წმინდა წერილი
ჰელამანი 7


ჰელამანის შვილის, ნეფის, წინასწარმეტყველება. ღმერთი ემუქრება ნეფის ხალხს, რომ მოევლინება მათ თავისი რისხვით, სრულ გასანადგურებლად, თუ არ მოინანიებენ სიბოროტეს. ღმერთი ჭირით სჯის ნეფის ხალხს; ისინი მოინანიებენ და მისკენ მობრუნდებიან. ლამანიელი სამუელი უწინასწარმეტყველებს ნეფიელებს.

შეიცავს მე-7-დან მე-16 თავის ჩათვლით.

თავი 7

ნეფის უარყოფენ ჩრდილოეთში და ის ბრუნდება ზარაჰემლაში. იგი ლოცულობს საკუთარი ბაღის კოშკზე და შემდეგ მოუწოდებს ხალხს მოინანიონ, თორემ დაიღუპებიან. დაახლოებით 23–21 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 აჰა, ახლა, ნეფიელთა ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის სამოცდამეცხრე წელს, ნეფი, ჰელამანის შვილი, დაბრუნდა ზარაჰემლას მიწაზე ჩრდილოეთ მიწიდან.

2 რამეთუ იგი წასული იყო ხალხთან ჩრდილოეთით მიწაზე და ქადაგებდა მათთვის ღვთის სიტყვას და ბევრი რამ უწინასწარმეტყველა;

3 და მათ უარყვეს ყველა მისი სიტყვა, ასე რომ, მას აღარ შეეძლო მათ შორის დარჩენა და იგი კვლავ დაბრუნდა თავის მშობლიურ მიწაზე.

4 და იხილა რა ხალხი ასეთ საშინელ სიბოროტეში და გადიანტონის ის მძარცველები, რომლებმაც დაიკავეს მოსამართლის სავარძლები, იმ მიწის ძალისა და უფლებამოსილების უკანონოდ მიტაცებით; გვერდზე გადადეს ღმერთის მცნებები და არ იყვნენ მის წინაშე არაფრით მართალნი; არ ამჟღავნებდნენ ადამიანთა შვილების მიმართ არანაირ სამართალს;

5 კიცხავდნენ რა მართალთ მათ სამართლიანობისათვის; ნებას რთავდნენ დამნაშავესა და ბოროტს დაუსჯელად ევლოთ თავიანთი ფულის გამო; და გარდა ამისა, მათ თანამდებობებზე ნიშნავდნენ ხელისუფლებაში, რათა ემართათ და მოქცეულიყვნენ თავიანთი სურვილისამებრ, რომ მიეღოთ სარგებელი და ამქვეყნიური ქება-დიდება და უფრო მეტიც – რათა უფრო ადვილად ემრუშათ, ექურდათ და ჩაედინათ მკვლელობები და ეკეთებინათ ყველაფერი საკუთარი სურვილისამებრ –

6 ახლა, ეს დიდი ურჯულოება დაატყდათ ნეფიელებს რამდენიმე წელში; და როდესაც ნეფიმ ეს იხილა, მას გულმკერდი მწუხარებით აევსო და მან სულის აგონიაში შესტირა:

7 ო, რომ შემძლებოდა მეცხოვრა იმ დღეებში, როდესაც მამაჩემი, ნეფი, პირველად გამოვიდა იერუსალიმის მიწიდან, რათა მასთან ერთად გამეხარა აღთქმულ მიწაზე; როდესაც მისი ხალხი იყო გულისხმიერი სწავლებისადმი, მტკიცე ღმერთის მცნებების დაცვაში და ზანტი ურჯულოებისადმი; და იყვნენ სწრაფნი უფლის სიტყვის ყურადღებაში –

8 დიახ, ჩემი დღეები რომ ყოფილიყო იმ ჟამს, ჩემი სული გაიხარებდა ჩემი ძმების სამართლიანობით.

9 მაგრამ, აჰა, განწირული ვარ, ეს არის ჩემი დღეები და სული დარდით ამევსება ჩემი ძმების სიბოროტის გამო.

10 და აჰა, იყო ასე, რომ ეს ხდებოდა კოშკზე, ნეფის ბაღში, რომელიც იყო ქალაქ ზარაჰემლაში ბაზრისკენ მიმავალ მთავარ შარაგზასთან; ამიტომ, ნეფიმ მუხლი მოიყარა თავის ბაღში მდებარე კოშკში, რომელიც ახლოს იყო ბაღის ჭიშკართან, რომელიც შარაგზაზე გადიოდა.

11 და იყო ასე, რომ ზოგიერთმა ადამიანმა შორიახლოს ჩაიარა და იხილა კოშკზე ნეფი, როდესაც იგი სულს ღვრიდა ღმერთის წინაშე; და გაიქცნენ და ხალხს უამბეს ის, რაც იხილეს. და მრავალნი შეიკრიბნენ, რათა შეეტყოთ ხალხის სიბოროტის გამო ასეთი დიდი გლოვის მიზეზი.

12 და ახლა, როდესაც ნეფი წამოდგა, მან იხილა ერთად შეკრებილი უამრავი ხალხი.

13 და იყო ასე, რომ მან გახსნა ბაგე და მიმართა მათ: აჰა, რატომ შეიკრიბეთ ერთად? იმისთვის, რომ გითხრათ თქვენი ურჯულოების შესახებ?

14 დიახ, რადგან ავედი ჩემს კოშკზე, რათა ღმერთისთვის სული გადმომეღვარა გულის ძალზედ დიდი დარდისათვის, რომელიც მაქვს თქვენი ურჯულოების გამო!

15 და ჩემი გლოვისა და გოდების გამო თქვენ ერთად შეიკრიბეთ და გიკვირთ, დიახ, გაოცებისთვის გაქვთ დიდი მიზეზი, დიახ, უნდა გაოცდეთ, რადგან იმ ეშმაკმა შეგიპყროთ, რომელმაც ასე დიდად მოიცვა თქვენი გულები.

16 დიახ, როგორ დაუთმეთ მის ცდუნებებს, რომელიც ცდილობს თქვენი სულების მარადიულ უბედურებასა და უსასრულო ვარამში ჩათრევას?

17 მოინანიეთ, მოინანიეთ, თქვენ! რატომ უნდა მოკვდეთ? მობრუნდით, მობრუნდით უფლისკენ, თქვენი ღმერთისკენ. რატომ მიგატოვათ მან?

18 რადგან გული გაიქვავეთ; დიახ, ყურს არ უგდებთ კეთილი მწყემსის ხმას; დიახ, თქვენ განარისხეთ იგი თქვენ წინააღმდეგ.

19 და აჰა, იმის მაგივრად, რომ ერთად შეგკრიბოთ, თუ არ მოინანიებთ, აჰა, გაგფანტავთ, რათა გახდეთ ძაღლებისა და გარეული მხეცების საჭმელი.

20 როგორ შეძელით თქვენი ღმერთის დავიწყება იმავე დღეს, როდესაც მან გამოგიხსნათ?

21 მაგრამ, აჰა, ეს იმისათვის, რომ მიიღოთ სარგებელი, შეგაქონ ადამიანებმა, დიახ, და მოიხვეჭოთ ოქრო და ვერცხლი. და მიუძღვენით გული სიმდიდრესა და ამქვეყნიურ ამაოებას, რისთვისაც კლავთ და ძარცვავთ, იპარავთ და ცრუმოწმეობთ თქვენი მოყვასის წინააღმდეგ და სჩადიხართ ყოველგვარ ურჯულოებას.

22 და ამის გამო, თუ არ მოინანიებთ, ვარამი მოვა თქვენზედ. რადგან, თუ არ მოინანიებთ, აჰა, ეს დიდი ქალაქი და გარშემო მდებარე ყველა დიდი ქალაქი, რომელიც ჩვენ მიერ დაუფლებულ მიწაზეა, წაგვერთმევა, ისე რომ მათში აღარ გექნებათ ადგილი; რადგან, აჰა, უფალი არ გიბოძებთ ძალას მტრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, როგორც იგი აქამდე აკეთებდა.

23 რადგან, აჰა, ასე ამბობს უფალი: არ დავანახებ ბოროტთ ჩემს ძალას, ერთს მეორეზე მეტად, გარდა მათი, რომლებიც ცოდვებს ინანიებენ და ყურს უგდებენ ჩემს სიტყვებს. ამიტომ, ახლა მსურს, გაიგოთ, ჩემო ძმებო, რომ თუ არ მოინანიებთ, უკეთესი იქნება ლამანიელებისთვის ვიდრე თქვენთვის.

24 რადგან, აჰა, ისინი თქვენზე სამართლიანნი არიან, რადგან არ შესცოდეს იმ დიდი ცოდნის წინაშე, რომელიც მიღებული გაქვთ; ამიტომ, უფალი მათ მიმართ იქნება მოწყალე; დიახ, ის მათ დღეებს გაუგრძელებს და ამრავლებს მათ შთამომავლობას, მაშინაც კი, როდესაც თქვენ მთლიანად განადგურდებით, თუ არ მოინანიებთ.

25 დიახ, ვარამი იქნება თქვენზედ, იმ დიდი სისაძაგლისათვის, რომელიც თქვენში მოვიდა; და თქვენ მას შეუერთდით; დიახ, იმ საიდუმლო რაზმს, რომელიც გადიანტონმა შექმნა!

26 დიახ, ვარამი მოვა თქვენზედ, იმ ამპარტავნობისთვის, რომელსაც ნება დართეთ, თქვენს გულებში შემოსულიყო, რომლითაც აღზევდით იმაზე, რაც არის კეთილი, თქვენი მეტისმეტი სიმდიდრის გამო!

27 დიახ, ვარამი თქვენზედ, თქვენი სიბოროტისა და სისაძაგლისთვის!

28 და თუ არ მოინანიებთ – დაიღუპებით; დიახ, თქვენი მიწებიც წაგერთმევათ და დედამიწის პირიდან განადგურდებით.

29 აჰა, ახლა, ჩემით არ ვამბობ, რომ ეს მოხდება, ვინაიდან ყველაფერი, რაც ვიცი, არ არის ჩემით; არამედ, აჰა, მე ვიცი, რომ ყოველივე ეს არის ჭეშმარიტი, რადგან ეს უფალმა ღმერთმა გამანდო, ამიტომ, ვმოწმობ, რომ ყოველივე ეს იქნება.