წმინდა წერილი
1 ნეფი 19


თავი 19

ნეფი ამზადებს ფირფიტებს მადნისგან და იწერს თავისი ხალხის ისტორიას. ისრაელის ღმერთი მოვა ექვსასი წლის შემდეგ, რაც ლეხიმ დატოვა იერუსალიმი. ნეფი აღწერს მის ტანჯვასა და ჯვარცმას. იუდეველები იქნებიან უგულებელყოფილნი და გაფანტულნი უკანასკნელ დღეებამდე, სანამ არ მივლენ უფალთან. დაახლოებით 588–570 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ უფალმა მიბრძანა და ამიტომაც დავამზადე ფირფიტები მადნისგან, რათა ამომეტვიფრა მათზე ამბავი ჩემი ხალხის შესახებ. და ჩემ მიერ დამზადებულ ფირფიტებზე მე ამოვტვიფრე მამაჩემისა და ჩვენი უდაბნოში მოგზაურობის ამბავი და მამაჩემის წინასწარმეტყველებანი; ასევე მათზე ამოვტვიფრე ჩემი მრავალი წინასწარმეტყველება.

2 და იმ დროს, როდესაც მათ ვამზადებდი, არ ვიცოდი, რომ უფალი მიბრძანებდა ამ ფირფიტების დამზადებას; ამიტომაც, მამაჩემის ამბავი და მისი მამების გვარტომობა და უდაბნოში ჩვენი ნამოქმედარის დიდი ნაწილი ამოტვიფრულია იმ პირველ ფირფიტებზე, რომლებზედაც მე ვისაუბრე; ამიტომაც, ის მოვლენები, რაც მოხდა ამ ფირფიტების დამზადებამდე, ჭეშმარიტად უფრო დაწვრილებით მოხსენიებულია პირველ ფირფიტებზე.

3 და მას შემდეგ, რაც დავამზადე ეს ფირფიტები, ბრძანებისამებრ, მე, ნეფიმ, მივიღე ბრძანება, რომ მსახურება და წინასწარმეტყველებანი, მათი უფრო ნათელი და ძვირფასი ნაწილები, ჩავწერო ამ ფირფიტებზე; და ის, რაც დაიწერა მათზე, უნდა შეინახოს, როგორც რჩევა-დარიგება ჩემი ხალხისთვის, რომელიც დაეუფლება ამ მიწას და ასევე სხვა ბრძნული მიზნებისათვის, რომლებიც უფალმა იცის.

4 ამიტომაც, მე, ნეფიმ, გავაკეთე ჩანაწერები სხვა ფირფიტებზე, სადაც აღწერილია ამბავი ანუ უფრო დაწვრილებით აღწერილია ჩემი ხალხის ომების, განხეთქილებებისა და აოხრებების ამბავი. და ეს გავაკეთე და ვუბრძანე ჩემს ხალხს, რა უნდა მოიმოქმედონ მას შემდეგ, რაც აღარ ვიქნები; და ეს ფირფიტები უნდა გადადიოდეს ერთი თაობიდან მეორეზე ან ერთი წინასწარმეტყველისაგან მეორეზე, სანამ უფლისაგან არ მიიღებენ სხვა ბრძანებებს.

5 და ჩემ მიერ ამ ფირფიტების დამზადების შესახებ ჩანაწერები მოცემული იქნება შემდგომში; და შემდეგ, აჰა, მე ვიმოქმედებ ისე, როგორც ვთქვი; და ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ უფრო წმინდა რამ შენახულ იქნას ჩემი ხალხის ცოდნისათვის.

6 მიუხედავად ამისა, მე ამ ფირფიტებზე არ ვწერ არაფერს იმის გარდა, რასაც მივიჩნევ წმინდად. და თუ მე ახლა ვცდები, ესე იგი ცდებოდნენ ძველადაც; თავს ვიმართლებ არა სხვა ადამიანების გამო, არამედ იმ სისუსტის გამო, რომელიც არის ჩემში ხორციელად, ვიმართლებ თავს.

7 რადგან რასაც ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს ძვირფასად სხეულისთვისა და სულისათვის, სხვები არად აგდებენ და ფეხით თელავენ. დიახ, თვით ისრაელის ღმერთს ადამიანები ფეხით თელავენ; მე ვამბობ „ფეხით თელავენ“, მაგრამ ვიტყოდი სხვა სიტყვებით: ისინი მას არად აგდებენ და ყურს არ უგდებენ მის დარიგების ხმას.

8 და აჰა, ის მოდის ანგელოზის სიტყვების შესაბამისად, ექვსასი წლის შემდეგ, რაც მამაჩემმა იერუსალიმი დატოვა.

9 და ქვეყანა თავისი ურჯულოების გამო განსჯის მას, როგორც არარაობას; ამიტომაც მას გაშოლტავენ და ის ამას აიტანს; და მას სცემენ და ის ამას აიტანს. დიახ, შეაფურთხებენ მას და ის ამას აიტანს თავისი ადამიანთა შვილების მიმართ გასაოცარი გულკეთილობისა და სულგრძელობის გამო.

10 და ღმერთი ჩვენი მამებისა, რომელნიც გამოყვანილ იქნენ ეგვიპტიდან მონობიდან და მის მიერ გადარჩენილნი იქნენ უდაბნოში, დიახ, აბრაამის ღმერთი და ისააკისა და იაკობის ღმერთი, ჩაბარდება როგორც ადამიანი, ანგელოზის სიტყვებისამებრ, ბოროტი ადამიანების ხელში, რათა ზენოქის სიტყვებისამებრ, ამაღლებულ იქნას და ნეუმის სიტყვებისამებრ ჯვარცმული და აკლდამაში დამარხული ზენოსის სიტყვებისამებრ, რომლებიც მან თქვა ბნელეთის იმ სამი დღის შესახებ, რაც იქნებოდა მისი სიკვდილის ნიშანი, მათთვის, ვინც დასახლდებიან ზღვის კუნძულებზე და განსაკუთრებულად მათთვის, ვინც მიეკუთვნება ისრაელის სახლს.

11 რადგან ასე თქვა წინასწარმეტყველმა: იმ დღეს უფალი ღმერთი აუცილებლად ეწვევა ისრაელის მთელ სახლს. ზოგს თავისი ხმით, მათი სამართლიანობის გამო, მათი დიდი სიხარულისა და ხსნისათვის და სხვებს თავისი ძალის ჭექა-ქუხილითა და მეხით, ქარიშხლით, ცეცხლითა და კვამლით და ბნელეთის ბურუსით, გამსკდარი მიწითა და მთებით, რომლებიც აიზვირთება.

12 და ყველაფერი ეს აუცილებლად ახდება, – ამბობს წინასწარმეტყველი ზენოსი. და დედამიწის კლდეები უნდა გაიხლიჩოს; და მიწის კვნესისგან, ღმერთის სულის გავლენით, ზღვის კუნძულების მრავალი მეფე სულის ძრწოლით შესძახებს: ბუნების ღმერთი იტანჯება!

13 და მათ შესახებ, რომელნიც არიან იერუსალიმთან, ამბობს წინასწარმეტყველი: ისინი დაისჯებიან ყოველი ადამიანის მიერ, ვინაიდან ჯვარს აცვამენ ისრაელის ღმერთს და გაირყვნიან გულს ნიშნებისა და საოცრებების და ისრაელის ღმერთის ძალისა და დიდების უარყოფით.

14 და ვინაიდან მათ გული გაირყვნეს, – ამბობს წინასწარმეტყველი, და ისრაელის წმინდა აბუჩად აიგდეს, ისინი იხეტიალებენ ხორციელად და დაიღუპებიან და მათ დასცინებენ და გაამასხარავებენ და შეიძულებენ ყველა ერში.

15 მიუხედავად ამისა, როდესაც მოვა ის დღე, – ამბობს წინასწარმეტყველი, როდესაც ისინი ისრაელის წმინდის მიმართ აღარ გაირყვნიან გულს, მაშინ ის გაიხსენებს იმ აღთქმებს, რომლებიც მან დადო მათ მამებთან.

16 დიახ, იმ დროს ის გაიხსენებს ზღვის კუნძულებს; დიახ, ყოველ ადამიანს, რომელიც მიეკუთვნება ისრაელის სახლს, მე შევკრებ, – ამბობს უფალი, წინასწარმეტყველი ზენოსის სიტყვებისამებრ, დედამიწის ოთხივე კიდიდან.

17 დიახ, მთელი დედამიწა იხილავს უფლის ხსნას, – ამბობს წინასწარმეტყველი; ყველა ერი, ტომი, ენა და ხალხი იქნება კურთხეული.

18 და მე, ნეფიმ, დავუწერე ეს ჩემს ხალხს, ეგებ შევძლო მათი დარწმუნება, ახსოვდეთ უფალი, მათი გამომსყიდველი.

19 ამიტომ, მე მივმართავ მთელ ისრაელის სახლს, თუ იქნება ასე, რომ ისინი მიიღებენ ამას.

20 რადგან, აჰა, მე განვიცდი ღელვას სულში, რომელიც მქანცავს ისე, რომ ყველა სახსარი დამისუსტდა, მათ გამო, ვინც იერუსალიმთან არის; რადგან უფალი რომ არ ყოფილიყო ასე მოწყალე, რომ არ ეჩვენებინა ჩემთვის ის, რაც მათ ეხებოდათ, როგორც ეს აჩვენა მან ძველად წინასწარმეტყველებს, მეც ასევე დავიღუპებოდი.

21 და მან ნამდვილად დაანახა ძველად წინასწარმეტყველებს ყველაფერი მათ შესახებ; და ასევე მან დაანახა მრავალს ის, რაც ჩვენ გვეხება; ამიტომაც, აუცილებელია, რომ ვიცოდეთ ის, რაც ეხება მათ, რადგან ეს დაწერილია სპილენძის ფირფიტებზე.

22 ახლა, იყო ასე, რომ მე, ნეფი, ვასწავლიდი ჩემს ძმებს ამას; და იყო ასე, რომ მათ ბევრს ვუკითხავდი, რაც ამოტვიფრული იყო სპილენძის ფირფიტებზე, რათა სცოდნოდათ მათ უფლის ნამოქმედარის შესახებ უძველეს ხალხთან სხვა მიწებზე.

23 და ბევრი რამ წავუკითხე, რაც მოსეს წიგნებში ეწერა; მაგრამ იმისთვის, რომ ისინი მეტად დამერწმუნებინა ეწამათ უფალი, მათი გამომსყიდველი, ვუკითხავდი მათ იმას, რაც დაწერილი იყო წინასწარმეტყველ ესაიას მიერ; რადგან ყოველ წმინდა წერილს ვუსადაგებდი ჩვენ თავს, რომ ყოფილიყო ჩვენთვის სასარგებლო და ჭკუის სასწავლებელი.

24 ამიტომაც მე მათ მივმართე: მოისმინეთ წინასწარმეტყველის სიტყვები, თქვენ, ისრაელის სახლის ნარჩენნო, რტო, რომელიც მოტეხილ იქნა; მოისმინეთ წინასწარმეტყველის სიტყვები, რომლებიც იყო დაწერილი მთელი ისრაელის სახლისთვის და მიუსადაგეთ ისინი საკუთარ თავს, რათა გქონდეთ იმედი ისევე, როგორც თქვენს ძმებს, რომელთაგანაც თქვენ ხართ მოტეხილნი, რადგან ასე დაწერა წინასწარმეტყველმა.