წმინდა წერილი
ჰელამანი 6


თავი 6

მართალი ლამანიელები უქადაგებენ ბოროტ ნეფიელებს. ორივე ხალხი აყვავდება მშვიდობისა და სიუხვის ხანაში. ლუციფერი, ცოდვის შემქმნელი, უბიძგებს ბოროტთა და გადიანტონის მძარცველების გულებს მკვლელობისა და სიბოროტისკენ. მძარცველები ამხობენ ნეფიელთა ხელისუფლებას. დაახლოებით 29–23 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ ყოველივე ეს მოხდა, როდესაც დასრულდა მოსამართლეთა მმართველობის სამოცდამეორე წელი და ლამანიელები, მათი უმეტესი ნაწილი, მართალ ხალხად იქცა ისე, რომ მათი სამართლიანობა ნეფიელებისას აღემატებოდა, რწმენაში თავიანთი სიმტკიცითა და ურყეობით.

2 რადგან, აჰა, იყო მრავალი ნეფიელი, რომლებიც გულქვანი, მოუნანიებელნი და ძალზედ ბოროტნი გახდნენ, ისე, რომ უარყვეს ღვთის სიტყვა და ყველა ქადაგება და წინასწარმეტყველება, რაც კი მათში იყო.

3 ამისდა მიუხედავად, ეკლესიის ხალხი ძალზედ ხარობდა ლამანიელთა მოქცევის გამო, დიახ, ღმერთის ეკლესიის შემწეობით, რომელიც მათ შორის ჩამოყალიბდა. და მათ ერთმანეთში ძმური ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთში ხარობდნენ და დიდი სიხარული ჰქონდათ.

4 და იყო ასე, რომ მრავალი ლამანიელი ჩამოვიდა ზარაჰემლას მიწაზე და ნეფიელთა ხალხს აუწყებდა მოქცევის წესის შესახებ და მოუწოდებდა რწმენისა და მონანიებისკენ.

5 დიახ, და მრავალნი ქადაგებდნენ, დიდი ძალითა და უფლებამოსილებით, მიჰყავდათ რა მრავალი მათგანი ღრმა თავმდაბლობისკენ, რათა ყოფილიყვნენ ღმერთისა და კრავის თავმდაბალი მიმდევრები.

6 და იყო ასე, რომ მრავალი ლამანიელი წავიდა ჩრდილოეთ მიწაზე; და ასევე ნეფი და ლეხი წავიდნენ ჩრდილოეთ მიწაზე, რათა ხალხისათვის ექადაგათ. და ასე დასრულდა სამოცდამესამე წელი.

7 და აჰა, იქ მთელ მიწაზე იყო მშვიდობა, ისეთი, რომ ნეფიელებს შეეძლოთ წასულიყვნენ ნებისმიერ მხარეში, სადაც მოესურვებოდათ, თუნდაც ნეფიელებს ან ლამანიელებს შორის.

8 და იყო ასე, რომ ლამანიელებსაც ასევე შეეძლოთ წასულიყვნენ იქ, სადაც მოესურვებოდათ, თუნდაც ლამანიელებს ან ნეფიელებს შორის; და ამგვარად, მათ ჰქონდათ ერთმანეთში თავისუფალი საქმიანობა, რომ გაეყიდათ ან ეყიდათ და თავიანთი სურვილისამებრ მიეღოთ შემოსავალი.

9 და იყო ასე, რომ ისინი ძალზედ გამდიდრდნენ, როგორც ლამანიელები, ისე ნეფიელები; და ძალზედ უხვად ჰქონდათ ოქრო და ვერცხლი და ყველანაირი ძვირფასი ლითონი, როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ მიწებზე.

10 ახლა, სამხრეთ მიწას ეწოდებოდა ლეხი და ჩრდილოეთ მიწას მულეკი, ციდკიაჰუს შვილის სახელი, რადგან უფალმა მულეკი მოიყვანა ჩრდილოეთ მიწაზე და ლეხი – სამხრეთ მიწაზე.

11 და აჰა, იქ იყო ყველანაირი ოქრო, ორივე მიწაზე, ვერცხლი და ყველანაირი ძვირფასი მადანი; და იქ იყვნენ ნატიფი ხელოსნები, რომლებიც ყველანაირ მადანს ამუშავებდნენ და ხვეწდნენ; და ამგვარად ისინი მდიდრდებოდნენ.

12 მათ უხვად მოჰყავდათ ხორბალი, ჩრდილოეთითა და სამხრეთით; და ძალზედ ყვაოდნენ, როგორც ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით. და მიწაზე მრავლდებოდნენ და მყარდებოდნენ ძალზედ ძლიერად. და მათ გაამრავლეს მრავალი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, დიახ, მრავალი ნასუქალი პირუტყვი.

13 აჰა, მათი ქალები მუშაობდნენ და რთავდნენ და კერავდნენ ყველანაირ თეთრეულს, გრეხილ ბისონსა და ყველანაირ თეთრეულს, რათა დაეფარათ თავიანთი სიშიშვლე. და ასე მშვიდობიანად ჩაიარა სამოცდამეოთხე წელმა.

14 და სამოცდამეხუთე წელს ასევე ჰქონდათ დიდი სიხარული და მშვიდობა, დიახ, მრავალი ქადაგება და წინასწარმეტყველებანი იმის შესახებ, რაც უნდა მომხდარიყო. და ასე ჩაიარა სამოცდამეხუთე წელმა.

15 და იყო ასე, რომ მოსამართლეთა მმართველობის სამოცდამეექვსე წელს, აჰა, ცეზორამი მოკლეს უცნობის ხელით, როდესაც იჯდა მოსამართლის სავარძელზე. და იყო ასე, რომ იმავე წელს მისი შვილი, რომელიც მის ადგილზე ხალხის მიერ იყო დანიშნული, ასევე იქნა მოკლული. და ასე დასრულდა სამოცდამეექვსე წელი.

16 და სამოცდამეშვიდე წლის დასაწყისში ხალხი კვლავ მეტისმეტად გაბოროტდა.

17 რადგან, აჰა, უფალმა ისე დიდი ხნით აკურთხა ამქვეყნიური სიმდიდრით, რომ არ ღვივდებოდა მათში რისხვა, ომი და არც სისხლისღვრა; ამიტომ, მათ გულებში იწყო გაღვივება ლტოლვამ სიმდიდრისადმი; დიახ, მათ იწყეს სარგებლის ძიება, რათა ერთი-მეორეზე მაღლა დამდგარიყვნენ; ამიტომ, დაიწყეს საიდუმლო მკვლელობების ჩადენა, ძარცვა და ქურდობა, რათა სარგებელი მიეღოთ.

18 და ახლა, აჰა, ეს მკვლელები და მძარცველები იყვნენ რაზმიდან, რომელიც ჩამოაყალიბეს კიშკუმენმა და გადიანტონმა. და ახლა, იყო ასე, რომ ნეფიელებს შორისაც ბევრი იყო გადიანტონის რაზმიდან. მაგრამ, აჰა, ლამანიელთა ბოროტი ნაწილიდან ისინი იყვნენ უფრო მრავალრიცხოვანნი. და მათ უწოდებდნენ გადიანტონის მძარცველებსა და მკვლელებს.

19 და მათ მოკლეს მთავარი მოსამართლე ცეზორამი და მისი შვილი მოსამართლის სავარძელზე; და აჰა, ისინი ვერ იპოვეს.

20 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც ლამანიელებმა აღმოაჩინეს, რომ მათ შორის იყვნენ მძარცველები, ისინი ძალზედ დაღონდნენ; და ყველაფერი იღონეს, რაც კი შეეძლოთ, მათი მიწის პირიდან გასანადგურებლად.

21 მაგრამ, აჰა, სატანამ უბიძგა ნეფიელთა უმეტესობის გულებს, ისე რომ ისინი გაერთიანდნენ იმ მძარცველების რაზმთან და დადეს მათთან აღთქმები და ფიცი, რომ ერთმანეთს დაიცავდნენ და გადაარჩენდნენ, როგორ რთულ პირობებშიც არ უნდა ჩავარდნილიყვნენ, რათა არ დატანჯულიყვნენ თავიანთი მკვლელობებისთვის, ჩადენილი ძარცვებისა და ქურდობებისთვის.

22 და იყო ასე, რომ მათ ჰქონდათ თავიანთი ნიშნები, დიახ, საიდუმლო ნიშნები, თავიანთი საიდუმლო სიტყვები; და ეს იმისათვის, რათა გამოერჩიათ თავიანთი ძმები, რომლებმაც აღთქმა დადეს, რომ, როგორი სიბოროტეც არ უნდა ჩაედინა მათ ძმას, იგი არ დაიტანჯებოდა თავისი ძმის მიერ, არც მათი მხრიდან, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ მის რაზმს, დადეს რა ეს აღთქმა.

23 და ამგვარად, მათ შეეძლოთ დაეხოცათ, ეძარცვათ და ექურდათ, ჩაედინათ მრუშობანი და ყველანაირი სიბოროტე, თავიანთი ქვეყნის და ასევე თავიანთი ღმერთის კანონების წინააღმდეგ.

24 და ის, რომელიც მიეკუთვნებოდა მათ რაზმს და გაუმხელდა ქვეყანას მათ ბოროტებასა და სისაძაგლეებს, უნდა განეკიცხათ, არა საკუთარი ქვეყნის კანონების მიხედვით, არამედ თავიანთი სიბოროტის კანონებით, რომელნიც გადიანტონის და კიშკუმენის მიერ იყო მოცემული.

25 ახლა, აჰა, ამ საიდუმლო ფიცსა და აღთქმებზე ალმამ უბრძანა თავის შვილს, რომ არ გავრცელებულიყო ქვეყანაზე, რათა არ ქცეულიყვნენ ისინი ადამიანთა განადგურების გამომწვევ მიზეზად.

26 ახლა, აჰა, ეს საიდუმლო ფიცი და აღთქმები გადიანტონამდე არ მისულა იმ ჩანაწერებიდან, რომლებიც ჰელამანს გადაეცა; არამედ ისინი გადიანტონის გულში იქნა ჩადებული იმავე არსების მიერ, რომელმაც ჩვენი პირველი მშობლები შეაცდინა, რათა ეგემათ აკრძალული ხილი –

27 დიახ, იმავე არსებამ, რომელმაც კაენთან დადო შეთქმულება, რომ, თუ მოკლავდა საკუთარ ძმას, აბელს, ეს მთელი ქვეყნისთვის ცნობილი არ გახდებოდა. და იმ დროიდან, მან კაენთან და თავის მიმდევრებთან შეთქმულება მოაწყო.

28 და ასევე ეს არის იგივე არსება, რომელმაც ადამიანთა გულებში ჩადო, რომ კოშკი აეშენებინათ, იმდენად მაღალი, რომ ზეცას მისწვდომოდნენ. და ეს იყო იგივე არსება, რომელიც იმ კოშკიდან ამ მიწაზე ჩამოსულ ადამიანებს აცდუნებდა; რომელიც ავრცელებდა ბნელეთის საქმეს და სისაძაგლეებს მთელი მიწის პირზე, სანამ არ ჩაითრია ხალხი სრულ განადგურებასა და მარადიულ ჯოჯოხეთში.

29 დიახ, ეს არის იგივე არსება, რომელმაც გადიანტონს გულში ჩაუდო, კვლავ გაეგრძელებინა ბნელეთის და საიდუმლო მკვლელობების საქმეები; და ეს მან მოიტანა ადამიანის დასაბამიდან ამ დრომდე.

30 და აჰა, ეს არის ის, რომელიც ყოველი ცოდვის შემქმნელია. და აჰა, იგი ასრულებს თავის ბნელეთისა და საიდუმლო მკვლელობების საქმეებს და გადასცემს მათ საიდუმლო შეთქმულებებს, მათ ფიცსა და აღთქმებს, მათ საშინელი სიბოროტის გეგმებს, თაობიდან თაობაზე, იმისდა მიხედვით, თუ როგორ შეძლებს ადამიანთა შვილების გულების დაუფლებას.

31 და ახლა, აჰა, იგი დიდად დაეუფლა ნეფიელთა გულებს, დიახ, ისე, რომ ისინი ძალზედ გაბოროტდნენ, დიახ, მათმა უმეტესობამ გადაუხვია სამართლიანობის გზიდან და ფეხქვეშ გათელა ღმერთის მცნებები, გადაუხვიეს საკუთარ გზებზე და თავიანთი ოქროთი და ვერცხლით აიგეს კერპები.

32 და იყო ასე, რომ ყველა ეს ურჯულოება მათ მოევლინათ არც თუ ისე მრავალი წლის განმავლობაში, ისე რომ ამის დიდი ნაწილი მათ მოევლინა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის სამოცდამეშვიდე წელს.

33 და ისინი გაღრმავდნენ თავიანთ ურჯულოებაში სამოცდამერვე წელშიც, მართალთა დიდ სამწუხაროდ და საგოდებლად.

34 და ამგვარად ვხედავთ, რომ ნეფიელებმა იწყეს ურწმუნოებაში გადაშენება და სიბოროტისა და სისაძაგლის გაღრმავება იმ დროს, როდესაც ლამანიელებმა იწყეს ძლიერად ზრდა თავიანთი ღმერთის ცოდნაში; დიახ, მათ იწყეს მისი წესებისა და მცნებების დაცვა და მის წინაშე იყვნენ ჭეშმარიტნი და კეთილშობილნი.

35 და ამგვარად, ვხედავთ, რომ უფლის სულმა დაიწყო ნეფიელებისგან დაშორება, მათი სიბოროტისა და გულქვაობის გამო.

36 და ამგვარად, ვხედავთ, რომ უფალმა იწყო თავისი სულის გადმოღვრა ლამანიელებზე მათი მიდრეკილებისა და მზადყოფნისათვის, იწამონ მისი სიტყვები.

37 და იყო ასე, რომ ლამანიელები დევნიდნენ გადიანტონის მძარცველების რაზმს; და ასევე ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას მათ უფრო ბოროტ ნაწილში, ისე რომ ეს მძარცველების რაზმი მთლიანად განადგურდა ლამანიელთა შორის.

38 და იყო ასე: მეორე მხრივ, ნეფიელები აყალიბებდნენ მათ და მხარს უჭერდნენ, იწყებდნენ რა მათი ყველაზე ბოროტი ნაწილიდან, სანამ არ გავრცელდნენ მთელ ნეფიელთა მიწაზე და მართალთა უმეტესობა იქამდე შეაცდინეს, რომ დაიყოლიეს, ერწმუნათ მათი საქმენი და მიეღოთ მათგან ნადავლი და ჩართულიყვნენ მათ საიდუმლო მკვლელობებსა და შეთქმულებებში.

39 და ასე დაამყარეს ხელისუფლებაზე მმართველობა, ისე რომ ფეხქვეშ თელავდნენ, სცემდნენ, ჩაგრავდნენ და ზურგს აქცევდნენ ღარიბს, თვინიერსა და ღმერთის თავმდაბალ მიმდევრებს.

40 და ამგვარად ვხედავთ, რომ იყვნენ საშინელ მდგომარეობაში და მარადიული განადგურებისთვის მწიფდებოდნენ.

41 და იყო ასე, რომ ასე დასრულდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის სამოცდამერვე წელი.