წმინდა წერილი
1 ნეფი 1


ნეფის პირველი წიგნი

მისი მმართველობა და მსახურება

ამბავი ლეხის, მისი მეუღლე სარიას და მისი ოთხი შვილის შესახებ, რომლებსაც ერქვათ (უფროსიდან) ლამანი, ლემუელი, სემი და ნეფი. უფალი აფრთხილებს ლეხის, რომ იგი უნდა წავიდეს იერუსალიმის მიწიდან, ვინაიდან უწინასწარმეტყველებს ხალხს თავიანთ ურჯულოებაზე და ისინი შეეცდებიან ხელყონ მისი სიცოცხლე. იგი თავისი ოჯახით გაემართება უდაბნოში სამ დღიანი მოგზაურობით. ნეფი აიყვანს თავის ძმებს და ბრუნდება იერუსალიმის მიწაზე იუდეველების ჩანაწერებისათვის. ამბავი მათი გაჭირვების შესახებ. ისინი ცოლად შეირთავენ ისმაელის ქალიშვილებს. აიყვანენ თავიანთ ოჯახებს და წავლენ უდაბნოში. მათი ტანჯვა და გაჭირვება უდაბნოში. მოგზაურობის გეზი. მიაღწევენ დიდ წყლებს. ნეფის ძმები მას აუჯანყდებიან. იგი მათ საყვედურობს და აშენებს გემს. მათ ამ ადგილს უწოდეს ბარაქიანი. გადაკვეთენ დიდ წყლებს და აღწევენ აღთქმულ მიწას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ნეფის ამბის მიხედვით, ანუ სხვა სიტყვებით, მე, ნეფიმ, გავაკეთე ეს ჩანაწერები.

თავი 1

ნეფი იწყებს თავისი ხალხის ამბის ჩანაწერებს. ლეხი ხედავს ხილვაში ცეცხლის სვეტს და კითხულობს წინასწარმეტყველების წიგნიდან. ის ადიდებს ღმერთს, წინასწარ იუწყება მესიის მოსვლაზე და წინასწარმეტყველებს იერუსალიმის განადგურებას. იუდეველები დევნიან მას. დაახლოებით 600 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 მე, ნეფი, დავიბადე რა კარგი მშობლებისაგან, ამიტომ მეტნაკლებად გადმომეცა მამაჩემის ყოველგვარი ცოდნა და განათლება; და ვნახე რა მრავალი გაჭირვება ჩემი დღეების ჟამს, მიუხედავად ამისა, მთელი ჩემი დღენი ვიყავი რა ძალზედ მადლით მოსილი უფლისაგან; დიახ, რადგან მივიღე დიდი ცოდნა ღვთის სიკეთესა და საიდუმლოებებზე, ამიტომაც, ვაკეთებ ჩემი დღეების ჟამისა და ჩემი საქმეების ჩანაწერს.

2 დიახ, მე ვაკეთებ ჩანაწერს მამაჩემის ენაზე, რომელიც შეიცავს იუდეველთა ცოდნას და ეგვიპტელთა ენას.

3 და მე ვიცი, რომ ჩანაწერი, რომელსაც მე ვაკეთებ, არის ჭეშმარიტი; და მე მას ვაკეთებ ჩემი ხელით; და ვაკეთებ მას ჩემი ცოდნის შესაბამისად.

4 ვინაიდან, იყო ასე: იუდას მეფის ციდკიაჰუს მმართველობის პირველი წლის დასაწყისში (მამაჩემი, ლეხი, ცხოვრობდა იერუსალიმთან მთელი თავისი დღენი); და ზუსტად იმავე წელს გამოჩნდა მრავალი წინასწარმეტყველი, რომლებიც ხალხს უწინასწარმეტყველებდნენ, რომ უნდა მოენანიებინათ, თორემ დიდი ქალაქი იერუსალიმი აუცილებლად განადგურდებოდა.

5 ამიტომაც, იყო ასე, რომ მამაჩემი, ლეხი, მიდიოდა და მიმართავდა უფალს ლოცვით, დიახ, მთელი გულით, თავისი ხალხისათვის.

6 და იყო ასე, როდესაც იგი უფლისადმი ლოცულობდა, გაჩნდა ცეცხლის სვეტი და აღიმართა მის წინ კლდეზე; და მან დაინახა და მოისმინა მრავალი რამ; და იმის გამო, რაც იხილა და მოისმინა, მას ძლიერ გააჟრჟოლა და ააკანკალა.

7 და იყო ასე, რომ იგი დაბრუნდა თავის სახლში, იერუსალიმთან; დავარდა საწოლზე, რადგან დაძლია სულმა და იმან, რაც მან იხილა.

8 და იმდენად იყო ძლეული სულისაგან, რომ გაიტაცა ხილვამ ისე, რომ დაინახა გახსნილი ზეცა და მიხვდა, რომ იხილა ღმერთი თავის ტახტზე მჯდომარე, უთვალ ანგელოზთა ჯგუფებით გარშემორტყმული, რომლებიც გალობდნენ და ადიდებდნენ თავიანთ ღმერთს.

9 და იყო ასე, რომ დაინახა ერთი, რომელიც ეშვებოდა ზეცის შუაგულიდან და იხილა, რომ მისი ნათება შუადღის მზის ბრწყინვალებაზე უფრო ძლიერი იყო.

10 და მან ასევე იხილა თორმეტი სხვა, რომლებიც მას მიჰყვებოდნენ და მათი სიკაშკაშე ჩრდილავდა ვარსკვლავებს ცის კამარაზე.

11 და ისინი ჩამოვიდნენ და გაიარეს დედამიწის ზედაპირზე; და პირველი მიუახლოვდა მამაჩემს, წინ დაუდგა, მისცა წიგნი და უბრძანა წაეკითხა.

12 და იყო ასე, რომ კითხვისას იგი აღივსო უფლის სულით.

13 და კითხულობდა იგი ამ სიტყვებს: ვარამი, ვარამი იერუსალიმს, რადგან მე ვიხილე შენი სისაძაგლე! დიახ, ბევრი წაიკითხა მამაჩემმა იერუსალიმზე: რომ ის განადგურდებოდა თავის მაცხოვრებლებთან ერთად; და ბევრი დაიღუპებოდა მახვილით და ბევრს ტყვედ წაიყვანდნენ ბაბილონში.

14 და იყო ასე, როდესაც მამაჩემმა წაიკითხა და იხილა მრავალი დიადი და საოცარი, მან მრავალი რამ შესძახა უფლისადმი, სახელდობრ: დიადი და საოცარია შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლად ძლიერო! ტახტი შენი მაღლაა ზეცაში და ძალა შენი და სიკეთე და წყალობა ეფინება დედამიწის ყოველ მცხოვრებს; და რადგანაც შენ ხარ მოწყალე, არ დაუშვებ მათ დაღუპვას, ვინც შენთან მოვა!

15 და ასეთი იყო მამაჩემის სიტყვები თავისი ღვთის სადიდებლად; რადგან ხარობდა მისი სული და მთელი გული აღვსილი ჰქონდა იმის გამო, რაც იხილა, დიახ, რაც უფალმა აჩვენა მას.

16 და ახლა მე, ნეფი, არ ვაკეთებ იმის მთლიან ჩანაწერს, რაც მამაჩემმა დაწერა, ვინაიდან მან ბევრი რამ დაწერა, რაც იხილა ხილვებსა და სიზმრებში; ასევე მან ბევრი რამ დაწერა ისეთი, რაზეც წინასწარმეტყველებდა და ეუბნებოდა თავის შვილებს, ამაზეც მე არ გავაკეთებ მთლიან ჩანაწერს.

17 მაგრამ მე გავაკეთებ ჩემი დღეების საქმეების ჩანაწერებს. აჰა, მე ვამოკლებ მამაჩემის ჩანაწერებს, ფირფიტებზე, რომლებიც ჩემი ხელით გავაკეთე. ამიტომ, როდესაც შევამოკლებ მამაჩემის ჩანაწერებს, მე გავაკეთებ ჩემი ცხოვრების ჩანაწერს.

18 ამიტომაც მსურს იცოდეთ, იმის მერე, რაც უფალმა აჩვენა მამაჩემს, ლეხის, ამდენი საოცარი რამ, დიახ, იერუსალიმის განადგურებაზე, აჰა, ის გავიდა ხალხში და დაიწყო წინასწარმეტყველება და იმის გამოცხადება, რაც იხილა და მოისმინა.

19 და იყო ასე, რომ იუდეველები დასცინოდნენ იმის გამო, რასაც იგი მოწმობდა მათზე; ვინაიდან იგი ჭეშმარიტად მოწმობდა მათ სიბოროტესა და სისაძაგლეზე და მოწმობდა იმაზე, რაც იხილა და მოისმინა, ასევე, რაც წაიკითხა წიგნში, ნათლად აცხადებდა მესიის მოსვლაზე და ასევე ამა ქვეყნის გამოსყიდვაზე.

20 და როდესაც იუდეველებმა ეს მოისმინეს, ისინი გაბრაზდნენ მასზე; დიახ, ისე, როგორც უძველეს წინასწარმეტყველებზე, რომლებიც მათ გააძევეს, ჩაქოლეს და დახოცეს; და ისინი ასევე ცდილობდნენ, მისთვის სიცოცხლე მოესწრაფათ, მაგრამ, აჰა, მე, ნეფი, დაგანახებთ, რომ უხვია უფლის დიდსულოვანი მოწყალება ყოველ მათგანზე, ვინც მან ამოირჩია მათი რწმენის გამო, რათა გახადოს ისინი ძლევამოსილნი და ხსნის ძალასაც აძლევს მათ.