წმინდა წერილი
1 ნეფი 4


თავი 4

ნეფი უფლის ბრძანებით კლავს ლაბანს და შემდეგ ფანდით ეუფლება სპილენძის ფირფიტებს. ზორამი გადაწყვეტს, შეუერთდეს ლეხის ოჯახს უდაბნოში. დაახლოებით 600–592 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ მივმართე ჩემს ძმებს სიტყვებით: მოდით კვლავ წავიდეთ იერუსალიმში და ვიყოთ ერთგულნი უფლის ბრძანებების შესრულებაში. რადგან, აჰა, ის მთელ დედამიწაზე უფრო ძლევამოსილია და რატომ ვერ იქნება ლაბანზე და მის ორმოცდაათზე უფრო ძლევამოსილი, დიახ, თუნდაც მის ათობით ათასებზე?

2 ამიტომაც, მოდით მივიდეთ, მოდით ვიყოთ ძლიერნი, როგორც მოსე, რადგან მან ჭეშმარიტად მიმართა წითელი ზღვის წყლებს და ისინი გაიყო აქეთ და იქით და ჩვენმა მამებმა გამოიარეს შუაში, ტყვეობიდან მშრალ მიწაზე; და ფარაონის ჯარი მათ მოსდევდა და დაიხრჩო წითელი ზღვის წყლებში.

3 ახლა, აჰა, თქვენ იცით, რომ ეს არის ჭეშმარიტება; და ასევე იცით, რომ ანგელოზი გელაპარაკათ; როგორ გეპარებათ ეჭვი? მოდით მივიდეთ; უფალს შეუძლია გამოგვიხსნას ისე, როგორც გამოიხსნა ჩვენი მამები და შეუძლია გაანადგუროს ლაბანი, როგორც გაანადგურა ეგვიპტელები.

4 ახლა, როდესაც ვთქვი ეს სიტყვები, ისინი კიდევ გაბრაზებულები იყვნენ და ბუზღუნებდნენ, მიუხედავად ამისა, ისინი გამომყვნენ, სანამ არ მივედით იერუსალიმის კედლებამდე.

5 და იყო ეს ღამით და მე დავმალე ისინი კედლების მიღმა; და მას შემდეგ, რაც ისინი დაიმალნენ, მე, ნეფი, შევიპარე ქალაქში და გავემართე ლაბანის სახლისაკენ.

6 და წინ მიმიძღვოდა სული და წინასწარ არ ვიცოდი, რა უნდა მეღონა.

7 მიუხედავად ამისა, მივდიოდი წინ და როდესაც მივუახლოვდი ლაბანის სახლს, ჩემ წინ დავინახე მიწაზე გართხმული კაცი, რადგან ის მთვრალი იყო ღვინით.

8 და როდესაც მასთან მივედი, აღმოვაჩინე, რომ ეს იყო ლაბანი.

9 და დავინახე მისი მახვილი და ამოვიღე იგი ქარქაშიდან; ტარი ჰქონდა ბაჯაღლო ოქროსი და ძალიან ლამაზი ნაკეთობა იყო და დავინახე, რომ პირი ჰქონდა ყველაზე ძვირფასი ფოლადისაგან.

10 და იყო ასე, რომ სული მაიძულებდა, მომეკლა ლაბანი, მაგრამ გულში ვთქვი: არასოდეს ცხოვრებაში არ დამიღვრია ადამიანის სისხლი. და უკან დავიხიე, რათა არ მინდოდა მისი მოკვლა.

11 და სულმა კვლავ მითხრა: აჰა, უფალმა ჩაგიგდო ის ხელში. დიახ, ასევე ვიცოდი, რომ ლაბანი ცდილობდა ჩემი სიცოცხლის მოსწრაფებას, დიახ, და არც უგდებდა ყურს უფლის ბრძანებებს და მან ასევე ჩვენი ქონება წაიღო.

12 და იყო ასე, რომ სულმა კვლავ მითხრა: მოკალი ის, რადგან უფალმა ჩაგიგდო ხელში.

13 აჰა, უფალი კლავს ბოროტთ, რათა განახორციელოს თავისი სამართლიანი საქმენი. უმჯობესია დაიღუპოს ერთი ადამიანი, ვიდრე ურწმუნოების გამო გადაშენდეს და დაიღუპოს მთელი ერი.

14 და ახლა, როდესაც მე, ნეფიმ, მოვისმინე ეს სიტყვები, გამახსენდა უდაბნოში ნათქვამი უფლის სიტყვები: რამდენადაც დაიცავს შენი შთამომავლობა ჩემს მცნებებს, იმდენად აყვავდება ის აღთქმულ მიწაზე.

15 დიახ, მე ასევე ვიფიქრე, რომ ისინი ვერ შეძლებენ უფლის მცნებების დაცვას მოსეს რჯულის მიხედვით, თუ არ ექნებათ ეს რჯული.

16 და მე ასევე ვიცოდი, რომ ეს რჯული იყო ამოტვიფრული სპილენძის ფირფიტებზე.

17 და კვლავ, ვიცოდი, რომ ლაბანი უფალმა ჩამიგდო ხელში იმ მიზნით, რომ მე ამეღო ჩანაწერები მისი ბრძანების შესაბამისად.

18 ამიტომაც დავემორჩილე სულის ხმას, მოვკიდე ლაბანს თავზე თმებში ხელი და მოვკვეთე თავი მისივე მახვილით.

19 და მას შემდეგ, რაც მოვკვეთე თავი მისივე მახვილით, ავიღე ლაბანის სამოსელი, გადავიცვი ტანზე, დიახ, ყველაფერი, რაც ეცვა და შევიბი წელზე მისი აბჯარი.

20 და მას შემდეგ, რაც ასე მოვიქეცი, გავემართე ლაბანის საგანძურისაკენ. და როდესაც მივდიოდი ლაბანის საგანძურისკენ, აჰა, დავინახე ლაბანის მსახური, რომელსაც ჰქონდა საგანძურის გასაღებები. და მე მას ვუბრძანე ლაბანის ხმით, წამოსულიყო ჩემთან ერთად საგანძურში.

21 და მას ეგონა, რომ მე ვიყავი მისი პატრონი, ლაბანი, რადგან მან დაინახა სამოსელი და ჩემს წელზე შებმული მახვილი.

22 და ის მელაპარაკებოდა იუდეველთა უხუცესებზე, იცოდა რა, რომ მისი პატრონი, ლაბანი, ღამე მათთან იყო.

23 და მივმართე მას, როგორც ლაბანი.

24 და ასევე ვუთხარი, რომ მე უნდა წავიღო სპილენძის ფირფიტები გრავიურებით ჩემს უფროს ძმებთან, რომლებიც იყვნენ კედლებს მიღმა.

25 მე ასევე ვუბრძანე მას, რომ უკან გამომყოლოდა.

26 და მას, ეგონა რა, რომ ვეუბნებოდი ძმებზე ეკლესიიდან და რომ მე ნამდვილად ვიყავი ლაბანი, რომელიც მოვკალი და ამიტომაც უკან გამომყვა.

27 და იგი ბევრჯერ დამელაპარაკა იუდეველთა უხუცესებზე, როდესაც მე მივემართებოდი ჩემი ძმებისაკენ, რომლებიც იყვნენ კედლებს მიღმა.

28 და იყო ასე, რომ როდესაც ლამანმა დამინახა, ის ძალზედ შეშინდა და ასევე ლემუელი და სემიც. და ისინი გაიქცნენ ჩემგან, რადგან ეგონათ, რომ ლაბანი ვიყავი და რომ მან მომკლა და ასევე მათი სიცოცხლის მოსპობას აპირებდა.

29 და იყო ასე, რომ დავუძახე და მათ გაიგეს ჩემი ხმა, ამიტომაც აღარ გამირბოდნენ.

30 და იყო ასე, რომ როდესაც ლაბანის მსახურმა დაინახა ჩემი ძმები, ის აკანკალდა და დააპირა ჩემგან გაქცევა და ქალაქ იერუსალიმში დაბრუნება.

31 და ახლა მე, ნეფი, ვიყავი რა დიდი აღნაგობის ადამიანი და რადგან უფალმა უხვად მიბოძა ძალღონე, დავიჭირე ლაბანის მსახური, რომ ის არ გაქცეულიყო.

32 და იყო ასე, რომ მივმართე მას, რომ თუ ყურს დაუგდებდა ჩემს სიტყვებს, ისე, როგორც ცოცხალია უფალი და ცოცხალი ვარ მე, თუ მხოლოდ ყურს დაუგდებდა ჩვენს სიტყვებს, ჩვენ დავინდობდით მის სიცოცხლეს.

33 და მე ვუთხარი მას, დაფიცებით, რომ არ უნდა ეშინოდეს, რომ ის იქნებოდა თავისუფალი ადამიანი, ისეთივე, როგორც ჩვენ, თუ წამოვიდოდა ჩვენთან ერთად უდაბნოში.

34 და მე მას მივმართე სიტყვებით: ნამდვილად, უფალმა გვიბრძანა ამის გაკეთება და განა არ უნდა ვიყოთ ბეჯითნი უფლის მცნებების დაცვაში? ამიტომაც, თუ შენ ჩამოხვალ უდაბნოში მამაჩემთან, გექნება ჩვენს შორის ადგილი.

35 და იყო ასე, რომ ზორამი გამხნევდა იმ სიტყვებით, რომლებიც მე მას ვუთხარი. ახლა, მსახურის სახელი იყო ზორამი; და იგი დაგვპირდა, რომ ჩავიდოდა უდაბნოში მამაჩვენთან. დიახ, მან ასევე შემოგვფიცა, რომ ამიერიდან მომავალში ჩვენთან ერთად იქნებოდა.

36 ამჯერად, ჩვენ ვისურვეთ, რომ ის უნდა დარჩენილიყო ჩვენთან ერთად იმ მიზნით, რომ იუდეველებს არ გაეგოთ ჩვენი უდაბნოში გაქცევის შესახებ, რათა არ დაგვდევნებოდნენ და არ გავენადგურებინეთ.

37 და იყო ასე, რომ როდესაც ზორამმა შემოგვფიცა, ჩვენი შიში მის მიმართ გაქრა.

38 და იყო ასე, რომ ავიღეთ სპილენძის ფირფიტები, ავიყვანეთ ლაბანის მსახურიც და წავედით უდაბნოში და გავემართეთ მამაჩვენის კარვისაკენ.