წმინდა წერილი
1 ნეფი 13


თავი 13

ნეფი ხედავს ხილვაში წარმართებს შორის ეშმაკის ჩამოყალიბებულ ეკლესიას, ამერიკის აღმოჩენას და კოლონიზაციას, ბიბლიიდან მრავალი ნათელი და ძვირფასი ნაწილის დაკარგვას, რის გამოც წარმართებს შორის მკვიდრდება განდგომა. ნეფი ხედავს სახარების აღდგენას, უკანასკნელ დღეთა წმინდა წერილის გამოჩენას და სიონის აღშენებას. დაახლოებით 600–592 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ ანგელოზმა მომმართა სიტყვით: შეხედე! და შევხედე და დავინახე მრავალი ერი და სამეფო.

2 და ანგელოზმა მითხრა: რას ხედავ? და მე ვუთხარი: ვხედავ მრავალ ერსა და სამეფოს.

3 და მან მითხრა: ესენი არიან წარმართი ერები და სამეფოები.

4 და იყო ასე, რომ მე ვიხილე წარმართ ერებს შორის რომელიღაც დიდი ეკლესიის წარმოქმნა.

5 და ანგელოზმა მითხრა: შეხედე ეკლესიის წარმოქმნას, რომელიც არის ყველა დანარჩენ ეკლესიაზე უფრო ბილწი, რომელიც ხოცავს ღვთის წმინდანებს, დიახ, აწამებს მათ და ბოჭავს და რკინის უღელში აბამს და მიჰყავს ისინი ტყვეობაში.

6 და იყო ასე, რომ დავინახე ის დიდი და ბილწი ეკლესია; და ვიხილე ეშმაკი, რომელიც იყო მისი დამაარსებელი.

7 და ვიხილე ასევე ოქრო და ვერცხლი, აბრეშუმი და ჭიაფერი და გრეხილი ბისონი და ყველანაირი ძვირფასი სამოსი; და ვიხილე მრავალი მეძავი.

8 და ანგელოზმა მომმართა სიტყვებით: აჰა, ეს ოქრო და ვერცხლი, აბრეშუმი და ჭიაფერი და გრეხილი ბისონი და ძვირფასი სამოსი და მეძავები არიან ამ დიდი და ბილწი ეკლესიის საწადელნი.

9 და ასევე, ამა ქვეყნის ქება-დიდებისათვის ისინი ანადგურებენ ღვთის წმინდანებს და მიჰყავთ ისინი ტყვეობაში.

10 და იყო ასე, რომ შევხედე და დავინახე მრავალი წყალი; და ის ყოფდა წარმართებს ჩემი ძმების შთამომავლებისგან.

11 და იყო ასე, რომ ანგელოზმა მითხრა: აჰა, ღვთის რისხვა შენი ძმების შთამომავლებზეა.

12 და შევხედე და დავინახე ადამიანი წარმართებს შორის, რომელიც მრავალი წყლით გამოყოფილი იყო ჩემი ძმების შთამომავლებისაგან; და დავინახე ღმერთის სული, რომელიც მოევლინა და იმოქმედა ამ ადამიანზე; და ის გაემართა ბევრი წყლებისკენ, დიახ, ჩემი ძმების შთამომავლებისაკენ, რომლებიც იყვნენ აღთქმულ მიწაზე.

13 და იყო ასე, რომ მე დავინახე ღმერთის სული, რომელმაც იმოქმედა სხვა წარმართებზე; და ისინი გამოვიდნენ ტყვეობიდან ბევრ წყალზე.

14 და იყო ასე, რომ მე დავინახე აღთქმულ მიწაზე მრავლად შეკრებილი წარმართები; და მე დავინახე ღვთის რისხვა, რომ ის იყო ჩემი ძმების შთამომავლებზე და გაფანტულ იქნენ ისინი წარმართების წინ და დამარცხდნენ.

15 და მე დავინახე უფლის სული, რომელიც იყო წარმართებზე; და ისინი აყვავდნენ და მიიღეს მიწა თავიანთი მემკვიდრეობისათვის; და მე დავინახე, რომ ისინი იყვნენ თეთრი ფერის და ძალზედ ლამაზნი და მშვენიერნი, მსგავსად ჩემი ხალხისა, სანამ მათ დახოცავდნენ.

16 და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, დავინახე, რომ ტყვეობიდან გამოსულმა წარმართებმა თავი დაიმდაბლეს უფლის წინაშე; და უფლის ძალა იყო მათთან.

17 და მე დავინახე, რომ მათი მონათესავე წარმართები შეკრებილნი იყვნენ წყლებზე და ასევე ხმელეთზე, რათა ებრძოლათ მათ წინააღმდეგ.

18 და დავინახე, რომ ღვთის ძალა იყო მათთან და ასევე ღვთის რისხვა იყო ყოველ მათგანზე, რომლებიც ერთად იყვნენ შეკრებილნი, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.

19 და მე, ნეფიმ, დავინახე, რომ წარმართები, რომლებიც გამოვიდნენ ტყვეობიდან, გამოხსნილნი იყვნენ ღვთის ძალით ყველა სხვა ერის ხელიდან.

20 და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, დავინახე, რომ ისინი აყვავდნენ იმ მიწაზე და დავინახე წიგნი და მას დაატარებდნენ ერთმანეთში.

21 და ანგელოზმა მითხრა: იცი ამ წიგნის მნიშვნელობა?

22 და ვუთხარი მას: არ ვიცი.

23 და მან მითხრა: აჰა, ის გამოდის იუდეველის პირიდან. და მე, ნეფიმ, ის დავინახე და მან მითხრა: წიგნი, რომელსაც შენ ხედავ, არის იუდეველთა ჩანაწერი და ის მოიცავს ისრაელის სახლთან დადებულ უფლის აღთქმებს; და ის ასევე შეიცავს წმინდა წინასწარმეტყველთა მრავალ წინასწარმეტყველებას; და ეს ჩანაწერი ჰგავს გრავიურებს, რომლებიც ამოტვიფრულია სპილენძის ფირფიტებზე, მაგრამ არა ასეთი რაოდენობით; მიუხედავად ამისა, ის მოიცავს უფლის აღთქმებს, რომლებიც მან აღუთქვა ისრაელის სახლს; და ამიტომაც, ისინი ძალზედ ძვირფასია წარმართთათვის.

24 და უფლის ანგელოზმა მითხრა: შენ დაინახე, რომ ეს წიგნი გამოვიდა იუდეველის პირიდან; და როდესაც ის გამოვიდა იუდეველის პირიდან, ის მოიცავდა უფლის სახარების სისრულეს, ვისზეც მოწმობს თორმეტი მოციქული; და ისინი მოწმობენ იმ ჭეშმარიტების შესაბამისად, რომელიც არის ღვთის კრავში.

25 ამიტომაც, ეს გადადის წმინდად იუდეველებისაგან წარმართებთან, იმ ჭეშმარიტების შესაბამისად, რომელიც არის ღმერთში.

26 და მას შემდეგ, რაც იუდეველებისგან ეს გადავა კრავის თორმეტ მოციქულთა ხელით წარმართებთან, შენ ხედავ იმ დიდი და ბილწი ეკლესიის წარმოქმნას, რომელიც არის ყველა სხვა ეკლესიაზე უფრო ბილწი, რადგან, აჰა, მათ ამოიღეს კრავის სახარებიდან მრავალი ნაწილი, ნათელი და ყველაზე ძვირფასი; ასევე ამოიღეს უფლის მრავალი აღთქმა.

27 და ეს ყველაფერი მათ გააკეთეს, რათა გაემრუდებინათ უფლის სწორი გზები, რომ დაებრმავებინათ ადამიანთა შვილების თვალები და გაექვავებინათ მათი გულები.

28 ამიტომაც, შენ ხედავ, რომ მას შემდეგ, რაც ამ წიგნმა გაიარა დიდი და ბილწი ეკლესიის ხელში, მრავალი ნათელი და ძვირფასი რამ ამოღებულ იქნა ამ წიგნიდან, რომელიც არის ღვთის კრავის წიგნი.

29 და მას შემდეგ, რაც ეს ნათელი და ძვირფასი იქნა ამოღებული, ის გაავრცელეს წარმართების ყოველ ერში; და მას შემდეგ, რაც ის იქნა გავრცელებული წარმართების ყოველ ერში, დიახ, მრავალი წყლის იქითაც, რომელნიც შენ იხილე ტყვეობიდან გამოსულ წარმართებთან ერთად, შენ ხედავ: იმის გამო, რომ მრავალი ნათელი და ძვირფასი რამ ამოღებულ იქნა წიგნიდან, ის, რაც ნათელი იყო ადამიანთა შვილების გონებისათვის, იმ ნათელის შესაბამისად, რომელიც არის ღვთის კრავში; იმის გამო, რაც ამოღებულ იქნა კრავის სახარებიდან, ძალზედ ბევრი და მრავალი დაბრკოლდა, დიახ, ისე, რომ სატანას აქვს დიდი ძალაუფლება მათზე.

30 მიუხედავად ამისა, შენ ხედავ, რომ ტყვეობიდან გამოსული წარმართები ამაღლებულნი იქნენ ღვთის ძალით ყველა სხვა ერზე იმ მიწის პირზე, რომელიც ყველა სხვა მიწათა შორის რჩეულია, რომელ მიწაზეც უფალმა ღმერთმა აღუთქვა მამაშენს, რომ მისი შთამომავლობა დაეუფლება მას, როგორც საკუთარ მემკვიდრეობის მიწას; ამიტომაც, შენ ხედავ: უფალი ღმერთი არ დაუშვებს, რომ წარმართებმა მთლიანად გაანადგურონ შენი შერეული შთამომავლობა, რომელიც არის შენს ძმებს შორის.

31 არც იმას დაუშვებს, რომ წარმართებმა გაანადგურონ შენი ძმების შთამომავლები.

32 არც იმას დაუშვებს უფალი ღმერთი, რომ წარმართები სამუდამოდ დარჩნენ იმ საშინელი სიბრმავის მდგომარეობაში, რომელშიც, როგორც შენ ხედავ, ისინი იმყოფებიან, კრავის სახარების იმ ნათელი და ყველაზე ძვირფასი ნაწილების გამო, რომლებიც დაიტოვა იმ ბილწმა ეკლესიამ, რომლის წარმოქმნაც შენ იხილე.

33 ამიტომაც, ამბობს ღვთის კრავი: მე ვიქნები მოწყალე წარმართების მიმართ, ისრაელის სახლის ნარჩენისათვის დიდი სასჯელით მოვლენისას.

34 და იყო ასე, რომ უფლის ანგელოზმა მომმართა სიტყვებით: აჰა, ამბობს ღვთის კრავი: მას შემდეგ, რაც მოვევლინები ისრაელის სახლის ნარჩენს – და ეს ნარჩენი, რომელზედაც ვსაუბრობ, არის მამაშენის შთამომავლობა – ამიტომაც, როდესაც მათ მოვევლინები სასჯელით და დავამარცხებ წარმართების ხელით; და მას შემდეგ, რაც წარმართები ძალზედ შებრკოლდებიან კრავის სახარების ყველაზე ნათელი და ძვირფასი ნაწილების გამო, რომლებიც დაიტოვა იმ ბილწმა ეკლესიამ, მეძავთა დედამ, – ამბობს კრავი, მე ვიქნები მოწყალე წარმართების მიმართ იმ დღეს, იმდენად, რომ მოვუტან ჩემი ძალით ბევრს ჩემი სახარებიდან, რაც იქნება ნათელი და ძვირფასი, – ამბობს კრავი.

35 ვინაიდან, აჰა, ამბობს კრავი: მე გამოვეცხადები შენს შთამომავლობას, რომ მათ ჩაიწერონ ბევრი რამ, რასაც მე მათ გავანდობ, რაც იქნება ნათელი და ძვირფასი; და მას შემდეგ, რაც შენი შთამომავლობა განადგურდება და გადაშენდება ურწმუნოების გამო და ასევე შენი ძმების შთამომავლობა, აჰა, ეს ყველაფერი იქნება დაფარული, რათა მივიდეს წარმართებთან კრავის ძღვენითა და ძალით.

36 და მასში იქნება დაწერილი ჩემი სახარება, – ამბობს კრავი; და ჩემი კლდე და ჩემი ხსნა.

37 და კურთხეულნი არიან ისინი, რომლებიც იღწვიან, რომ მოუტანონ ჩემი სიონი იმ დღეს, რადგან მათ ექნებათ სულიწმინდის ძღვენი და ძალა; და თუ ისინი გაუძლებენ ბოლომდე, ამაღლდებიან უკანასკნელ დღეს და გადარჩებიან კრავის მარადიულ სასუფეველში; და მშვიდობის, დიახ, დიდი სასიხარულო ამბის მაუწყებელნი, რა მშვენიერნი იქნებიან ისინი მთებზე.

38 და იყო ასე, რომ მე დავინახე ჩემი ძმების შთამომავლობის ნარჩენი და ასევე ღვთის კრავის წიგნი, რომელიც გამოვიდა იუდეველის პირიდან, რომ ის გამოვიდა წარმართებისგან ჩემი ძმების შთამომავლების ნარჩენთან.

39 და მას შემდეგ, რაც ის მივიდა მათთან, დავინახე სხვა წიგნები, რომლებიც მოევლინა მათ წარმართებისგან კრავის ძალით, რათა დაარწმუნონ წარმართები და ჩემი ძმების შთამომავლების ნარჩენი, ასევე იუდეველები, რომლებიც გაფანტულნი არიან მთელი დედამიწის ზედაპირზე, იმაში, რომ წინასწარმეტყველებისა და კრავის თორმეტი მოციქულის ჩანაწერები არის ჭეშმარიტი.

40 და ანგელოზმა მომმართა სიტყვებით: ეს უკანასკნელი ჩანაწერები, რომლებიც იხილე წარმართებს შორის, დაამტკიცებს იმ პირველთა ჭეშმარიტებას, რომლებიც არის კრავის თორმეტი მოციქულთაგან, და გაანდობს იმ ნათელს და ძვირფასს, რაც ამოღებულ იქნა მათგან; და ასევე გაანდობს ყოველ ტომს, ენასა და ხალხს, რომ ღვთის კრავი არის მარადიული მამის ძე და ამა ქვეყნის მხსნელი; და რომ ყოველი ადამიანი უნდა მივიდეს მასთან, თორემ სხვაგვარად ისინი ვერ გადარჩებიან.

41 და ისინი უნდა მოვიდნენ იმ სიტყვების თანახმად, რომლებსაც დაამტკიცებს კრავი თავისი პირით; და სიტყვები კრავისა გახდება ცნობილი შენი შთამომავლობის ჩანაწერებში, ისევე, როგორც კრავის თორმეტი მოციქულის ჩანაწერებში; და ამიტომაც, ორივე განმტკიცდება ერთიანობაში; რადგან მთელ დედამიწაზე ერთია ღმერთი და ერთია მწყემსი.

42 და მოდის ის დრო, როდესაც ის გამოეცხადება ყოველ ერს, როგორც იუდეველებს, ასევე წარმართებს; მას შემდეგ, რაც ის გამოეცხადება იუდეველებს და ასევე წარმართებს, ის გამოეცხადება წარმართებს და ასევე იუდეველებს; და უკანასკნელნი იქნებიან პირველნი და პირველნი – უკანასკნელნი.