წმინდა წერილი
1 ნეფი 21


თავი 21

მესია იქნება სინათლე წარმართთათვის და ტყვეებს გაათავისუფლებს. ისრაელი ძლევამოსილებით შეიკრიბება უკანასკნელ დღეებში. მეფენი იქნებიან მათი გამზრდელნი. შეადარეთ ესაია 49. დაახლოებით 588–570 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და კვლავ: ისრაელის სახლო, ყური დაუგდეთ თქვენ, რომლებიც ხართ ჩამოტეხილნი და განდევნილნი ჩემი ხალხის მოძღვართა სიბოროტის გამო; დიახ, თქვენ ყველანი, რომლებიც ხართ ჩამოტეხილნი და ყველგან გაფანტულნი, რომლებიც ხართ ჩემი ხალხთაგანნი, ისრაელის სახლო! მომისმინეთ, კუნძულებო და ყური დამიგდეთ, შორეულო ხალხებო; უფალმა მომიწოდა საშოდანვე; დედაჩემის მუცლიდანვე მოიხსენია ჩემი სახელი.

2 და ჩემი პირი გახადა ბასრი, როგორც მახვილი; თავის ხელის ჩრდილში შემიფარა და მაქცია წამახვილებულ ისრად; თავის კაპარჭში დამმალა;

3 და მითხრა: შენ ხარ ჩემი მსახური, ისრაელო, რომელშიც მე განვდიდდები.

4 შემდეგ მე ვთქვი: ამაოდ ვშრომობდი, არაფრისთვის და ამაოდ დავხარჯე ძალა; ჭეშმარიტად, სამართალი ჩემი არის უფალთან და საქმე ჩემი არის ღმერთთან.

5 და ახლა, ამბობს უფალი, რომელმაც გამაჩინა საშოდან, რათა ვყოფილიყავი მისი მსახური, რომ კვლავ მიმეყვანა მასთან იაკობი, თუმცა არ შეიკრიბა ისრაელი, მე მაინც განვდიდდები უფლის თვალში და ჩემი ღმერთი იქნება ჩემი ძალა.

6 და მან თქვა: არ არის საკმარისი ის, რომ შენ ჩემი მსახური იქნები, რათა აღზარდო იაკობის ტომები და აღადგინო გადარჩენილი ისრაელისა. მე ასევე გადაგაქცევ წარმართთა სინათლედ, რათა შენ იყო ჩემი ხსნა დედამიწის კიდით კიდემდე.

7 ასე უთხრა უფალმა, ისრაელის გამომსყიდველმა, მისმა წმინდამ, რომელსაც აბუჩად იგდებს ადამიანი, რომელიც სძულთ ერებს, მმართთველთა მსახურს: მეფენი იხილავენ და ფეხზე ადგებიან, მთავარნიც ასევე ეთაყვანებიან უფლის გამო, რომელიც ერთგულია.

8 ასე ამბობს უფალი: სასურველ დროს მე გავიგონე თქვენი ხმა, ზღვის კუნძულებო; ხსნის დღეს მე თქვენ დაგეხმარეთ; დაგიფარავთ და მოგცემთ ჩემს მსახურს, ხალხის აღთქმისათვის, რომ დაარსდეს მიწა, რათა დამკვიდრდეს დაკარგული მემკვიდრეობა;

9 რათა უთხრა ტყვეთ: გამოდით; მათ კი, ვინც სხედან ბნელეთში: გამოჩნდით! ისინი მოძოვენ გზებზე და მათი საძოვრები ყველგან მაღალ ადგილებზე იქნება.

10 მათ არც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, არ დაჰკრავს მათ არც სიცხე, არც მზე; რადგან ის, ვინც მათ წყალობს, იქნება მათი წინამძღოლი. ის წყლის წყაროებზეც გაუძღვება მათ.

11 და ჩემს ყველა მთას გზად ვაქცევ და ბილიკები ამაღლდება.

12 და შემდეგ, ისრაელის სახლო, აჰა, ესენი მოვლენ შორიდან; დიახ, ესენი – ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან; და ესენი – სინიმის მიწიდან.

13 იმღერე ზეცავ; და გაიხარე მიწავ; რადგან მათი ფეხები, რომელნიც აღმოსავლეთში არიან, გამყარდება; და ამღერდით მთებო; რადგან ისინი აღარ დამარცხდებიან; რამეთუ უფალმა ანუგეშა თავისი ხალხი და შეიწყალებს თავის ტანჯულთ.

14 მაგრამ, აჰა, სიონმა თქვა: უფალმა მიმატოვა და დამივიწყა ჩემმა უფალმა; მაგრამ ის დაგვანახებს, რომ ეს ასე არ არის.

15 ვინაიდან, შეუძლია ქალს დაივიწყოს თავისი ძუძუმწოვარი ბავშვი, რომ არ ჰქონდეს სიბრალული მისი საშოს შვილისადმი? დიახ, მათ შესაძლოა დაავიწყდეთ, მაგრამ მე არ დამავიწყდები, ისრაელის სახლო.

16 აჰა, მე ამოგტვიფრე შენ საკუთარ ხელისგულებზე; შენი კედლები არის მუდამ ჩემ წინ.

17 შენი შვილები გაეშურებიან შენს დამანგრეველთა წინააღმდეგ; და ის, ვინც აგაოხრა, შენგან გავა.

18 აწიე თვალები და მიმოიხედე; ესენი ყველანი ერთად იკრიბებიან და შენთან მოვლენ. და როგორც მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, შენ აისხამ ყოველ მათგანს სამკაულივით და მოიკაზმები, როგორც პატარძალი.

19 შენი აოხრებული და გაპარტახებული ადგილები და შენი განადგურებული მიწა ახლა უკვე ძალზედ შევიწროვდება მაცხოვრებელთა გამო; და შენი ჩამყლაპავნი შორს იქნებიან.

20 შვილები, რომლებიც გეყოლება მას შემდეგ, რაც დაკარგავ პირველებს, კვლავ გეტყვიან ყურში: ეს ადგილი არის ძალზედ ვიწრო ჩემთვის; მომეცი ადგილი, სადაც შევძლებ ცხოვრებას.

21 მაშინ შენ იტყვი გულში: ვინ გამიჩინა ესენი, რადგან დავკარგე შვილები და ვარ უნაყოფო, დატყვევებული და დავხეტიალობ აქეთ-იქით? და ვინ გაზარდა ესენი? აჰა, მე მარტოდ მიმატოვეს, სად იყვნენ ისენი?

22 ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ხელს გავუწვდი წარმართებს და ხალხს აღვუმართავ ჩემს დროშას; და ისინი მოიყვანენ შენს შვილებს ხელში აყვანილთ და შენს ასულებს – მხრებზე შემომსხდრებს.

23 და მეფენი იქნებიან შენი გამზრდელნი და მათი დედოფლები იქნებიან შენი ძიძები; მოიხრიან ქედს შენ წინაშე პირქვე დამხობით და ალოკავენ შენს ფერხთა მტვერს; და შენ შეიცნობ, რომ მე ვარ უფალი და არ შერცხვებიან ისინი, ვინც მე მელოდებიან.

24 ნუთუ ნადავლი წაერთმევა ძლევამოსილს ან გამოეხსნებიან კანონიერად დატყვევებულნი?

25 მაგრამ ასე ამბობს უფალი: დატყვევებულნი ჩამოერთმევიან ძლევამოსილს და საშინელისგან გამოეხსნება ნადავლი; რადგან მე შევებრძოლები მას, ვინც შენ გებრძვის და მე გადავარჩენ შენს შვილებს.

26 და ვაჭმევ მათ, ვინც შენ გავიწროვებს, მათსავე საკუთარ ხორცს და დათვრებიან საკუთარი სისხლით, ვითარცა ტკბილი ღვინით; და ყველა ხორციელს ეცოდინება, რომ მე, უფალი, ვარ შენი მხსნელი და შენი გამომსყიდველი, ძლევამოსილი იაკობისა.