წმინდა წერილი
1 ნეფი 15


თავი 15

ლეხის შთამომავლები უკანასკნელ დღეებში წარმართებისგან მიიღებენ სახარებას. ისრაელის შეკრება შედარებულია ზეთისხილის ხესთან, რომლის ბუნებრივი რტოები კვლავ იქნება დამყნობილი; ნეფი განმარტავს ხილვას სიცოცხლის ხის შესახებ და საუბრობს ღვთის სამართალზე ბოროტების მართალთაგან გამიჯვნაზე. დაახლოებით 600–592 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მე, ნეფი, ამიტაცა სულმა და ვიხილე ეს ყველაფერი, მე დავბრუნდი მამაჩემის კარავში.

2 და იყო ასე, რომ მე დავინახე ჩემი ძმები და ისინი კამათობდნენ ერთმანეთში იმაზე, თუ რა უთხრა მათ მამაჩემმა.

3 რადგან, ჭეშმარიტად, მან ბევრი დიადი რამ უთხრა მათ, რაც ძნელი იყო გასაგებად ადამიანისათვის, რომელიც არ ეკითხება უფალს; და რადგან ისინი იყვნენ გულქვები, ამიტომ არ შეჰყურებდნენ უფალს ისე, როგორც მათ შეეფერებოდათ.

4 და ახლა, მე, ნეფი, დავღონდი მათი გულქვაობის გამო, ასევე იმის გამო, რაც ვიხილე და ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ამხდარიყო, ადამიანთა შვილების დიდი სიბოროტის გამო.

5 და იყო ასე, რომ დავუძლურდი გასაჭირისგან, რადგან ვთვლიდი, რომ ჩემი ტანჯვა ყველაზე დიდი იყო ჩემი ხალხის განადგურების გამო, რადგან დავინახე მათი დაცემა.

6 და იყო ასე, მას შემდეგ, რაც მომეცა ძალა, მივმართე ჩემს ძმებს, მინდოდა რა, გამეგო მათი კამათის მიზეზი.

7 და მათ მითხრეს: აჰა, ჩვენ ვერ გავიგეთ ის სიტყვები, რაც მამაჩვენმა თქვა ზეთისხილის ხის ბუნებრივ რტოებზე და ასევე წარმართებზე.

8 და მე ვუთხარი მათ: უფალს თუ ჰკითხეთ?

9 და მათ მითხრეს: არა, რადგან უფალი არ გვანდობს არაფერს ამის მსგავსს.

10 აჰა, მე ვუთხარი მათ: როგორ არ იცავთ უფლის მცნებებს? რატომ გინდათ დაიღუპოთ საკუთარი გულქვაობის გამო?

11 განა არ გახსოვთ, რა თქვა უფალმა? თუ არ გაიქვავებთ გულს, რწმენით შემთხოვთ და იწამებთ, რომ მიიღებთ, ჩემი მცნებების ბეჯითად დაცვით, აუცილებლად შეიცნობთ ყოველივე ამას.

12 აჰა, მე გეუბნებით, რომ უფლის სულის მეშვეობით, რომელიც იყო მამაჩვენში, ისრაელის სახლი შეედარა ზეთისხილის ხეს; და აჰა, განა არ ვართ მოტეხილნი ისრაელის სახლისაგან და არ ვართ ისრაელის სახლის რტო?

13 და ახლა, რასაც გულისხმობს მამაჩვენი, წარმართთა სისრულის მეშვეობით ბუნებრივი რტოების დამყნობის შესახებ, არის ის, რომ უკანასკნელ დღეებში ჩვენი შთამომავლები ურწმუნოების გამო გადაშენდებიან, დიახ, მრავალი წლისა და მრავალი თაობის შემდეგ რაც მესია სხეულით გამოეცხადება ადამიანთა შვილებს, მესიის სახარების სისრულე მივა წარმართებთან და წარმართებისაგან ჩვენი შთამომავლების ნარჩენთან.

14 და იმ დღეს ჩვენი შთამომავლობის ნარჩენი გაიგებს, რომ მიეკუთვნება ისრაელის სახლს და რომ ის არის უფლის აღთქმული ხალხი; და მაშინ ისინი გაეცნობიან თავიანთ წინაპრებს და მიიღებენ ცოდნას მათზე და ასევე თავიანთი გამომსყიდველის სახარებაზე, რომელიც მან უქადაგა მათ მამებს, ამიტომ, ისინი შეიცნობენ თავიანთ გამომსყიდველს და მისი სწავლების ყოველ წვრილმანს, რათა იცოდნენ, როგორ მივიდნენ მასთან და გადარჩნენ.

15 და მაშინ, იმ დღეს, ნუთუ არ გაუხარდებათ და არ ადიდებენ თავიანთ მარადიულ ღმერთს, მათ კლდეს და მათ ხსნას? დიახ, იმ დღეს, ნუთუ არ მიიღებენ ძალას და საზრდოს ჭეშმარიტი ვაზისგან? დიახ, ნუთუ არ შევლენ ისინი ღმერთის ჭეშმარიტ ფარაში?

16 აჰა, მე გეუბნებით თქვენ: დიახ, ისინი კვლავ იქნებიან მოხსენიებულნი ისრაელის სახლში; არიან რა ზეთისხილის ხის ბუნებრივი რტო, ისინი იქნებიან დამყნობილნი ჭეშმარიტ ზეთისხილის ხეზე.

17 და ეს არის ის, რასაც მამაჩვენი გულისხმობს; და ის გულისხმობს, რომ ეს არ აღსრულდება, სანამ ისინი არ იქნებიან წარმართების მიერ გაფანტულნი; და ის გულისხმობს, რომ ეს მოხდება წარმართების მეშვეობით, რათა უფალმა აჩვენოს თავისი ძალა წარმართებს იმ მიზეზის გამო, რომ ის იქნება უარყოფილი იუდეველების ანუ ისრაელის სახლის მიერ.

18 ამიტომაც მამაჩვენი საუბრობდა არა მარტო ჩვენს შთამომავლობაზე, ასევე მთლიანად ისრაელის სახლზე, მიუთითებდა რა იმ აღთქმაზე, რომელიც უნდა აღსრულდეს უკანასკნელ დღეებში; ეს აღთქმა უფალმა დადო მამაჩვენთან, აბრაამთან, სიტყვებით: შენს თესლში კურთხეული იქნება დედამიწის ყოველი ტომი.

19 და იყო ასე, რომ მე, ნეფი, ბევრი ვესაუბრე ამის შესახებ; დიახ, მე ვესაუბრე მათ იუდეველთა აღდგენაზე უკანასკნელ დღეებში.

20 და მე გავუმეორე მათ ესაიას სიტყვები, რომელმაც ისაუბრა იუდეველების ანუ ისრაელის სახლის აღდგენაზე; და მას შემდეგ, რაც აღდგებიან, ისინი აღარ დამარცხდებიან, ასევე აღარ გაიფანტებიან. და იყო ასე, რომ მრავალი რამ ვუთხარი ჩემს ძმებს ისე, რომ დამშვიდნენ და თავი დაიმდაბლეს უფლის წინაშე.

21 და იყო ასე, რომ მათ კვლავ მომმართეს სიტყვებით: რას ნიშნავს ის, რაც იხილა მამაჩვენმა სიზმარში? რას ნიშნავს ის ხე, რომელიც მან იხილა?

22 და მე ვუთხარი მათ: ის წარმოადგენს სიცოცხლის ხეს.

23 და მათ მითხრეს: რას ნიშნავს რკინის მოაჯირი, რომელიც იხილა მამაჩვენმა და რომელიც ხესთან მიდიოდა?

24 და მე ვუთხარი მათ: ეს არის ღვთის სიტყვა; და ყოველი, ვინც ყურს დაუგდებს ღვთის სიტყვას და მას მტკიცედ ჩაეჭიდება, არასდროს არ დაიღუპება და მას მტრის ცდუნებები და მისი გავარვარებული ისრები ვერ სძლევენ და ვერც დააბრმავებენ განადგურებამდე მისაყვანად.

25 ამიტომ, მე, ნეფიმ, მოვუწოდე მათ ყური დაეგდოთ უფლის სიტყვისათვის; დიახ, მოვუწოდე მათ ჩემი სულის მთელი ძალით და მთელი ჩემი შესაძლებლობებით, ყური დაეგდოთ ღვთის სიტყვისათვის და დაემახსოვრებინათ, დაეცვათ მისი მცნებები ყოველთვის და ყველაფერში.

26 და მათ მითხრეს: რას ნიშნავს წყლის მდინარე, რომელიც იხილა მამაჩვენმა?

27 და მე ვუთხარი მათ: წყალი, რომელიც იხილა მამაჩემმა, ნიშნავს სიბინძურეს; და მისი გონება იმდენად იყო დაკავებული სხვა აზრებით, რომ მან ვერ დაინახა იმ წყლის სიბინძურე.

28 და მე ვუთხარი მათ, რომ ეს იყო საშინელი უფსკრული, რომელიც მიჯნავდა ბოროტთ სიცოცხლის ხისგან და ასევე ღვთის წმინდანებისაგან.

29 და მე ვუთხარი მათ, რომ ის წარმოადგენს იმ საშინელ ჯოჯოხეთს, რომელიც, როგორც ანგელოზმა მითხრა, მომზადებული იყო ბოროტთათვის.

30 და მე ვუთხარი მათ, რომ მამაჩვენმა ასევე იხილა, რომ ღმერთის სამართალი, ასევე ყოფდა ერთმანეთისაგან ბოროტთ და მართალთ და მისი სიკაშკაშე მსგავსია აალებული ცეცხლის სიკაშკაშისა, რომელიც აღწევს ღმერთამდე უკუნითი უკუნისამდე და არ აქვს დასასრული.

31 და მათ მითხრეს: ნიშნავს თუ არა ეს გამოცდის ჟამს სხეულის ტანჯვას, თუ ეს ნიშნავს სულის საბოლოო მდგომარეობას ხორციელი სხეულის სიკვდილის შემდეგ, თუ აქ საუბარია იმაზედ, რაც ხორციელია?

32 და იყო ასე, რომ მე ვუთხარი მათ: ეს წარმოადგენს ხორციელს და სულიერს, რადგან დადგება დღე, როდესაც ისინი უნდა განიკითხონ თავიანთი საქმეებისამებრ, დიახ, იმ ნამოქმედარისთვის, რაც ჩაიდინეს ხორციელი სხეულით, თავიანთი გამოცდის ჟამს.

33 ამიტომაც, თუ დაიხოცებიან თავიანთ სიბოროტეში, ისინი გაძევებულნი უნდა იქნენ იმისგან, რაც სულიერებას ეხება და რაც სამართლიანობას თან ახლავს; და ამიტომ, ისინი ღმერთის წინაშე უნდა იყვნენ მიყვანილნი, რათა განკითხულ იქნენ საქმეებისამებრ; და თუ მათი საქმეები იყო ბინძური, მაშინ თვითონაც ბინძურნი არიან; და თუ ისინი იქნებიან ბინძურნი, მაშინ მათ ღვთის სასუფეველში არ დაედგომებათ, რადგან ასე რომ ყოფილიყო, ღვთის სასუფეველიც ბინძური იქნებოდა.

34 მაგრამ, აჰა, მე გეუბნებით: ღვთის სასუფეველი არ არის ბინძური და ვერაფერი უწმიდური ვერ შევა ღვთის სასუფეველში; ამიტომაც საჭიროა, რომ ბინძური ადგილი იყოს მომზადებული იმისათვის, რაც ბინძურია.

35 და მომზადებულია ადგილი, დიახ, ის საშინელი ჯოჯოხეთი, რომელზედაც მე ვისაუბრე და ეშმაკია მისი მომმზადებელი; ამიტომაც, ადამიანთა სულის საბოლოო მდგომარეობა არის ღვთის სასუფეველში ყოფნა ან გაძევება იმ სამართლის გამო, რომლის შესახებაც ვილაპარაკე.

36 ამიტომაც, ბოროტნი უარყოფილნი არიან მართალთაგან და ასევე იმ სიცოცხლის ხისგან, რომლის ნაყოფი ყველა სხვა ნაყოფზე ძვირფასი და სანატრელია, დიახ, ეს არის ღვთის უდიდესი ძღვენი. და ასე ვესაუბრებოდი ჩემს ძმებს. ამინ.