიდე შენი რისხვა, დიახ, შენი საშინელი რისხვა და ბრძანე, რომ მიწაზე ეს შიმშილი შეწყდეს.
13 უფალო, შეისმინე ჩემი და ბრძანე, მოხდეს ჩემი სიტყვებისამებრ და მიწის პირზე წვიმა მოავლინე, რათა მოისხას ნაყოფი და ხორბლის მკის ჟამს – ხორბლის მოსავალი.
14 უფალო, შენ შეისმინე ჩემი სიტყვები, როდესაც ვთქვი: დაე, იყოს შიმშილი, რათა მახვილით მოვლენილი ჭირი შეწყვეტილიყო; და ვიცი, რომ ახლაც, ამ დროსაც კი, შეისმენ ჩემს სიტყვებს, რადგან ნათქვამი გაქვს: თუ ეს ხალხი მოინანიებს, მე მათ დავინდობ.
15 დიახ, უფალო, შენ ხედავ, რომ მოინანიეს შიმშილის, ჭირისა და განადგურების გამო, რომელიც მათ დაატყდათ.
16 და ახლა, უფალო, აარიდე შენი რისხვა და კვლავ გამოსცადე ისინი, კვლავ თუ გემსახურებიან; და თუ ასე იქნება, უფალო, შეგიძლია აკურთხო ისინი შენი სიტყვებისამებრ, როგორც გაქვს ნაბრძანები.
17 და იყო ასე: სამოცდამეთექვსმეტე წელს უფალმა აარიდა რისხვა ხალხს და დაუშვა, რომ მიწაზე წვიმა მოსულიყო ისე, რომ მოსავლის ჟამს მათ ნაყოფი მოეწიათ. და იყო ასე, რომ ხორბლის მკის ჟამს ხორბლის მოსავალი მოვიდა.
18 და აჰა, ხალხმა გაიხარა და ღმერთი ადიდა და მთელი მიწის პირი სავსე იყო სიხარულით და აღარ ცდილობდნენ ნეფის განადგურებას, არამედ პატივს სცემდნენ, როგორც დიდ წინასწარმეტყველსა და ღმერთის კაცს, ღმერთისგან ნაბოძები დიდი ძალისა და უფლებამოსილების მქონეს.
19 და აჰა, ლეხი, მისი ძმა, არაფრით არ ჩამორჩებოდა მას იმაში, რაც სამართლიანობას ეხებოდა.
20 და ასე იყო, რომ ნეფის ხალხმა კვლავ იწყო მიწაზე აყვავება და დაიწყო თავისი გაპარტახებული ადგილების აღმშენებლობა, გამრავლება და გავრცელება, სანამ არ მოიცვეს მთელი მიწის პირი, ჩრდილოეთით და სამხრეთით, დასავლეთ ზღვიდან აღმოსავლეთ ზღვამდე.
21 და იყო ასე: სამოცდამეთექვსმეტე წელი მშვიდობით დასრულდა. და სამოცდამეჩვიდმეტე წელი დაიწყო მშვიდობიანად და ეკლესია გავრცელდა მთელი იმ მიწის პირზე; და ხალხის უმეტესი ნაწილი ნეფიელებისა და ლამანიელების ეკლესიას მიეკუთვნებოდა; და დიდი მშვიდობა ჰქონდათ მიწაზე; და ასე დასრულდა სამოცდამეჩვიდმეტე წელი.
22 და ასევე სამოცდამეთვრამეტე წელშიც მათთან მშვიდობა იყო, გარდა რამდენიმე განხეთქილებისა, რომლებიც იყო წინასწარმეტყველთა მოძღვრებების საკითხების შესახებ.
23 და სამოცდამეცხრამეტე წელი დაიწყო დიდი დაპირისპირებით. მაგრამ, იყო ასე, რომ ნეფი, ლეხი და მრავალი მათი ძმა, რომლებმაც იცოდნენ მოძღვრების ჭეშმარიტი დედაარსი, ჰქონდათ რა ყოველდღიურად მრავალი გამოცხადება, უქადაგებდნენ ხალხს, ისე რომ მათ, იმავე წელს, შეწყვიტეს დაპირისპირება.
24 და იყო ასე, რომ ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის მეოთხმოცე წელს, იქ იყო ნეფის ხალხის განდგომილთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც რამდენიმე წლით ადრე ლამანიელებთან გადავიდა და საკუთარ თავზე აიღო ლამანიელთა სახელი და იმ განდგომილებმა ლამანიელთა გარკვეულ რაოდენობაში, რომლებიც იყვნენ ლამანიელთა პირდაპირი შთამომავლები, წყრომა გააღვივეს, ამიტომ, მათ ომი დაიწყეს თავიანთ ძმებთან.
25 და ისინი ხოცავდნენ და ძარცვავდნენ; და შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ მთებში, უდაბნოებსა და საიდუმლო ადგილებს აფარებდნენ თავს, რათა შეუძლებელი ყოფილიყო მათი პოვნა და ყოველდღიურად ივსებოდა მათი რიგები, რადგან იყვნენ განდგომილები, რომლებიც მათთან მიდიოდნენ.
26 და ასე, დროთა განმავლობაში, რამდენიმე წელიწადში, ისინი იქცნენ მძარცველების დიდ დაჯგუფებად და შეიტყეს გადიანტონის ყველა საიდუმლო გეგმა და გადიანტონის მძარცველებად იქცნენ.
27 ახლა, აჰა, მძარცველებმა მოახდინეს დიდი აოხრება, დიახ, დიდი განადგურება გამოიწვიეს ნეფის ხალხში და ასევე ლამანიელთა ხალხში.
28 და იყო ასე, რომ საჭირო გახდა, შეეჩერებინათ ეს გამანადგურებელი საქმე; ამიტომ, გააგზავნეს ძლიერი მამაკაცებისგან შემდგარი ჯარი უდაბნოში და მთებში, რათა მოეძებნათ მძარცველების ეს დაჯგუფება და გაენადგურებინათ იგი.
29 მაგრამ, აჰა, იყო ასე, რომ იმავე წელს ისინი უკუაგდეს, საკუთარ მიწებზეც კი. და ასე დასრულდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის მეოთხმოცე წელი.
30 და იყო ასე, რომ ოთხმოცდამეერთე წლის დასაწყისში მათ კვლავ გაილაშქრეს ამ მძარცველების დაჯგუფების წინააღმდეგ და მრავალი გაანადგურეს; და თავადაც იწვნიეს დიდი განადგურება.
31 და ისინი კვლავ იძულებულნი გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ უდაბნოსა და მთებიდან საკუთარ მიწებზე, იმ მძარცველთა ძალზედ დიდი რაოდენობის გამო, რომლებითაც სავსე იყო მთები და უდაბნო.
32 და იყო ასე, რომ ასე დასრულდა ეს წელი. და მძარცველები კვლავ მატულობდნენ და ძლიერდებოდნენ, ისე რომ მათ არაფრად ჩააგდეს ნეფიელთა მთელი ჯარი და არც ლამანიელებისა; და მათ დიდი შიში გამოიწვიეს ადამიანებში მთელი მიწის პირზე.
33 დიახ, ისინი ესხმოდნენ მიწის მრავალ კუთხეს და ანადგურებდნენ მათ; დიახ, ხოცავდნენ მრავალს და დანარჩენებს ტყვედ იტაცებდნენ უდაბნოში, დიახ, განსაკუთრებით მათ ქალებსა და ბავშვებს.
34 ახლა, ამ დიდმა ბოროტებამ, რომელიც ამ ხალხს თავს დაატყდა თავიანთი ურჯულოებისთვის, მათში გააღვივა უფლის, თავიანთი ღმერთის, ხსოვნა.
35 და ასე დასრულდა მოსამართლეთა მმართველობის ოთხმოცდამეერთე წელი.
36 და ოთხმოცდამეორე წელს მათ კვლავ დაიწყეს უფლის, თავიანთი ღმერთის, დავიწყება. და ოთხმოცდამესამე წელს დაიწყეს ურჯულოებაში ჩაფლობა. და ოთხმოცდამეოთხე წელს არ გამოასწორეს თავიანთი ზნე-ჩვეულება.
37 და იყო ასე: ოთხმოცდამეხუთე წელს ისინი სულ უფრო მეტად და მეტად ეფლობოდნენ საკუთარ ამპარტავნობაში და სიბოროტეში; და ამგვარად, ისინი მწიფდებოდნენ განადგურებისათვის.
38 და ასე დასრულდა ოთხმოცდამეხუთე წელი.