თავი 6
ნეფი წერს ღვთის საქმეთა შესახებ. ნეფის მიზანია დაარწმუნოს ადამიანები, მივიდნენ აბრაამის ღმერთთან და გადარჩნენ. დაახლოებით 600–592 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და ახლა მე, ნეფი, ჩემი ჩანაწერის ამ ნაწილში არ მოვიხსენიებ ჩემი მამების გვარტომობას, არც მომავალში არ მოვიხსენიებ მას ამ ფირფიტებზე, რომლებზეც მე ვწერ, რადგან ის ნახსენებია ჩანაწერში, რომელსაც აკეთებდა მამაჩემი, ამიტომაც მას არ ვწერ ამ ნაშრომში.
2 რადგან საკმარისია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ იოსების შთამომავლები.
3 და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ არ ვამახვილებ ყურადღებას მამაჩემის ყოველი საქმის დაწვრილებით აღწერაზე, ვინაიდან მათი აღწერა ამ ფირფიტებზე შეუძლებელია, რადგან ჩემი სურვილია, იყოს ადგილი იმისათვის, რომ ვწერო ღვთის საქმეებზე.
4 რადგან ჩემი ერთადერთი მიზანია – დავარწმუნო ადამიანები იმაში, რომ მოვიდნენ აბრაამის ღმერთთან, ისააკის ღმერთთან და იაკობის ღმერთთან და გადარჩნენ.
5 ამიტომაც იმას კი არ ვწერ, რაც ქვეყანას სწადია, არამედ იმას, რაც სწადია ღმერთს და მათ, ვინც არ არიან ამა ქვეყნისა.
6 ამიტომაც, მე მივცემ მცნებას ჩემს შთამომავლობას, არ შეავსონ ეს ფირფიტები იმით, რაც არ არის ადამიანთა შვილებისთვის ფასეული.