წმინდა წერილი
1 ნეფი 9


თავი 9

ნეფი აკეთებს ჩანაწერების ორ სხვადასხვა ტომს, ორივეს ეწოდება ნეფის ფირფიტები. დიდი ფირფიტები მოიცავს საერო ისტორიას; პატარა ფირფიტებში ძირითადად განიხილება წმინდა საქმენი. დაახლოებით 600–592 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ყველაფერი ეს მამაჩემმა დაინახა და მოისმინა და ისაუბრა, როდესაც იმყოფებოდა ლემუელის ველზე კარავში და ასევე უამრავი სხვა რამ, რისი აღწერაც ამ ფირფიტებზე შეუძლებელია.

2 და ახლა, როგორც უკვე ვთქვი ამ ფირფიტების შესახებ, აჰა, ეს არ არის ის ფირფიტები, რომლებზედაც ვაკეთებ ჩემი ხალხის ისტორიის სრულ ჩანაწერს, რადგან ფირფიტებს, რომლებზედაც ვაკეთებ ჩემი ხალხის სრულ ჩანაწერს, ვუწოდე ნეფის ფირფიტები; ასე რომ, მათ ეწოდებათ ნეფის ფირფიტები, ჩემი სახელის შესაბამისად; და ამ ფირფიტებსაც ასევე ეწოდებათ ნეფის ფირფიტები.

3 მიუხედავად ამისა, მივიღე უფლისგან ბრძანება დავამზადო ეს ფირფიტები განსაკუთრებული მიზნისათვის, რათა არსებობდეს ამოტვიფრული ჩანაწერი ჩემი ხალხის მსახურების შესახებ.

4 სხვა ფირფიტებზე უნდა იყოს ამოტვიფრული ჩანაწერები მეფეების მმართველობის, ჩემს ხალხში ომებისა და განხეთქილებების შესახებ; ამიტომაც, ეს ფირფიტები ეძღვნება, მეტწილად, უფლისადმი მსახურებას და სხვა ფირფიტები ეძღვნება, მეტწილად, მეფეების მმართველობას და ჩემს ხალხში ომებსა და განხეთქილებებს.

5 ამიტომაც, მიბრძანა უფალმა დამემზადებინა ეს ფირფიტები მისი ბრძნული მიზნისთვის, რომლის დანიშნულებაც ჩემთვის უცნობია.

6 მაგრამ უფალმა დასაბამიდან იცის ყოველივე; ამიტომაც ამზადებს გზას, რათა აღსრულდეს მისი ყოველი საქმე ადამიანთა შვილებს შორის; რადგან, აჰა, მას აქვს ყველანაირი ძალა, რათა აღსრულდეს მისი ყოველი სიტყვა. და ეს არის ასე. ამინ.