თავი 2
ლეხის მიჰყავს თავისი ოჯახი უდაბნოში წითელ ზღვასთან. ისინი ტოვებენ თავიანთ ქონებას. ლეხი წირავს მსხვერპლშესაწირს უფალს და ასწავლის შვილებს მცნებების დაცვას. ლამანი და ლემუელი ბუზღუნებენ მამაზე. ნეფი მორჩილია და რწმენით აღსავსე ლოცულობს. უფალი მას ესაუბრება და იგი არის რჩეული, რათა თავის ძმებს უხელმძღვანელოს. დაახლოებით 600 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 რადგან, აჰა, იყო ასე, რომ უფალმა მიმართა მამაჩემს, დიახ, სიზმარში და უთხრა: კურთხეული ხარ შენ, ლეხი, იმისათვის, რაც გააკეთე; და რადგან ერთგული იყავი და გამოუცხადე ამ ხალხს ის, რაც გიბრძანე, აჰა, ისინი ცდილობენ სიცოცხლე მოგისწრაფონ.
2 და იყო ასე, რომ უფალმა უბრძანა მამაჩემს, დიახ, სიზმარში, რომ აიყვანოს თავისი ოჯახი და წავიდეს უდაბნოში.
3 და იყო ასე, რომ ის უფლის სიტყვისადმი იყო მორჩილი და ამიტომაც მოიქცა ისე, როგორც უბრძანა უფალმა.
4 და იყო ასე, რომ ის წავიდა უდაბნოში და მიატოვა თავისი სახლი, მემკვიდრეობის მიწა, ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ნივთები და არ წაიღო თან არაფერი ოჯახის, საკვებისა და კარავის გარდა; და წავიდა უდაბნოში.
5 და მიაღწია მან წითელი ზღვის სანაპიროსთან მიწებს; და მოგზაურობდა უდაბნოში წითელი ზღვის სანაპიროსთან გვერდით მიწებზე; და უდაბნოში მოგზაურობდა ოჯახთან ერთად, რომელიც შედგებოდა დედაჩემი სარიასა და ჩემი უფროსი ძმებისაგან, რომლებიც იყვნენ ლამანი, ლემუელი და სემი.
6 და იყო ასე, რომ როდესაც მან იმოგზაურა სამი დღე უდაბნოში, მან გაშალა თავისი კარავი ველზე, წყალთან, მდინარის შესართავის სანაპიროზე.
7 და იყო ასე, რომ მან ქვებისგან ააგო საკურთხეველი, უფლისთვის გაიღო შესაწირი და მიაგო სამადლობელი უფალს, ჩვენს ღმერთს.
8 და იყო ასე, რომ მან მდინარეს დაარქვა სახელი ლამანი; და ის ჩაედინებოდა წითელ ზღვაში; მისი შესართავის ნაპირის სიახლოვეს მდებარეობდა ველი.
9 და როდესაც მამაჩემმა იხილა, თუ როგორ ჩაედინებოდა მდინარის წყლები წითელი ზღვის სათავეში, მან მიმართა ლამანს სიტყვებით: შენ რომ იყო ამ მდინარესავით და მუდამ მიედინებოდე სიმართლის წყაროსაკენ!
10 და მან ასევე უთხრა ლემუელს: შენ რომ იყო ამ ველივით მყარი, მტკიცე და ურყევი უფლის მცნებების დაცვაში!
11 და ის ამას ამბობდა ლამანის და ლემუელის ქედფიცხელობის გამო, რადგან ისინი ბევრ რამეზე ბუზღუნებდნენ თავიანთი მამის მიმართ, რომ ის იყო კაცი, რომელიც არის ხილვების მქონე და რომელმაც წაიყვანა ისინი იერუსალიმის მიწიდან, რომ მიეტოვებინათ საკუთარი მემკვიდრეობის მიწა და ოქრო და ვერცხლი და ძვირფასი ნივთები, რათა დაღუპულიყვნენ უდაბნოში. და ამბობდნენ ისინი, რომ მან ეს გააკეთა საკუთარი გულის უგუნური წარმოსახვების გამო.
12 ამდაგვარად ლამანი და ლემუელი, იყვნენ რა უფროსები, ბუზღუნებდნენ თავიანთ მამაზე და ბუზღუნებდნენ იმიტომ, რომ არ იცოდნენ ის ღვთის საქმენი, რომელმაც ისინი შექმნა.
13 მათ ასევე არ სწამდათ, რომ იერუსალიმი, ის დიდი ქალაქი, შესაძლებელი იყო განადგურებულიყო, წინასწარმეტყველების სიტყვების შესაბამისად; და იყვნენ ისინი როგორც იუდეველები იერუსალიმთან, რომლებიც ცდილობდნენ სიცოცხლე მოესწრაფათ მამაჩემისათვის.
14 და იყო ასე, რომ მამაჩემმა მიმართა მათ ლემუელის ველზე, ისეთი ძალითა და სულით აღვსილმა, რომ ისინი მთელი ტანით აკანკალდნენ მის წინაშე. და მან შემუსრა ისე, რომ ვეღარ ბედავდნენ მის წინააღმდეგ ხმის ამოღებას, ამიტომაც აკეთებდნენ იმას, რასაც იგი უბრძანებდა.
15 და მამაჩემი ცხოვრობდა კარავში.
16 და იყო ასე, მე, ნეფი, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი ძალზედ ახალგაზრდა, დიდი აღნაგობის ადამიანი და ასევე მქონდა ღმერთის საიდუმლოებების ცოდნის დიდი სურვილი, ამიტომაც შევღაღადე უფალს; და აჰა, ის მეწვია, მომილბო გული ისე, რომ ვიწამე ყოველი სიტყვა, რაც მამაჩემმა თქვა, ამიტომაც ჩემი ძმებივით არ ავუჯანყდი მას.
17 და მე მივმართე სემს, გავანდე ის, რაც უფალმა მაცნობა თავისი სულიწმინდით. და იყო ასე, რომ მან იწამა ჩემი სიტყვები.
18 მაგრამ, აჰა, ლამანი და ლემუელი ყურს არ უგდებდნენ ჩემს სიტყვებს; და ვიყავი რა განაწყენებული მათი გულქვაობის გამო, მე შევღაღადე უფალს მათთვის.
19 და იყო ასე, რომ უფალმა მომმართა მე სიტყვებით: კურთხეული ხარ ნეფი, შენი რწმენისთვის, რადგან მეძებდი ბეჯითად, დამდაბლებული გულით.
20 და რამდენადაც დაიცავთ ჩემს მცნებებს, იმდენად აყვავდებით და მიგიყვანთ აღთქმულ მიწამდე; დიახ, მიწაზე, რომელიც მე მოვამზადე თქვენთვის, დიახ, მიწა, ყველა სხვა მიწათა შორის რჩეული.
21 და რამდენადაც, აგიჯანყდებიან ძმები, იმდენად იქნებიან ისინი უფლის გარემოცვიდან მოკვეთილნი.
22 და რამდენადაც დაიცავ ჩემს მცნებებს, დაინიშნები შენი ძმების მმართველად და მასწავლებლად.
23 რადგან, აჰა, იმ დღეს, როდესაც ჩემ წინააღმდეგ აჯანყდებიან, მე დავწყევლი მათ, თან მკაცრი წყევლით და არ ექნებათ მათ ძალა შენს შთამომავლობაზე, თუ ისინიც არ ამიჯანყდებიან.
24 და თუ ეს ასე იქნება, რომ ამიჯანყდებიან, ისინი შენი შთამომავლობისთვის იქნებიან, როგორც გონს მოსაგები როზგი.