წმინდა წერილი
ჰელამანი 4


თავი 4

ნეფიელი განდგომილები და ლამანიელები ძალებს აერთიანებენ და იღებენ მიწა ზარაჰემლას. ნეფიელები მარცხდებიან თავიანთი სიბოროტის გამო. ეკლესია იწყებს გადაშენებას და ადამიანები ხდებიან ლამანიელებივით უძლურნი. დაახლოებით 38–30 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ ორმოცდამეთოთხმეტე წელს ეკლესიაში იყო მრავალი განდგომა და ადამიანებს შორისაც იყო განხეთქილება, ისეთი, რომ მოხდა დიდი სისხლისღვრა.

2 და აჯანყებულთა მხარე დახოცეს და მიწიდან განდევნეს და ისინი ლამანიელთა მეფესთან მივიდნენ.

3 და იყო ასე, რომ ისინი შეეცადნენ, ლამანიელები დაეყოლიებინათ ნეფიელების საწინააღმდეგოდ საომრად; მაგრამ, აჰა, ლამანიელები ძალზედ შეშინებულნი იყვნენ, იმდენად, რომ არ უგდებდნენ ყურს განდგომილთა სიტყვებს.

4 მაგრამ, იყო ასე: მოსამართლეთა მმართველობის ორმოცდამეთექვსმეტე წელს იქ იყვნენ განდგომილები, რომლებიც ნეფიელებისგან წავიდნენ ლამანიელებთან და სხვა განდგომილებთან ერთად წარმატებას მიაღწიეს ნეფიელთა წინააღმდეგ წყრომის გაღვივებაში; და ისინი, მთელი იმ წლის განმავლობაში, ომისთვის ემზადებოდნენ.

5 და ორმოცდამეჩვიდმეტე წელს ისინი ჩამოვიდნენ ნეფიელთა წინააღმდეგ საბრძოლველად და დაიწყეს სასიკვდილო საქმის კეთება; დიახ, ისე, რომ მოსამართლეთა მმართველობის ორმოცდამეთვრამეტე წელს მათ წარმატებას მიაღწიეს ზარაჰემლას მიწის დაპყრობაში და ასევე ყველა მიწისაც, იმ მიწამდეც კი, რომელიც იყო მიწა ბარაქიანთან.

6 და ნეფიელები და მორონიჰას ჯარებიც მიწა ბარაქიანში გააძევეს;

7 და იქ გამაგრდნენ ლამანიელთა წინააღმდეგ, დასავლეთ ზღვიდან აღმოსავლეთ ზღვამდეც კი; ნეფიელებისთვის ეს იყო ერთი დღის სავალი მანძილი, საზღვრამდე, რომელზეც ისინი გამაგრდნენ და დააყენეს ჯარები ჩრდილოეთ მხარის დასაცავად.

8 და ამგვარად, იმ განდგომილმა ნეფიელებმა, ლამანიელთა უთვალავი ჯარის დახმარებით, დაიპყრეს ნეფიელთა ყველა სამფლობელო, რაც სამხრეთ მიწაზე მდებარეობდა. და ეს ყველაფერი მოხდა მოსამართლეთა მმართველობის ორმოცდამეთვრამეტე – მეცხრამეტე წლებში.

9 და იყო ასე, რომ მოსამართლეთა მმართველობის მესამოცე წელს მორონიჰამ საკუთარი ჯარებით წარმატებას მიაღწია მიწის მრავალი მხარის დაპყრობაში; დიახ, მათ დაიბრუნეს მრავალი ქალაქი, რომელიც ლამანიელთა ხელში იყო ჩავარდნილი.

10 და იყო ასე, რომ მოსამართლეთა მმართველობის სამოცდამეერთე წელს მათ წარმატებას მიაღწიეს, თავიანთი მამულების ნახევარიც კი დაიბრუნეს.

11 ახლა, ნეფიელების ეს დიდი დანაკარგი და ხოცვა-ჟლეტა, რაც მათში იყო, არ მოხდებოდა, რომ არა ის სიბოროტე და სისაძაგლე, რომელიც იყო მათ შორის; დიახ, ეს იყო მათ შორის, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ღმერთის ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ.

12 და ეს იყო მათი გულის ამპარტავნობის, მათი მეტისმეტი სიმდიდრის გამო, დიახ, რადგან ღარიბებს ჩაგრავდნენ, მშიერთათვის არ გაჰქონდათ საჭმელი, შიშველთათვის არ გაჰქონდათ საკუთარი ტანსაცმელი და სილასაც აწნავდნენ თავიანთ თავმდაბალ ძმებს, დასცინოდნენ რა იმას, რაც იყო წმინდა, უარყოფდნენ წინასწარმეტყველებისა და გამოცხადების სულს, ხოცავდნენ, ძარცვავდნენ, ცრუობდნენ, იპარავდნენ, მრუშობდნენ, აწყობდნენ დიდ აჯანყებებს და ნეფის მიწაზე გარბოდნენ ლამანიელებთან –

13 და მათი დიდი სიბოროტისა და თავიანთი ძალით ტრაბახის გამო, ისინი საკუთარი ძალის ამარად იყვნენ დარჩენილნი; ამიტომ, ვეღარ ყვაოდნენ, არამედ იყვნენ გაჭირვებულნი, ნაცემნი და ლამანიელების მიერ გაძევებულნი, სანამ მთლიანად არ დაკარგეს მამულები თითქმის ყველა თავიანთ მიწაზე.

14 მაგრამ, აჰა, მორონიჰა ამ ხალხისათვის ბევრს ქადაგებდა მათი ურჯულოების გამო, ასევე ნეფი და ლეხიც, რომლებიც იყვნენ ჰელამანის შვილები, ქადაგებდნენ ამ ხალხისადმი, დიახ, მათ ბევრი უწინასწარმეტყველეს მათსავე ურჯულოებაზე და იმის შესახებ, თუ რა მოუვიდოდათ, ცოდვებს თუ არ მოინანიებდნენ.

15 და იყო ასე, რომ ისინი ინანიებდნენ და იმისდა მიხედვით, თუ როგორ ინანიებდნენ, შესაბამისად იწყებდნენ აყვავებას.

16 როდესაც მორონიჰამ იხილა, რომ მათ მოინანიეს, მან გადაწყვიტა გაძღოლოდა მათ ადგილიდან ადგილზე და ქალაქიდან ქალაქში, იქამდე, სანამ არ დაიბრუნეს თავიანთი ქონებისა და ყველა თავიანთი მიწის ნახევარი.

17 და ასე დასრულდა მოსამართლეთა მმართველობის სამოცდამეერთე წელი.

18 და იყო ასე: მოსამართლეთა მმართველობის სამოცდამეორე წელს, მორონიჰამ ვერ შეძლო ლამანიელებისგან უფრო მეტი მიწის უკან დაბრუნება.

19 ამიტომ, მათ დათმეს თავიანთი ჩანაფიქრი, დაებრუნებინათ დანარჩენი თავიანთი მიწები, რადგან ლამანიელები იმდენად მრავალრიცხოვანნი იყვნენ, რომ ნეფიელებისთვის შეუძლებელი გახდა მათზე უფრო მეტი ძალის მიღწევა; ამიტომ, მორონიჰამ მთელი თავისი ჯარები განალაგა იმ მხარეების დასაცავად, რომლებიც აღებული ჰქონდა.

20 და იყო ასე, რომ ლამანიელთა დიდი სიმრავლის გამო, ნეფიელები ძალზედ შიშობდნენ, რომ მათ დაძლევდნენ და ფეხქვეშ გათელავდნენ, დახოცავდნენ და გაანადგურებდნენ.

21 დიახ, მათ დაიწყეს ალმას წინასწარმეტყველებების გახსენება, ასევე მოსიას სიტყვებისა და იხილეს, რომ იყვნენ ქედფიცხელი ხალხი და ღმერთის მცნებებს არაფრად არ აგდებდნენ;

22 და მათ შეცვალეს და ფეხით გათელეს მოსიას რჯული ანუ ის, რაც უფალმა უბრძანა მას, გადაეცა ხალხისათვის; და მათ იხილეს, რომ მათი კანონები გაიხრწნა და თვითონ იქცნენ ბოროტ ხალხად, იმდენად, რომ ისეთივე ბოროტნი იყვნენ, როგორც ლამანიელები.

23 და მათი ურჯულოების გამო დაიწყო ეკლესის გადაშენება; და მათ დაიწყეს წინასწარმეტყველებისა და გამოცხადების სულში რწმენის დაკარგვა; და ღმერთის სამსჯავრომ ჩახედა მათ თვალებში.

24 და მათ იხილეს, რომ დასუსტდნენ, როგორც თავიანთი ძმები – ლამანიელები და მათ უფლის სული უკვე აღარ იცავდა; დიახ, მან მიატოვა ისინი, რადგან უფლის სული არ ცხოვრობს უწმინდურ ტაძრებში –

25 ამიტომ, უფალი მათ აღარ იცავდა თავისი სასწაულებრივი და უბადლო ძალით, რადგან ჩაცვივდნენ ურწმუნოებაში და საშინელ სიბოროტეში და მათ იხილეს, რომ ლამანიელები ძალზედ უფრო მეტნი იყვნენ რიცხობრივად, ვიდრე თვითონ ისინი; და თუ არ ელტვიან უფალს, თავიანთ ღმერთს, მაშინ აუცილებლად უნდა დაიღუპონ.

26 რადგან, აჰა, მათ იხილეს, რომ ლამანიელებს ისეთივე დიდი ძალა ჰქონდათ, როგორიც იყო მათი, ადამიანი ადამიანის წინააღმდეგაც კი; და ამგვარად, ისინი ჩაცვივდნენ ამ დიდ შეცოდებაში; დიახ, რამდენიმე წელიც არ იყო გასული, რაც ისინი დასუსტდნენ თავიანთი შეცოდების გამო.