წმინდა წერილი
1 ნეფი 12


თავი 12

ნეფი ხილვაში ხედავს აღთქმულ მიწას, მისი მცხოვრებთა სამართლიანობას, ურჯულოებასა და დაცემას; მათთან ღვთის კრავის მოსვლას; ხედავს, თუ როგორ განიკითხავენ ისრაელს თორმეტი მოწაფე და თორმეტი მოციქული; მათ საზიზღარ და უწმიდურ მდგომარეობას, რომელნიც გადაშენდებიან ურწმუნოების გამო. დაახლოებით 600–592 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ ანგელოზმა მითხრა: შეხედე და ნახე შენი შთამომავლობა, ასევე შენი ძმების შთამომავლობა. და შევხედე და დავინახე აღთქმული მიწა; და ვნახე მრავალი ადამიანი, დიახ, ურიცხვი, როგორც ზღვის ქვიშა.

2 და იყო ასე, რომ დავინახე ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად შეკრებილი მრავალი ადამიანი; და დავინახე ომები და მოვისმინე ამბები ომების შესახებ და მახვილით დიდი ხოცვა-ჟლეტა ჩემს ხალხს შორის.

3 და იყო ასე, რომ დავინახე ამ მიწაზე მრავალი თაობის ცხოვრებიდან წასვლა ომებისა და განხეთქილებების გამო; და დავინახე მრავალი ქალაქი, დიახ, იმდენი, რომ ვერ დავითვალე.

4 და იყო ასე, რომ ვიხილე ბნელეთის ბურუსი აღთქმული მიწის პირზე; და ვიხილე ელვანი და მოვისმინე ჭექა-ქუხილნი და მიწისძვრები და ყველანაირი ხმაური; და ვიხილე: მიწისა და კლდეების გახლეჩა; და ვიხილე: ნაწილებად იშლებოდნენ მთები; და ვიხილე, რომ გაიპო მიწის ვაკე ადგილები; და ვიხილე მრავალი ქალაქი და მათი ჩაძირვა; და ვიხილე, რომ მრავალი მათგანი გადაწვა ცეცხლმა; და ვიხილე მრავალი, რომელიც ეცემოდა მიწისძვრისგან.

5 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ეს ვიხილე, დავინახე, როგორ იფანტებოდა ბნელეთის ბურუსი დედამიწის ზედაპირიდან; და დავინახე მრავალნი, რომლებიც არ დაეცნენ უფლის დიდი და საშინელი სასჯელისაგან.

6 და ვიხილე – გაიხსნა ზეცა და ეშვებოდა ზეციდან ღვთის კრავი; და ის დაეშვა და გამოეცხადა მათ.

7 და ასევე ვიხილე და ვმოწმობ, რომ სულიწმინდა მოეფინა სხვა თორმეტს და ისინი იყვნენ ღვთის მიერ კურთხეულნი და ამორჩეულნი.

8 და ანგელოზმა მომმართა სიტყვებით: შეხედე კრავის თორმეტ მოწაფეს, რომლებიც ამორჩეულნი არიან ემსახურონ შენს შთამომავლობას.

9 და მან მითხრა: გახსოვს კრავის თორმეტი მოციქული? აჰა, ისინი არიან, რომლებიც განიკითხავენ ისრაელის თორმეტ ტომს; ამიტომაც, შენი შთამომავლობის თორმეტი მსახური იქნება განკითხული მათ მიერ; ვინაიდან თქვენ მიეკუთვნებით ისრაელის სახლს.

10 და ეს თორმეტი მსახური, რომლებსაც შენ ხედავ, განიკითხავს შენს შთამომავლობას. და აჰა, ისინი არიან სამართლიანნი მარადის; რადგან ღვთის კრავისადმი რწმენის გამო გაათეთრეს საკუთარი სამოსელი მისი სისხლით.

11 და ანგელოზმა მითხრა: შეხედე! და შევხედე და დავინახე: სამი თაობა წავიდა ცხოვრებიდან – სამართლიანობით; და მათი სამოსი იყო თეთრი, დიახ, ისეთი, ვითარცა ღვთის კრავის. და ანგელოზმა მითხრა: ის გათეთრდა კრავის სისხლით, მათი კრავისადმი რწმენის გამო.

12 და მე, ნეფიმ, ასევე მრავალი ვიხილე მეოთხე თაობიდან, რომლებიც მიდიოდნენ ცხოვრებიდან მართალნი.

13 და იყო ასე, რომ ვიხილე ერთად შეკრებილი მრავალი მიწიერი.

14 და ანგელოზმა მითხრა: შეხედე შენს შთამომავლობას, ასევე შენი ძმების შთამომავლობას.

15 და იყო ასე, რომ შევხედე და დავინახე ჩემი შთამომავლობის ხალხი, მრავლად შეკრებილი ჩემი ძმების შთამომავლობის წინააღმდეგ; და ისინი შეიკრიბნენ საბრძოლველად.

16 და ანგელოზმა მომმართა სიტყვებით: შეხედე უწმიდური წყლის წყაროს, რომელიც იხილა მამაშენმა; დიახ, ის მდინარე, რომლის შესახებაც მან ისაუბრა და მისი სიღრმე ჯოჯოხეთის სიღრმის ტოლია.

17 და ბნელეთის ბურუსი არის ცდუნება ეშმაკისა, რომელიც ადამიანთა შვილებს თვალებს უბრმავებს და გულს უქვავებს და იტყუებს მათ ფართო გზებზე ისე, რომ იღუპებიან ისინი და იკარგებიან.

18 და ის დიდი და ფართო შენობა, რომელიც იხილა მამაშენმა, არის ადამიანთა შვილების ამაო წარმოდგენები და ამპარტავნობა. დიდი და საშინელი უფსკრული ჰყოფს მათ, დიახ, მარადიული ღმერთის სამართლის სიტყვა და მესიისა, რომელიც არის ღვთის კრავი, რომლის შესახებაც მოწმობს სულიწმინდა ქვეყნის დასაბამიდან ამ დრომდე და ამიერიდან სამარადისოდ.

19 და იმ დროს, როდესაც ანგელოზი ამბობდა ამ სიტყვებს, შევხედე და ვიხილე, რომ ჩემი ძმების შთამომავლობა ედავებოდა ჩემს შთამომავლობას, ანგელოზის სიტყვებისამებრ; და დავინახე ჩემი შთამომავლობის ამპარტავნობის და ეშმაკის ცდუნების გამო ჩემი ძმების შთამომავლები სძლევენ ჩემი შთამომავლობის ხალხს.

20 და იყო ასე, რომ ვიხილე: ჩემი ძმების შთამომავლობის ხალხმა სძლია ჩემს შთამომავლობას და ისინი მრავლად მოეფინნენ იმ მიწას.

21 და ვიხილე ისინი, მრავლად შეკრებილნი; და ვიხილე მათ შორის ომები და ამბები ომების შესახებ; და დავინახე, თუ როგორ მიდიან ცხოვრებიდან ამ ომებსა და ომების ამბებში მრავალი თაობა.

22 და ანგელოზმა მითხრა: აჰა, ესენი გადაშენდებიან ურწმუნოებაში.

23 და იყო ასე, რომ დავინახე: მას შემდეგ, რაც ისინი გადაშენდნენ ურწმუნოების გამო, ისინი იქცნენ ბნელ და საზიზღარ და უწმინდურ ხალხად, აღსავსენი უსაქმურობით და ყველანაირი სისაძაგლით.