თავი 14
სამუელი წინასწარმეტყველებს სინათლეს ღამით და ახალ ვარსკვლავს ქრისტეს შობისას. ქრისტე გამოისყიდის ადამიანს მიწიერი და სულიერი სიკვდილისგან. მისი სიკვდილის ნიშანი არის სიბნელე სამი დღის განმავლობაში, კლდეების ნგრევა და დიდი სტიქიური უბედურებანი. დაახლოებით 6 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და იყო ასე, რომ ლამანიელმა სამუელმა კიდევ მრავალი დიდი რამ იწინასწარმეტყველა, რაც ვერ დაიწერება.
2 და აჰა, უთხრა მათ: აჰა, მე მოგცემთ ნიშანს; გაივლის კიდევ ხუთი წელი და აჰა, მაშინ მოვა ძე ღვთისა, რათა გამოისყიდოს ყოველი, ვინც მის სახელს იწამებს.
3 და აჰა, მისი მოსვლის ჟამს, ამას მოგცემთ ნიშნად; რადგან, აჰა, ზეცაში იქნება დიდი მანათობელი, ისეთი, რომ მისი მოსვლის წინა ღამეს არ დაბნელდება, ისე რომ ადამიანისთვის იქნება დღე.
4 ამიტომ, იქნება ერთი დღე, ღამე და დღე, თითქოს ღამის გარეშე ყოფილიყოს ერთი მთლიანი დღე; და ეს იქნება თქვენთვის ნიშანი; რადგან თქვენ გეცოდინებათ მზის ამოსვლისა და ჩასვლის შესახებ; მაშასადამე, ნამდვილად ეცოდინებათ, რომ იქნება ორი დღე და ერთი ღამე; ამისდა მიუხედავად, ღამე არ დაბნელდება და ეს ღამე იქნება მისი დაბადების წინ.
5 და აჰა, ამოვა ახალი ვარსკვლავი, ისეთი, როგორიც არასდროს გინახავთ; და ეს ასევე ნიშანი იქნება თქვენთვის.
6 და აჰა, ეს არ არის ყველაფერი, ზეცაში იქნება მრავალი ნიშანი და საოცრება.
7 და იქნება ასე, რომ ყველანი იქნებით გაკვირვებულნი და გაოცებულნი ისე, რომ მიწაზე დაეცემით.
8 და იქნება ასე: რომელიც იწამებს ძეს ღვთისას – მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს.
9 და აჰა, ეს მიბრძანა უფალმა, თავისი ანგელოზის მეშვეობით, რომ მოვსულიყავი და მეთქვა ეს. დიახ, მან მიბრძანა, რომ ეს გიწინასწარმეტყველოთ; დიახ, მან მითხრა: შეჰღაღადე ამ ხალხს, მოინანიეთ და მოამზადეთ გზა უფლისთვის.
10 და ახლა, ვინაიდან ლამანიელი ვარ და გითხარით სიტყვები, რომლებიც უფალმა მიბრძანა და რადგან ისინი თქვენთვის იყო მძიმე, თქვენ ხართ ჩემზე განრისხებულნი და ცდილობთ ჩემ განადგურებას და თქვენი გარემოცვიდან უკვე გამაძევეთ.
11 და თქვენ გაიგებთ ჩემს სიტყვებს, რადგან ამ მიზნით ამოვედი ამ ქალაქის გალავანზე, რომ მოისმინოთ და გაიგოთ ღმერთის განსასჯელის შესახებ, რომელიც თქვენი ურჯულოებისთვის მოგელით და ასევე, რათა იცოდეთ მონანიების პირობები;
12 და ასევე, რომ იცოდეთ იესო ქრისტეს, ღვთის ძის, ზეცისა და მიწის მამის, დასაბამიდან ყველაფრის შემქმნელის, შესახებ; და რათა იცოდეთ მისი მოსვლის ნიშნები, იმ მიზნით, რომ იწამოთ მისი სახელი.
13 და თუ იწამებთ მის სახელს, მაშინ მოინანიებთ ყველა ცოდვას, რათა ამგვარად მიგეტევოთ, მისი მადლით.
14 და აჰა, კვლავ, კიდევ ერთ ნიშანს მოგცემთ, დიახ, მისი სიკვდილის ნიშანს.
15 რადგან, აჰა, იგი აუცილებლად უნდა მოკვდეს, რათა მოვიდეს ხსნა; დიახ, მას მოეთხოვება და საჭიროა, რომ იგი მოკვდეს რათა აღასრულოს გარდაცვლილთა აღდგომა, რათა ამის საშუალებით, ადამიანები მიყვანილ იქნენ უფლის გარემოცვაში.
16 დიახ, აჰა, ეს სიკვდილი აღასრულებს აღდგომას და მთელ კაცობრიობას გამოისყიდის პირველი სიკვდილისგან – სულიერი სიკვდილისგან; რადგან მთელი კაცობრიობა იყო რა უფლის გარემოცვიდან მოკვეთილი ადამის დაცემით, ითვლება მკვდრად, როგორც ხორციელად, ასევე სულიერად.
17 მაგრამ, აჰა, ქრისტეს აღდგომა გამოისყიდის კაცობრიობას, დიახ, მთელ კაცობრიობას და მიიყვანს უკან, უფლის გარემოცვაში.
18 დიახ, და აღასრულებს მონანიების პირობას, რომ ყოველი, რომელიც მოინანიებს, არ იქნება მოკვეთილი და ცეცხლში ჩაგდებული; მაგრამ ყოველი, რომელიც არ მოინანიებს, იქნება მოკვეთილი და ცეცხლში ჩაგდებული; და იქ კვლავ თავს დაატყდებათ მათ სულიერი სიკვდილი, დიახ, მეორე სიკვდილი, რადგან კვლავ მოკვეთილნი არიან იქიდან, რაც სამართლიანობას ეხება.
19 ამიტომ, მოინანიეთ, მოინანიეთ, რათა ყოველივე ამის ცოდნით და არ შესრულებით, თქვენს თავს არ მოევლინოს სასჯელი და არ ჩაცვივდეთ ამ მეორე სიკვდილში.
20 მაგრამ, აჰა, როგორც მე გითხარით კიდევ ერთ ნიშანზე, მისი სიკვდილის ნიშანზე, აჰა, იმ დღეს, როდესაც იგი სიკვდილს მიიღებს, მზე დაბნელდება და უარს გეტყვით თავისი სინათლის თქვენთვის ბოძებაზე; ასევე მთვარეც და ვარსკვლავებიც; და ამ მიწის პირზე არ იქნება სინათლე იმ დროიდან, როდესაც იგი მიიღებს სიკვდილს, სამი დღის განმავლობაში, იმ დრომდე, სანამ მკვდრეთით არ აღსდგება.
21 დიახ, იმ დროს, როდესაც სულს დათმობს, იქნება ჭექა-ქუხილი და ელვა მრავალი საათის განმავლობაში და დედამიწა აზანზარდება და აკანკალდება; და კლდეები, რომლებიც ამ მიწის პირზეა, რომლებიც მიწის ზევით და მის ქვევით არის, რომლებიც ახლა მთელია ანუ მათი დიდი ნაწილი, რომელიც ერთიანი სხეულია, შუაზე გაიპობა;
22 დიახ, შუაზე გაიპობა და შემდეგ იპოვიან მათ ნაპრალებსა და ბზარებში და ნამსხვრევების სახით მთელი მიწის პირზე, დიახ, მიწის ზევით და მიწის ქვევით.
23 და აჰა, იქნება დიდი ქარიშხლები და ბარივით მიწასთან გასწორდება მრავალი მთა და იქნება მრავალი ადგილი, რომელსაც ველს უწოდებენ, რომელნიც დიდი სიმაღლის მთებად იქცევიან.
24 მრავალი გზატკეცილი დაინგრევა და მრავალი ქალაქი გაპარტახდება.
25 და მრავალი საფლავი გაიხსნება და მრავალი დათმობს საკუთარ გარდაცვლილს და მრავალი წმინდანი გამოეცხადება მრავალს.
26 და, აჰა, ასე მითხრა ანგელოზმა; რადგან მან მითხრა, რომ იქნება ჭექა-ქუხილი და ელვა მრავალი საათის განმავლობაში.
27 და მან მითხრა, რომ ჭექა-ქუხილის, ელვისა და ქარიშხლის დროს გაგრძელდება ეს ყველაფერი და ბნელეთი მოიცავს მთელი დედამიწის პირს სამი დღის განმავლობაში.
28 და ანგელოზმა მითხრა, რომ მრავალნი იხილავენ ამაზე უფრო დიდ მოვლენებს იმ მიზნით, რათა იწამონ, რომ ეს ნიშნები და ეს საოცრებები აღსრულდება მთელი ამ მიწის პირზე, რათა ადამიანთა შვილებს შორის არ იყოს ურწმუნოების არანაირი მიზეზი –
29 და ეს იმ მიზნით, რათა ყოველმა, რომელიც იწამებს, შეძლოს გადარჩენა და რომელნიც არ იწამებენ, მოევლინოთ სამართლიანი განაჩენი; და ასევე, თუ იქნებიან განსჯილნი, ისინი თავად იწვნევენ საკუთარ თავზე თავიანთ განსასჯელს.
30 და ახლა გახსოვდეთ, გახსოვდეთ, ჩემო ძმებო, რომ ყოველი, ვინც იღუპება, იღუპება საკუთარი თავისთვის; და ყოველი, რომელიც სჩადის ურჯულოებას, საკუთარი თავის გამო სჩადის, რადგან, აჰა, თქვენ ხართ თავისუფალნი; ნება გაქვთ იმოქმედოთ საკუთარი ნებით, რადგან, აჰა, ღმერთმა გიბოძათ ცოდნა და გაგაჩინათ თავისუფალნი.
31 მან გიბოძათ უნარი – განასხვაოთ კეთილი ბოროტისგან და გიბოძათ, აირჩიოთ სიცოცხლე ან სიკვდილი; და შეგიძლიათ აკეთოთ სიკეთე და აღდგეთ იმისათვის, რაც არის კეთილი ანუ რაც არის კეთილი აღდგეს თქვენთვის; ან შეგიძლიათ აკეთოთ სიბოროტე და თქვენთვის აღსდგება ბოროტი.