წმინდა წერილი
1 ნეფი 14


თავი 14

ანგელოზი მოუთხრობს ნეფის იმ კურთხევებისა და წყევლის შესახებ, რაც წარმართებს თავს დაატყდებათ. არსებობს მხოლოდ ორი ეკლესია: ღვთის კრავის ეკლესია და ეშმაკის ეკლესია. ღმერთის წმინდანები ყველა ერში იდევნებიან დიდი და ბილწი ეკლესიის მიერ. მოციქული იოანე დაწერს ამა ქვეყნის დასასრულის შესახებ. დაახლოებით 600–592 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იქნება ასე, რომ თუ წარმართები ყურს დაუგდებენ ღვთის კრავს იმ დღეს, როდესაც ის გამოეცხადება, სიტყვასა და ძალაში, ჭეშმარიტ საქმეში, რათა მოაცილოს მათ დაბრკოლების ლოდი.

2 და არ გაიქვავებენ გულს ღვთის კრავის წინააღმდეგ, ისინი ჩაითვლებიან მამაშენის შთამომავალთა შორის, დიახ, აღირიცხვებიან ისრაელის სახლში; და ისინი იქნებიან სამუდამოდ კურთხეული ხალხი აღთქმულ მიწაზე; ვეღარასდროს დაატყვევებენ მათ; და ისრაელის სახლი მეტად აღარ დამარცხდება.

3 და ის დიდი ორმო, რომელიც მათთვის ამოთხარა იმ დიდმა და ბილწმა ეკლესიამ, რომელიც ეშმაკის და მისი შვილების მიერ იყო დაარსებული, რათა შეიტყუოს ადამიანთა სულები ჯოჯოხეთში, დიახ, ის დიდი ორმო, რომელიც ამოთხრილია ადამიანთა გასანადგურებლად, ამოივსება მათსავე მიერ, ვინც ამოთხარა ის მათ საბოლოო გასანადგურებლად, – ამბობს ღვთის კრავი; მაგრამ არა მათ სულთა გასანადგურებლად, არამედ იმ ჯოჯოხეთში გასაძევებლად, რომელსაც არ აქვს დასასრული.

4 რადგან, აჰა, ეშმაკის ტყვეობისა და ასევე ღმერთის სამართლის შესაბამისად, დაატყდება ეს ყოველ მათგანს, ვინც სჩადის სიბოროტესა და სისაძაგლეს მის წინაშე.

5 და იყო ასე, რომ ანგელოზმა მომმართა მე, ნეფის, სიტყვებით: შენ დაინახე, რომ თუ წარმართები მოინანიებენ, მათთან იქნება სიკეთე; და შენ ასევე იცი უფლის აღთქმათა შესახებ ისრაელის სახლის მიმართ; და შენ ასევე მოსმენილი გაქვს, რომ ვინც არ ინანიებს უნდა დაიღუპოს.

6 ამიტომ, ვარამი წარმართებს, თუ ისე მოხდება, რომ გაიქვავებენ გულს ღვთის კრავის წინააღმდეგ.

7 რადგან მოდის დრო, – ამბობს ღვთის კრავი, როდესაც მოვიმოქმედებ დიად და საოცარ საქმეს ადამიანთა შვილებს შორის; საქმეს, რომელიც იქნება მარადიული ან ერთი მხრიდან ან მეორედან ან მათ დასარწმუნებლად მშვიდობისა და მარადიული სიცოცხლისათვის ან მათ გასაწირად გულების გაქვავებისა და გონების დასაბნელებლად, რომელიც მათ ტყვეობამდე მიიყვანს; და ასევე გაანადგურებს ხორციელად და სულიერად ეშმაკის ტყვეობის შესაბამისად, რომელზედაც მე ვისაუბრე.

8 და იყო ასე, რომ როდესაც ანგელოზმა თქვა ეს სიტყვები, მან მითხრა: გახსოვს ისრაელის სახლთან დადებული მამის აღთქმები? მე ვუთხარი: დიახ.

9 და იყო ასე, რომ მან მითხრა: შეხედე და დაინახე ის დიდი და ბილწი ეკლესია, რომელიც არის სისაძაგლეთა დედა და რომლის დამაარსებელი არის ეშმაკი.

10 და მან მითხრა: აჰა, არსებობს მხოლოდ ორი ეკლესია; ერთი არის ეკლესია ღვთის კრავისა და მეორე – ეშმაკის ეკლესია, ამიტომაც, ვინც არ მიეკუთვნება ღვთის კრავის ეკლესიას, მიეკუთვნება იმ დიდ ეკლესიას, რომელიც არის სისაძაგლეთა დედა; და ის არის მთელი დედამიწის როსკიპი.

11 და იყო ასე, რომ მე შევხედე და დავინახე მთელი დედამიწის როსკიპი და ის იჯდა მრავალ წყალზე; და ის ბატონობდა მთელ დედამიწაზე, ყველა ერზე, ტომზე, ენასა და ხალხზე.

12 და იყო ასე, რომ მე დავინახე ღვთის კრავის ეკლესია და ის იყო მცირერიცხოვანი, მრავალ წყალზე მჯდომი როსკიპის, სიბოროტისა და სისაძაგლეთა გამო; მიუხედავად ამისა, მე დავინახე, რომ კრავის ეკლესია, რომელიც წარმოადგენდა ღვთის წმინდანებს, ასევე იყო მთელი დედამიწის ზედაპირზე; და მათი ბატონობა დედამიწის ზედაპირზე იყო უმნიშვნელო, იმ დიდი როსკიპის სიბოროტის გამო, რომელიც დავინახე.

13 და იყო ასე, მე დავინახე, რომ სისაძაგლის დიდმა დედამ ერთად შეკრიბა მრავალნი მთელი დედამიწის ზედაპირზე წარმართთა ყველა ერში, რათა ებრძოლა ღვთის კრავის წინააღმდეგ.

14 და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, დავინახე ღვთის კრავის ძალა, რომ ის მოეფინა კრავის ეკლესიის წმინდანებს და უფლის აღთქმულ ხალხს, რომლებიც გაფანტულნი იყვნენ მთელი დედამიწის ზედაპირზე; და ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სამართლიანობით და ღმერთის ძალით, დიადი დიდებულებით.

15 და იყო ასე, რომ მე დავინახე: ღმერთის რისხვა დაატყდა იმ დიდ და ბილწ ეკლესიას ისე, რომ იყო ომები და ამბები ომების შესახებ დედამიწის ყველა ერსა და ტომს შორის.

16 და იმის გამო, რომ დაიწყო ომები და ამბები ომების შესახებ ყველა ერს შორის, რომელნიც მიეკუთვნებოდნენ სისაძაგლის დედას, ანგელოზმა მომმართა სიტყვებით: აჰა, ღვთის რისხვა დაატყდა მეძავთა დედას და, აჰა, შენ ხედავ ამ ყველაფერს.

17 და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც ღვთის რისხვა დაატყდება მეძავთა დედას, მთელი დედამიწის იმ დიდ და ბილწ ეკლესიას, რომლის დამაარსებელი არის ეშმაკი, იმ დღეს დაიწყება მამის სამუშაო, რათა მომზადდეს გზა მისი აღთქმების აღსასრულებლად, რომლებიც მან დადო თავის ხალხთან, რომელიც არის ისრაელის სახლიდან.

18 და იყო ასე, რომ ანგელოზმა მომმართა სიტყვით: შეხედე!

19 და მე შევხედე და დავინახე ადამიანი; და ის იყო თეთრი სამოსით შემოსილი.

20 და ანგელოზმა მითხრა: აჰა, კრავის თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი.

21 აჰა, ის ნახავს და დაწერს ამის დანარჩენს, დიახ, და ასევე მრავალი სხვა საქმის შესახებ, რაც მოხდა.

22 და ის ასევე დაწერს ამა ქვეყნის დასასრულის შესახებ.

23 ამიტომ, რასაც ის დაწერს, სამართლიანია და ჭეშმარიტი; და ეს ყველაფერი დაწერილია იუდეველის პირიდან გამოსულ წიგნში, რომელიც შენ ნახე; და იმ დროს, როდესაც ყოველივე ეს გამოვიდა იუდეველის პირიდან ან იმ დროს, როდესაც ეს წიგნი გამოვიდა იუდეველის პირიდან ის, რაც მასში დაწერილი იყო, იყო ნათელი, წმინდა და ძალზედ ძვირფასი და ადვილად გასაგები ყველა ადამიანისათვის.

24 და, აჰა, ის, რასაც დაწერს კრავის ეს მოციქული, ბევრი რამ არის იქიდან, რაც შენ იხილე; და, აჰა, დანარჩენს შენ ნახავ.

25 მაგრამ რასაც შენ ნახავ მომავალში, არ დაწერო; რადგან ამის დასაწერად უფალმა ღმერთმა ღვთის კრავის მოციქული აკურთხა.

26 ასევე სხვებს, რომლებიც იყვნენ, მან გაანდო ყველაფერი და მათ ჩაიწერეს ეს; და ჩაბეჭდილია ეს ყველაფერი, რათა უფლისათვის შესაფერის დროს ის მოევლინოს ისრაელის სახლს თავისი სიწმინდით, იმ ჭეშმარიტების შესაბამისად, რომელიც არის კრავში.

27 და მე, ნეფიმ, მოვისმინე და ვმოწმობ, რომ კრავის მოციქულის სახელი იყო იოანე, ანგელოზის სიტყვის თანახმად.

28 და აჰა, მე, ნეფის, აკრძალული მაქვს დავწერო დანარჩენი იქიდან, რაც ვნახე და მოვისმინე; ამიტომ, რაც დავწერე, ჩემთვის არის საკმარისი; და მე დავწერე მხოლოდ მცირეოდენი იმისა, რაც ვიხილე.

29 და მე ვმოწმობ, რომ ვიხილე ის, რაც იხილა მამაჩემმა და ეს უფლის ანგელოზმა გამანდო მე.

30 და ახლა, მე ვასრულებ საუბარს იმაზე, რაც ვიხილე იმ დროს, როდესაც სულმა ამიტაცა; და თუ არ არის ჩაწერილი ყველაფერი, რაც ვიხილე, ის, რაც მე ჩავწერე, არის ჭეშმარიტება და ეს არის ასე. ამინ.