წმინდა წერილი
1 ნეფი 10


თავი 10

ლეხი წინასწარმეტყველებს, რომ ბაბილონიელები ტყვედ წაიყვანენ იუდეველებს. ის მოგვითხრობს იუდეველთა შორის მესიის მოსვლაზე, მხსნელსა და გამომსყიდველზე. ლეხი ასევე მოგვითხრობს იმის მოსვლის შესახებ, რომელიც მონათლავს ღვთის კრავს. ლეხი მოგვითხრობს მესიის სიკვდილსა და აღდგომის შესახებ. ის ადარებს ისრაელის გაფანტვას და შეკრებას ზეთისხილის ხეს. ნეფი მოგვითხრობს ღვთის ძის შესახებ, სულიწმინდის ძღვენზე და სამართლიანობის აუცილებლობაზე. დაახლოებით 600–592 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა მე, ნეფი, ვაგრძელებ ამ ფირფიტებზე ჩემს საქმეზე, მმართველობასა და მსახურებაზე ჩანაწერების გაკეთებას; ამიტომაც, ჩემი ჩანაწერების გასაგრძელებლად, უნდა ვთქვა რაიმე მამაჩემისა და ასევე ჩემი ძმების საქმეებზე.

2 ვინაიდან, აჰა, ეს იყო ასე, როდესაც მამაჩემმა დაასრულა სიტყვები თავისი სიზმრის შესახებ და ასევე მათ მიმართ მოწოდება ყოველგვარი სიბეჯითისაკენ, მან ისაუბრა იუდეველებზე.

3 რომ მას შემდეგ, რაც ისინი განადგურდებიან, ის დიდი ქალაქი იერუსალიმიც და მრავალი ტყვედ იქნება წაყვანილი ბაბილონში, უფლის მიერ დანიშნული დროის შესაბამისად, ისინი კვლავ დაბრუნდებიან, დიახ, ისინი იქნებიან ტყვეობიდან დაბრუნებულნი; და მას შემდეგ, რაც ტყვეობიდან დაბრუნდებიან, ისინი კვლავ დაისაკუთრებენ თავიანთი მემკვიდრეობის მიწას.

4 დიახ, ექვსასი წლის შემდეგ, რაც მამაჩემმა დატოვა იერუსალიმი, წინასწარმეტყველს აამაღლებს იუდეველებს შორის უფალი ღმერთი, დიახ, მესიას ანუ სხვა სიტყვებით, ამა ქვეყნის მხსნელს.

5 და მან ასევე ილაპარაკა წინასწარმეტყველებზე, თუ რაოდენ ბევრი მოწმობდა ამ მოვლენებზე იმ მესიის შესახებ, რომელზედაც გვიამბო, ანუ ამა ქვეყნის ამ გამომსყიდველზე.

6 ამიტომაც, მთელი კაცობრიობა იყო დაკარგულ და დაცემულ მდგომარეობაში და მუდამ ასე იქნებოდა, თუკი არ მიენდობოდა ამ გამომსყიდველს.

7 და მან ასევე ილაპარაკა წინასწარმეტყველზე, რომელიც მოვიდოდა მესიაზე ადრე, რათა მოუმზადოს გზა უფალს.

8 დიახ, ის გამოვა და შეჰღაღადებს უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს და მოასწორეთ მისი ბილიკები, რადგან თქვენ შორის დგას ის, ვისაც თქვენ არ იცნობთ და ის არის ჩემზე ბევრად ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსი არ ვარ. და ბევრს ლაპარაკობდა მამაჩემი ამაზე.

9 და მამაჩემმა თქვა, რომ ის მონათლავს ბეთაბარაში იორდანის გაღმა და მან ასევე თქვა, რომ ის წყლით მონათლავს; წყლით მონათლავს მესიასაც.

10 და მას შემდეგ, რაც წყლით მონათლავს მესიას, ის იხილავს და მოწმე იქნება იმისა, რომ მონათლა ღვთის კრავი, რომელიც აიღებს ამა ქვეყნის ცოდვებს.

11 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მამაჩემმა თქვა ეს სიტყვები, იგი ელაპარაკა ჩემს ძმებს სახარებაზე, რომელიც იქნება იუდეველებს შორის ნაქადაგები და ასევე იუდეველების ურწმუნოებაში გადაშენებაზე. და მას შემდეგ, რაც ისინი მოკლავენ მესიას, რომელიც მოვა და მას შემდეგ, რაც მოკლავენ, ის მკვდრეთით აღდგება და სულიწმინდის მეშვეობით წარმართებს გამოეცხადება.

12 დიახ, მამაჩემმა ბევრი ილაპარაკა წარმართებსა და ასევე ისრაელის სახლზე, რომ ის შეიძლება შეადარონ ზეთისხილის ხეს, რომლის რტოებს მოტეხავენ და მთელ დედამიწის ზედაპირზე გაფანტავენ.

13 ამიტომაც, თქვა მან, საჭიროა, რომ ჩვენ ყველას ერთსულოვნად გაგვიძღვნენ აღთქმული მიწისაკენ, რათა აღსრულდეს უფლის სიტყვა, რომ ვიყოთ მთელი დედამიწის ზედაპირზე გაფანტულნი.

14 და მას შემდეგ, რაც ისრაელის სახლი გაიფანტება, ის კვლავ შეიკრიბება; ანუ მას შემდეგ, რაც წარმართები მიიღებენ სახარების სისრულეს, ზეთისხილის ხის ბუნებრივი რტოები ანუ ისრაელის სახლის ნარჩენი, დაემყნობა ანუ შეიცნობს ჭეშმარიტ მესიას, თავის უფალსა და გამომსყიდველს.

15 და ასეთი სიტყვებით მამაჩემი წინასწარმეტყველებდა და ელაპარაკებოდა ჩემს ძმებს, ასევე ბევრ სხვა რამეზეც, რაზედაც მე არ ვწერ ამ წიგნში; რადგან სხვა წიგნში დავწერე მათ შესახებ იმდენი, რამდენიც საჭიროდ მიმაჩნდა.

16 და ყველაფერი ეს, რაზედაც ვილაპარაკე, მოხდა იმ დროს, როდესაც მამაჩემი იმყოფებოდა კარავში, ლემუელის ველზე.

17 და იყო ასე, მას შემდეგ, რაც მე, ნეფიმ, მოვისმინე მამაჩემის ყოველი სიტყვა იმაზედ, თუ რა იხილა ხილვაში და ასევე იმაზედ, რაც ილაპარაკა სულიწმინდის ძალით, რომელიც მან მიიღო ღვთის ძის რწმენით და ღვთის ძე იყო ის მესია, რომელიც უნდა მოვიდეს, მე, ნეფიმ, ასევე მოვისურვე, დამენახა და მომესმინა და შემეცნო ამის შესახებ სულიწმინდის ძალით, რომელიც არის ღვთის ძღვენი ყველასთვის, ვინც ბეჯითად ეძებს მას ისე, როგორც იყო ძველ დროს და როგორც იმ დროს, როდესაც გამოეცხადება იგი ადამიანთა შვილებს.

18 რადგან იგი უცვლელია გუშინ, დღეს და უკუნისამდე; და გზა მომზადებულია ყოველი ადამიანისთვის ამაქვეყნის დასაბამიდან, თუ იქნება ისე, რომ მოინანიებენ და მასთან მივლენ.

19 რადგან ის, ვინც ბეჯითად ეძებს, იპოვის; და ღმერთის საიდუმლოებანი გაეხსნება მას სულიწმინდის ძალით ამ დროსაც კი, ისე, როგორც ძველად და ისე, როგორც ძველ დროს, ასევე იმ დროში, რომელიც მოვა; ამიტომ, უფლის გეზი არის ერთი მარადიული წრე.

20 ამიტომაც გახსოვდეს, ადამიანო, ყველაფრისათვის, რასაც აკეთებ, შენ წარსდგები სამსჯავროზე.

21 ამიტომ, თუ გამოცდის დღეების ჟამს ცდილობდით ბოროტებას, თქვენ უწმინდურად გცნობენ ღვთის სამსჯავროზე; და არაფერი უწმინდური არ შეიძლება ცხოვრობდეს ღვთის გვერდით; ამიტომაც თქვენ განდევნილნი უნდა იყოთ სამუდამოდ.

22 და სულიწმინდა მაძლევს უფლებამოსილებას გითხრათ ეს და არ უარვყო ნათქვამი.