წმინდა წერილი
1 ნეფი 18


თავი 18

გემის შენება დასრულდა. მოიხსენიება იაკობის და იოსების დაბადება. ჯგუფი გემით მიემგზავრება აღთქმული მიწისაკენ. ისმაელის შვილები და მათი ცოლები ერთად მიეცემიან თავაშვებულ ღრეობას და ჯანყს. ნეფი დაბმულია და საშინელ გრიგალს გემი უკან მიჰყავს. ნეფი თავისუფლდება და მისი ლოცვით ქარიშხალი წყნარდება. ადამიანები აღწევენ აღთქმულ მიწას. დაახლოებით 591–589 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ მათ თაყვანი სცეს უფალს და ჩემთან ერთად წამოვიდნენ და დავამზადეთ ხეში ნაკვეთი ნატიფი ნაკეთობანი. და უფალი დროდადრო მაჩვენებდა, როგორ უნდა შემესრულებინა გემისთვის ხეზე კვეთა.

2 და ახლა მე, ნეფი, არ ვამუშავებდი ხეს იმ წესით, როგორც ამას ადამიანები აკეთებდნენ; და არც გემს ვაშენებდი ისე, როგორც ადამიანები; მაგრამ ვაშენებდი მას ისე, როგორც უფალი მაჩვენებდა; ამიტომაც ის არ იყო ისეთი, როგორიც ადამიანთა შორის გვხვდება.

3 და მე, ნეფი, ხშირად ავდიოდი მთაზე და ხშირად ვლოცულობდი უფლისადმი, ამიტომაც უფალმა დამანახა დიადი მოვლენები.

4 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც დავამთავრე გემის შენება უფლის სიტყვის მიხედვით, ჩემმა ძმებმა დაინახეს, რომ ის იყო კარგი და აგებული იყო ძალზედ მშვენივრად, ამიტომაც, მათ კვლავ დაიმდაბლეს თავი უფლის წინაშე.

5 და იყო ასე, რომ უფლის ხმამ მამაჩემს მიმართა, რომ ავმდგარიყავით და გემში შევსულიყავით.

6 და იყო ასე, რომ მომდევნო დღეს, მას შემდეგ, რაც მოვამზადეთ ყველაფერი, ბევრი ხილი და ხორცი უდაბნოდან და უხვად თაფლი და საგზალი იმის მიხედვით, რაც უფალმა გვიბრძანა, შევედით გემში მთელი ჩვენი ბარგითა და თესლით და ყველაფერი, რაც მოვიტანეთ, ყოველმა თავისი წლოვანების შესაბამისად; ამიტომაც, ყველანი შევედით გემში, ჩვენს ცოლებთან და შვილებთან ერთად.

7 და მამაჩემს შეეძინა ორი შვილი უდაბნოში; უფროსს დაარქვეს იაკობი და უმცროსს – იოსები.

8 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ყველანი შევედით გემში და თან წავიღეთ საგზალი და ის, რაც გვებრძანა, ჩვენ გავედით ზღვაში და ქარმა წაგვიყვანა წინ აღთქმული მიწისაკენ.

9 და მას შემდეგ, რაც მრავალი დღის განმავლობაში ქარს წინ მივყავდით, აჰა, ჩემი ძმები და ისმაელის შვილები და ასევე მათი ცოლები, გამხიარულდნენ ისე, რომ დაიწყეს ცეკვა, სიმღერა და ძალზედ უხამსი ლაპარაკი, დიახ, ისე, რომ დაავიწყდათ, რა ძალამ მოიყვანა ისინი იქ; დიახ, მეტისმეტ უხამსობამდე აღზევდნენ.

10 და მე, ნეფის, ძალზედ შემეშინდა, რომ უფალი განაწყენდებოდა ჩვენზე და დაგვსჯიდა ჩვენი ურჯულოების გამო, რომ ჩავინთქმებოდით ზღვის სიღრმეში; ამიტომაც მე, ნეფიმ, სრული კეთილგონიერებით მოვუწოდე მათ, მაგრამ, აჰა, ისინი გაბრაზდნენ ჩემზე და მითხრეს: არ გვსურს, რომ ჩვენი უმცროსი ძმა იყოს ჩვენი ბატონი.

11 და იყო ასე, რომ ლამანმა და ლემუელმა მომკიდეს ხელი და დამაბეს თოკებით; და მომექცნენ ძალზედ უხეშად; მიუხედავად ამისა, უფალმა დაუშვა ეს, რათა ეჩვენებინა თავისი ძალა საკუთარი სიტყვის აღსრულებისათვის, რომელიც მან ბოროტებზე თქვა.

12 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მათ ისე დამაბეს, რომ ვერ ვინძრეოდი, კომპასი, რომელიც უფლის მიერ იყო მომზადებული, აღარ მუშაობდა.

13 ამიტომაც მათ არ იცოდნენ, საით უნდა წაეყვანათ გემი, ასე რომ, ამოვარდა დიდი ქარიშხალი; დიახ, დიდი და საშინელი გრიგალი და სამი დღის განმავლობაში წყლებს უკან მივყავდით და მათ ძალზედ შეეშინდათ, რომ ზღვაში დაიხრჩობოდნენ; მიუხედავად ამისა, მაინც არ გამანთავისუფლეს.

14 და მეოთხე დღეს, როდესაც უკან მივყავდით, გრიგალი განსაკუთრებულად გაუარესდა.

15 და იყო ასე, რომ სულ ცოტა გვაკლდა, რომ ზღვის სიღრმეში ჩავინთქმებოდით. და მას შემდეგ, რაც ოთხი დღის განმავლობაში წყლებს უკან მივყავდით, ჩემმა ძმებმა დაიწყეს იმის გააზრება, რომ ღვთის სასჯელი იყო მათზედ და უნდა დაღუპულიყვნენ, თუ არ მოინანიებდნენ თავიანთ ურჯულოებას; ამიტომაც, ჩემთან მოვიდნენ და მომხსნეს თოკები მაჯებიდან; და, აჰა, ხელები ძალზედ დამისივდა და ასევე დამისივდა კოჭებიც; და ამის გამო დიდი იყო ტკივილი.

16 ამისდა მიუხედავად, მე ღმერთს შევცქეროდი და ვადიდებდი მას მთელი დღის განმავლობაში და ჩემი გაჭირვების გამო არ ვბუზღუნებდი უფლის წინააღმდეგ.

17 და ახლა მამაჩემმა, ლეხიმ, მათ ბევრი რამ უთხრა და ასევე ისმაელის შვილებსაც; მაგრამ, აჰა, ისინი მუქარით სუნთქავდნენ ნებისმიერის წინააღმდეგ, ვინც ჩემ დასაცავად ლაპარაკობდა და ჩემმა მშობლებმა, რომლებიც იყვნენ მოხუცებულნი, იწვნიეს რა დიდი დარდი თავიანთი შვილების გამო, დაღონდნენ, დიახ და ლოგინადაც ჩავარდნენ.

18 მათი დარდისა და ღრმა მწუხარების გამო და ასევე ჩემი ძმების ურჯულოების გამო, ლამის წასულიყვნენ ამ ქვეყნიდან თავიანთ ღმერთთან შესახვედრად; დიახ, მათი ჭაღარა ლამის დასამარებულიყო და მტვრად ქცეულიყო, დიახ, დარდისგან ლამის იყო წყლის სამარეში ჩაცვენილიყვნენ.

19 ასევე იაკობი და იოსებიც, იყვნენ რა ყმაწვილები, ჭარბ კვებას მოითხოვდნენ და დაღონებულები იყვნენ თავიანთი დედის გაჭირვების გამო; ვერც ჩემმა ცოლმა, თავის ცრემლებით და ლოცვებით, და ვერც ჩემმა შვილებმა ვერ შეძლეს ჩემი ძმების გულის მოლბობა, რათა გავენთავისუფლებინე.

20 და ღმერთის ძალის გარდა, რომელიც ემუქრებოდა მათ განადგურებით, ვერაფერმა ვერ შეძლო მათი გულის მოლბობა; ამიტომ, როდესაც დაინახეს, რომ ცოტაც და ზღვის სიღრმეში ჩაინთქმებოდნენ, მათ მოინანიეს ის, რაც ჩაიდინეს, იმდენად, რომ გამანთავისუფლეს.

21 და იყო ასე, რომ როდესაც მათ გამანთავისუფლეს, აჰა, ავიღე კომპასი და ის ამუშავდა, ისე, როგორც მე მსურდა. და იყო ასე, რომ მე ლოცვით მივმართე უფალს; და მას შემდეგ, რაც ვილოცე, ქარი ჩადგა და ქარიშხალიც ჩაწყნარდა და ჩამოდგა დიადი სიმშვიდე.

22 და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, წავიყვანე გემი ისე, რომ კვლავ გავცურეთ აღთქმული მიწისაკენ.

23 და იყო ასე, რომ მრავალდღიანი ცურვის შემდეგ, მივაღწიეთ აღთქმულ მიწას; და გადავედით მიწაზე, და გავშალეთ კარვები; და ვუწოდეთ მას აღთქმული მიწა.

24 და იყო ასე, რომ დავიწყეთ მიწის დამუშავება; და დავიწყეთ თესლების დათესვა; დიახ, მიწაში ჩავთესეთ ყველა თესლი, რომელიც მოვიტანეთ იერუსალიმის მიწიდან. და იყო ასე, რომ მათ ძალზედ კარგად იხარეს, ამიტომაც უხვი კურთხევა მივიღეთ.

25 და იყო ასე, რომ უდაბურ ადგილებში მოგზაურობისას, აღთქმულ მიწაზე აღმოვაჩინეთ, რომ ტყეებში იყო ყველანაირი მხეცი, ძროხა და ხარი, ვირი და ცხენი, თხა და ნიამორი; და ყველანაირი გარეული ცხოველი, რომლებსაც სარგებლობა მოაქვთ ადამიანებისთვის. და ვიპოვეთ ყველანაირი მადანი, ოქროსი და ვერცხლის და სპილენძის.