თავი 8
გარყვნილი მოსამართლეები ხალხს ნეფის წინააღმდეგ აქეზებენ. აბრაამი, მოსე, ზენოსი, ზენოქი, ეზიასი, ესაია, იერემია, ლეხი და ნეფი, ყველა მოწმობდა ქრისტეს შესახებ. ზეშთაგონების შედეგად ნეფი აცხადებს მთავარი მოსამართლის მკვლელობის შესახებ. დაახლოებით 23–21 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც ნეფიმ წარმოთქვა ეს სიტყვები, აჰა, იქ იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც ასევე მიეკუთვნებოდნენ გადიანტონის საიდუმლო დაჯგუფებას და ძალზედ განრისხებულნი იყვნენ და მის წინააღმდეგ ღაღადით, ხალხს ეუბნებოდნენ: რატომ არ იჭერთ ამ ადამიანს და არ მოგყავთ, რათა განსჯილ იქნას ჩადენილი დანაშაულისთვის?
2 რატომ უყურებთ და უსმენთ ამ კაცის მიერ ამ ხალხისა და ჩვენი კანონის ლანძღვას?
3 რადგან, აჰა, ნეფი ელაპარაკებოდა მათ მათი კანონების გარყვნილობაზე; დიახ, ბევრ რამეზე ილაპარაკა ნეფიმ, რაც ვერ დაიწერება; და არაფერი უთქვამს, რაც იყო ღმერთის მცნებების წინააღმდეგ.
4 და ის მოსამართლეები იყვნენ განრისხებულნი მასზე, რადგან ნათლად ელაპარაკებოდა მათი საიდუმლო ბნელეთის საქმეებზე; ამისდა მიუხედავად, ისინი ვერ ბედავდნენ მასზე ხელის აღმართვას, რადგან ხალხის ეშინოდათ, რომ არ დაეწყოთ მათ წინააღმდეგ ღაღადი.
5 ამიტომ, მათ ხალხს შეჰღაღადეს სიტყვებით: რატომ დაუშვით, რომ ეს ადამიანი გვლანძღავს? რადგან, აჰა, განსჯის მთელ ამ ხალხს, განადგურებამდეც კი, დიახ, ეს დიდი ქალაქებიც ასევე წაგვერთმევა და აღარ იქნება იქ ჩვენი ადგილი.
6 და ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს შეუძლებელია, რადგან, აჰა, ვართ ძლიერნი და ჩვენი ქალაქები არის დიდი, ამიტომ მტერს არ აქვს ჩვენზე ძალაუფლება.
7 და იყო ასე: ამგვარად, მათ ხალხში გააღვივეს წყრომა ნეფის წინააღმდეგ და მათ შორის გამოიწვიეს უთანხმოება; რადგან იქ იყვნენ ზოგიერთები, რომლებიც იძახდნენ: თავი დაანებეთ, რადგან იგი კარგი ადამიანია და თუ არ მოვინანიებთ, ყველაფერი, რასაც იგი ამბობს, აუცილებლად აღსრულდება.
8 დიახ, აჰა, ჩვენზედ მოვა ყველა განაჩენი, რომელზეც იგი მოწმობს; რადგან ვიცით, რომ მან სწორად დაამოწმა ჩვენი ურჯულოების შესახებ. და ისინი არიან მრავალნი და მან ასევე ყველაფერი იცის, თუ რა დაგვატყდება თავს, ისევე, როგორც იცის ჩვენს ურჯულოებაზე.
9 დიახ, და აჰა, რომ არ ყოფილიყო წინასწარმეტყველი, ვერ დაამოწმებდა ყოველივე ამის შესახებ.
10 და იყო ასე, რომ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ნეფის განადგურებას, თავიანთი შიშის გამო იძულებულნი იყვნენ, არ აღემართათ მასზე ხელი; ამიტომ, მან კვლავ მიმართა მათ, ხედავდა რა, რომ კეთილგანწყობა მოიპოვა ზოგიერთი მათგანის თვალში, ასე რომ დანარჩენებს ეშინოდათ.
11 ამიტომ, იძულებული იყო მათთვის უფრო მეტი ეთქვა სიტყვებით: აჰა, ჩემო ძმებო, ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ ღმერთმა ერთ ადამიანს მისცა ძალა, თავად მოსეს, რათა წითელი ზღვის წყალზედ კვერთხი დაეკრა და იგი გაიყო აქეთ-იქეთ ისე, რომ ისრაელიელებმა, რომლებიც ჩვენი მამები იყვნენ, მშრალ მიწაზე გამოიარეს, და წყალმა დახურა პირი ეგვიპტელთა ჯარებზე და ისინი შთანთქა?
12 და ახლა, აჰა, თუ ღმერთმა ამ ადამიანს მისცა ასეთი ძალა, მაშინ რატომ უნდა დავობდეთ ერთმანეთში და ლაპარაკობდეთ, რომ მას ჩემთვის არ მოუცია არანაირი ძალა, რითაც შემიძლია ვიცოდე იმ განაჩენების შესახებ, რომლებიც თქვენზედ მოვა, თუ არ მოინანიებთ?
13 მაგრამ, აჰა, თქვენ არა მარტო უარყოფთ ჩემს სიტყვებს, არამედ უარყოფთ ყველა სიტყვას, რაც ჩვენმა მამებმა თქვეს, ასევე სიტყვებს, რომლებიც ამ ადამიანმა, მოსემ, თქვა, რომელსაც ისეთი დიდი ძალა ჰქონდა ნაბოძები, დიახ, იმ სიტყვებს, რომლებიც მან მესიის მოსვლაზე ილაპარაკა.
14 დიახ, ნუთუ არ დაამოწმა, რომ ძე ღვთისა მოვა? და როგორც აღმართა უდაბნოში ბრინჯაოს გველი, ასევე აღიმართება იგი, რომელიც უნდა მოვიდეს.
15 და როგორც ყველა, ვინც იმ გველს შეხედავდა, ცოცხალი გადარჩებოდა, ასევე ყოველი, ვინც რწმენით და მომნანიებელი სულით შესცქერის ძეს ღვთისა, იცოცხლებს იმ სიცოცხლით, რომელიც მარადიულია.
16 და ახლა, აჰა, არა მარტო მოსემ დაამოწმა ამის შესახებ, არამედ ყველა წმინდა წინასწარმეტყველმა, მისი დღეებიდან აბრაამის დღეებამდეც კი.
17 დიახ, და აჰა, აბრაამმა იხილა მისი მოსვლა და სავსე იყო ბედნიერებით და ხარობდა.
18 დიახ, და აჰა, გეუბნებით, რომ მარტო აბრაამმა არ იცოდა ყოველივე ეს, არამედ აბრაამის დღეებამდეც ბევრნი იყვნენ, რომლებიც ღმერთის წესისამებრ მოწოდებულნი იყვნენ; დიახ, მისი ძის წესისამებრ; და ეს, რათა ხალხს დაანახონ მის მოსვლამდე მრავალი ათასი წლით ადრე, რომ მათთვისაც მოვა გამოსყიდვა.
19 და ახლა, მე მსურს, რომ იცოდეთ, აბრაამის დღეების დროიდან, მრავალი წინასწარმეტყველი მოწმობდა ამის შესახებ; დიახ, აჰა, წინასწარმეტყველი ზენოსი თამამად მოწმობდა; რის გამოც იგი მოკლეს.
20 და აჰა, ასევე ზენოქი და ასევე ეზიასი; და ასევე ესაია და იერემია (იერემია იყო ის წინასწარმეტყველი, რომელიც იერუსალიმის განადგურების შესახებ მოწმობდა) და ახლა ჩვენ ვიცით, რომ იერუსალიმი განადგურდა იერემიას სიტყვების შესაბამისად. და მაშინ, რატომ არ უნდა მოვიდეს ძე ღვთისა, მისი წინასწარმეტყველების შესაბამისად?
21 და ახლა, შემედავებით იერუსალიმის განადგურებაზე? იტყვით, რომ ციდკიაჰუს შვილები არ დახოცეს, მულეკის გარდა? დიახ, და ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ციდკიაჰუს შთამომავლობა არის ჩვენთან და ისინი გაძევებულ იქნენ იერუსალიმიდან? მაგრამ, აჰა, ეს არ არის ყველაფერი –
22 ჩვენი მამა, ლეხი, იერუსალიმიდან გააძევეს, რადგან მოწმობდა ყოველივე ამაზე. ნეფი ასევე მოწმობდა ყოველივე ამაზე და ასევე თითქმის ყველა ჩვენი მამა, ამ დრომდეც კი, დიახ, ქრისტეს მოსვლაზე მოწმობდნენ და მოელოდნენ და ხარობდნენ მისი დღით, რომელიც მოვა.
23 და აჰა, ის არის ღმერთი და არის მათთან და იგი მათ თავად გამოეცხადა, რათა გამოსყიდულნი იქნენ მის მიერ; და მათ იგი ადიდეს იმისათვის, რაც მოხდება.
24 და ახლა, რადგან თქვენ იცით ყოველივე ეს და თუ არ იცრუებთ, ამას ვერ უარყოფთ, რადგან შესცოდეთ იმით, რომ უარი თქვით ამ ყველაფერზე, მიუხედავად ამდენი დამოწმებებისა, რომლებიც მიიღეთ; დიახ, თქვენ გებოძათ ყველაფერი, რაც ზეცაშია და ყველაფერი, რაც არის დედამიწაზე, იმისდა დასამოწმებლად, რომ ეს არის ჭეშმარიტება.
25 მაგრამ, აჰა, თქვენ ჭეშმარიტება უარყავით და აუჯანყდით თქვენს წმინდა ღმერთს და ახლაც კი, იმის მაგივრად, რომ ეძიოთ ზეციური საგანძური, სადაც არაფერი არ იხრწნება და სადაც ვერ შევა, რაც არის უწმინდური, თქვენ აგროვებთ განსჯის დღის მრისხანებას თქვენთვის.
26 დიახ, ახლაც კი მწიფდებით, მკვლელობებით, სიძვითა და სიბოროტით, მარადიული განადგურებისთვის; დიახ, და თუ არ მოინანიებთ, ის მალე მოვა თქვენზედ.
27 დიახ, აჰა, ის კარზეც მოგადგათ; დიახ, მიდით მოსამართლის სავარძელთან და მოძებნეთ; და აჰა, თქვენი მოსამართლე მოკლეს და წევს იგი საკუთარ სისხლში; და იგი მოკლა თავისმა ძმამ, რომელსაც მოსამართლის სავარძლის დაკავება სურს.
28 და აჰა, ისინი ორივე თქვენი საიდუმლო რაზმის წევრები არიან, რომლის შემქმნელია გადიანტონი და ის ბოროტი, რომელიც ცდილობს ადამიანების სულის განადგურებას.