თავი 12
ადამიანები არიან მერყევნი, უგუნურნი და სწრაფნი ბოროტების ჩადენაში. უფალი განკიცხავს თავის ხალხს. ღმერთის ძალას ადარებენ ადამიანთა არარაობას. განკითხვის დღეს ადამიანები მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს ან მარადიულ წყევლას. დაახლოებით 6 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და ასე, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ, თუ როგორი ყალბი და მერყევია ადამიანის შვილთა გულები; დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ, რომ უფალი, თავისი დიდი უსაზღვრო სიკეთით, აკურთხებს და ააყვავებს მათ, რომლებიც მას ანდობენ სასოებას.
2 დიახ, და ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ, იმ დროსაც კი, როდესაც იგი ააყვავებს თავის ხალხს, დიახ, მოუმატებს მათ მინდვრებს, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელს, ოქროსა და ვერცხლს და ყველანაირ ძვირფასეულობებს ყოველგვარი სახეობისა და ნიმუშის; ანდობს რა მათ სიცოცხლეს, მათ მტრის ხელიდან გამოხსნით; მტრის გულის მოლბობით, ომი რომ არ გამოუცხადონ; დიახ, მოკლედ, ყველაფერს აკეთებს თავისი ხალხის კეთილდღეობისათვის და ბედნიერებისთვის; დიახ, და ამ დროსაც კი, ისინი გულს იქვავებენ და ივიწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს და ფეხქვეშ თელავენ წმინდას; დიახ, ეს მათი სიმშვიდისა და ძალზედ დიდი აყვავების გამო.
3 და ამგვარად ვხედავთ, რომ თუ უფალი არ განკიცხავს თავის ხალხს მრავალი გაჭირვებით, თუ არ მოევლინება მათ სიკვდილითა და საშინელებით, შიმშილითა და ყველანაირი ჭირით, იგი მათ არ ეხსომებათ.
4 როგორი უგუნურნი, ამაონი, ბოროტნი და ეშმაკისეულნი და როგორი სწრაფნი არიან ურჯულოების ჩადენაში და როგორი ზანტნი სიკეთის კეთებაში ადამიანთა შვილები; დიახ, როგორ სწრაფნი არიან ყურის დაგდებაში იმ ბოროტის სიტყვებისადმი და გულის მიმართვაში ამქვეყნიური ამაოებისკენ!
5 დიახ, როგორ სწრაფნი არიან ამპარტავნობაში აღზევებით; დიახ, როგორი სწრაფნი არიან კვეხნაში და ყველაფრის კეთებაში, რაც არის ურჯულოება; და როგორ ზანტნი არიან უფლის, თავიანთი ღმერთის, გახსენებაში და მისი რჩევისადმი ყურის დაგდებაში, დიახ, როგორი ზანტნი იმისთვის, რომ იარონ სიბრძნის ბილიკით!
6 აჰა, მათ არ სურთ, რომ უფალი, მათი ღმერთი, რომელმაც ისინი შექმნა, არ ყოფილიყო მათი მეფე და მმართველი; მათ მიმართ მისი დიდი სიკეთისა და წყალობის მიუხედავად, მის რჩევას არაფრად აგდებენ და არ სურთ, რომ იგი იყოს მათი წინამძღოლი.
7 რაოდენ დიდია ადამიანთა შვილების არარაობა; დიახ, მიწის მტვერზე ნაკლებიც კი არიან.
8 რადგან, აჰა, მიწის მტვერი მოძრაობს აქეთ-იქეთ, რათა გაიფანტოს გვერდებზე ჩვენი დიდი და მარადიული ღმერთის ბრძანებით.
9 დიახ, აჰა, მისი ხმისგან კანკალებენ და ზანზარებენ გორაკები და მთები.
10 და მისი ხმის ძალით ინგრევიან და მიწასთან სწორდებიან, დიახ, ვითარცა ველი.
11 დიახ, მისი ხმის ძალით მთელი დედამიწა ზანზარებს;
12 დიახ, მისი ხმის ძალით ზანზარებს მისი ფუძე, თვით შუაგულამდეც.
13 დიახ, თუ დედამიწას ეტყვის: დაიძარი – იგი დაიძრება.
14 დიახ, თუ იგი ეტყვის დედამიწას: უკან წადი, რათა დღე გაიზარდოს მრავალი საათით – ასეც მოხდება;
15 და ასე, ამ სიტყვის შესაბამისად, დედამიწა უკან დატრიალდება და ადამიანს მოეჩვენება, რომ მზე გაჩერდა; დიახ, აჰა, ეს არის ასე; ნამდვილად, დედამიწა მოძრაობს და არა მზე.
16 და აჰა, ასევე, თუ ეტყვის დიდი სიღრმის წყლებს: გაშრით – ასეც მოხდება.
17 აჰა, თუ ამ მთას ეტყვის: აიწიე, მოდი და ამ ქალაქს დაეცი, რათა ის დაიმარხოს – აჰა, ასეც მოხდება.
18 და აჰა, თუ ადამიანი მიწაში დამალავს განძს და უფალი იტყვის: – დაე, წყეულ იყოს ის, მისი დამმალავის ურჯულოებისთვის, – აჰა, ის იქნება დაწყევლილი.
19 და თუ უფალი იტყვის: წყეულ იყავ, რომ ვერავინ ვერ გიპოვოს, ამიერიდან უკუნისამდე – აჰა, ვერავინ ვერ მიიღებს მას, ამიერიდან უკუნისამდე.
20 და აჰა, თუ უფალი ადამიანს ეტყვის: შენი ურჯულოებისთვის წყეული იქნები სამუდამოდ – ასეც იქნება.
21 და თუ უფალი იტყვის: შენი ურჯულოებისთვის მოკვეთილ იქნები ჩემი გარემოცვიდან – იგი ასე მოახდენს.
22 და ვარამი მას, ვისაც ამას ეტყვის, რადგან ეს იქნება მისთვის, რომელიც ურჯულოებას სჩადის და ვერ გადარჩება; ამიტომ, იმისათვის, რომ ადამიანი გადარჩეს, გამოცხადდა მონანიება.
23 ამიტომ, კურთხეულნი არიან ისინი, რომლებიც ინანიებენ და ყურს დაუგდებენ უფლის, თავიანთი ღმერთის, ხმას, რადგან ისინი გადარჩებიან.
24 დაე, მოგვცეს ღმერთმა თავისი დიადი სისავსით, რომ ადამიანები მიყვანილ იქნენ მონანიებამდე და კეთილ საქმეებამდე, რათა მადლისთვის მადლით აღდგნენ, თავიანთი საქმეების შესაბამისად.
25 და მსურს, რომ ყოველი ადამიანი გადარჩეს. მაგრამ ჩვენ ვკითხულობთ, რომ დიდსა და უკანასკნელ დღეს ზოგიერთნი იქნებიან გაძევებულნი, დიახ, უფლის გარემოცვიდან იქნებიან მოკვეთილნი.
26 დიახ, რომლებიც განწირულნი იქნებიან მარადიული უბედურებისთვის, აღასრულებენ სიტყვებს, რომლებიც ამბობენ: რომლებიც სიკეთეს აკეთებდნენ, მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს; და რომლებიც სჩადიოდნენ ბოროტებას, მიიღებენ მარადიულ წყევლას. და ეს არის ასე. ამინ.