თავი 3
მრავალი ნეფიელი ჩრდილოეთ მიწაზე გადასახლდება. ისინი აშენებენ ცემენტის სახლებს და აკეთებენ მრავალ ჩანაწერს. ათობით ათასი მოიქცევა და მოინათლება. ღვთის სიტყვას ადამიანი მიჰყავს ხსნისკენ. ჰელამანის შვილი, ნეფი, იკავებს მოსამართლის სავარძელს. დაახლოებით 49–39 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და ახლა, იყო ასე: მოსამართლეთა მმართველობის ორმოცდამესამე წელს, ნეფის ხალხში არ იყო დაპირისპირება, გარდა ეკლესიაში მცირეოდენი ამპარტავნობისა, რამაც ხალხში გამოიწვია მცირე უთანხმოებანი, რაც მოგვარდა ორმოცდამესამე წლის ბოლოს.
2 და არ იყო დაპირისპირება ხალხში ორმოცდამეოთხე წელს; არც ორმოცდამეხუთე წელს არ ყოფილა დიდი დაპირისპირება.
3 და იყო ასე: ორმოცდამეექვსე წელს, დიახ, მოხდა დიდი დაპირისპირება და მრავალი უთანხმოება; რომლის გამოც იყვნენ ძალზედ ბევრნი, რომლებიც ზარაჰემლას მიწიდან წავიდნენ და გაემართნენ ჩრდილოეთ მიწისკენ, რათა ის მიწა დაემკვიდრებინათ.
4 და ისინი მოგზაურობდნენ ძალზედ შორ მანძილზე ისე, რომ მივიდნენ დიდ წყლებთან და მრავალ მდინარესთან.
5 დიახ, მიწის ყველა მხარეშიც კი დასახლდნენ, ყველა მხარეში, სადაც ის არ იყო გაპარტახებული და არ იყო ტყის გარეშე დარჩენილი მრავალრიცხოვანი მაცხოვრებლების გამო, რომლებიც მანამდე ამ მიწაზე მკვიდრობდნენ.
6 და ახლა, მიწის არცერთი მხარე არ იყო გაპარტახებული, ტყის გარდა; მაგრამ იმ ხალხის დიდი განადგურების გამო, რომელიც მიწაზე აქამდე მკვიდრობდა, ამ მიწას ეწოდებოდა გაპარტახებული.
7 და რადგან ამ მიწის პირზე ტყე ძალზედ ცოტა იყო, ადამიანები, რომლებიც იქ წავიდნენ, ძალზედ დახელოვნდნენ ცემენტის კეთებაში; ამიტომ, აშენებდნენ ცემენტის სახლებს, რომლებშიც თვითონ ცხოვრობდნენ.
8 და იყო ასე, რომ ისინი გამრავლდნენ და დასახლდნენ და სამხრეთ მიწიდან ჩრდილოეთ მიწისკენ მიიწევდნენ და იმდენად გაფართოვდნენ, რომ დაიწყეს მთლიანად იმ მიწის პირის დაფარვა, სამხრეთ ზღვიდან ჩრდილოეთ ზღვამდე, დასავლეთ ზღვიდან აღმოსავლეთ ზღვამდე.
9 და ხალხი, რომელიც იყო ჩრდილოეთ მიწაზე, კარვებში და ცემენტის სახლებში ცხოვრობდა და ყველანაირ ხეს, რომელიც მიწის პირზე აღმოცენდებოდა, საშუალებას აძლევდა, გაზრდილიყო, რათა საჭირო დროს ტყე ჰქონოდათ თავიანთი სახლების ასაშენებლად, დიახ, თავიანთი ქალაქებისა და ტაძრებისთვის, სინაგოგებისთვისა და სამლოცველოებისთვის და ყველანაირი თავიანთი შენობებისთვის.
10 და იყო ასე: ვინაიდან ტყე ძალზედ ცოტა იყო ჩრდილოეთ მიწაზე, ისინი ბევრ რამეს აგზავნიდნენ საზღვაო გზით.
11 და ასე აძლევდნენ ჩრდილოეთ მიწის ხალხს საშუალებას, ეშენებინათ მრავალი ქალაქი, როგორც ხისაგან, ასევე ცემენტისაგან.
12 და იყო ასე: იყვნენ ბევრნი ამონის ხალხიდან, რომლებიც წარმოშობით ლამანიელები იყვნენ, რომლებიც ასევე გაემართნენ ამ მიწისკენ.
13 და ახლა, ამ ხალხის საქმიანობაზე, თავად ამ ხალხის მიერ, მრავალი დაწვრილებითი და ვრცელი ჩანაწერია შემონახული, მათ შესახებ.
14 მაგრამ, აჰა, ამ ხალხის საქმიანობის მეასედი ნაწილიც, დიახ, ამბავი ლამანიელებისა და ნეფიელების, მათი ომების, განხეთქილებებისა და უთანხმოებების და მათი ქადაგებების და წინასწარმეტყველებების და მათი ზღვაოსნობისა და გემთ მშენებლობების, მათი ტაძრების, სინაგოგებისა და სამლოცველოების მშენებლობების და მათი სამართალის და სიბოროტისა და მკვლელობების, მათი ძარცვებისა და ყაჩაღობების და ყოველგვარ სისაძაგლისა და მრუშობის, ამ ნაშრომში ვერ შევა.
15 მაგრამ, აჰა, არის მრავალი წიგნი და ყველანაირი ჩანაწერი და მათ მეტწილად ნეფიელები აწარმოებდნენ.
16 და მათ ნეფიელები გადასცემდნენ ერთი თაობიდან მეორეს, იმ დრომდეც კი, როდესაც შეცოდებაში ჩაცვივდნენ და როდესაც მათ ხოცავდნენ, ძარცვავდნენ, დევნიდნენ, აძევებდნენ და ანადგურებდნენ, მიწის პირზე ფანტავდნენ და ლამანიელთა შორის აცხოვრებდნენ იქამდე, სანამ აღარ იწოდებოდნენ ნეფიელებად, ხდებოდნენ ბოროტნი, ველურნი და სასტიკნი, დიახ, ლამანიელებადაც კი იქცნენ.
17 და ახლა, მე კვლავ ვუბრუნდები ჩემს ამბავს; რადგან ის, რაც ვთქვი, იყო მას შემდეგ, რაც ნეფის ხალხში მოხდა დიდი დაპირისპირება და არეულობა, ომები და უთანხმოებანი.
18 მოსამართლეთა მმართველობის ორმოცდამეექვსე წელი დასრულდა;
19 და იყო ასე, რომ მიწაზე კვლავ გრძელდებოდა დიდი დაპირისპირება, დიახ, ორმოცდამეშვიდე წელს და ასევე ორმოცდამერვე წელს.
20 ამისდა მიუხედავად, ჰელამანმა დაიკავა მოსამართლის სავარძელი სამართლიანობითა და მიუკერძოებლობით; დიახ, იგი იცავდა ღმერთის წესებს, განაჩენებსა და მცნებებს და მუდამ აკეთებდა იმას, რაც სწორი იყო ღმერთის თვალში და დადიოდა თავისი მამის გზით, ასე რომ აყვავდა იმ მიწაზე.
21 და იყო ასე, რომ მას ორი შვილი ჰყავდა. უფროსს უწოდა სახელი ნეფი და უმცროსს – სახელი ლეხი. და მათ უფლისათვის იწყეს გაზრდა.
22 და იყო ასე, რომ ომებმა და განხეთქილებებმა ცოტათი იკლო ნეფიელთა ხალხში, ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის ორმოცდამერვე წლის მიწურულს.
23 და იყო ასე: მოსამართლეთა მმართველობის ორმოცდამეცხრე წელს, მიწაზე დამყარდა ხანგრძლივი მშვიდობა ყველგან, გარდა საიდუმლო კავშირებისა, რომლებიც მძარცველმა გადიანტონმა მიწაზე ჩამოაყალიბა უფრო დასახლებულ ნაწილში, რომლის შესახებაც იმ დროში არ იყო ცნობილი მათთვის, ვინც მთავრობის სათავეში იმყოფებოდა; ამიტომ, ისინი იმ მიწაზე არ გაანადგურეს.
24 და იყო ასე, რომ იმავე წელს, ეკლესია ძალზედ განვითარდა, ისე, რომ იყვნენ ათასობით, რომლებიც უერთდებოდნენ ეკლესიას და ინათლებოდნენ მოსანანიებლად.
25 და იმდენად დიდად აყვავდა ეკლესია და იმდენი კურთხევა გადმოიღვარა ხალხზე, რომ თავად მღვდელმთავრები და მასწავლებლებიც უსაზღვროდ გაოცებულნი იყვნენ.
26 და იყო ასე, რომ უფლის საქმე ყვაოდა ღმერთის ეკლესიაში მრავალი სულის ნათლობითა და გაერთიანებით, დიახ, ათი ათასობითაც კი.
27 ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი არის მოწყალე ყველა მათგანისადმი, რომელნიც გულის გულწრფელობით შეჰღაღადებენ მის წმინდა სახელს.
28 დიახ, ამგვარად ვხედავთ, რომ ზეციური კარიბჭე ღიაა ყველასთვის, მათთვის, ვინც იწამებს იესო ქრისტეს სახელით, რომელიც არის ძე ღვთისა.
29 დიახ, ჩვენ ვხედავთ, რომ ის, ვინც მოისურვებს, შეძლებს ღვთის სიტყვაზე ჩაჭიდებას, რომელიც არის ცოცხალი და ძლიერი, რომელიც დაამსხვრევს ეშმაკის ყოველ მზაკვრობას, მახესა და ეშმაკობას, გაუძღვება ქრისტეს ადამიანს რთულ და ვიწრო ბილიკზე, იმ მარადიული უბედურების უფსკრულის გაღმა, რომელიც მომზადებულია, რათა შთანთქოს ბოროტნი –
30 და მიიყვანს მათ სულებს, დიახ, მათ უკვდავ სულებს, ცათა სასუფეველში, ღმერთის მარჯვენა ხელისკენ, რათა დასხდნენ აბრაამთან და ისააკთან და იაკობთან და ყველა ჩვენს წმინდა მამასთან, რათა აღარასოდეს არ დატოვონ იქაურობა.
31 და ამ წელს, ზარაჰემლას მიწაზე განუწყვეტლივ სიხარული სუფევდა და გარშემო მხარეებშიც, ნეფიელთა მფლობელობაში მყოფ მთელ მიწაზეც კი.
32 და იყო ასე, რომ, ორმოცდამეცხრე წლის დასასრულს იქ იყო მშვიდობა და ძალზედ დიდი სიხარული, დიახ, მოსამართლეთა მმართველობის ორმოცდამეათე წელშიც ასევე სუფევდა უწყვეტი მშვიდობა და დიდი სიხარული.
33 და მოსამართლეთა მმართველობის ორმოცდამეთერთმეტე წელსაც ასევე მშვიდობა იყო, გარდა მცირე ამპარტავნობისა, რომელიც შემოიჭრა ეკლესიაში – არა თავად ღმერთის ეკლესიაში, არამედ იმ ადამიანთა გულებშიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ღვთის ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ –
34 და ისინი აღზევდნენ ამპარტავნობით, მრავალი თავიანთი ძმების დევნამდეც კი მივიდნენ. ახლა, ეს იყო დიდი სიბოროტე, რამაც მოუტანა ხალხის თავმდაბალ ნაწილს დიდი დევნისა და მრავალი ტანჯვის გადატანა.
35 მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად მარხულობდნენ და ლოცულობდნენ და სულ უფრო ძლიერდებოდნენ და ძლიერდებოდნენ თავიანთ თავმდაბლობაში და მტკიცდებოდნენ და მტკიცდებოდნენ ქრისტეს რწმენაში, ავსებდნენ რა თავიანთ სულებს სიხარულითა და ნუგეშით, დიახ, გულის განწმენდამდე და კურთხევამდე, იმ კურთხევით, რომელიც მოდის ღმერთისადმი საკუთარი გულის დათმობით.
36 და იყო ასე, რომ ორმოცდამეთორმეტე წელიც ასევე მშვიდობით დასრულდა, თუ არ ჩავთვლით ძალზედ დიდ ამპარტავნობას, რაც შეიჭრა ადამიანთა გულებში; და ეს იყო მიწაზე მათი დიდძალი სიმდიდრისა და აყვავების გამო; და ეს იზრდებოდა მათში დღითი დღე.
37 და იყო ასე, რომ მოსამართლეთა მმართველობის ორმოცდამეცამეტე წელს ჰელამანი მოკვდა და მის მაგივრად მმართველობა დაიწყო მისმა უფროსმა შვილმა, ნეფიმ. და იყო ასე, რომ მან დაიკავა მოსამართლის სავარძელი სამართალითა და მიუკერძოებლობით; დიახ, იგი იცავდა ღმერთის მცნებებს და დადიოდა მამამისის გზით.