წმინდა წერილი
ჰელამანი 9


თავი 9

მაცნეები პოულობენ მთავარ მოსამართლეს, მოკლულს, თავის სავარძელთან. მათ ატყვევებენ და მოგვიანებით ათავისუფლებენ. ნეფი შთაგონებით ამოიცნობს სეანტუმს, როგორც მკვლელს. ზოგიერთნი ნეფის აღიქვამენ, როგორც წინასწარმეტყველს. დაახლოებით 23–21 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 აჰა, იყო ასე: როდესაც ნეფიმ ეს სიტყვები წარმოთქვა, ზოგიერთნი, რომლებიც იყვნენ მათ შორის, გაიქცნენ მოსამართლის სავარძლისკენ; დიახ, ხუთნი იყვნენ, რომლებიც წავიდნენ და მიმავალნი, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ:

2 აჰა, ახლა ნამდვილად გავიგებთ, არის თუ არა ეს კაცი წინასწარმეტყველი და თუ აქვს ღმერთისგან ნაბრძანები, რომ გვიწინასწარმეტყველოს ასეთი საოცრებანი. აჰა, არ გვჯერა, რომ მას ნაბრძანები აქვს; დიახ, არ გვჯერა, რომ იგი არის წინასწარმეტყველი; მიუხედავად ამისა, თუ მართალი აღმოჩნდა ყველაფერი, რაც მან ილაპარაკა მთავარ მოსამართლეზე, რომ იგი მოკლეს, მაშინ დავიჯერებთ, რომ მის მიერ ნათქვამი დანარჩენი სიტყვებიც ჭეშმარიტია.

3 და იყო ასე: ისინი მთელი ძალით გარბოდნენ და მოსამართლის სავარძელთან მიირბინეს; და აჰა, მთავარი მოსამართლე მიწაზე დაცემულიყო და საკუთარ სისხლში იწვა.

4 და ახლა, აჰა, როდესაც ეს იხილეს, ისინი ძალზედ გაოცდნენ, იმდენად, რომ მიწაზე დაეცნენ; რადგან არ სწამდათ იმ სიტყვების, რომლებიც ნეფიმ მთავარი მოსამართლის შესახებ თქვა.

5 მაგრამ ახლა, როდესაც იხილეს, დაიჯერეს და ისინი შიშმა მოიცვა, რომ ყველა განაჩენი, რომელზეც ნეფი ლაპარაკობდა, არ მოსულიყო ხალხზე; ამიტომ აკანკალდნენ და მიწაზე დაეცნენ.

6 ახლა, დაუყოვნებლივ, მოსამართლის მკვლელობის შემდეგ, იყო რა იგი მოკლული საიდუმლოდ გადაცმული საკუთარი ძმის მიერ, რომელიც გაიქცა, მოსამსახურეები კი გაიქცნენ და ხალხს უთხრეს და დაიწყეს მათ შორის გოდება მკვლელობის შესახებ;

7 და აჰა, ხალხი შეიკრიბა მოსამართლის სავარძელთან და აჰა, მათდა გასაოცრად, იხილეს ხუთი ადამიანი, რომელნიც მიწაზე გართხმულიყვნენ.

8 და ახლა, ხალხმა არაფერი იცოდა იმ მრავალ ადამიანზე, რომელნიც ნეფის ბაღთან შეიკრიბნენ; ამიტომ, ერთმანეთში ამბობდნენ: ესენი არიან, რომლებმაც მოსამართლე მოკლეს და ღმერთმა განგმირა, რათა ჩვენგან ვერ გაქცეულიყვნენ.

9 და იყო ასე, რომ მათ შეიპყრეს ისინი, შებოჭეს და საპყრობილეში ჩაყარეს. და შემოგარენში გაავრცელეს ამბავი, რომ მოსამართლე მოკლული იყო და რომ მკვლელები შეიპყრეს და საპყრობილეში ჩაყარეს.

10 და იყო ასე: მომდევნო დღეს ხალხი ერთად შეიკრიბა, რათა ეგლოვათ და ემარხულათ დიდი მთავარი მოსამართლის დასაფლავებაზე, რომელიც მოკლულ იქნა.

11 და ის მოსამართლეები, რომლებიც იყვნენ ნეფის ბაღში და მოისმინეს მისი სიტყვები, ასევე შეიკრიბნენ ერთად დასაფლავებაზე.

12 და იყო ასე, რომ მათ ხალხში შეკითხვა დასვეს: სად არიან ის ხუთნი, რომლებიც გამოვაგზავნეთ, რათა გაეგოთ, იყო თუ არა მთავარი მოსამართლე მკვდარი? და მათ უპასუხეს და უთხრეს: არ ვიცით იმ ხუთის შესახებ, რომლებზეც თქვით, რომ გამოაგზავნეთ; მაგრამ, იქ არიან ხუთნი, რომლებიც არიან მკვლელები და რომლებიც ჩავყარეთ საპყრობილეში.

13 და იყო ასე, რომ მოსამართლეებმა მოისურვეს, რომ ისინი მოეყვანათ; და ისინი მოიყვანეს და აჰა, აღმოჩნდნენ ის ხუთნი, რომლებიც გააგზავნეს; და აჰა, მოსამართლეებმა გამოკითხეს მათ, რათა გაეგოთ ამ საქმის შესახებ და ისინი მოუყვნენ მათ ყველაფრის შესახებ, რაც ჩაიდინეს, სიტყვებით:

14 ჩვენ გამოვიქეცით მოსამართლის სავარძლის ადგილისკენ და როდესაც ვიხილეთ ყველაფერი ისე, როგორც ნეფი მოწმობდა, ისე გავოცდით, რომ მიწაზე დავეცით; და როდესაც გაოცებისგან გონს მოვედით, აჰა, მათ საპყრობილეში ჩაგვყარეს.

15 ახლა, რაც ეხება ამ კაცის მკვლელობას, არ ვიცით, ეს ვინ ჩაიდინა; ვიცით მხოლოდ, რომ მოვირბინეთ თქვენი სურვილისამებრ და აჰა, იგი იყო მკვდარი, ნეფის სიტყვებისამებრ.

16 და ახლა, იყო ასე, რომ მოსამართლეებმა ხალხს განუმარტეს მომხდარი და ნეფის წინააღმდეგ წამოიძახეს: აჰა, ჩვენ ვიცით, რომ ნეფი ვიღაცას შეუთანხმდა, რათა მოსამართლე მოეკლა და შემდეგ ეს ეუწყებინა ჩვენთვის, რათა თავის სარწმუნოებაში მოვექციეთ, რათა განდიდდეს დიდებულ ადამიანად, ღმერთის რჩეულად და წინასწარმეტყველად.

17 და ახლა, აჰა, ჩვენ მოვიძიებთ ჭეშმარიტებას ამ კაცზე და იგი აღიარებს თავის დანაშაულს და შეგვატყობინებს, თუ ვინ არის მოსამართლის ნამდვილი მკვლელი.

18 და იყო ასე, რომ დასაფლავების დღეს ხუთივე გაანთავისუფლეს. ამისდა მიუხედავად, მათ უსაყვედურეს მოსამართლეებს იმ სიტყვების გამო, რაც მათ ნეფის წინააღმდეგ თქვეს და სათითაოდ დაუპირისპირდნენ ისე, რომ შეარცხვინეს.

19 ამისდა მიუხედავად, მათ ბრძანეს, ნეფი შეეპყროთ და შეებოჭათ და შეკრებილთა წინაშე მოეყვანათ; და დაუწყეს სხვადასხვა გზებით დაკითხვა, რათა ემხილებინათ იგი, რათა ბრალი დაედოთ მისთვის და სიკვდილი მიესაჯათ –

20 ეუბნებოდნენ მას: შენ ხარ თანამონაწილე; ვინ არის ის კაცი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა? გვითხარი ახლა და აღიარე საკუთარი დანაშაული; აი ფული; და ასევე სიცოცხლეს გიბოძებთ, თუ გვეტყვი და აღიარებ იმ შეთანხმებას, რომელიც მასთან დადე.

21 მაგრამ ნეფიმ მათ უთხრა: თქვენ, უგუნურნო, გულით წინდაუცვეთელნო, ბრმა და ქედფიცხელო ხალხო, იცით, რამდენ ხანს მოგითმენთ უფალი, თქვენი ღმერთი, რომ ამ ცოდვის გზაზე გააგრძელოთ სიარული?

22 უნდა იკვნესოთ და იგლოვოთ იმ დიდი განადგურების გამო, რაც ამჟამად მოგელით, თუ არ მოინანიებთ.

23 აჰა, შენ ამბობ, რომ მე ვინმეს შევუთანხმდი, რომ მას მოეკლა სიზორამი, ჩვენი მთავარი მოსამართლე. მაგრამ, აჰა, მე გეუბნებით, იმისათვის ვმოწმობდი, რომ თქვენ ეს გცოდნოდათ, დიახ, თქვენთვის დასამოწმებლად, რომ მე ვიცოდი თქვენ შორის სიბოროტისა და სისაძაგლის შესახებ.

24 და ვინაიდან ასე მოვიქეცი თქვენ ამბობთ, რომ ვინმეს შევუთანხმდი, რომ ეს ჩაედინა; დიახ, რადგან დაგანახეთ ეს ნიშანი, თქვენ განრისხდით ჩემზე და ცდილობთ ჩემი სიცოცხლის განადგურებას.

25 და ახლა, აჰა, დაგანახებთ კიდევ ერთ ნიშანს და ვნახავ, ამითაც თუ შეეცდებით ჩემს განადგურებას.

26 აჰა, გეუბნებით: მიდით სეანტუმის სახლში, რომელიც არის სიზორამის ძმა და მას უთხარით:

27 შეგითანხმდა ნეფი, თვითმარქვია წინასწარმეტყველი, რომელიც ამდენ ბოროტებას წინასწარმეტყველებს ხალხზე, რომ მოგეკლა საკუთარი ძმა, სიზორამი?

28 და აჰა, იგი გეტყვით: არა.

29 და თქვენ მას ეტყვით: შენ მოკალი საკუთარი ძმა?

30 და იგი შეშინებული დადგება და არ ეცოდინება, რა გიპასუხოთ. და აჰა, იგი უარყოფს; და თავს გაოცებულად მოგაჩვენებთ; ამასთან ერთად იგი განგიცხადებთ, რომ უდანაშაულოა.

31 მაგრამ, აჰა, თქვენ მას გაჩხრიკავთ და მისი ლაბადის კალთებზე სისხლს იპოვით.

32 და როდესაც ამას იხილავთ, თქვენ იტყვით: საიდან არის ეს სისხლი? ნუთუ არ ვიცით, რომ ეს შენი ძმის სისხლია?

33 და მაშინ იგი აკანკალდება და გაფითრდება, თითქოს სიკვდილი სწვეოდა.

34 და მაშინ თქვენ ეტყვით: ამ შიშის და გაფითრების გამო, რომელიც სახეზე მოგეფინა, აჰა, ჩვენ ვიცით, რომ დამნაშავე ხარ.

35 და შემდეგ უფრო მეტად შეეშინდება; და შემდეგ აღიარებს თქვენთან და აღარ უარყოფს იმას, რომ მკვლელობა ჩაიდინა.

36 და შემდეგ იგი გეტყვით, რომ მე, ნეფიმ, არაფერი ვიცი ამის შესახებ, თუ ღმერთის ძალით არ მექნებოდა ეს ნაბოძები და მაშინ გაიგებთ, რომ ვარ პატიოსანი კაცი და ღმერთისგან ვარ მოვლენილი თქვენთან.

37 და იყო ასე, რომ ისინი წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც ნეფიმ უთხრა მათ. და აჰა, სიტყვები, რომლებიც მან უთხრა, ჭეშმარიტი იყო; რადგან მისი სიტყვებისამებრ, იგი უარყოფდა; და ასევე მისი სიტყვებისამებრ, მან დანაშაული აღიარა.

38 და იგი მტკიცებულებამდე მიიყვანეს, რომ თვითონ იყო ნამდვილი მკვლელი, ასე რომ ხუთივე გაანთავისუფლეს და ასევე ნეფი.

39 და იქ იყვნენ ზოგიერთი ნეფიელები, რომლებმაც იწამეს ნეფის სიტყვები; და ასევე იყვნენ ზოგიერთნი, რომლებმაც იწამეს ხუთი მოწმის დამოწმების გამო, რადგან მოქცეულ იქნენ, როდესაც ისინი საპყრობილეში იმყოფებოდნენ.

40 და ახლა, ხალხში იყვნენ ზოგიერთნი, რომლებმაც თქვეს, რომ ნეფი იყო წინასწარმეტყველი.

41 და იყვნენ სხვები, რომლებმაც თქვეს: აჰა, იგი არის ღმერთი, რადგან ღმერთი რომ არ ყოფილიყო, არ ეცოდინებოდა ყველაფერი. რადგან, აჰა, მან გვითხრა ჩვენი გულის სურვილების შესახებ, ასევე მოგვიყვა სხვა რამ და გვაცნობა ჩვენი მთავარი მოსამართლის ნამდვილი მკვლელის შესახებ.